ახალგაზრდები და შეზღუდული შესაძლებლობები საქართველოში: ჩრდილიდან გამოსვლა
განაცხადი
ნახვა: 493
ენები: 

ნათელა გრიგალაშვილის ფოტოები პროექტისთვის „შუქი მოვიდა“

გაი ედმუნდსის შესავალი

 

თეორიულად, ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. საქართველოს ხელი აქვს მოწერილი გაეროს კონვენციაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ და 2014 წლის ანტიდისკრიმინაციულ კანონში ხაზგასმული აქვს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კანონის წინაშე საერთო და თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.

თუმცა, კანონი ერთს ამბობს, ცხოვრება კი – მეორეს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საქართველოში თავს გარიყულად გრძნობენ. გარკვეულწილად, ეს საცხოვრებელი გარემოს ბრალია: საქართველოს ქალაქები მოკლებულია იმ პანდუსებს, ლიფტებსა თუ ხმოვან შუქნიშნებს, რომლებიც ეტლით მოსარგებლე ადამიანებს გადაადგილებაში დაეხმარებოდა.

იმისათვის, რომ ზრდასრულმა ადამიანმა თავი დამოუკიდებელ და შემდგარ პიროვნებად იგრძნოს, აუცილებლად სჭირდება საქმე. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად ევროპაში მცხოვრებ შშმ პირებს დასაქმების შვიდჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე საქართველოში.

მონაცემები განსხვავებულია. მაგალითად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს 118 551 მოქალაქე – მოსახლეობის 3% – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი სოციალური მომსახურებით სარგებლობდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის არაოფიციალური მონაცემებით კი, რომელიც შშმ პირთა პრევალენტობას 10%-მდე ითვლის, ეს მაჩვენებელი საქართველოში გაცილებით უფრო მაღალია.

ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ხალხის დამოკიდებულებაშია. გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 40%-ზე მეტი უარყოფითად არის განწყობილი იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც შეზღუდული ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები აქვთ. ამ ბავშვებს არა მხოლოდ არანორმალურად, არამედ სახიფათოდ და ზოგჯერ გადამდებადაც კი მიიჩნევენ. შედეგად, ბევრ მშობელს არ სურს, რომ მათი შვილები შშმ პირებთან ერთად სწავლობდნენ. მათ სხვებზე დამოკიდებულ ადამიანებად აღიქვამენ, რითაც კიდევ უფრო უკარგავენ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენას. ასე იქმნება მანკიერი ციკლი – გარიყული ბავშვებით, რომლებიც გარიყულ მოზარდებად ყალიბდებიან.

ეს დამოკიდებულება, გარკვეულწილად, კომუნიზმის გადმონაშთია. როგორც აკადემიკოსი სარა ფილიპსი ამტკიცებს, საბჭოთა პერიოდში შშმ პირებს განზრახ მალავდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში.

თუმცა, მიუხედავად არცთუ ისე კეთილგანწყობილი ისტორიული წარსულისა, პროგრესი მაინც შეინიშნება. ამას დიდწილად განაპირობებენ ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შშმ პირებთან თანამშრომლობენ და მთავრობას თავისი ვალდებულებების შესრულებისაკენ უბიძგებენ, რათა ქართულმა საზოგადოებამ როგორმე შეძლოს და ყურადღება მიაქციოს თავად ადამიანებს და არა – მათ შეზღუდულ შესაძლებლობებს.

შაბან მამედოვი, 17 წლის, მარნეული

„შვიდი თვის ასაკში აღმომიჩნდა ერთ-ერთი ვირუსი სისხლში და ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად განმივითარდა მხედველობის დაქვეითება, საბოლოოდ კი - უსინათლობა. ამჟამად ვსწავლობ 202-ე უსინათლოთა სკოლაში  და ვარ მე-11 კლასში. ძალიან რთული იყი მიმეღო გადაწყვეტილება და სასწავლებლად წავსულიყავი სკოლა პანსიონში, სადაც ოჯახის გარეშე მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ მაინც დავთანხმდით. დღეს კი ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაყვეტილება მივიღე.

პირველად მამამ შენიშნა, რომ მუსიკალური ნიჭი მქონდა. მაშინ ერთ-ერთი აზერბაიჯანული სიმღერის პატარა მონაკვეთს ვუკრავდი და მამამ მითხრა, რომ თუ ბოლომდე ვისწავლიდი ამ სიმღერას ახალ ნამდვილ კლავიშიან ინსტრუმენტს მიყიდდა. მამამ დანაპირები შეასრულა და თანდათან დავიწყე მუსიკალური განათლების მიღება. პირველი კონცერტი 2009 წელს მარნეულში მქონდა და ძალიან ვღელავდი, რადგან სიმღერასთან ერთად უნდა დამეკრა კიდეც, რაც უსინათლო ბავშვისთვის საკმაოდ რთული იყო. ამის შემდეგ არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალში მივიღე მონაწილეობა წარმატებით და არაერთი გრამპრი მოვიპოვე.

ამჟამად ვაპირებ რამდენიმე სიმღერის ჩაწერას სტუდიაში, შემდგომ კი მინდა ჩემივე სიმღერების შექმნა - ტექსტიც და მუსიკაც რომ ჩემი იყოს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი მსურს სწავლა გავაგრძელო უნივერსიტეტში მუსიკისა და პროგრამირების მიმართულებით.

მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით. მინდა ყველა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანს ვურჩიო, რომ უპირველესი მიზანი უნდა იყოს საკუთარ თავზე ზრუნვა და მუშაობა. გასაგებია, რომ ამაში მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი საზოგადოების დამოკიდებულება და არსებული სტერეოტიპებია მაგრამ ეს უნდა გავითავსოთ და ვისწავლოთ სწორი რეაგირება. მე მუდამ ბრძოლაში ვარ და ჩემი ოჯახი მთვარი იარაღია ჩემთვის.“


 

ნიკა კახელი, 20 წლის, ზესტაფონი/თბილისი

“ორი წელია ვარ ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღის მსახიობი. კვირაში სამჯერ გვაქვს რეპეტიციები. ვდგამთ სპექტაკლებს და დავდივართ სხვადასხვა ქალაქებში. ურეკში და სიღნაღში ვიყავით შარშან.

ცნობილი მსახიობი უნდა გამოვიდე. მინდა, რომ სურათებს იღებდნენ ჩემთან და თეატრში უფრო მეტი ხალხი დადიოდეს. მერიამ მოგვცა მიწა, რომ თეატრი ავაშენოთ, შესაძელებელია ჩვენი თეატრი გვქონდეს, მაგრამ ფინანსები არ გვაქვს.

სხვა ოცნებებიც მაქვს. ბარმენობა მინდა, თუმცა ცხრა კლასის განათლებაა საჭირო, რომ ამ პროფესიის შესწავლა შევძლო. სილამაზის სალონის გახსნაც მინდა, მაგრამ ჯერ გეგმები არ მაქვს, მხოლოდ სურვილია.”


 

გიორგი ტომარაძე, 31 წლის, თბილისი

შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე ადრე საქმე არაფერი მქონდა, არც არაფერს მავალებდნენ. ამიტომ ისევე, როგორც თინეიჯერებს ემართებათხოლმე უსაქმურობის შედეგად ძირითად დროს მეც ქუჩაში ვატარებდი და რაიმის კეთების სურვილიც არ მიჩნდებოდა.

მოკლედ რომ გითხრათ, ჩემი ცხოვრება არც თუ ისე საინტერესო იყო, მანამ სანამ არ მოვხვდი ორგანიზაცია „მშობელთა ხიდი“-ში [შშმ პირების მშობლების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია]. როგორც კი აქ სიარული დავიწყე მაშინვე სრულად მოვწყდი ქუჩას. გამიჩნდა ახალი ინტერესები, ახალი მეგობრები და დავიწყე ახალი ცხოვრება.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა კოლეჯში გავაგრძელე, სადაც ხეზე მუშაობა შევისწავლე, თუმცა მალევე აღმოვჩნდი პარაორკესტრში და მუსიკა იმდენად შემიყვარდა, რომ პროფესიის შეცვლაც გადავწყვიტე. ამჟამად ვუკრავ დაირაზე.

ჩემი ახალი ცხოვრება ძალიან მომწონს და მინდა ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ჩემსავით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიას.“


 

მარინე წულუკიძე, 18 წლის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხე

მაქვს თანდაყოლილი მცირედმხედველობა. მხედველობასთან დაკავშირებით 2 წლიდან დავყავდი მშობლებს ექიმებთან. ამიტომ, თვალთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები რომ მქონდა, ამას ყოველთვის ვაცნობიერებდი, თუმცა...დიდი ტრაგედია ეს ჩემთვის არ ყოფილა.

სკოლაში კარგი მოსაწავლე ვიყავი, მაგრამ კლასში ვერ ვკითხულობდი ხმამაღლა. მრცხვენოდა, ყველასგან გამორჩეული არ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი და ვცდილობდი ჩემი პრობლემა დამეფარა. ჩემი განსხვავებულობა პირველად ვიგრძენი, პირველკლასელები რომ ვთამაშობდით და ერთ–ერთმა კლასელმა რომ მომაძახა, აქ რა გინდა, შე ბრუციანოო?! იმ ბიჭის გარდა სკოლის წლებში პირდაპირ არავინ მჩაგრავდა. საერთოდ, ოჯახშიც ჩემს შეზღუდულ შესაძლებლობაზე არასდროს ვსაუბრობდით. ჩემს საჭიროებებზე საუბრისგან ყველანი თავს ვიკავებთ. ძალიან მიჭირდა, მაგალითად, რესურსცენტრში, ფსიქოლოგთან, მამაჩემის თანდასწრებით შრიფტების შერჩევისას უფრო მსხვილი შრიფტის მოთხოვნა. სულ ვფიქრობდი, ის რას ფიქრობს, რას განიცდის ამ დროს. შშმ პირის სტატუსის დადგენა რომ მინდოდა, პირდაპირ ვერ ვუთხარი მამას. ერთ ოთახში ვისხედით და ესემესებს ვწერდით. იმანაც ვერ შეძლო, ზეპირად ეთქვა ჩემთვის. შშმ პირი რას ნიშნავდა, რომ განვუმარტე და რომ მომწერა, ჩემს შვილს ეგ სტატუსი არასდროს ექნებაო, ავორთქლდი იმ ოთახიდან.

სკოლის დირექტორმა დაარწმუნა მამაჩემი, რომ შესაბამისი პირობები მომეთხოვა საატესტატო გამოცდებზე. არადა ის წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, ნათელ ოთახშიც დამსვეს და გადიდებული შრიფტითაც მომიტანეს ტესტი.

ამჟამად, ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ფსიქოლოგობა თავიდან იმიტომ ავირჩიე, ჩემს თავს რომ დავხმარებოდი, თვითთერაპია რომ მესწავლა. უნივერსიტეტშიც ბევრი გამოწვევაა. ჩემს თავს ვებრძვი. სულ მგონია, რომ სტუდენტები ჩემს მხედველობას განიხილავენ. ხანდახან აუდიტორიის მოძებნაც მიჭირს და ტრანსპორტით სარგებლობაც გამიჭირდა თავიდან.

დედაჩემს მხოლოდ ახლა, როცა უკვე თბილისში გადმოვედი უნივერსიტეტში სასწავლებლად, ვუთხარი, რომ სკოლაში სწავლისას კლასში ხმამაღლა ვერ ვკითხულობდი. ძალიან გაუკვირდა. მეც გამიკვირდა, რომ ამაზე თურმე არასდროს გვილაპარაკია.

მშობლები უკვე თანახმანი არიან ჩემი სტატუსის მიღებაზე. ზოგადად, შშმ პირების მშობლებს ვთხოვდი მიიღონ თავიანთი შვილები, როგორებიც არიან. იმიტომ რომ, ხშირად სწორედ მშობლები აკომპლექსებენ შვილს მისი მდგომარეობიდან ტრაგედიის შექმნით. მგონია, რომ ყველაზე მთავარია, ვილაპარაკოთ საჯაროდ. ლაპარაკი „მე“–ს შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევს, თორემ სულ ტყუილში ჩავეფლობით. ჩვენ უნდა მოვყვეთ ჩვენი ისტორიები, თუ არა, სხვა ჩვენ მაგივრად ილაპარაკებს." 


 

მარიამ კაპანაძე, 28 წლის, თბილისი

„დამთავრებული მაქვს თეატრალური უნივერსიტეტი. ამჟამად ვარ ინკლუზიური დასის წევრი, სადაც სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანები არიან. ხშირად კონცერტებში ვიღებთ მონაწილეობას, საერთაშორისო ღონისძიებებზეც გვქონდა გასვლები. ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებისგან. ვარ ასევე უსინათლოთა კავშირის დრამწრეში. ვისურვებდი რომ ჩვენი სპექტაკლები უფრო ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის.

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ტელევიზიაში მიმყავდა გადაცემა. ყველაზე დიდი შინაგანი შიშები, კამერის მეშვეობით დავამსხვრიე. თავიდან რაღაცები არ გამომდიოდა, საკუთარ თავზე ვმუშაობდი და როცა ყველაზე თავდაჯერებული ვიყავი და დარწმუნებული რომ შემიძლია ეს ვაკეთო, მაშინ დაიხურა გადაცემა. შეზღუდული შესაძლებლობების ბუმი იყო ტელევიზიაში და მერე ჩაცხრა.

მე შევძელი საკუთარი თავი აღმეზარდა, აღარ ვარ შეშინებული ბავშვი. ბევრმა აქტიურობამ სხვადასხვა რაღაცებში, ხელი შეუწყო ამას. თუ ხარ უფრო მეტად გახსნილი ადამიანი, საზოგადოებაც მიგიღებს.

თითოეული შშმ პირი აუცილებლად უნდა იღებდეს სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას, რომ სხვებისთვისაც გახდნენ მაგალითი. სახლში ჯდომით და ფიქრით არაფერი შეიცვლება. ეს ყველაფერი საშენოდ უნდა მოირგო, უნდა იბრძოლო. იქნებ ისეთი პლიუსი გაქვს, რითიც სხვისთვის შეგიძლია დახმარება. მოუგვარებელი პრობლემა, მოუგვარებლად დარჩება. ეს ტვირთი, რაც ზურგზე გაწევს იმატებს და ამიტომ უნდა ეცადო რომ მოიხსნა.“


 

გიორგი კობახიძე, 20 წლის, თბილისი

გავიზარდე ქალაქ ოზურგეთში. შემდეგ ჩემს ოჯახთან ერთად ამერიკაში წავედი საცხოვრებლად და იქ გავაგრძელე სწავლა სკოლაში. გარკვეული დროის შემდეგ კი ისევ საქართველოში დავბრუნდი.

ერთ დღესაც სოციალურ ქსელში ვნახე ინფორმაცია სოციალურ საწარმო „ბაბალე“-ზე. ზოგადად საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დასაქმება ძალიან რთულია, თუმცა მაინც გადავწყვიტე მეცადა და გამიმართლა. აქ ვმუშაობთ ხეზე, ღებვაზე, ვამზადებთ სხვადასხვა ფიგურებს და თემატურ ნამუშევრებს.

ასევე ვხატავ ანიმაციებს და ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება. მინდა სწავლა გავაგრძელო ამერიკაში კინო-რეჟისურაზე და შევძლო საკუთარი ფილმების გადაღება. ზოგადად ხატვა, ხეზე მუშაობა, ფოტოების გადაღება - ეს ყველაფერი მეხმარება გამოვხატო საკუთარი ემოციები.

მე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხვრობ, როგორც სხვა ახალგაზრდები. მყავს მეგობრები. ერთად დავდივართ გასართობად, მიყვარს ცოტა დალევაც, სიმღერაც და ცეკვაც.

საერთო ჯამში ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით და მინდა ყველა შემზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ვუსურვო წარმატებული ცხოვრება და ნათელი მომავალი.“


მრავალი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფი, ნათელა გრიგალაშვილი, პროექტისათვის „შუქი მოვიდა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებს იღებს. პროექტის მხარდამჭერია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ – ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მცხოვრები შშმ პირებისათვის სხვადასხვა სერვისისა და წვდომის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

 

ახალგაზრდები, თებერვალი/მარტი 2019

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება