დაკონსერვებული მეგობრობა
ნახვა: 1916
ენები: 

ეს ამბავი არის მეგობრობაზე, მოგონებებზე, დამტვრეულ სტერეოტიპებზე და ამ ნამსხვრევებში ნაპოვნ ახალ მეგობრებზე. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად ბევრ ადამიანს მოუხდა სახლის დატოვება.  მეგობრებთან კონტაქტი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა შემცირდა და შემდეგ სულ გაქრა. დღეს ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს შორის  კომუნიკაცია თითქმის არ არის. თუმცა არსებობს მეგობრობის რამდენიმე ამბავი, რომელიც პოზიტიური ცვლილებების იმედს გვაძლევს.  

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მალევე დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. პირველი შეიარაღებული კონფლიქტი 1991 წელს დაიწყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, შემდეგ გაგრძელდა სამოქალაქო ომით, რომელიც დასრულდა მთავრობის გადატრიალებით და გაგრძელება ჰპოვა აფხაზეთის ომში, რომელიც მიმდინარეობდა 13 თვის განმავლობაში. შედეგად ათასობით ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. უმრავლესობას მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო საცხოვრებელი დაატოვებინეს. ეთნიკური დევნა იყო ორმხრივი და ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოდანაც უწევდათ ქვეყნის დატოვება. 2008 წელს, ცხინვალში, შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ისევ იჩინა თავი, რასაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომი.  კონფლიქტი დღესაც გადაუჭრელია.

მეგობრობა (საქართველო-აფხაზეთი)

როცა ხათუნა ბახტაძის ოჯახმა აფხაზეთი დატოვა ის 15 წლის იყო.
„ყველა კენჭი მახსოვს იმ დღიდან. შეიძლება გუშინ რა მოხდა ეგ დამავიწყდეს, მაგრამ ეს არა. ზუსტად არ ვიცოდი რა ხდებოდა. გონებაში იმდენჯერ გადავტკეპნე ერთი და იგივე კადრები.. ეტყობა მერე აღარ გავიწყდება. „

ხათუნას დედა
ხათუნას ძმა

„გემით წამოვედით, 1992 წლის 15 აგვისტოს. პანიკა იყო. ღამე ისე ყინავდა, თვალები მეყინებოდა. ჩემი ყველა აფხაზი მეგობარი იქ დარჩა. მუსიკალურ სკოლაში უჩემოდ ივლიდნენ. ვბრაზდებოდი და გული მწყდებოდა. „

 

მურაბა ზამთრისთვის

„თავიდან სოჭში ჩავედით, შემდეგ იქიდან პატარა გემით ბათუმამდე, ხოლო ბოლოს ბათუმიდან ავტობუსს გამოვყევით თბილისის მიმართულებით. იმ წელს თბილისში პირველად არ ვიყავი, მაგრამ პირველად გავიფიქრე, რომ მახინჯი ქალაქი იყო. თანაც საცხოვრებელი ადგილის პოვნა გაგვიჭირდა.  აფხაზეთიდან დევნილი არავის უნდოდა, რადგან იყო შემთხვევები, როცა ქირის ფულს ვერ იხდიდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბედნიერი ვეღარ ვიქნებოდი. „

„დრო გავიდა. აქაური მეგობრები შევიძინე. ქალაქიც შემიყვარდა და ადამიანებიც. ახლა ბედნიერი ვარ.“

 

ხათუნას სახლი
ხათუნა ოჯახთან ერთად
ხათუნა და მისი ქმარი
ხათუნას შვილები - 7 წლის მარი და 5 წლის ანა ექიმობანას თამაშობენ
ტრადიციული პიკნიკი
ანა, ხათუნას ძმა - ლევანი და ხათუნას პირველი შვილი, 8 წლის დათო
მარი და ანა
მარი და ანა გარემოს პიკნიკის ნარჩენებისგან ასუფთავებენ

„ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმ ადამიანებზე, ვინც საზღვრის მეორე მხარეს დამრჩა. მეგობრებზე, ნაცნობებზე, უბრალო გამვლელებზე. იქნებ შემდეგმა თაობებმა ისევ მოახერხონ დამეგობრება„

 

მეგობრობა (საქართველო-სამხრეთ ოსეთი)

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად ბევრი ადამიანი დაშორდა მეგობარს. მათ შორის კონტაქტი ნელ-ნელა შემცირდა, შემდეგ კი თაობებს შორის გაქრა. ახლანდელ ქართველ, აფხაზ და ოს ახალგაზრდებს შორის კომუნიკაცია თითქმის არ არსებობს.

„სამოქალაქო ფორუმი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა თბილისიდან, რომელიც მუშაობს ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს შორის დიალოგის განავითარებაზე და ამ კონფლიქტებსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებული ადამიანების სრულ ინტეგრაციაზე. „სამოქალაქო ფორუმი“ ხელს უწყობს ძველი მეგობრობის აღდგენას და ახალგაზრდებს შორის სრულიად ახალი ურთიერთობების წარმოქმნას, კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსპორმაციის პროცესში მათ ჩართულობას. ორგანიზაცია ცდილობს ახალგაზრდა თაობები ერთმანეთთან დააკავშიროს და დაახლოვოს. 2014 წელს ორგანიზაციის დირექტორს, თემურ არბოლიშვილს გაუჩნდა ასეთი პროექტის იდეა, ოს და ქართველ სტუდენტებს ერთად ემოგზაურათ ევროპის ქვეყნებში, შეხვედროდნენ ევროპელ თანატოლებს, ესაუბრათ მათ ქვეყნებში არსებულ მსგავს თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე, გაეზიარებინათ გამოცდილება, იდეები, შეხედულებები.  პროექტს ერქვა „ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესი“. მონაწილეებმა 17 დღის განმავლობაში ერთად ვიმოგზაურეთ  ავტობუსით თურქეთში, საბერძნეთში, მაკედონიაში, სერბეთსა და კოსოვოში. საერთო მოგზაურობამ, საერთო თავგადასავალმა ქართველი და ოსი მონაწილეები სამუდამოდ დაგვაკავშირა ერთმანეთს.

 

ქართველი და სამხრეთ ოსეთელი მონაწილეები
ინგა, 21 წლის, ცხინვალიდან

ინგა, 21 წლის, ცხინვალიდან:

„როდესაც საქართველოზე ვფიქრობ, პირველი, რაც მახსენდება პატარა ეზოა სადღაც თბილისში, სადაც დეიდაჩემი ცხოვრობს. დაახლოებით 5 წლის ვიყავი, როდესაც ზაფხულის არდადეგების გასატარებლად ჩავედით. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები მყავდა ამ ეზოში.

არ ვიცი როგორ ვახერხებდით კომუნიკაციას, მაგრამ თავი მარტო არასდროს მიგძვნია.
სასაცილო მომენტი იყო, როდესაც დედამ რუსთაველზე, მაკდონალდში წამიყვანა და ერთი ბიჭი ცდილობდა აეხსნა რა მაგარი სათამაშო ამოუვიდა „ჰეფი მილში“. იმას, რომ ქართული არ ვიცოდი, არ შეუჩერებია. ვინ იცის, ქართული რომ მცოდნოდა იქნებ დავმეგობრებულიყავით კიდეც.

იმ ზაფხულის შემდეგ აღარასდროს დავბრუნებულვართ თბილისში, დეიდაჩემის სახლში. მასთან კომუნიკაცია პრობლემა არ არის, რადგან ყოველ წელს ჩამოდის ჩვენთან (იოლი პროცედურა არ არის). ხანდახან მეფიქრება ხოლმე იმ ეზოზე და ბავშვებზე, რომლებსაც ადრე ვიცნობდი.

ბედისწერამ მეორე შანსიც მომცა ქართველებს დავკავშირებოდი. პროექტი, სახელად „ახალგაზრდული სამშვიდობო ექპრესი“ ერთი-ერთი ყველაზე საოცარი რამ აღმოჩნდა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა.

იმ დღეს, როცა მოგზაურობა დავიწყეთ, ყველანი ძალიან ვნერვიულობდით. არ ვიცოდით როგორ უნდა მოვქცეულიყავით იმ ადამიანებთან, რომლებიც იმ ქვეყნიდან იყვნენ, რომლის სახელიც წყევლასავით ჟღერს ჩვენს მხარეს. გადავწყვიტეთ შეძლებისდაგვარად თავაზიანები ვყოფილიყავით. ახლა ძალიან მეცინება ამ ყველაფერზე.

როდესაც პირველად შევხვდით მივხვდი, რომ იმაზე მეტი საერთო გვქონდა, ვიდრე ვფიქრობდი. ერთი კვირის შემდეგ, სამზარეულოში ვისხედით, ზემფირას ვუსმენდით და ისე ვსაუბრობდით, თითქოს ერთმანეთს წლებია ვიცნობდით. ახლა კარგი მეგობრები ვართ.“

ანნა, 30 წლის

ანნა, 30 წლის, ცხინვალიდან:

„ყველაფერი ძალიან მარტივად იყო, ყველა მეგობრულ ტალღაზე იყო და გულწრფელად რომ ვთქვა, თავიდან ამან დამძაბა, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ეს დადგმული იყო... ვერაფრით ვახერხებდი მოვდუნებულიყავი.  გავიდა ერთი საღამო, მეორე, მესამე.. და ვხვდებოდი, რომ ზოგიერთ ადამიანს იმაზე ახლოს ვუშვებდი ჩემთან, ვიდრე წარმომედგინა.

თავიდან, როდესაც კონფლიქტთან დაკავშირებულ შეხვედრებზე დავიწყე სიარული, აგრესიას ვერ ვმალავდი. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ჩემი ემოციები იმდენად მკაფიოდ იყო გამოხატული, რომ არ შემეძლო ის რისი თქმაც მინდოდა ადამიანებამდე მიმეტანა. გულწრფელად მძულდა ქართველები. მეჩვენებოდა, რომ არც ერთ ქართველს არ შეეძლო ობიექტურად განესაჯა სიტუაცია და ეთქვა - "დიახ, მართლები არ ვიყავით" ან "ანნა, მე არ ვუჭერ მხარს ჩემი მთავრობის პოლიტიკას". ამიტომ ყოველთვის მზადყოფნაში ვიყავი. ასეთივე განწყობა მქონდა, როდესაც ქართველ მონაწილეებს შევხვდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემი საბრძოლო მზადყოფნა სრულიად უადგილო იყო.

ჩემი ყურადღება თავიდანვე ერთმა წითელთმიანმა გოგონამ მიიპყრო, რომელიც მაშინვე ჩამივარდა გულში.

ერთმა მომენტმა განსაკუთრებულად იმოქმედა ჩემზე. ერთ დღეს, სასეირნოდ წავედით, მე კი თან თბილი ტანსაცმელი საერთოდ არ მქონდა წაღებული. როდესაც გარეთ გავედით ძალიან შემცივდა, ის კი არც კი დაფიქრებულა, მაშინვე შებრუნდა სახლში, თავისი საწვიმარი გამოიტანა და მომცა, ჩაიცვიო.

გაოგნებული ვიყავი. ზუსტად ერთი თვის წინ, იმის წარმოდგენაც კი არ შემეძლო რომ ქართველი გოგონასგან საწვიმარს ავიღებდი თუნდაც  სიკვდილის პირას ვყოფილიყავი.  მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. დღითი დღე მაოცებდა მისი სიკეთე და ის, თუ როგორ შორს იყო პოლიტიკური პრინციპებისგან. ის, რომ მისთვის მთავარი ადამიანურობა და ურთიერთობა იყო. მოკლედ, მთელი გულით შემიყვარდა და დიდხანს ვუყვებოდი მეგობრებს, რომ არსებობს ასეთი თბილი ადამიანი საქართველოში, რომელიც ასე ძალიან მიყვარს.

ქართული ჯგუფიდან თითქმის ყველას დავუმეგობრდი. ზოგიერთთან დღემდე ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს. ჩემთვის მათთან ურთიერთობა ძალიან ადვილი და საინტერესოა, მაგრამ როდესაც სახლში დავბრუნდი და მოვყევი, რომ ძალიან საინტერესო ადამიანებს შევხვდი, რომ ისინი ჩვენს სიტუაციას ობიექტურად უყურებენ და დავმეგობრდით, არავინ დამიჯერა. ყველამ იცოდა, ქართველებისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ.  ჩემს ზოგიერთ მეგობარს დღემდე არ სჯერა ჩემი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. 

პროექტში მონაწილეობის შემდგენ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ქართველ ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ჩემს წარმოდგენებში. 

ან იქნებ სპეციალურად შეარჩია ორგანიზაციამ საუკეთესოები?! „

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება