1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დაკარგული ისტორია
განაცხადი
ნახვა: 812
ენები: 

ავტორი ზურაბ ბალანჩივაძე

რედაქტორი ელიზაბეტ ოუენი

 

კონფლიქტმა რომელმაც 300,000-მდე ადამიანი დევნილი გახადა, ხოლო 15,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საქართველოს ეროვნულ ფსიქიკაზე ღრმა კვალი დატოვა. მას შემდეგ 25 წელი გავიდა, მაგრამ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომზე, სასკოლო სახელმძღვანელოები ძალიან ცოტას ჰყვებიან. ქართველმა ახალგაზრდებმა კი თითქმის არაფერი იციან იმ ომის შესახებ, რომელმაც მათი ქვეყანა ძირფესვიანად შეცვალა. 

საქართველოს ისტორიის წიგნებში მოცემული მცირე ინფორმაცია აფხაზეთის ომის შესახებ, შესაძლებელია ნაწილობრივ მიანიშნებდეს წაგებულ ომში ჩაღრმავების სურვილის არქონაზე. თუმცა, რეალური მიზეზი საგანმანათლებლო სისტემის პრაგმატული მიდგომაა, რადგან აფხაზეთის კონფლიქტი ეროვნული გამოცდების საკითხების ჩამონათვალში არ შედის, ამიტომ მშობლები და მოსწავლეები საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთს ნაკლებ დროს უთმობენ.

12-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ისტორიის სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაცია აფხაზეთის ომის შესახებ ერთმანეთისგან განსხვავდება და მხოლოდ რამდენიმე ფურცელს ან პარაგრაფს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ისტორიის თორმეტივე სასკოლო სახელმძღვანელოში აფხაზეთის ომი აღწერილია, როგორც ზოგადი ქაოსის ნაწილი, რომელიც საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო.

„სასკოლო წიგნებში არ არის მოცემული ისეთი სპეციფიკური ინფრომაცია, რომელსაც google-ში ვერ იპოვნი. მხოლოდ ფაქტებია შედეგებისა და დასკვნების გარეშე” -  ამბობს თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, 15 წლის მაია შონია.

18 წლის გიორგი შაქარაშვილმა ისტორია უნივერსიტეტში ჩასაბარებელ ერთ-ერთ საგნად აირჩია. მან აფხაზეთის ომის შესახებ წიგნში მოცემული ფაქტების გარდა ბევრი არაფერი იცის. ვერ იხსენებს, რომ კლასში აფხაზეთის ომზე ესაუბრათ. „მხოლოდ ის მახსოვს, რომ ქართველებს და აფხაზებს შორის ომი იყო და ქართველებმა წააგეს” - ამბობს გიორგი.

მამა ამხნევებს შვილს, რომელმაც 39-ე საჯარო სკოლაში ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბაროს იმისათვის, რომ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა. ქართველი სტუდენტებიდან ისტორიას საგამოცდო საგნად ცოტა ირჩევს.
საქართველოს ისტორიის წიგნები ადრეულ 2000 წლებამდე არ ახსენებენ აფხაზეთის ომს. მათგან ერთ-ერთი პირველი, რომელშიც აფხაზეთის ომია ნახსენები 2002 წელსაა გამოშვებული.
2002 წელს გამოცემული ისტორიის წიგნი, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სეპარატისტული კონფლიქტის მიზეზად რუსეთს ასახელებს. ტექსტის მიხედვით, სოხუმის რკინიგზის სადგურის დაკავების შემდეგ, საქართველოს გვარდიის ნაწილები სოხუმში შევიდნენ, რაც შეცდომა იყო, რადგან ეს მოქმედება ქართველი „აგრესორების” წინააღმდეგ, აფხაზებმა „სამამულო ომის” გასაჩაღებლად გამოიყენეს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2005 წელს გამოცემული საქართველოს ისტორიის წიგნი, 1990-იანი წლების დასაწყისის ქართულ ჯარს აღწერს, როგორც სუსტსა და არაორგანიზებულს, რომელიც სათანადოდ არ იყო შეიარაღებული პროვოკაციული ქმედებების გასამკლავებლად. ტექსტში ასევე ნახსენებია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, მოსკოვი აქტიურად უჭერდა მხარს სეპარატისტებს საქართველოში.
ისტორიის წიგნებმა, რომლებსაც ამჟამად სკოლებში იყენებენ, 2012 წელს, პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის ხელმძღვანელობის დროს გაიარეს აკრედიტაცია. კონკრეტულად ეს გამოცემა მეცხრე კლასელებისთვის, გამომცემლობას „კლიო” ეკუთვნის და მასში აფხაზეთის ომის შესახებ მხოლოდ ერთი თავია მიძღვნილი.

გამოკითხული მასწავლებლების უმრავლესობა ამბობს, რომ 13 თვიანი ომის საკითხების სწავლება მთლიანად მასწავლებლებზეა დამოკიდებული, რადგან საქართველოს ეროვნული სასწავლო პროგრამა არ ავალდებულებს მათ კლასში აფხაზეთის კონფლიქტის სიღრმისეულად განიხილვას.

ეროვნული სასწავლო პროგრამის მიხედვით „მხოლოდ ერთი გაკვეთილი და რამდენიმე პარაგრაფი ეთმობა ამ მნიშვნელოვან საკითხს. ასე რომ, მასწავლებლებსა და მათ სტანდარტებზეა დამოკიდებული, ამ საკითხს სიღრმისეულად ასწავლიან თუ არა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს [საქართველოს ისტორიაში] მასწავლებლების ნების ანაბარა ტოვებს” - აღნიშნავს კრეატიული განათლების სკოლის ისტორიის მასწავლებელი, 52 წლის  ლია ებრალიძე.

ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, მშობლები მასწავლებლებს სთხოვენ პასუხს თუკი მათი შვილები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ.

„თუ მასწავლებელი ძალიან დიდ დროს დაუთმობს იმ საკითხის სიღრმისეულ ანალიზს, რომელსაც სასწავლო გეგმის მიხედვით ნაკლები დრო აქვს განკუთვნილი, მოსწავლეები გამოტოვებენ გარკვეულ თემებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში შედის. ამაზე პასუხისმგებლობა კი მშობლის წინაშე ჩვენ დაგვეკისრება და მართლებიც იქნებიან. ეს არის საგანმანათლებლო სისტემის პარადოქსი”  - აღნიშნავს 54 წლის თინათინ ებრალიძე, კრეატიული სკოლის აკადემიური დირექტორი.

Chai Khana-ს არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს განათლების სამინისტრო, ისტორიის წიგნებსა და ეროვნულ სასწავლო პროგრამაზე კომენტარს არ აკეთებს.

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფო თავს არიდებს მტკინვეულ საკითხებს, რათა არ გამოიწვიოს დაძაბულობა მეზობელ ქვეყნებს [საქართველოსა და რუსეთს] შორის. ამიტომ, სკოლის სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაცია ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ძირითად კითხვაზე „რატომ?” პასუხი გამოტოვებულია. მშრალი ფაქტები ბავშვებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ აწვდიან” - ამბობს 25 წლის თამუნა ტურაშვილი, 202-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი აფხაზეთის ომზე მოცემული ინფრომაციის სიმცირეს გარკვეული, ობიექტური მიზეზებით ხსნის. 

„ნებისმიერი ისტორიის წიგნში კონკრეტული თემის მხოლოდ 20%  ხვდება იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული პროგრამის მიხედვით მოსწავლემ ყველაფერი უნდა გაიაროს. გარდა ამისა, ავტორები გარკვეულწილად უფრთხიან აფხაზეთისა და საქართველოს კონფლიქტის საკითხს - აღნიშნავს 44 წლის ბონდო კუპატაძე, თბილისის სახემლწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

„თანამედროვე სასკოლო ისტორიის წიგნებში გვაკლია ანალიზი” - აღიარებს კუპატაძე.  „მოსწავლეები ზოგად ისტორიულ პროცესებს ვერ აღიქვამენ. ისინი ვერ არჩევენ მიზეზებსა და შედეგებს. უნივერსიტეტში კი ვიღებთ სტუდენტებს, რომლებიც უბრალოდ იზეპირებენ და ასე სწავლობენ.”

თბილისში დაბადებული, 15 წლის მარიამ შონიას ოჯახი აფხაზეთიდანაა. მას აფხაზეთი არასდროს უნახავს, თუმცა იგი მონაწილეობს პროგრამებში, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს აერთიანებენ. „დღეს ჩვენ ინტერნეტი გვაქვს და ინფორმაციის მიმოცვლა მარტივად შეგვიძლია. იმედი მაქვს, რომ ეს მაინც გამოგვივა ახალგაზრდებს.”
6 წლის სარა ლაღირვანიძე ქუთაისშია დაბადებული. მისმა მშობლებმა გალი 1993 წლეს დატოვეს, რის გამოც სარასაც იძულებით გადაადგილებულის სტატუსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არასდროს ყოფილა.
ათასობით იძულებით გადაადგლებულ პირს საბჭოთა კავშირის დროინდელ კომუნალურ საცხოვრებლებში მოუწია ცხოვრება. ქუთაისში არსებული შენობა ერთ დროს სამხედრო აეროპორტის დაცვის საცხოვრებელი იყო. ბეტონის ფილებზე შემორჩენილია კრემლი (მარცხნივ) და საბჭოთა ჯარისკაცი (მარჯვნივ).
15 წლის რუბენ ჭაბუკიანი აფხაზეთის ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არასდროს ყოფილა, ამბობს რომ ოჩამჩირედან არის, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მათი შვილები კოპიტნარის დასახლებაში. ახალგაზრდა თაობა 1992-1993 წლების კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას სკოლის მაგივრად მშობლებისგან იღებს.
გიორგი ჯავახიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მაგისტრატურის სტუდენტია. იგი იმედოვნებს, რომ უნივერსიტეტთან შედარებით, საქართველოს ეროვნულ არქივში უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე. მართალია კონფლიქტის შესახებ უამრავი დოკუმენტი არსებობს, მაგრამ „ბევრი მათგანი სუბიექტურ მოსაზრებებს შეიცავს,”რადგან მათ სახელმწიფოს დაფინანსების წყალობით იხილეს დღის სინათლე.
საჯარო სკოლის მასწავლებელი, თამუნა ტურაშვილი, სტუდენტებს ისტორიის გამოცდისთვის ამზადებს. მისი აზრით, სახელმძღვანელოები საქართველოს უახლეს ისტორიას ობიექტურად ვერ აღწერენ. „ყველა ისტორიული ნაბიჯი ჩვენს უახლეს ისტორიაში მიჩქმალულია. ამიტომ, ტექსტებში ყოველთვის იქნება სუბიექტური მოსაზრება [პრეზიდენტ ზვიად]გამსახურდიაზე, [ედუარდ] შევარდნაძეზე, ან [მიხეილ] სააკაშვილზე.”
175-ე საჯარო სკოლაში, 2018 წელს მხოლოდ სამმა სტუდენტმა აირჩია ისტორია საგამოცდო საგნად, - ამბობს გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მათგან ერთ-ერთი იყო.

ზოგიერთი მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეებს აფხაზეთის ომზე სკოლის სახელმძღვანელოს გარდა, დამატებითი ინფორმაციაც მიაწოდოს.

28 წლის ისტორიის მასწავლებელი ნიკოლოზ აგლაძე, კერძო სკოლის ნიუტონი მოსწავლეებს 90-იანი წლების საქართველოზე ონლაინ ვიდეოებს აჩვენებს. მათგან ერთ-ერთია თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი საქართველოს უახლესი ისტორია. მსგავსი ქმედებები მოსწავლეებს ეხმარება, სრულად აღიქვან  თუ რა მოხდა აფხაზეთის ომის დროს.

„ყოველთვის ვცდილობ, რომ მოსწავლეებმა პრობლემა ორივე მხრიდან დაინახონ და საკუთარი არგუმენტები გააძლიერონ,” - ამბობს იგი.

65 წლის ნანა ყარყარაშვილი, რომელიც 40 წელზე მეტია თბილისი საჯარო სკოლებში ისტორიას ასწავლის, ხანდახან მოსწავლეებს ომზე პირველწყაროებითა და ვიდეომასალით პრეზენტაციების გაკეთებას ავალებს.

ამჟამად 155-ე სკოლაში მომუშავე ნანა ამბობს, რომ „მოსწავლეების საბაზისო ცოდნისა და ინტერესის დონეს” განსაზღვრავს ის თუ რა დროს დაუთმობს იგი გარკვეულ თემას.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის სიკვდილით აღშფოთებულმა ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა რუსული სამხედრო აგრესია გააპროტესტა, გამოკითხული სტუდენტები არ გამოხატავენ დიდ ინტერესს აფხაზეთისა და საქართველოს კონფლიქტისადმი, რომელიც უკვე 26 წელია გრძელდება.

არსებობენ დაინტერესებული პირებიც, რომლებიც თანატოლებისგან განსხვავებულ  ინფორმაციას იღებენ. 18 წლის ელენე აბრამიძე 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა და ახსოვს როგორ მოისმინა კლასში ისტორია - „[აფხაზები] ჩვენი სამხედროების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ” -  რომელიც ოფიციალურად არაა დადასტურებული, თუმცა ომის შემდეგ მას ბევრი იხსენებს.

18 წლის ანი სამხარაძე, 161-ე სკოლის კურსდამთავრებულია. მისი ბიძა აფხაზეთის ომში დაიღუპა. სკოლიდან კონფლიქტის შესახებ არაფერი ახსოვს. „ზოგადი საკითხები ტელევიზორიდან და ჩემი მშობლებისგან ვიცოდი,” - ამბობს იგი.

მოზარდებს, ვინც  მარიამ შონიას მსგავსად იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებში გაიზარდნენ, ომზე ბევრი რამ სმენიათ, მაგრამ შონიას უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება სურს.

„წარწერა კედელზე: „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია”, ჩემს კითხვებზე პასუხებს არ იძლევა” - ამბობს იგი და ფიქრობს, რომ პასუხების მისაღებად საჭიროა დისკუსია ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის.

ისტორიის მასწავლებელს ლია ებრალიძეს კი მიაჩნია, რომ ცოდნის გადაცემის პასუხისმგებლობა სხვაგან უნდა ვეძებოთ.

„ისტორია სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა,” - ამბობს იგი. „ქვეყანამ უნდა გააგებინოს საკუთარ ხალხს თუ რა მოხდა და როგორ მოხდა.”


ისტორიის სახელმძღვანელოები 1992-1993 წლების აფხაზეთი საქართველოს ომზე


 

მეთორმეტე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდან, „ისტორია 12”. ავტორები გვანცა აბდალაძე, ნატა ახმეტელი, ბონდო კუპატაძე, ნიკოლოზ მურღულია; თავი 63: საბჭოთა კავშირის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებლობა, გვ. 324-325 (გამომცემლობა დიოგენე, თბილისი, საქართველო: 2012)


1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ თავის მომხრეებთან ერთად თბილისი დატოვა და ჯერ სომხეთს, ხოლო შემდეგ ჩეჩნეთს შეაფარა თავი (1). სამხედრო ძალის გამოყენებით დაემხო კანონიერი ხელისუფლება, ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ (ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა).

[სურ. 5: დაპირისპირება თბილისის ქუჩებში]

სამხედრო გადატრიალებამ დასაბამი მისცა სამოქალაქო ომს ქვეყანაში. დევნილი ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები აგრძელებდნენ ბრძოლას. კრიზისი სულ უფრო მწვავდებოდა, რაც ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს. ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საშუალებად ქართულმა ინტელიგენციამ მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანა  მიიჩნია. 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა. სამხედრო საბჭომ ძალაუფლება სახელმწიფო საბჭოს გადასცა, რომლის თავმჯდომარე გახდა ედუარდ შევარდნაძე. 1992 წლის ოქტომბერში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. პარლამენტის თავმჯდომარეს ედუარდ შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა.

[სურ. 6: აფხაზეთის მთავრობის სახლი სოხუმში]

სამოქალაქო ომის პერიოდში დასავლეთ საქართველოს ნაწილს აკონტროლებდნენ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, აფხაზეთსა (2) და შიდა ქართლს (3) - სეპარატისტები. 1992 წლის აგვისტოში სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით სატრანსპორტო მაგისტრალის დაცვის მიზნით აფხაზეთში შევიდა ქართული პოლიცია და ჯარი. ეს ნაბიჯი დიდი პოლიტიკური შეცდომა აღმოჩნდა. ჯარი ჩაბმული აღმოჩნდა საბრძოლო მოქმედებებში. დაიწყო ომი. აფხაზი სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ დაქირავებულები - ჩრდილოკავკასიელები და აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის არმიის ნაწილები. სეპარატისტებმა აიღეს გაგრა, სოხუმი, ოჩამჩირე, გალი და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. აფხაზეთიდან გამოიდევნა დაახლოებით 300 000 ქართველი და სხვა ეროვნების მოქალაქე. სეპარატისტებმა მდ. ენგურზე გაავლეს საზღვარი.

ქვეყანაში განახლდა სამოქალაქო დაპირისპირება. „ზვიადისტები” შევარდნაძის მთავრობას ბრალს სდებდნენ აფხაზეთის დაკარგვაში. ექსპრეზიდენტის მომხრეები დამარცხდნენ. 1993 წლის დეკემბერში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში, დაიღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია (4). ქვეყანაში გაგრძელდა ანარქია და უწესრიგობა...

კითხვები (შერჩეულია თემატურად რედ. მიერ):

2. შენი აზრით, როგორი იყო გარეშე ძალების როლი საქართველოს სამოქალაქო ომში?

5. შენი აზრით, რამდენად შეუწყო ხელი სამოქალაქო ომმა საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას?

6. რამდენად ლეგიტიმური იყო სამხედრო საბჭო და ედუარდ შევარდნაძის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნა?

7. რა არის სამთავრობო კრიზისი? შენი აზრით, რა გზებით შეიძლება მისი დაძლევა ან დარეგულირება?

დავალება:

1. მოიძიე მასალები სხვადასხვა სამოქალაქო ომზე, მათ შორის თბილისის ომზე, და დაწერე ესე: „სამოქალაქო ომი და სახელმწიფო ინტერესები”.

2. მოამზადე ესე: „ 2003 წლის ვარდების რევოლუცია და ტრანსფორმაციის კურსი საქართველოში”.

გამოქვეყნებულია გამომცემლობა დიოგენეს საავტორო უფლებების დაცვით


(1) Chai Khana: ზვიად გამსახურდია პირველად აზერბაიჯანში ჩავიდა და მხოლოდ ამის შემდეგ უსაფრთხოდ გადავიდა სომხეთში.

(2)Chai Khana: აფხაზეთი 1993 წლამდე, საქართველოსთან დაპირისპირებული ძალების კონტროლის ქვეშ არ ყოფილა.

(3) Chai Khana: შიდა ქართლის რეგიონი, რომელიც სამხრეთ ოსეთს მოიცავს 1993 წლამდე სეპარატისტების კონტროლის ქვეშ არ ყოფილა. 1991-1992 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სამხრეთ ოსეთის ნაწილი საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო, მხოლოდ 2008 წლამდე. შიდა ქართლის სხვა ტერიტორიაზე სეპარატისტული მოძრაობა არ ყოფილა.

(4) Chai Khana: 1918-1921 წლებში ნოე ჟორდანია საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პრეზიდენტი და 1953 წალმდე საქართველოს მთავრობის ლიდერი იყო.


  სექტემბერი, 2018

წაიკითხეთ ისტორია აფხაზეთიდან

 

ავტორის შესახებ: ზურა ბალანჩივაძე თბილისში მოღვაწე ჟურნალისტია. მისი მშობლები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან. იგი მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო დისკუსიებში აფხაზ ახალგაზრდებთან ერთად.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება