ბალანჩინის მშობლიური ბალეტი ბალერონების დანაკლისს განიცდის
განაცხადი
ნახვა: 1376
ენები: 

ავტორი ზურაბ ბალანჩივაძე

 

საქართველომ მსოფლიოს ორი უდიდესი ბალერონი აჩუქა – ვახტანგ ჭაბუკიანი და ჯორჯ (გიორგი) ბალანჩინი, რომელიც ამერიკული ბალეტის მამად ითვლება.

დღეს ქართული ბალეტის სცენაზე მხოლოდ რამდენიმე ქართველი ბალერონი დგას.

56 წლის ნინო ანანიაშვილი, საქართველოს ყველაზე ცნობილი ბალერინა, ადასტურებს, რომ ბოლო ორი ათწლეულია, ქართული ბალეტი პროფესიონალი ბალერონების დიდ დანაკლისს განიცდის.

ანანიაშვილი, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, მთელ მსოფლიოშია ცნობილი და ყველა დროის 12 საუკეთესო ბალერინას შორის არის დასახელებული. მისი თქმით, ქართველი მშობლები ბიჭებს ბალეტის სწავლაში ხელს უშლიან, რადგან ჰგონიათ, რომ „ყველა ბალერონი გეია“ და ამან შეიძლება მათ შვილებზეც იმოქმედოს. ეს შიში მხოლოდ განათლების დონიდან და სოციალური სტატუსიდან არ გამომდინარეობს. „ჩვენს თეატრში ხშირად მინახავს ბალეტით მონუსხული ახალგაზრდა ბიჭები და მათი ძალიან განათლებული მშობლები, რომლებიც შვილებს უფლებას არ აძლევენ, ახალი გატაცება განავითარონ“, – აღნიშავს ბალერინა. 

ბალეტის ცეკვა, სულ ცოტა, „არამასკულინურად“ მიიჩნევა და ანანიაშვილს ეს სტერეოტიპი ძალიან აბნევს: „ვერ მესმის, როგორ შეიძლება, ამდენ მშვენიერ ბალერინასთან ერთად ცეკვა და მათი ხელში ატაცება ფემინურად აღიქმებოდეს?!“

41 წლის მარიამ ალექსიძე, რომელიც ცნობილი ქართველი ბალერონის, გიორგი ალექსიძის შვილი და თბილისის თანამედროვე ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფია, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, რომელმაც ჯორჯ ბალანჩინი, ვახტანგ ჭაბუკიანი და გიორგი ალექსიძე გაზარდა, ბალეტი პრესტიჟულ და პერსპექტიულ საქმიანობად უნდა ითვლებოდეს. მისივე თქმით, 1990-იანი წლების არეულობამ ბალეტსა და, ზოგადად, ქართულ საზოგადოებაზე ძალიან უარყოფითი კვალი დატოვა.

„იმ პერიოდის ღირებულებებმა საზოგადოება და მათი დამოკიდებულებები შეცვალა – თანაც, არა მხოლოდ ბალეტის, არამედ, ზოგადად, პროფესიების მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ კლასიკური ბალეტი ინტენსიურ ვარჯიშს ბავშვობიდანვე მოითხოვს, გადაწყვეტილებას, ხშირ შემთხვევაში, მშობლები იღებენ. ამ გადაწყვეტილებაზე კი დიდ გავლენას ახდენს კულტურული გარემო, მენტალობა და ბალეტის სამომავლო პერსპექტივა, რომელსაც ვერ ხედავენ“, – ამბობს მარიამი და აქვე აღნიშნავს, რომ კლასიკურ ბალეტში ბიჭების ჩართულობა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც პრობლემური საკითხია.

დავით ანანიაშვილი (ანანელი) ერთადერთი ქართველი ბალერონია, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მთავარ პარტიებს ასრულებს. ცოტა ხნის წინ ფეზე ოპერაცია დასჭირდა. ახლა კი, სარეაბილიტაციო თერაპიის დასრულების შემდეგ, სცენაზე დასაბრუნებლად ემზადება.
ნინო ანანიაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თავის ოფისში გამოკრულ ახალგაზრობისდროინდელ პოსტერს უყურებს. მისი მთავარი მიზანია, საბალეტო სკოლაში არსებული პირობები გააუმჯობესოს და რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდა ბიჭს გაუჩინოს ბალეტის შესწავლის სურვილი – რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც მშობლები დათანხმდებიან.
ანგელოს ანტონიუ, ბერძენი ბალერონი, თეატრში რეპეტიციას ყოველდღიურად გადის. საქართველოში ბალერონების დეფიციტია, ამიტომ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბალერონებს სხვა ქვეყნებიდან იწვევენ. სარეპეტიციო ოთახებში ხშირად ისმის ინგლისური, იაპონური და რუსული საუბრები.

გასული 14 წლის განმავლობაში – მას შემდეგ, რაც 90-იან წლებში ბალეტის კულტურა, ფაქტობრივად, მიწასთან გასწორდა – ანანიაშვილი დაუღალავად ცდილობს მის გაცოცხლებასა და განვითარებას. მისი აზრით, სცენაზე ბალერონების ნაკლებობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ წლების წინ მშობლებმა ნიჭიერი შვილები საბალეტო სკოლაში არ შეიყვანეს. პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ პატარა ბიჭებს არ ჰყავთ მისაბაძი მაგალითები – პროფესიონალი ბალერონები, რომლებიც ბალეტის შესწავლას მოანდომებდნენ. ამის გარდა, უფრო და უფრო ცოტა ბიჭი დადის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო საბალეტო სკოლაში, რომელიც ამ კუთხით ერთადერთი საგანმანათლებლო ცენტრია საქართველოში.

„თუ წარმატებაზე ვსაუბრობთ, ბალერონების გარდა, ვერ დაასახელებთ ვერცერთ ქართველ მოცეკვავეს, რომელიც საერთაშორისოდ ცნობილია. ამიტომ, სასაცილოც კია, როცა ბალეტს უპერსპექტივო პროფესიად მიიჩნევენ,“ – ამბობს ანანიაშვილი, რომელიც 2004 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. მისი ყურადღების დიდი ნაწილი ეთმობა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო საბალეტო სკოლას, რომელიც 1996 წელს არის დაფუძნებული და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. „ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, გავხსნა საბალეტო სკოლა, რომელიც საქართველოს რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს თბილისში ცხოვრებასა და ბალეტის ინტენსიურად შესწავლაში დაეხმარება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ახალ თაობებში, განსაკუთრებით კი – ბიჭებში, საბალეტო კულტურა განვითარდეს და იმდენად მიმზიდველი გახდეს, რომ შემდეგ უკვე მათ იცეკვონ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში,“ – ამბობს ანანიაშვილი.

ამჟამად, სკოლაში 90 სტუდენტია, რომელთაგან უმეტესობა გოგოა. გენდერის მკვლევარი თეო ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ ისეთ პატრიარქალურ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ბალეტი მაქსიმალურად ცდილობს, დაარღვიოს ის სტერეოტიპი, რომელიც კონკრეტულ საქმიანობებს მასკულინურ და ფემინურ პროფესიებად ყოფს: „ბალეტი ასოცირდება სინაზესა და გრაციოზულობასთან და არ აღიქმება მასკულინურად, განსხვავებით ტრადიციული, ეროვნული ცეკვებისგან, რომლებიც, როგორც წესი, მამაკაცურობისა და სიმამაცის გამოხატულებაა. ამიტომაცაა, რომ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებში არასოდესაა მამრობითი სქესის მოცეკვავეთა დანაკლისი. იგივე შეიძლება ითქვას სპორტზეც – მაგალითად, ბოქსსა და ციგურებით სრიალზე.“

თუმცა, ქართველი ბალერონები აღნიშნავენ, რომ ბალეტი ისეთივე ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს, როგორც კონტაქტური სპორტის ტრადიციული სახეობები. „ჩვენს პროფესიაში ძალიან ხშირია ტრავმა, განსაკუთრებით – სახსრებზე. თითქმის ყველას, ვისაც მთავარი პარტია შეუსრულებია, ოპერაცია აქვს გადატანილი. ბალეტი არის ყოველდღიური ვარჯიში და მუდმივი ფიზიკური მზადება იმ მოძრაობებისთვის, რომლებიც უნდა შეასრულო. თუ ასე არ მოიქცევი, აუცილებლად დამარცხდები,“ – ამბობს დავით ანანიაშვილი, 33 წლის ბალერონი.

ნინო ანანიაშვილი თავის ფოტოკოლექციას გვიზიარებს.
ბერძენი ბალერონი, ანგელოს ანტონიუ, მეოთხე პოზიციაში დგომის დახვეწაზე ვარჯიშობს.

დავითმა ცეკვამდე დიდი გზა გაიარა. მისი მშობლები თბილისის ოპერის სახლში მუშაობდნენ. ამის მიუხედავად, თავიდან ათლეტური სპორტით იყო დაინტერესებული, შემდეგ სამეჯლისო ცეკვებმა გაიტაცა, ბოლოს კი ბალერონი გახდა. „ჩემი მშობლები ოპერაში მუშაობდნენ, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ აქ გავიზარდე. როცა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის დრო მოახლოვდა, ერთადერთი გზა, რომ იქ არსებული საშინელი პირობებისთვის თავი დამეღწია, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შესვლა იყო,“ – იხსენებს დავითი, – „შემდეგ შრომის კოდექსი შეიცვალა და ნება დამრთეს, ოპერაში შევსულიყავი. ნინო ანანიაშვილი დამეხმარა, სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის თავი ლეგალური გზებით ამეცილებინა.“

დღეს ის ერთადერთი ბალერონია, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მთავარ პარტიებს ასრულებს. ყველა სხვა სოლისტი უცხო ქვეყნის წარმომადგენელია. 

ბალეტი გიორგი ბესტავაშვილის ცხოვრებაშიც გვიან გაჩნდა. 23 წლის ბალერონი თავიდან ქართული ცეკვების ანსამბლში იყო, საიდანაც პირადი კონფლიქტის გამო წამოვიდა. მას ცეკვა არ შეუწყვეტავს და სწორედ ამ ძიების პროცესში აღმოაჩინა ბალეტი. „Facebook-ზე გადავეყარე ვიდეოს, სადაც რობერტო ბოლე „გედების ტბაში“ მთავარ პარტიას ასრულებდა. იმდენად მომეწონა, რომ Youtube-ზე რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ მის ცეკვას ვუყურებდი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ბალეტი მესწავლა,“ – იხსენებს გიორგი. უცნაურია, მაგრამ ქართულ ცეკვაში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება ბალეტის შესწავლაში ხელს უშლიდა. მისი კუნთების ფორმის შესაცვლელად თავდაუზოგავი შრომა იყო საჭირო. ამიტომ, მასწავლებელთან ვარჯიში ბესტავაშვილმა ინდივიდუალურად დაიწყო.

ანგელოს ანტონიუ, ბევრი სხვა უცხოელი ბალერონის მსგავსად, ქართულ საბალეტო დასში მამაკაცის როლის შემსრულებლად არის მოწვეული.
კოლეგებისგან განსხვავებით, გიორგი ბესტავაშვილი ბალეტამდე ქართული ხალხური ცეკვებიდან მივიდა. მას შემდეგ, რაც ბალერონი გახდა, მეგობრებსა და ნათესავებს აქტიურად მოუწოდებს, ახალგაზრდა ბიჭები ბალეტზე შეიყვანონ.
მელორ ჟორჟოლიანს ბალეტი ბავშვობიდანვე იტაცებდა. მას სჯერა, რომ ბალერონებზე არსებული სტერეოტიპები ურთიერთგაგების ნაკლებობისა და უცოდინრობის ბრალია. თუმცა, მისივე თქმით, ეს შეხედულებები ნელ-ნელა იცვლება და იმედი იმისა, რომ ახალი თაობები საბალეტო ხელოვნებას უფრო მეტად დააფასებენ, მაინც არსებობს.

საქართველოში ბალეტი ოპერის შემდეგ, 1850-იან წლებში გამოჩნდა, პოპულარობა კი თითქმის 100 წლის შემდეგ მოიპოვა – როცა ვახტანგ ჭაბუკიანმა ქორეოგრაფია ისე შეცვალა, რომ ბალერონებსა და ბალერინებზე როლები თანაბრად გადანაწილებულიყო.


მცდელობებს, რომ მშობლებს ბიჭები ბალეტზე შეაყვანინონ, დიდი შედეგები ჯერ არ გამოუღია, თუმცა, ხატიაშვილის აზრით, იმედი მაინც არსებობს. მისი ვარაუდით, სიტუაცია მაშინ გაუმჯობესდება, როცა შეიცვლება მთავარი – საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული როლების გადანაწილების მიმართ: „საბალეტო სკოლაში მისული ბიჭები ამტკიცებენ, რომ სტერეოტიპი ნაწილობრივ უკვე იმსხვრევა, თუმცა მხოლოდ ერთი სპორტის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მთავარ პრობლემას მაინც ვერ აგვარებს. 

თუმცა, არსებობს მისაბაძი შემთხევებიც – მაგალითად, 18 წლის მელორ ჟორჟოლიანი ბალეტზე მშობლების სრული მხარდაჭერით მივიდა. „ეს დედაჩემის დამსახურება იყო. ბალეტი მან შემაყვარა, რადგან ხშირად დავყავდი საბალეტო დადგმებზე. 2005 წელს „დონ კიხოტი“ პირველად ვნახე. როგორც დედა ამბობს, ამ წარმოდგენამ ჩემში დიდი გარდატეხა მოახდინა.“

ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე სხვა ქართველი ბალერონებიც საუბრობენ.

„თავიდან ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ვერ იჯერებდნენ და მეხუმრებოდნენ, თუმცა ჩემს გადაწყვეტილებას, გავმხდარიყავი ბალერონი, მალევე დაუჭირეს მხარი,“ – იხსენებს ბესტავაშვილი, რომელიც სხვა მეგობრებსა და ნათესავებსაც მოუწოდებს, შვილები ბალეტზე შეიყვანონ, – „საქართველოში საზოგადოების 95% ასე არ ფიქრობს, მაგრამ მე იღბლიანი აღმოვჩნდი – ჩემი მეგობრებისა და კოლეგების ასეთი მხარდაჭერის გარეშე, ვერასოდეს შევძლებდი, პროფესიონალი ბალერონი გავმხდარიყავი.“

თუმცა, მიუხედავად საბალეტო სკოლაში მოსიარულე ბიჭების მზარდი რაოდენობისა, სცენაზე გამოსულ ბალერონთა რიცხვი მაინც ძალიან ცოტაა. შედეგად, აუცილებელი ხდება უცხოელი ბალერონების მოწვევა, რომლებიც ქართულ საბალეტო დასს ბრაზილიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან ავსებენ. მოწვეული ბალერონები აღნიშნავენ, ჰომოფობიური სტერეოტიპები სხვა ქვეყნების საბალეტო დასებშიც დიდ პრობლემად რჩება.

უილიამ პრატი დიდი ბრიტანეთიდანაა. ჰყავს ქართველი მეუღლე და, 2009 წლიდან მოყოლებული, ქართული ბალეტის სოლისტია. წყვილი თბილისში ცხოვრობს. უილიამი მანამდე ახალი ზელანდიის სამეფო საბალეტო დასში ცეკვავდა. მისი თქმით, ბალერონებთან დაკავშირებულ ჰომოფობიურ სტერეოტიპებს მთელ მსოფლიოში ებრძვიან. 

მას საბერძნეთიდან მოწვეული 20 წლის ანგელოს ანტონიუც ეთანხმება და ამბობს, რომ პრობლემა მის ქვეყანაშიც აქტუალურია: „სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ბალეტი ჰომოსექსუალების ცეკვაა, ჩვენთანაც არსებობს. ასევე, ბევრი მიიჩნევს, რომ თუ მოცეკვავე, მომღერალი ან მოდელი ხარ, ესე იგი არ გაქვს სერიოზული საქმე და განათლება.“ ანტონიუს აზრით, ბედის ირონიაა, რომ ბალერონებს საბერძნეთის ოპერის სახლებშიც სხვა ქვეყნებიდან იწვევენ.


მასკულინობა, აპრილი/მაისი 2019

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება