გაუშვით გოგონები სკოლაში: ადრეული ქორწინება საქართველოში
ნახვა: 5465
ენები: 

აიგუნისა და სუნარ ისმაილოვას ცხოვრება შეიცვალა, როდესაც მათი საუკეთესო მეგობარი, ხათირა, 2014 წლის გაზაფხულის ერთ დღეს სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე მოიტაცეს. ეს აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ კაბალიში მოხდა. ხათირა და აიგუნი იმ დროს 16 წლისები იყვნენ. ისინი ქუჩაში მიდიოდნენ, როდესაც იქვე მანქანა გაჩერდა, უცნობი ადამიანი გადმოვიდა და ხათირა მანქანაში იძულებით ჩასვა. მას სამი მამაკაცი ეხმარებოდა. გოგონები ყვიროდნენ, მაგრამ ქუჩა ცარიელი იყო და მათი არავის ესმოდა.  

მამაკაცი მოგვიანებით დააკავეს და ერთი წელი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა საზოგადოებისთვის, სადაც ტრადიციები ყველაზე მაღლა დგას, დამნაშავე მაინც გოგონაა. მოძალადე 2015 წელს გამოუშვეს ციხიდან და ხათირას ოჯახმა გოგონას მასზე დაქორწინება აიძულა. აიგუნი და სუნარი ამის შემდეგ მეგობარს მხოლოდ შემთხვევით თუ ხვდებიან.

 

კავკასია დიდი ხნის მანძილზე განთქმული იყო საცოლის მოტაცებით. მამაკაცი ირჩევდა სასურველ საცოლეს და იტაცებდა მას, რითიც გოგონასა და მის ოჯახს აიძულებდა ქორწინებას. საბჭოთა კავშირის დროს მოტაცება კანონით აიკრძალა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც უმუშევრობამ, პოლიტიკურმა და სოციალურმა არასტაბილურობამ დაისადგურა ქვეყანაში, მოტაცება კვლავ აქტუალური გახდა.

 

მოტაცება 2004 წლიდან, ხოლო იძულებითი ქორწინება 2015 წლიდანაა კრიმინალიზებული და ისჯება 400 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუმცა არასრულწლოვანთა ქორწინების დიდი რაოდენობა კანონისთვის შეუმჩნეველი რჩება, რადგან უმრალესობა არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული და წყვილები მხოლოდ ადგილობრივ ეკლესიაში ან მეჩეთში ქორწინდებიან. 

ხათირას შემთხვევა გვაჩვენებს, რომ მოტაცება ისევ აქტუალურია და შორსმიმავალი შედეგები აქვს. ნადირა ისმაილმა შვილები, სუნარი და აიგუნი სკოლიდან გამოიყვანა, რადგან მათ ხათირას ბედი არ გაიზიარონ.

 

( )

 

უმცროსი გოგონასთვის, სუნარისთვის, ეს ტრაგედია იყო. იმ დროისათვის 15 წლის სუნარს უყვარდა სწავლა და დაწყებითი კლასების მასწავლელობაზე ოცნებობდა. მას ქართულის სწავლება უნდოდა. კაბალიში ქართულს, უმცირესობებით დასახლებული სხვა ადგილების მსგავსად, იშვიათად გაიგონებთ: არც ოჯახურ შეკრებებზე, არც მაღაზიაში ან ოფისებში ქართული არ არის საკომუნიკაციო ენა. აქ ძირითადად აზერბაიჯანულად საუბრობენ. თუმცა სწავლის უნივერსიტეტში გასაგრძელებლად და კარგად ანაზღაურებადი სამსახურის საპოვნად ქართულის ცოდნა მნიშვნელოვანია. სუნარს ამ წრის გარღვევა სურდა.

 

ამის შემდეგ ხათირა მოიტაცეს და დები თვეების მანძილზე სახლიდან ვერ გადიოდნენ. ეს ისტორია ასე დასრულდებოდა, ლაურა ხარიტონაშვილი რომ არ გამოჩენილიყო. ხარიტონაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეჯენის” ხელმძღვანელია.  “ვეჯენი” მისი მშობლიური სოფლის სახელია ლაგოდეხში, სოფელი კავკასიის მთების სამხრეთ ფერდობზეა გაშლილი და ეთნიკურად მრავალფეროვანია. ლაურა საქართველოში ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობადობის ამაღლებას 2012 წლიდან ცდილობს.

“აქ კონსერვატიული და დახურული საზოგადოებაა,” ხსნის 78 წლის ენერგიული ლაურა, - “კაბალისა და მეზობელ იორმუღანლოში ნაადრევი და იძულებითი ქორწინებები განსაკუთრებით მძიმე საკითხია. უამრავი ადამიანი უნდა გაიხსნას და ენდოს უცნობებს იმისათვის, რომ ამ საჩოთირო თემაზე საუბარი დაიწყოს.”

რთულია ზუსტი რიცხვების მოძიება როგორც იძულებით, ასევე ნაადრევ ქორწინებაზე.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს არასრულწლოვანთა 611 ქორწინება დაფიქსირდა. აქედან 17 იყო არასრულწლოვანი ვაჟი და 16 შემთხვევაში ცოლიც და ქმარიც 18 წლამდე იყვნენ. 2014 წელს UNFPA-ს ინფორმაციით, საქართველოში ევროპის მასშტაბით ნაადრევ ქორწინებათა ყველაზე მაღალი პროცენტია: ქართველ ქალთა 17% 18 წლის მიღწევამდე ქორწინდება და უსწრებს მოლდოვას და თურქეთს (14%).

 

ეს ფენომენი სოფლად უფრო მეტადაა გავრცელებული, სადაც სიღარიბე და განათლების ნაკლებობაა. ის გადაჯაჭვულია პატრიარქალურ ღირებულებებსა და რელიგიურ მოტივებთან. კაბალი ამ აღწერას ესადაგება. აქ მაღალია უმუშევრობა. ოჯახების უმრავლესობა სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ჰყიდის. ზოგიერთი ოჯახი, მაგალითად, ისმაილები, რუსეთში და ყაზახეთში მომუშავე ნათესავებისგან იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.

 

“ისე მეშინია მოტაცების...ისევ მახსოვს, როგორ მოვარდა ჩემი გოგო [ალგუნი] სახლში, როცა მისი მეგობარი მოიტაცეს”, - იხსენებს ნადირა და თან ჩაის სვამს სახლში. მან ქართული კარგად იცის, ამიტომ ხარიტონაშვილს ეხმარება და სოფელში შეხვედრებს თარგმნის. “ხშირად მშობლები შვილებს ყველგან აცილებენ ან ბევრი ბავშვი ერთად დადის იმისათვის, რომ არავინ მოიტაცონ.”

 

მისი შიშები საფუძვლიანია, რადგან 2014 წელსაც კი სახალხო დამცველმა კაბალის სკოლიდან 3 გოგონას გატაცება დაადასტურა. მიუხედავად ამისა, კითხვაზე, თუ რას ფიქრობს გოგონების გათხოვებაზე, ნადირა პასუხობს, რომ არ არის წინააღმდეგი.

 

“აიგუნს მოსწონდა ვიღაც და მაშინ ვიფიქრე, რომ სჯობს გათხოვდეს, ვიდრე მოიტაცოს. გათხოვება სირცხვილია, ხომ იცი.”

 

და ეს მოხდა. აიგუნმა სავალდებულო 9 წელი დაასრულა და 2014 წლის 9 ოქტომბერს, 16 წლის ასაკში დაქორწინდა ჯანქიქზე, რომელიც მასზე ორი წლით უფროსია. მან სკოლა მიატოვა, დაორსულდა და ახლა უკვე მეორე შვილს ელოდება. საქართველოში ქორწინების კანონით გათვალისწინებული მინიმალური ასაკი 18 წელია, თუმცა 2016 წლის იანვრიდან სასამართლოს შეუძლია მისცეს სპეციალური ნებართვა 17 წლის ასაკის მოქალაქეებს, ასევე 16 წლისას  განსაკუთრებული შემთხვევებისას (ორსულობა ან ბავშვის დაბადება).

 

დაქორწინების შემდეგ, გოგონები სკოლას თავს ანებებენ, ორსულდებიან და სახლში რჩებიან ბავშვების მოსავლელად. ისინი სრულიად არიან დამოკიდებულები ქმრებზე. ბევრი ოჯახი ვერ ხვდება, რა საჭიროა გოგონამ გააგრძელოს განათლების მიღება მაშინ, როდესაც მისი მთავარი დანიშნულება დიასახლისობა და შვილების გაჩენაა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს 14-დან 16 წლამდე 224-მა და 17-18-მდე 351-მა ბავშვმა დაანება თავი სკოლას ქორწინების მიზეზით.

 

ხარიტონაშვილმა სოციალური საქმიანობა 20 წლის წინ დაიწყო. ის 1990-იანების დასაწყისში აფხაზეთის ომის დევნილებს წამლებით ამარაგებდა და 70-ზე მეტ შეხვედრას გაუწია ფასილიტაცია. “70 დიალოგი ჩაისთან ერთად” - ასე ეძახის ლაურა ამ შეხვედრებს. ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე იკრიბებოდნენ კერძო სახლში და მიირთმევდნენ ბაქლავას [ტრადიციულ აზერბაიჯანულ დესერტს], ტკბილეულსა და ჩაის. ზოგჯერ ამ შეხვედრას ადგილობრივი მეჩეთის იმამებიც სტუმრობდნენ.

 

“ძალიან ჩვეულებრივი შეხვედრები იყო. ქალები თავდაპირველად თავის ყოველდღიურ პრობლემებზე საუბრობდნენ. ზოგი მათგანი თავისი ან მეზობლის გოგონებზე ჰყვებოდა. შემდეგ ერთად ვფიქრობდით და განვიხილავდით საერთო პრობლემას,” - ჰყვება ხარიტონაშვილი.

 

ლაურა ხარიტონაშვილის პროექტი, რომელსაც ACCESS-ი აფინანსებდა, 2015 წლის დეკემბერში დაიხურა. თავად ACCESS-ი, სამოქალაქო საზოგადოების განვითრებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი, დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში. ACCESS-ი არის 5–წლიანი პროგრამა, რომელსაც USAID-ის დაფინანსებით East-West Management Institute-ი ახორციელებს.

 

“ბევრი გაკეთდა კანონის ცნობადობის ამაღლებისა და გოგონებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობების გაჩენის კუთხით, თუმცა კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთბელი”, - ამბობს მანანა ტატიშვილი ACCESS-იდან.

 

მოტაცების რაოდენობა იკლებს, თუმცა ის მთლიანად არ გამქრალა. ნაადრევი ქორწინებები ისევ ჩვეულებრივი მოვლენაა - ქორწინება ოჯახების მიერ მანამდე თანხმდება, სანამ ბავშვები ჯერ კიდევ პატარები არიან. გოგონას ინტერესები გათალისწინებული თითქმის არასდროს არაა.

“გოგოები ღიად ვერ საუბრობენ ნაადრევ ქორწინებაზე” - ამბობს ხარიტონასვილი. “ამაზე საუბარი გვაჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში არც კი იცნობენ მომავალ ქმრებს. “თუ არ მომეწონება, არ გავთხოვდები”, - ამბობენ ისინი, მაგრამ ეს პასუხი ჩვენს გასაგონადაა ნათქვამი. ეს წესია, რომელსაც გოგონები ვერ აპროტესტებენ, თუმცა მათ განათლების გაგრძელება სურთ”, - აღნიშნავს ლაურა.

 

ხარიტონაშვილი, იმის გარდა, რომ ახალგაზრდა გოგონებს ნაადრევი ქორწინების თავიდან არიდებაში ეხმარება, ცდილობს, როგორმე დაეხმაროს მათ, ვინც უკვე დაქორწინებულია. ის ეძებს გოგონებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს, რათა მათ მცირედი ფინანსური დამოუკიდებლობა მაინც ჰქონდეთ.

 

17 წლის სუნარს ახლა სხვა გეგმები აქვს. ის მე-11 კლასშია და აპირებს, რომ სკოლა დაამთავროს, თანატოლებისაგან განსხვავებით. კლასში 25 მოსწავლეა, აქედან მხოლოდ 7-ია გოგონა. მისი ძმის კლასში 10 გოგონა ა 30 ბიჭია. ხარიტონაშვილს სჯერა, რომ სუნარი შეძლებს განათლების გაგრელებას უნივერსიტეტში. ის აპირებს, რომ მეტი იმუშავოს ნადირასთან, რათა მან არ აიძულოს შვილს ნაადრევი ქორწინება.

 
ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება