ძველი, მაგრამ მუშა: ქუთაისის ერთადერთი საბაგირო
ნახვა: 6613
ენები: 

ციცაბო ფერდობებსა და ხეობებზე, ბინებისა და ეკლესიების თავზე გადმოკიდებული საბაგიროები საქართველოსთვის უჩვეულო სანახაობა არ არის. საბაგირო ქსელი 1950-იანებში განვითარდა. საბჭოთა კავშირის ინჟინრებს უჭირდათ საქართველოს ზოგიერთ მთიან ქალაქში იოლად გადაადგილება, განსაკუთრებით ჭიათურაში, რომელიც მადნეულის მოპოვების ცენტრი იყო და საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, ქუთაისში.მათ გამოსავალი საჰაერო ტრანსპორტში იპოვეს.

ქუთაისის საბაგირო 1961 წელს აშენდა გორას უბანში და მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა.

 

ქუთაისის ყველაზე პოპულარული ხედი საბაგიროდან

ალექსანდრე ჯაიანი 1987 წლიდან ქუთაისის ბესიკ გაბაშვილის პარკის ტექნიკური დირექტორია. ის 29 წელია ყოველდღიურად მუშაობს საბაგიროს ტექნიკურად გამართვაზე.

“40 წელზე მეტია ეს დაკიდული მანქანა ქალაქის მთავარი ტურისტული სანახაობა იყო. ბევრ ფილმსა და სატელევიზიო რეპორტაჟში სწორედ აქედან გადაღებულ კადრებს ნახავთ, საბაგიროდან უმშვენიერესი ხედებია”, - ამბობს ალექსანდრე.

 

საბაგიროს ორი სადგური აქვს. ქვედა სადგური მომცროა და მხოლოდ მგზავრებისთვისაა განკუთვნილი. ზედა სადგური 50 მეტრის სიმაღლეზეა - მას მოძრაობაში მოჰყავს ვაგონები და 300-მეტრიან გზაზე გადააადგილებს, ქალაქის გამყოფი მდინარე რიონის გადაღმა.

 

ეს წითელი და ყვითელი ვაგონები თბილისის საავიაციო ქარხანაში აწარმოეს. ოპერირება 1975 წლიდან დაიწყო. 1961 წელს დაყენებული სისტემის განახლებას 2 წელი დასჭირდა”, - გვიხსნის ჯაიანი.

გარეგნულად საბაგიროს ვაგონები დრომოჭმულს ჰგავს, თუმცა ისინი მყარია, უჟანგავი მასალისგანაა გაკეთებული, ამიტომ კარგადაა შემონახული და ისევ შეგვიძლია მათი გამოყენება.”

 

სტანდარტული საბჭოთა საბაგირო ორი სადგურისგან, ვაგონებისგან და ლითონის ერთი მსხვილი და ერთი წვრილი ბაგირისგან შედგება. მსხვილი ბაგირები მჭიდროდაა მიმაგრებული სადგურის კედლებზე, წვრილი ბაგირები კი მათ გასწვრივ ვაგონების გადაადგილებისთვისაა საჭირო. წვრილი ბაგირები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობენ და ერთ ბოლოში წონით ბალანსდებიან, რომელიც ქვედა სადგურშია და ორივე ბაგირის დაჭიმულობას აბალანსებს.

 

სქელი, ძირითადი ბაგირი 1970-იანი წლების შუა რიცხვებიდან მუშაობს. წვრილი ბაგირები რეგულარულად უნდა იცვლებოდეს, ყოველ 5-8 წელიწადში. გამოცვლას 2 დღე სჭირდება და მომდევნო ტექნიკური სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

 

“მომქაჩველი ბაგირები წლების შემდეგ დუნდება და საჭიროა, რომ დამოკლდეს. ამისთვის თბილისიდან სპეციალისტები ჩამოდიან ხოლმე,” - აღნიშნავს ჯაიანი.

 

52 წლის ალექსანდრე იხსენებს, რომ საბაგირო სისტემის აშენებიდან რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთი მთავარი ბაგირი დაზიანებული აღმოჩნდა და შესაცვლელი გახდა. მუშებს მეტალის ხვეულა ერთი ბოლოდან მეორეში ხელით უნდა გაეჭიმათ, მდინარის გადაღმა, ხეობის თავზე. ამან ირგვლივ მოძრავი ყველა ტრანსპორტის შეჩერება გამოიწვია. სამი ბოლომდე დატვირთული კრაზის სატვირთო ზედა სადგურიდან მსხვილ ბაგირს ექაჩებოდა სწორ ადგილას ჩასასმელად.

მემანქანე ზედა სადგურში ზის. ის მოტორს რთავს და მუდმივ კომუნიკაციაშია დანარჩენ პერსონალთან, რომლებიც ამ დროს ვაგონში მგზავრებთან ერთად არიან. საბაგიროზე 5 ადამიანია დასაქმებული.
ვაგონის წყლისგან დაცლა წვიმიანი დღის შემდეგ

კომუნისტების დროს, საბაგიროს მართავდა ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელი იყო საბჭოთა საქართველოს საჰაერო ტრამვაიზე. დღესდღეობით პარკის ტერიტორია სახელმწიფოს ეკუთვნის, თუმცა ამ ეტაპზე გაქირავებულია და ტექნიკურ ხარჯებს კერძო ინვესტორი, ბადრი კაკაბაძე ფარავს.

 

1990-იანები ყველასთვის მძიმე იყო და არც ქუთაისის საბაგირო გახდა გამონაკლისი. მიუხედავად ამისა, საბაგირო მაინც ფუნქციონირებდა და პარკის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობისთვის ტრანსპორტის მნიშვნელოვანი გზა იყო. საბაგიროთი კანონიერი ქურდებიც სარგებლობდნენ. ამან საბაგირო ძარცვას გადაარჩინა.

 

“ყველანაირ მანქანას გასდის ვადა, შეცვლის ფული კი არ გვქონდა. ხალხი ყველანაირ მეტალს იპარავდა ჩასაბარებლად. იმ პერიოდში ღამე მორიგეობით ვდარაჯობდით ხოლმე.”

 

მიუხედავად ელექტროენერგიის რეგულარული გათიშვებისა, ჯაიანი ამაყობს, რომ არც ერთხელ არ დარჩენილან მგზავრები ხეობის თავზე.

 

“ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო, ელექტროენერგიის გათიშვაა, რაც იმ პერიოდში საკმაოდ ხშირად ხდებოდა. სისტემას სპეციალური გენერატორი ემსახურებოდა, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდებოდა, ვაგონის გზის გასაგრძელებლად საკმარის ენერგიას გამოიმუშავებდა.”

 

ვანდალიზმმა მანქანებზე კვალი დატოვა

 

“საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ პერიოდში თითქმის ყველას ჰქონდა იარაღი. ვაგონების დასაცავად მათ შუა გზაზე გაჩერებულებს ვტოვებდით. ერთხელ აღმოვაჩინეთ, რომ ვაგონებს ტყვიის ნაკვალევი გქონდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ სასროლად კარგი სამიზნე იყო.”

 

საბაგიროთი მოგზაურობისას თითქმის მთელი ქალაქი ჩანს. ვაგონის ირგვლივ სულ ფანჯრებია, რაც 360-გრადუსიან ხილვადობას უზრუნველყოფს.
თეთრი ხიდი და ქუთაისის სახასიათო თეთრი ქვები
ხედი საკონტროლო ოთახიდან
ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება