დევნილობა მემკვიდრეობით
განაცხადი
ნახვა: 3672
ენები: 

თეონა ჩაკვეტაძემ ათი წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ დევნილის სტატუსი ჰქონდა.

„ბებიაჩემმა მე და ჩემი და იძულებით გადაადგილებული პირების სარეგისტრაციო ცენტრში წაგვიყვანა,” - იხსენებს 1992 წელს დაბადებული თეონა. „ეს იყო ქუთაისში. იმდენი ხალხი ირეოდა, ძლივს ვმოძრაობდით. ჩემი და, რომელიც ჩემზე უმცროსია, ტიროდა.

შენობაში, დაახლოებით, 5 საათის შემდეგ შევძელით შესვლა და რეგისტრაციის მაგიდამდე მივაღწიეთ. მაშინ მკითხა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალმა (აფხაზეთის) რომელი ქალაქიდან ვიყავი. ვუთხარი, რომ გაგრიდან ვარ.”

თუმცა თეონა აფხაზეთში არ დაბადებულა. იგი დასავლეთ საქართველოდან, ხონის რაიონიდანაა. მისმა მშობლებმა აფხაზეთი თეონას დაბადებამდე 3 თვით ადრე, 1992 წელს დატოვეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 1994 წლიდან 2017 წლამდე 98 796 ბავშვი დაიბადა დევნილთა სტატუსის მქონე ოჯახში. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ამ ოჯახებში დაბადებული ბავშვები ავტომატურად ითვლებიან დევნილებად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ დაბადებულან და უფრო მეტიც, იქ არასდროს უცხოვრიათ. ბევრმა მათგანმა აფხაზეთის შესახებ მხოლოდ მშობლების მონათხრობიდან იცის. მათთვის აფხაზეთი შორეული და ბსტრაქტულია.

„მემკვიდრეობით დევნილი ვარ”, - ამბობს ჩაკვეტაძე. “მახსოვს, როგორ ვფიქრობდი მთელი ბავშვობა გაგრაზე და ჩვენს “ნამდვილ” სახლში დაბრუნებაზე. დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებული პირი ვარ.”

ომმა ღრმა კვალი  დაამჩნია ხალხსა და შენობებს. მათ, ვინც უკან დაბრუნება მოახერხა ,,ანონიმურად“ იპოვა საკუთარი სახლის ნანგრევები. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ზოგიერთ მათგანს გალის სამხრეთ ნაწილში ცხოვრების უფლება მისცა. უმეტესობამ კი უარი თქვა ოკუპირებულ მიწაზე. ათასობით ადამიანი ყოველდღიურად კვეთს ადმინისტრაციულ საზღვარს. საზღვარზე გადასვლა ნაცნობი ადგილების ან ადამიანების მონახულების მიზნით, წესების გამკაცრების შემდეგ, კიდევ უფრო გართულდა.

ახალგაზრდები იმ მიწის სიყვარულით გაიზარდნენ, რომლის შესახებაც უფროსები მოუთხრობდნენ და თვითონ არასდროს უნახავთ. ისინი ახლა უკვე  საკუთარ ოჯახებს ქმნიან, მონათხრობი ისტორიები კი თანდათან იკარგება.

“დევნილობა მემკვიდრეობით” ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს: რას ნიშნავს იყო დევნილი იმ ადგილიდან, სადაც არც დაბადებულხარ და არც არასდროს გიცხოვრია?  რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ემოციური კავშირი  ასეთ ადგილთან და როგორ უნდა გადაეცეს ეს ემოცია დევნილის სტატუსით დაბადებულ მომავალ თაობას? 


პროექტი დევნილობა მემკვიდრეობით მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის (GIPA) ფარგლებში. 


ტექსტის რედაქტორი მონიკა ელენა

ივნისი 2018, გამოცემა იდენტობა

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება