90-იანების არქიტექტურული მემკვიდრეობა
ნახვა: 4783
ენები: 

დათიკო აფხაზეთიდან

დაახლოებით 20 წელია, რაც 76 წლის დათიკო უგრეხელიძე თბილისში ცხოვრობს, საკუთარი სახლიდან შორს. მისი სახლი სოხუმშია, აფხაზეთში, საიდანაც დათიკო 1992-1993 წლების ომის დასაწყისში წამოვიდა.

დათიკო სამი წელი ცხოვრობდა ქუთაისში, მაგრამ შემდეგ დედაქალაქში გადმოვიდა, როგორც მრავალი სხვა იძულებით გადაადგილებული პირი. ის თბილისის გარეუბანში, ერთ 9-სართულიან შენობაში დასახლდა, აფხაზეთიდან დევნილ 17 ოჯახთან ერთად.

შენობას ათი სადარბაზო აქვს, თუმცა დათიკოს სადარბაზო სხვებისგან განსხვავებულია. აქ მეორე სართულზე დიდი ნახატია წარწერით “სოხუმი”.

“ამ ნახატს რომ ვუყურებ, სახლი მახსენდება, მაგრამ დაუმთავრებელია, მდინარე აკლია”, - ამბობს დათიკო.

 

დათიკო ნახატის წინ ბევრ დროს ატარებს, ხანდახან აქ მეგობრებთან ერთად ნარდს თამაშობს ან საუბრობს

თბილისში გადმოსვლიდან რამდენიმე წელიწადში დათიკომ მხატვარი იპოვა, რომელსაც მცირე თანხის სანაცვლოდ თავისი მშობლიური ქალაქის, სოხუმის დახატვა სთხოვა - ისეთის, როგორსაც დათიკო ხედავდა და ისეთის, როგორიც მას ახსოვდა.

“ჯერ ძველი თბილისი დახატა მაგ სასაცილო კაცმა,” - იხსენებს სიცილით, - “რად მინდოდა თბილისი, აქ ვიყავი. მე სოხუმი მინდოდა და ზუსტად ავუხსენი, რა უნდა დაეხატა.”

მხატვარი, დათიკოს თქმით, ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. ერთი დღე ხატავდა და შემდეგ გაუჩინარდა ისე, რომ ნახატი არ დაუსრულებია.

“ნახატს აკლია მდინარე, პატარ ქუჩა და ინსტიტუტის შენობა, ასევე რამდენიმე სახლი”, - ამბობს დათიკო და დასძენს, რომ მხატვარი გარდაიცვალა, სხვა მხატვრისთვის ნახატის დასრულების თხოვნა კი ძვირი დაუჯდება.

ცხოვრება 90-იანებში, როდესაც თბილისში ჩამოვიდა, რთული იყო. ქალაქში არც ელექტროენერგია იყო, არც გაზი და არც საკვები.

“ღმერთო, აფხაზეთში იმდენ ფულს ვაკეთებდი. ბუღალტერი ვიყავი. მე მებარა ჩაისა და ციტრუსის გაერთიანებული ინდიუსტრიები, ასევე გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი ბუღალტერი ვიყავი, კერძო ბიზნესების პარალელურად. შემდეგ სახლებიდან გამოგვყარეს. ყველაფერი იქ დავტოვეთ. ჩემი ოჯახი აფხაზეთში 200 წლის მანძილზე ცხოვრობდა, მაგრამ რა მექნა, უგრეხელიძე ვარ.”

 

“ბუტკები” 1990-იანებში

“ბნელ 90-იანებში” მაღაზიები და სუპერმარკეტები არ იყო, ყოველდღიური საყიდლებისთვის თბილისელებს პატარა არჩევანი ჰქონდათ. ამ პერიოდში რამდენიმე მცირე მეწარმე გამოჩნდა, მაგალითად - ლია. ლია გლდანში 35 წელზე მეტი ცხოვრობდა. 1995 წელს მან შეიძინა “ბუტკა”, პატარა ფერადი რკინის ყუთი მომცრო ფანჯრით.

 

ლიას ბუტკა, სადაც მრავალ სასუსნაოზეა ფასდაკლება და ლიას მეზობელი დალაქი თავისი ბუტკის გვერდით.

“მახსოვს, საღამოობით ამ მაგიდაზე გადმოვაპირქვავებდი ხოლმე ხურდების ყუთს,” - გვიყვება ის და ფოტოს გადაღებაზე უარს გვეუბნება, რადგან ეშინია, რომ მთავრობა “ბუტკას” წაართმევს.

ლია სხვადასხვა რამეს ჰყიდდა. მაგალითად, წვენებს, ტკბილეულობას, საღეჭ რეზინს, ასანთს და მის სახელგანთქმულ მზესუმზირას.

“დღეს მხოლოდ მზესუმზირას ვყიდი, ესაა ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო.”

მისი “ბუტკა” იგივე ადგილას დგას, თუმცა ამჯერად პატარა მაღაზიებითა და სუპერმარკეტითაა გარსშემორტყმული. მის მეზობლად კიდევ ერთი “ბუტკა” დგას, სადაც მოხუცი მამაკაცები თმას იჭრიან ხოლმე. ამ “ბუტკის” პატრონმა ფოტო არ გადაგვაღებინა, რადგან “ბუტკის” კედელზე ვიღაცებმა რუსულად წააწერეს “დიდება კანონიერ ქურდებს”, მას კი ახალი საღებავის ფული არ აქვს.

 

ედიკა 75 წლის ფოტოგრაფია. მის “ბუტკას” სხვა ისტორია აქვს. მისი თქმით, ის სანზონაში, თბილისის გარეუბანში, ცნობილი პიროვნებაა, ედიკას “ბუტკას” 1985 წლის შემდეგ მდებარეობა არ შეუცვლია. ედიკა ძირითადად დოკუმენტებისთვის იღებდა ფოტოებს, თუმცა მთავრობისგანაც ჰქონდა ხოლმე შეკვეთები.

 

ედიკა მაღაზიის კუთხეში, წლების მანძილზე მის გადაღებულ ფოტოებთან ერთად
დეტალები ედიკას მაღაზიიდან

“მახსოვს, ამ მაღაზიის გახსნამდე რამდენიმე წლით ადრე მე და ჩემმა შვილებმა 36 უზარმაზარი სარეკლამო პოსტერი დავბეჭდეთ სახლში, სრულ სიბნელეში. ყველა იდეალური იყო,” - ჰყვება ედიკა.

თუმცა 1990-ში მისი ბიზნესი ჰყვაოდა, რადგან დღეში 3-4 საათის მუშაობით იმდენ ფულს აკეთებდა, რასაც ახლა 2 კვირის მანძილზე აგროვებს.

 

“არაშენდა”, საბჭოთა სასტუმრო, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები შესახლდნენ 1990-იან წლებში. ედიკას სწორედ აქ უნდოდა შესახლება.
ედიკას ფოტო-ბუტკის დეკორაციები
ედიკას ბუტკა. წარწერა: “ფოტო ედიკა 1985”
“არაშენდა”

“მეზობელი კაცები მოდიოდნენ ხოლმე და მთხოვდნენ პასპორტის ფოტოს გადაღებას. შემდეგ მაგიდაზე დებდნენ ათ მანეთს და ხურდას არ ითხოვდნენ. დღეს იგივე კაცები მოდიან აქ და მეუბნებიან, რომ ფული არ აქვთ. რა ვქნა? უარი როგორ ვუთხრა?”

ედიკა აფხაზეთის ომის ვეტერანია. მან საცხოვრებელი რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან ის მაღაზიასთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა, შემდეგ უნდოდა თემქაზე არსებულ ძველ, დაუსრულებელ სასტუმროში შესახლება, მაგრამ შეეშინდა. რომ გაეგოთ, რომ სხვებივით იძულებით გადაადგილებული არ არის, გამოასახლებდნენ. ახლა ის ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობს, მაგრამ თავის პატარა ოფისში ყოველ დღე მოდის.

“სახლში რა ვაკეთო? როცა გინდა, მაშინ მოდი, ყოველთვის გამიხარდება შენი ნახვა,” - მიღიმის ედიკა.

 

ბუტკა თბილისის გარეუბნის ბაზარში, სოხუმის ნახატით.
ძველი ბუტკა 90-იანებიდან, სადაც მამაკაცი თავის დაზიანებულ ფეხსაცმელს აკეთებს

უკანონო მშენებლობები და გარაჟები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, უამრავი ძარცვა ხდებოდა. ხალხს მანქანების გარეთ დატოვება ეშინოდა, რადგან ხანდახან ბენზინსაც კი იპარავდნენ. ისინი, ვისაც მანქანის ჩასაკეტი ადგილი არ ჰქონდათ, ღამით მანქანასაკუმულატორს აცლიდნენ. ზოგი კი გარაჟს აშენებდა და მანქანას უსაფრთხოდ კეტავდა.

გარაჟები 1990-ანებში სოკოებივით გამრავლდნენ. გარაჟებს არქიტექტორისა და პროექტის შედგენის გარეშე აშენებდნენ, იმ მასალით, რაც ჰქონდათ, სხვადასხვა ფერებში, ზომებსა და ფორმებში. საბჭოთა მთავრობის მიერ აშენებულ არც ერთ მრავალსართულიან კორპუსს არ ჰქონდა გათვალისწინებული ადგილი გარაჟებისთვის, ამიტომ ისინი ძირითადად რეკრეაციულ ზონებში შენდებოდა. ბევრმა გადაწყვიტა, არ მოეჭრა ხე და გარაჟი ხის ირგვლივ შემოაშენა.

დღეს გარაჟების უმეტესობამ ფუნქცია დაკარგა. ახლა აქ უმეტესწილად ან მაღაზიას ხსნიან, ან სათავსოს ან უბრალოდ ადგილია, სადაც მეგობრებთან ერთად დომინოსა და ნარდს თამაშობენ.

ხშირად თამაშები გარაჟში არყის ან ღვინის სმით სრულდება.
ძველ, გამჭვირვალე კარის მქონე გარაჟში ჩაკეტილი ვოლგა
თბილისის გარეუბნის ჩვეულებრივი მაღაზია, რომელიც ძველ გარაჟშია განთავსებული
გარაჟების ლაბირინთი, ვერა.
გარაჟებში ხშირად იკრიბებიან მამაკაცები და დომინოს ან ნარდს თამაშობენ.

74 წლის ირა ნუცუბიძის პლატოზე, საკუთარ ბინაში მარტო ცხოვრობს. კორპუსს 9 სართული და მხოლოდ ერთი სადარბაზო აქვს. კორპუსს ორ მხარეს აქვს მიშენება: იქ, სადაც ირა ცხოვრობს და ასევე მის საპირისპიროდ.

არქიტექტორი და ქალაქის დაგეგმარების სპეციალისტი ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის მმართველობის ბოლო წელს, ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მთავრობამ ყველას მისცა სხვადასხვა ტიპის მიშენებების უფლება. საბჭოთა კავშირის დროს აშენებული კორპუსების მაცხოვრებლებს ბინების გაფართოვება სურდათ. ეს დაავადებასავით მოედო მთელ ქალაქს და გარაჟების მსგავსად, ადამიანებმა დაიწყეს ბინებზე სხვადასხვა მიშენებები - სხვადასხვა ფორმით, მასალებით, დაუგეგმავად და ხშირ შემთხვევაში, ფატალური შედეგებით. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამ მიშენებების ჩამოშლის სულ მცირე 3 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისის სხვადასხვა უბნებში.

ირას მეუღლე 1990-იანების დასაწყისში გარდაიცვალა. ირა შვილთან ერთად ცხოვრობდა. ის იხსენებს, რომ საბჭოთა მთავრობამ მას და მის მეზობლებს ბინების გაფართოვების უფლება მისცა, მაგრამ მშენებლობა მათ 1990-იანების დასაწყისში დაიწყეს. მეზობლები შეხვდნენ შოთა ყავლაშვილს, არქიტექტორს, რომელმაც მათი სახლი დააპროექტა და მისი დახმარებით დაგეგმეს მშენებლობა. ეს ყველაფერი ნელა დაიწყო და ასევე გაგრძელდა. მუშებმა, რომელიც ოთახებს აშენებდნენ, ფული მოიპარეს.

იმ დროისთვის, როდესაც მშენებლობამ მე-7 სართულს მიაღწია, სადაც ირა ცხოვრობს, მას ფული აღარ ჰქონდა და მხოლოდ ჩარჩოს დამაგრება შეძლო, აივნის გარეშე.

“ახლა აღარ მადარდებს, არ მჭირდება, მარტო ვცხოვრობ. ჩემი შვილი დაქორწინებულია. ჩემი შვილი პატარა რომ იყო, მაშინ უნდა დამემთავრებინა, უფრო იაფი იყო.”

1990-იანების შუა პერიოდში ირას მეზობლებმა გარაჟების აშენება დაიწყეს, მაგრამ თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, მათ გარაჟების სახურავებს გისოსები შემოავლეს და იქ ბაღები გააშენეს.

 

ირა დაუმთავრებელ ოთახს გვაჩვენებს, სადაც ჭერიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის.
ირა თავის გარემონტებულ საძინებელ ოთახში
ირას ხილისა და ყვავილების ბაღი
ირას ბაღი. ფონად: ირას საცხოვრებელი კორპუსი
ირას სამეზობლოში 90-იანებში დაწყებული მშენებლობა დასრულდა.
1990-იანებში დაწყებული დაუმთავრებელი მშენებლობა
ირას ზოგიერთმა მეზობელმა ბინა გააფართოვა, თუმცა ზოგმა ეს ვერ მოახერხა.

ირა ბიოლოგი იყო და ეს იდეა ძალიან მოეწონა. იმ დღეს, როდესაც ბაღებისთვის მიწის გასასწორებლად ტრაქტორი მიიყვანეს, ეზოში ჩავიდა.

“როცა ვთქვი, რომ მეც მინდოდა ბაღი, კაცები წინააღმდეგები იყვნენ - ქალმა რა უნდა აკეთოს ბაღშიო, ასე მითხრეს, მაგრამ არ მოვუსმინე, ტრაქტორისტს ფული მივეცი და ჩემი გარაჟის თავზე ბაღი მოვაწყვე,” - ჰყვება ირა.  

 

იშვიათია, თუმცა უჩვეულო არაა, როდესაც მაღალი სართულის აივნებზე ვაზს აშენებენ

“მახსოვს, რომ ორი ჯიშის ვაშლი და მოგვიანებით ლეღვის ხე დავრგე. ახლა საუკეთესო ბაღი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მარტო მე ვუვლი”.

1990-იანების მშენებლობები

არქიტექტორი ირაკლი ჟვანია, რომელსაც ნიუ იორკის მერიაში მუშაობის გამოცდილება აქვს, იხსენებს, რომ 1990-იანებში, როდესაც ყველგან კორუფცია იყო, ქალაქის მთავარი არქიტექტორები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მუშაობდნენ.

 

თბილისის პრესტიჟულ უბანში, დაგეგმვისა და სტანდარტების დაცვის გარეშე, 1990-იანებში აშენებული შენობები
მიშენებული ოთახები და აივნები ვერაზე

“ისინი ამზადებდნენ პროექტებს, შემდეგ ამტკიცებდნენ და ახორციელებდნენ. შედეგებს თავადაც ხედავთ. აქ ნამდვილი არქიტექტურის ნიშანწყალი არაა, ამას მე არქიტექტურას ვერ დავუძახებ.”

ჟვანია ხსნის, რომ იმ პერიოდში შენობები მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის შენდებოდა და ამას არც კანონი აკონტროლებდა და არც რაიმე მონიტორინგის ორგანო არსებობდა.

“მუშები ხშირად არც კი ლესავდნენ კედლებს. სამშენებლო მასალები ახალი შენობების წინ ეყარა წლების მანძილზე.”

თითქმის ყველა მაცხოვრებელი ცვლიდა (და ახლაც ცვლის) ბინის ინტერიერსა და მთელი შენობის ექსტერიერს.
საბჭოთა არქიტექტურა, თბილისის გარეუბნის ხედი
შევარდნაძის პერიოდში აშენებული შენობა, ფონად: მთაწმინდის პლატო
ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება