ახალი ფოტოალბომები
განაცხადი
ნახვა: 2055
ენები: 

წეროვანში ერთ ზოლზე განლაგებული წითელსახურავიანი, ჟანგრისფრად შეღებილი კოტეჯები საქართველოს ღია ჭრილობა - სამხრეთ ოსეთის მოგონებაა.

2008 წლის ზაფხულამდე, ამ ადგილას დიდი, ბალახიანი მინდორი იყო, რომელიც თბილისსა და გორს შორის დამაკავშირებელ ხაზსს წარმოადგენდა. აგვისტოს ომის შემდეგ, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხრეთ ოსეთი და ადმინისტრაციული საზღვარი გადმოეკვეთა. მათ მიტოვებული ადგილებიდან ცოტაოდენი საჭირო ნივთის გარდა თან წამოიღეს უამრავი მოგონება და ფოტო.

საერთაშორისო დონორების დახმარებით, რამდენიმე თვეში იძულებით გადაადგილებური პირებისთვის დასახლება აშენდა. ამ ადამიანებისთვის ეს ერთგვარი საშუალება იყო, რომ ცხოვრება თავიდან დაეწყოთ.

54 წლის ნუნუკა მღებრიშვილი ახალგორში, მოვაჭრეთა ოჯახში დაიბადა.

„[უწინ] ადამიანებს ლამაზი ცხოვრების სტილი ჰქონდათ. ქალები ჩაის წვეულებებს აწყობდნენ, სადაც ყველას საკუთარი გამომცხვარი ნამცხვარი მიჰქონდა. მე რამდენიმე რეცეპტი ვიპოვნე, ეს ტრადიცია აღვადგინე და ახლა მე თვითონ ვაყენებს სხვადასხვა სახეობის ჩაის. ის წლები, რომლებიც ახალგორში გავატარე, ჩემი იდენტობის დიდი ნაწილია და ბუნებრივია, ახლაც მაკავშირებს წინაპრებთან. სიზმრებში ჩვენს ძველ სახლს ვხედავ ხოლმე.”

ნადია მულაძეს ყველა იცნობს, როგორც „ნადია ბებო”. იგი 95 წლის არის და წეროვანის ყველაზე ასაკოვანი მკვიდრია. ქალბატონი ნადია 1970 წლიდან ცხინვალის საოლქო საბჭოს დეპუტატი იყო. მაშინ ქალები მსგავს პოზიციას იშვიათად იკავებდნენ. „როდესაც პირველად სიტყვით გამოსვლისთვის მიმიწვიეს, წასვლა არ მინდოდა. მე ჩვეულებრივი, სოფლელი ქალი ვიყავი, მაგრამ როგორც კი ლაპარაკი დავიწყე, ვიგრძენი რომ ყველა გულისყუროთ მისმენდა,“ - იხსენებს ნადია ბებო.

 

51 წლის გიორგი კაპანაძე, ყოფილი სახელმწიფო მოხელეა ავნევის რაონიდან. იგი ამჟამად თბილისში დაფუძნებულ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მუშაობს.

„90-იან წლებში, როდესაც ყველაფერი ინგრეოდა, მე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ხელმძღვანელი გავხდი. ყველგან გაჭირვება იყო. ახალგაზრდა ვიყავი და ენთუზიაზმი მქონდა. მინდოდა ადამიანებისთვის საკუთარი ღირსების დასაბრუნებლად მებრძოლა. ერთადერთი მიწა გვქონდა, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ. ერთ წელიწადში მთლიანად შევცვალეთ სოფელი. კარგი დრო იყო.”

26 წლის თეა ჯამრიშვილი მინანქარზე მუშაობს. ასევე მასწავლებელია წეროვანის ახალგაზრდების სახლში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისთვის”  განკარგავს. იგი ახალგორში გატარებულ ბავშვობას ტკბილად იხსენებს.

„იქ სულ გარეთ ვიყავით. აქ,  ცოტა მოსაწყენია, მაგრამ სტიმულს ბავშვები მაძლევენ.”

 

მუსიკა ნანა გოგიძის გატაცებაა. 2008 წელს, 56 წლის ასაკში, ნანას სოფელ თამარაშენის დატოვება მოუწია. წამოსვლისას თან მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი და საყვარელი ფანდური წამოიღო. მისი უმცროსი ქალიშვილი, 24 წლის მარიამი ხშირად უკრავს მასზე ქართულ და რუსულ სიმღერებს.

„ჩემმა ქალიშვილმა რუსული ენა არ იცის, მაგრამ სიმღერისას, თავისუფლად წარმოთქვამს სიტყვებს. არ მგონია, რომ რუსული სიმღერების სწავლა ცუდია. პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ სიმღერებს არაფერი დაუშავებიათ. ხელოვანებს მუდამ უყვარდათ ერთმანეთი [საზღვრების მიუხედავად]. ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, მღერიან თუ არა ცხინვალში  ოსები ქართულ სიმღერებს.”

63 წლის მზეგული ტყეშელაშვილი, ერთ-ერთი ცნობილი პოეტია, სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა შორის. მისი წიგნი „სილაურა” ეძღვნება იმ ადგილებს, საიდაინაც იგი გამოიქცა.

„წამოსვლის შემდეგ, გაბრაზებული და დამწუხრებული ვიყავი. ერთ დღესაც დავჯექი და წერა დავიწყე. ლექსებს მაშინ წერ, როდესაც ემოციებით დატვირთული ხარ. მას შემდეგ სულ ვწერ. ეს ტკივილის დაძლევაში მეხმარება.”

35 წლის ნინო ჯოჯუა საკუთარ სტატუსს [დევნილობას] შეეგუა.

„იქამდე სანამ ჩემი ქმარი ჩემს გვერდითაა, ყველაფერი მაქვს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი მქონდეს, მაგრამ მეორე დღეს დავკარგო. ამიტომაც, ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.”

(მარცხნივ) წეროვანის მაცხოვრებლებმა იმ ადგილების ნიშნები გამოფინეს, რომლებიც სამხრეთ ოსეთში ხშირად ერთმანეთისგან კილომეტრების დაშორებით მდებარეობენ.

(მარჯვნივ) წეროვანის მაცხოვრებლები, რომლებიც სოფელში განვითარებული ურთიერთობებისა და თავიდან დაწყებული საქმიანობის წყალობით, ახალ მოგონებებს ქმნიან.


„ადამიანებს ვეცოდებით,” - ამბობს ნანა კახნიაშვილი, წეროვანის ამჟამინდელი მაცხოვრებელი სოფელ ქურთადან. ,,მიკროავტობუსით მგზავრობისას მოვისმინე როგორ ამბობდა ხალიხი, რომ აქ ვერასდროს იცხოვრებდნენ... მათ არ იცოდნენ, რომ მეც ერთ-ერთი მათგანი [იძულებით გადაადგილებული პირი] ვიყავი.“

კახნიაშვილი გაზეთში „ლიახვის ხეობა” მუშაობს ჟურნალისტად. გაზეთს  სახელმწიფო აფინანსებს და წეროვანის მაცხოვრებლებისთვის უფასოა. მსგავსი გამოცემების მიზანია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართონ გარიყული ადამიანები, რომლებსაც ცხოვრების თავიდან დაწყება მოუწიათ და ახლა ცდილობენ ჩამოყალიბდნენ საერთო ბედის გამზიარებელ საზოგადოებად.  

წეროვანის დასახლება საგულდაგულოდ არის დაგეგმილი. პერპენდიკულარული ქუჩები სრულყოფილ ოთხკუთხა ფორმებს ქმნიან. დასახლებამ თავი მოუყარა ადამიანებს სხვადასხვა სოფლებიდან, რომელთაც თავიდან მოუწიათ ურთიერთობების აწყობა ახალ მეზობლებთან. წეროვანი თავისი ხელოვნური ატმოსფეროთი ქმნის ფოტოებს ახალი ალბომისთვის, რომელიც სრულიად განსხვავდება მოსახლეობის ძველ ფოტოებზე წარმოდგენილი სივრცეებისგან.

„ეს არც ჩვეულებრივი ქართული სოფელია და არც [ახალი] ქალაქი. ჯერ კიდევ მიჭირს ადგილობრივ გეოგრაფიაში გარკვევა,” - ამბობს 40 წლის ნანა ჩქარეული, არასამთავრობო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისათვის” დამფუძნებელი, რომელიც უმეტესად ქალებთან და ახალგაზრდებთან მუშაობს.

სამსახურის შოვნა ერთ-ერთი მთავარი პრობელმაა, წუხს ჩქარეული. ადამიანები ახალ გარემოში მოხვდნენ, სადაც თვითგადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. თითოეული კოტეჯის უკან პატარა ბაღია, საიდანაც მოსავალს იღებენ. ზოგიერთმა დასახლებაში პატარა მაღაზია გააკეთა, ზოგიერთმა კი თბილისსა და გორში სამსახური იშოვა.

იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 45 ლარს იღებენ. 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 273,944 იძულებით გადაადგილებული პირია, მათი უმეტესობა კი აფხაზეთიდანაა.

წეროვანში დაბადებულ ბავშვებს საკუთარი წარსული ეამაყებათ. თუკი ცხრა წლის ბავშვებსს წარმომავლობის შესახებ ჰკითხავთ, ისინი საკუთარი მშობლების იძულებით მიტოვებულ სოფლებს დაგისახელებენ. რაც შეეხებათ ზრდასრულებს, რომელთაც ახსოვთ წარსული და ბუნებრივია, იდენტობის განუყოფელ ნაწილად მიაჩნიათ ის, უჭირთ ახალ გარემოში ადაპტაცია და მოგონებების დათმობა.

„სიზმრები - ეს ერთადერთი რამაა რაც ჩემი სოფლიდან დამრჩა,” - ამბობს კახნიაშვილი.

ადამიანური ურთიერთობები აქ ყველაფერია. ის ტრადიციები, რომელიც სოფლებში ჰქონდათ ნელ-ნელა ქრება. სასაფლაოები ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს დარჩა და მაცხოვრებლების უმეტესობას არ შეუძლია იქ გადასვლა დაღუპული ნათესავების პატივის მისაგებად.

„ყველაფრის მიუხედავად, დასახლების დატოვება ძალიან ცოტა ადამიანს სურს,” -აღნიშნავს ჩქარეული. „ეს ტრადიციული ქვეყანაა და როდესაც გარეთ გავდივარ მსურს ვხედავდე ადამიანებს, რომლებიც ჩემს ამბავს იზიარებენ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები წარსულით არ უნდა ცხოვრობდნენ და მომავლით უნდა იხელმძღვანელონ, მაგრამ მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ წარსულზე იმდენი რამდენიც შესაძლბელია. ჩვენ ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მომავალმა თაობამ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა ჩვენგანმა იფიქროს წარსულზე.“

„ახალი ფოტო ალბომები” ადამიანთა ვიზუალურ მეხსიერებას უყრის თავს და წარსულისა და მომავლის ერთმანეთთან შედარების საშუალებას იძლევა. ძველი ფოტოები და მოგონებები წეროვანის მაცხოვრებლებისთვის სასიცოცხლო ენერგიის წყაროა და მათ მომავლის გაგრძელებაში ეხმარება.

ადრიანი დილა წეროვანში ისეთივეა, როგორც ყველა სხვა ქართულ სოფელში: მამლები ყივიან და ცხელი შოთის პურის სუნი ჰაერში ტრიალებს. თუმცა, დასახლება არ ჰგავს ტიპური სოფლის სამოსახლოს, რადგან წითელსახურავიანი, ერთ წრეზე ჩალაგებული სახლები სრულიად განსხვავდება ტრადიციული ქართული სოფლის ნაგებობებისგან. ყოველ დილით, ათობით ადამიანი, ქუჩის კუთხეში „მარშუტკას“ ან მიკროავტობუსს ელოდება, რომ სამუშაოდ გორში და თბილისში წავიდეს.

 

ეს მიტოვებელი სათბურია წეროვანში. იგი 2010 წელს გაიხსნა, სოფელში მეურნეობის განვითარების მიზნით. სათბური თავდაპირველად ბიზნესმენ და  ყოფილ ეკონომიკის მინისტრს, კახა ბენდუქიძეს ეკუთვნოდა, მაგრამ 2013 წელს გაიყიდა და დაიხურა. გათბობის მაღალი გადასახადის გამო იგი არამომგებიანი იყო. საბოლოოდ, ეკომონიკის სამინისტრომ სათბური მუნიციპალური განვითაების ფონდს გადასცა.

 

ხეხილის რამდენიმე ბაღის გარდა, წეროვანში ხეები თითქმის არ არის. გათბობა პრობლემაა, რადგან გაზი ძვირია. მოსახლეობა იძულებულია გასათბობად კვლავ ხე გამოიყენოს, რომელსაც ძირითადად ყიდულობს ან სამშენებლო ადგილებიდან მოაქვს.

 

ხეხილის რამდენიმე ბაღის გარდა, წეროვანში ხეები თითქმის არ არის. გათბობა პრობლემაა, რადგან გაზი ძვირია. მოსახლეობა იძულებულია გასათბობად კვლავ ხე გამოიყენოს, რომელსაც ძირითადად ყიდულობს ან სამშენებლო ადგილებიდან მოაქვს.

 

წეროვანის ზოგიერთ სახლში ერთი დიდი ოჯახი ცხოვრობს, ან მხოლოდ ერთი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ კოტეჯები ერთი და იმავე კრიტერიუმებით შეიქმნა, მცხოვრებლებმა დროთა განმავლობაში მათში ცვილებები შეიტანეს.

 

წეროვანი თბილისი-გორის მაგისტრალსა და დუშეთის მთებს შორის მოქცეულ ღია დაბლობზეა გაშენებული. ტერიტორიული განლაგებისა და დაგეგმარების გამო დასახლების თითოეული ქუჩის ბოლო კარგად ჩანს, რასაც აქაურები რთულად შეეჩვივნენ.

 

იმ ბავშვებისთვის, ვინც წეროვანში დაიბადა, ეს ადგილი მშობლიურია. მათ სხვა სახლი არ აქვთ, რომლისკენაც გული მიუწევთ.

 

უმუშევრობა ძალიან მაღალია და ბევრი კომუნალურ გადასახადებს ვერც იხდის, განსაკუთრებით ზამთარში. ამიტომაც, ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახები წელიწადის ცივ პერიოდს ნათესავებთან ატარებენ გათბობის ხარჯების შემცირების მიზნით.

 

ზამთარში, წეროვანის მაცხოვრებლები სახლში დაბრუნებას დაბნელებამდე ცდილობენ, რადგან, როგორც თვითონვე ამბობენ, ქუჩის განათება არასაკმარისია ხილვადობისთვის.

 

ყველა ქუჩა ერთმანეთს ჰგავს, განსაკუთრებით ღამით, ამიტომ რთულია მათი ერთმანეთისგან გარჩევა. „უფრთხილდით ძაღლებს,“ მოუწოდებს მოსახლეობა სტუმრებს.

 

წეროვანში ღამღამობით სიმშვიდეა. აქ არც რესტორნებია და მნიშვნელოვანიც არაფერი ხდება. ერთადერთი კაფე, 2017 წელს, მომხმარებელთა ნაკლებობის გამო დაიხურა.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება