უცნობი სამშობლოს ნოსტალგია: ფერეიდნელი ქალები
განაცხადი
ნახვა: 9388
ენები: 

ნუ ტირი, თორემ საქართველოში გაიგებენ და იქაც ატირდებიან—ბავშვის დამშვიდების ამ უჩვეულო ხერხს ფერეიდუნშაჰრში მოგზაურობის პირველივე დღეს შევესწარი. დასავლეთ ირანში, ისპაჰანის პროვინციის მახლობლად მდებარე ამ პატარა მთებით მოცულ ქალაქში, სადაც 4000-მდე ოჯახი ცხოვრობს, დედები ბავშვებს არც გუდიანი კაცის მოსვლით აშინებენ და არც ტკბილეულს პირდებიან. ბავშვებს მოუწოდებენ, ცრემლები ერთი შორეული, პატარა ქვეყნის გამო შეიკავონ.

 

ფერეიდუნშაჰრი თავიდან ცოტა დამაბნეველია. ადგილობრივები მას „მარტყოფს“ უწოდებენ. ქუჩებში ყოველ ნაბიჯზე ქართულ წარწერებს შეხვდებით: „ძეთის შეცვლა“, „მარტყოფის თაფლი“, “ხის მეწარმეობა”. ზოგჯერ შედარებით უჩვეულო აბრებსაც: „ქართველ დედის საჩუქრები“, „მიყვარხარ სამშობლო“, „ქართველს გავმარჯოს“. ქუჩებსა თუ მთებში, ალბათ, უფრო მეტჯერ მოვისმინე ქართული სიმღერები, ვიდრე საქართველოში ყოფნისას გამიგონია ოდესმე.

 

ფერეიდუნშაჰრი, ანუ მარტყოფი სხვა სოფლებთან ერთადრომელთა უმრავლესობას ქართული სახლებები ჰქვიათ, მაგალითად ვაშლოვანი, ჩუღურეთი, რუვის პირი, მთათაშვილის გორა და ასე შემდეგფერეიდნის რაიონში შედის. ამ ადგილებს, რომლებიც ძირითადად ეთნიკურად ქართველებითაა დასახლებული, ირანში „გურჯი ნაჰიეს“ ანუ „პატარა საქართველოს“ უწოდებენ. 1614-17 წლებში ირანის შაჰმა აბას I-მა დაახლოებით 200 ათასი ქართველი გადაასახლა კახეთიდან ფერეიდანში. ეს იყო სასჯელი იმდროინდელი საფავიდების იმპერიაში მოწყობილი აჯანყებისთვის. ფერეიდანელმა ქალებმა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქართული ენის შემონახვაში.

400-ზე მეტი წლის შემდეგ, ფერეიდნელები თავს ისევ ქართველებად მიიჩნევენ. მათი უმრავლესობა ქართულად საუბრობს, თუმცა ენაში მე-17 საუკუნის თავისებურებები და სპარსულის გავლენა იმჩნევა—ის არამხოლოდ დანარჩენ ირანელებს, არამედ მეც არ მესმოდა.

ფერეიდუნშაჰრში ქალებთან შესახვედრად და მათი ცხოვრების გამოსაკვლევად წავედი. ფერეიდანზე უამრავი მასალის მიუხედავად, ქალებზე თითქმის არაფერია ცნობილი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქალები უკეთ საუბრობდნენ ქართულად ვიდრე მამაკაცები და თანაც, როგორც ქალი, ადვილად შევძლებდი მათ გაცნობას. სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. კაცები არამხოლოდ უკეთ საუბრობდნენ თანამედროვე ქართულად—რაც მათი საქართველოში უფრო ხშირი სტუმრობით აიხსნება—არამედ ჩემს ინტერვიუებში ქალებს გამუდმებით აწყვეტინებდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ ჩემი თარჯიმანი, არაში (არჩილი) მამაკაცი იყო და ამიტომ სხვა კაცებთან შეხვედრა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ქალების გაცნობა.

ირანში ყოფნისას, კარგად მქონდა გაცნობიერებული ჩემი პრივილეგია, რომელსაც არაშიც მახსენებდა ხოლმე—მასთან და სხვა კაცებთან ერთად ქუჩებში სიარული მხოლოდ იმიტომ შემეძლო, რომ (მაინც) უცხოელი ვიყავი.

„მხიარულები“—აი, ასე წარმოუდგენიათ ქართველი ქალები იმ ფერეიდანელ ქალებს, რომლებსაც შევხვდი. „არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია. აქ თავისუფლება არ გვაქვს,“—მითხრა ბევრმა.

 

პრობლემები თავისუფლებასთან ფერეიდანში ჩასვლისთანავე შემექმნა, როდესაც პოლიციამ დამიბარა იმის გასარკვევად, თუ როგორ და რატომ ვმოგზაურობდი მარტო. ფერეიდუნშაჰრში ყოფნისას, ქალაქშიც ვერ გავდიოდი მარტო, ჩემი თარჯიმნის გარეშე.  იქაურ ქალებს რომ ვკითხე, სიტუაცია ასე განმიმარტეს: „აქ, ირანში თუ ვინმეს მოგზაურობა უნდა, ოჯახთან ერთად მოგზაურობენ. ქალი მარტო ვერ იმოგზაურებს.“თანაც, გოგონები სკოლიდან პირდაპირ სახლში უნდა წავიდნენ. საღამოს ქუჩებში იშვიათად შეხვდებით ახალგაზრდა თუ ხანდაზმულ ქალებს.

 

ნაჰიდა ხუციშვილი, ერთ-ერთია იმ იშვიათ ქალებს შორის, რომლებიც ღამით ჯერ კიდევ სამსახურში არიან. თავის პურის საცხობში მუშაობას ღამის 10 საათზე ამთავრებს, რათა მეორე დღისთვის მყიდველებს ახალი პური დაახვედროს. ნაჰიდა კიდევ სხვა მიზეზის გამოც გამონაკლისია—13 წლის ასაკში დაქორწინებული, ახალგაზრდა განქორწინდა და ორი შვილი მარტომ გაზარდა. მთხოვნელები როგორ არ მყავდა, მაგრამ ბავშვებს ვერ მივაგდებდიო.

 

„როგორ ფიქრობ, საქართველოში ჩემი პურები გაიყიდება?“-მეკითხება ცხობაში გართული ნაჰიდა.

მის გამომცხვარ ტკბილ პურებზე მოთხოვნა მაღალია ფერეიდუნშაჰრსა და მიმდებარე ქალაქებში.  მიუხედავად მისი საქმის წარმატებისა,  ხშირად ოცნებობს საქართველოში სახლის ყიდვასა და იქ ცხოვრებაზე. ნაჰიდა არასდროს ყოფილა „ანქა“, თუმცა დარწმუნებულია, რომ ჩვენ საქართველოში „ერთმანეთს არ ვაღონებთ და ქალებს მხარში ვუდგავართ“.

ყველა ის ფერეიდნელი ქალი, რომელსაც შევხვდი, მიყვებოდა, როგორ ოცნობებდა საქართველოში ცხოვრებაზე. მართალია, იციან, რომ საქართველოში ყველაფერი დალხენილად არ არის—მაგალითად “ქალები უფრო მეტს მუშაობენ და კაცები მხარ-თეძოზე არიან წამოწოლილი”—მაგრამ მაინც მითიურ დაბრუნებაზე ფიქრში არიან.

 

იმ ფერეიდნელ ქალებს, რომლებიც საქართველოში ნამყოფები არიან, მხოლოდ დადებითი მოგონებები აქვთ.  „მზის გოგონათა” ფოლკლორული გუნდის წევრები—რაც ნამდვილი იშვიათობაა ირანში, სადაც ქალებს სიმღერა მარტოს არ შეუძლიათთბილისში ცოტა ხნის წინ იყვნენ და საქართველო „თავისუფალ და მხიარულ” ქვეყნად დაამახსოვრდათ. ფერეიდუნშაჰრში ქართული ხალხური სიმღერების შესასრულებლად ხშირად იკრიბებიან. იმის მიუხედავად, რომ კამერის ცოტა ერიდებათ და ტექსტი კარგად არ ესმით, განსაკუთრებული მონდომებით მღერიან.

 

გაურკვეველია, რამდენად თავისუფლები და მხიარულები იქნებოდნენ მზის გოგონები” საქართველოში. 1970-იან წლებში, ფერეიდნელი ქართველების ნაწილმა კახეთში დაბრუნება მოითხოვა. ეს იყო რეპატრიაციის პირველი მცდელობა, რომელმაც არც ისე წარმატებით ჩაიარა. ფერეიდნელმა ქალებმა, რომლებმაც ბევრი იწვალეს  საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებისთვის, უცბად აღმოაჩინეს, რომ გაუცხოებულები იყვნენ თავიანთ „სამშობლოსთან”. ქართველები, კი მათ აღიქვამდნენ „ირანელ თათრებად“, რომლებიც გაუგებრად საუბრობდნენ ქართულად და ძველმოდურ ადათ-წესებს მისდევდნენ. საბოლოოდ, უმრავლესობამ ფერეიდანში დაბრუნება გადაწყვიტა.

 

დღეს ფერეიდუნშაჰრში გადასახლების მოგონება, რომელიც 400 წელზე მეტს ითვლის, უფრო მძაფრია, ვიდრე დაახლოებით 50 წლის წინანდელი წარუმატებელი რეპატრიაციის ისტორია. იმის მიუხედავად, რომ ფერეიდნელ ქალებს კვლავ ენატრებათ ის ქვეყანა, რომელშიც არასდროს უცხოვრიათ, აღიარებენ, რომ მათი იდენტობა არც ისე სწორხაზოვანია: „ჩვენ მაინც ირანელები ვართ. აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. მიჩვეული ვართ აქაურ ცხოვრებას”.

 

რედაქტორი: ანა ლომთაძე

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება