ID-ის გარეშე
განაცხადი
ნახვა: 3760
ენები: 

ტექსტი: მონიკა ელენა

ფოტოები: ჯეიკობ ბორდენი

 

მიგელ მიკირტიჩიანის პასპორტი ნაცრისფერია, ისევე, როგორც მისი ცხოვრება.

22 წლის მიგელის პასპორტი ქართულია. „ჩემი სახელი, დაბადების რიცხვი და თარიღი მითითებულია. არ მიყვარს მისი ჩვენება. იგი წითელი არ არის, როგორც სხვა პასპორტები და მოქალაქეობის სტატუსის ქვეშ აწერია „არმქონე”. არც ამ ადგილს ვეკუთვნი და არც რომელიმე სხვას.”

მიგელი იმ 595 დარეგისტრირებულ ადამიანთა შორისაა, ვისაც მოქალაქეობა არ აქვს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიხედვით, მსოფლიოში 10 მილიონი მოქალაქეობის არმქონე ადამიანია, მათგან ერთი მესამედი - ბავშვები. 680,000 მოქალაქეობის არმქონე ადამიანია დარეგისტრირებული ევროპის მასშტაბით, თუმცა 2015 წლის მიგრაციის შემდეგ, ეს რაოდენობა სავარაუდოდ  შეიცვალა.

„ID-ის არქონა ნიშნავს, რომ არც ერთი  ქვეყნის მოქალაქე არ ხარ,” აღნიშნავს UNHCR-ის წარმომადგენელი იოჰანეს ვან კლაუ. „ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამსახურზე, არ შეგიძლია ხმის მიცემა და ბანკის ანგარიშის გახსნა, ასევე ვერ დაქორწინდები და ვერ აიღებ მართვის მოწმობას.”

მოქალაქეობის არქონა ასევე ნიშნავს, რომ გარდაცვალების საბუთის აღება შეუძლებელია.

მიგელ მიკირტიჩიანს პასპორტით მგზავრობა შეუძლია, თუმცა მოქალაქის სტატუსი არ აქვს. იგი მოქალაქეობის მიღების ბოლო ეტაპზეა.
მიგელს პირადობის დამადასრტურებელი დოკუმენტი 2015 წლამდე არ ჰქონია. იგი 20 წლის ასაკში აიღო.

მიგელს არ ახსოვს, როდის დაიწყო მისი ცხოვრება ოფიციალური საბუთების გარეშე. ადრე მას რუსული პასპორტი ჰქონდა. მიგელის დედა ეთნიკურად სომეხია. იგი გარკვეული დროის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ მიგელთან ერთად თბილისში დაბრუნდა. თბილისში დაბრუნებისთანავე, მიგელს ბაბუამ რუსული პასპორტი დაუხია, რადგან არ სურდა, რომ მისი შვილიშვილი რუსეთის მოქალაქე ყოფილიყო. ისინი საქართველოში დარჩნენ. მიგელი მაშინ სამი წლის იყო.

„ისანში ვცხოვრობდით, ბებია-ბაბუასთან ერთად. ერთ დღეს სახლში ჩხუბი ატყდა. სახლი, სადაც ვცხოვრობდით, ბიძაჩემს დარჩა,” - მოყოლისას მიგელი საკუთარ ხელებს უყურებს და თვალით კონტაქტს ერიდება. მისი გამოცდილება კარნახობს, რომ ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება სახიფათო იყოს. “მე მხოლოდ ის მახსოვს, რომ დედაჩემი და მე წამოვედით და ქუჩაში დავიწყეთ ცხოვრება. 11 წლის ვიყავი. სკოლაში არ დავდიოდი, მხოლოდ დედაჩემს დავყვებოდი.”

მოხეტიალე ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე მიგელმა ID ბარათის ქონის უფლება დაკარგა. მისი აღება მხოლოდ 2015 წელს შეძლო. მას შემდეგ, რაც შემთხვევით შეხვდა ადვოკატს ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრიდან - ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც UNHCR-თან ერთად მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების პროგრამაზე მუშაობს. მიგელის საქმე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაეცა. ერთი წლის შემდეგ მიგელს მოქალაქეობის არმქონე სტატუსი დაუმტკიცდა.  სამოქალაქო რეესტრიდან მან ID ბარათი და ნაცრისფერი პასპორტი მიიღო, ხოლო 2019 წლისთვის იგი მოქალაქეობის მიღებას ელოდება.

მიგელი 22 წლისაა. იგი მოსკოვში დაიბადა და სამი წლის ასაკში საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. მამამისი ნიგერიიდან არის. იგი მიგელის გაჩენამდე გაუჩინარდა.
დოკუმენტების გარეშე მიგელ მიკირტიჩიანს სამსახურის შოვნა არ შეეძლო, თუმცა 2017 წელს სპორტ-დარბაზში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. იგი დილით, დარბაზის გახსნამდე ვარჯიშობდა.
დედასთან ერთად, ქუჩაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, მიგელ მკირტიჩიანი თბილისის უსახლკაროთა თავშესაფარში მიიღეს. იგი ერთ ოთახში, ორ ადამიანთან ერთად ცხოვრობს.

2014 წელს დაიწყო UNHCR-ის ათწლიანი პროგრამა #Belong. გეგმის მიხედვით, 2024 წელს მოქალაქეობის არმქონე ადამიანთა პრობლემები მოგვარებული უნდა იყოს. პროგრამა ასევე მუშაობს იმისათვის, რომ ასეთი ადამიანთა რიცხვი არ გაიზარდოს და სახელმწიფომ მათი დაცვა უზრუნველყოს.

„ეს ადამიანების მიერ დაშვებული შეცდომაა და მის მოგვარებას პოლიტიკური ნება სჭირდება,” აღნიშნავს ვან დერ კლაუ. ლტოლვილებსა და იძულებით გადაადგილებული პირებს არ შეუძლიათ დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს და, ამ შემთხვევისგან განსხვავებით, მოქალაქეობის არქონა შესაძლებელია უფრო მარტივი და ნაკლებად ხარჯიანი რეფორმებით გადაიჭრას.

მას შემდეგ, რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთი 250,000 მოსახლემ დატოვა, საქართველო UNHCR-ის პროგრამაში გაწევრიანდა. 2011 წელს კი1954 წლის კონვენციას შეუერთდა, რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირებისა და ლტოლვილებისთვის ფუნდამენტური უფლებების მიცემას და მათ დაცვას გულისხმობს. უფრო მოგვიანებით, 2014 წელს, საქართველო1961 წლის კონვენციაში გაწევრიანდა, რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის დოკუმენტების გაცემას გულისხმობს.

 „კონვენციები მიუთითებენ იურიდიულ და პრაქტიკულ ზომებზე, რომლებიც მოქალაქის სტატუსის არქონის პრობლემას მოაგვარებს,” ამბობს ნინო გაგნიძე - იურისტი და IRC-ის დამფუძნებელი დირექტორი, რომელიც 2007 წელს იუსტიციის მინისტრად მსახურობდა. „საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ეს გააკეთა. პირველი ნაბიჯი მოქალაქეობის შესახებ კანონის გაუქმება იყო. კანონი შეიცავდა მოთხოვნებს, რომელიც ადამიანებს მოქალაქეობის დაკარგვის რისკის ქვეშ აყენებდა.

 საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეობაზე და ის პროცედურები, რომელიც სტატუსის განსაზღვრისთვის გამოიყენება, ორ პრინციპზეა დაფუძნებული: Ius solis (მოქალაქეობა, რომელიც განისაზღვრება დაბადების ადგილით) და ius sanguinis (მოქალაქეობა, რომელიც განისაზღვრება ერთ-ერთი მშობელის მოქალაქეობის სტატუსით). „თუკი ბავშვი საქართველოშია დაბადებული და მის მშობლებს მოქალაქის სტატუსი არ აქვთ, იგი ავტომატურად იღებს მოქალაქეობას. ეს კანონი მოქალაქეობის სტატუსის არმქონე პირების რაოდენობის ზრდას აჩერებს.” 

კანონმდებლობის ჩარჩოში მთავრობამ UNHCR-თან ერთად აღრიცხა მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობა და შეიმუშავა მექანიზმი, რომლითაც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებს  ასეთი შემთხვევების მოგვარება შეეძლებოდათ. 2012 წელს სახელმწიფო განვითარების სააგენტოში 1,156 მოქალაქეობის არმქონე პირი დარეგისტრირდა. ერთი წლის შემდეგ ეს რიცხვი 775-მდე შემცირდა, ხოლო 2017 წლის ნოემბერში 595 მხოლოდ პირია დარეგისტრირებული. პროცესი სამ ეტაპად იყოფა: პირცელ რიგში, საჭიროა დოკუმენტების არქონის განცხადება. მეორე ეტაპი მოქალაქეობის არქონის სტატუსის აღიარებას გულისხმობს, რაც ნიშნავს ID-ის და ნაცრისფერი პასპორტის მიღებას, ხოლო ბოლო ეტაპი მოქალაქეობის სტატუსის დამტკიცებაა. 

59 წლის მალიკა საიდევა საბჭოთა კავშირის დროს გროზნოში დაიბადა. იგი ამბობს, რომ არქივში მის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
მალიკა საიდევა თბილისის გარეუბანში, პატარა სახლში ცხოვრობს. იგი ქუჩაში, დახლზე სხვადასხვა ნივთებს ყიდის. მალიკა მაშინ მიხვდა, რომ ID არ ჰქონდა, როდესაც ჯანდაცვა დასჭირდა.
მალიკა სადაევას საქმე საქართველოს სამოქალაქო რეგისტრაციის ოფისს გადაეცა, რომელიც UNHCR-ის და არასამთავრობო ორგანიზაციის რეფორმების ცენტრთან ერთად, მისი იურიდიული სტატუსის დამტკიცებაზე მუშაობს.

მოქალაქეობის არქონის პრობლემა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე ვრცელდება და იგი ეხება ყველა ადამიანის ასაკის, ოჯახის, სოციუმისა თუ ეთნიკურობის მიუხედავად. საქართველოში განსაკუთრებით ზარალდებიან უმცირესობები. სოფლებში, ექიმების დახმარების გარეშე, სახლში გაჩენილი ბავშვები დოკუმენტების გარეშე რჩებიან. ეს პრობლემა მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, ან სამეციდინო დახმარება სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, ხშირად მშობლებს თავად არ აქვთ დოკუმენტები.

„სამოქალაქო განათლება ძალიან დაბალია. ადამიანებს არ ესმით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დოკუმენტების არქონას,” აღნიშნავს გაგნიძე.

1990-იან წლებში ათასობით ადამიანმა დაკარგა მოქალაქეობის სტატუსი, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს საზღვრები ერთი ხელის მოსმით შეიცვალა. მკაცრი პოლიტიკა მოქალაქეობის აღებაზე, ისეთი როგორც ესტონეთსა და ლატვიაშია, ასევე  საქართველოსა და ტაჯიკეთის მსგავსი სამოქალაქო ომები ადამიანებს გამოუვალ მდგომარეობაში ტოვებს. ადმინსტრაციული დაბრკოლებებისა და გაუმართავი სისტემის გამო ისინი გაუცხოვდნენ, ან უბრალოდ ვერ შეძლეს წარსული ეპოქის დოკუმენტების შენარჩუნება.

ვიოლეტა ბჟანია 49 წლისაა. მან მშობლიური სოფელი აფხაზეთში 1992 წელს ომის დროს დატოვა. ვიოლეტა ვერ წარმოიდგენდა, რომ უკან ვერასდროს დაბრუნდებოდა.
ვიოლეტა ბჟანიას უმცროსი ძმა ომამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა. მისი ფოტო ერთდერთი მოგონებაა, რომელიც საკუთარ ოჯახზე დარჩა.
ვიოლეტა ბჟანიას ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უჭირავს. მან მოქალაქეობა 2014 წელს მიიღო.
ორი გრძელკუდა თუთიყუში ვიოლეტა ბჟანიას ერთადერთი ამხანაგები არიან. 49 წლის ვიოლეტამ არაფერი იცის საკუთარ ოჯახზე მას შემდეგ, რაც 1992 წელს აფხაზეთის სოფელ ოთხარადან წამოვიდა.

მალიკა საიდაევა ერთ-ერთი მათგანია.

„საბჭოთა პასპორტი მქონდა. საქართველოში ამ პასპორტით ჩამოვედი. ავტობუსით ჩამოვედი, მაშინ საზღვრები არ არსებობდა,” აღნიშნავს 59 წლის მალიკა.

როგორც თავად იხსენებს, მალიკა 1958 წელს დაიბადა და 1980 წელს ქუთაისში, ქარხანაში სამუშაოდ ჩამოვიდა. თბილისში საცხოვრებლად 1990-იან წლებში გადმოვიდა.

„მისი კვალი არსად არის. მას არანაირი ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნია, არც საბჭოთა პასპორტი, რომელიც მისი იურიდიული სტატუსის განსაზღვრაში დაგვეხმარებოდა”, ამბობს ინოვაციებისა და რეფორმის ცენტრის პროექტის იურისტი ნინო რთველაძე.  „მის შესახებ ცენტრალურ არქივში ჩანაწერი არ არსებობს.”

საბჭოთა კავშირი დაიშალა და მალიკას პასპორტი მასთან ერთად გაუჩინარდა. 2016 წელს მალიკა ავად გახდა. საავადმყოფოში მას პირადობის მოწმობა მოსთხოვეს. მან დოკუმენტის ძებნა ქალაქის გარეუბანში ნაქირავებ პატარა სახლში დაიწყო და მალევე მიხვდა, რომ მოწმობა არ ჰქონდა. პირადობის მოწმობის არქონა ასევე ნიშნავს ჯანდაცვის არქონას.

მალიკას შემთხვევას არქივისა და ინტერვიუების საშუალებით იკვლევენ. ეს პროცესი შესაძლებელია მრავალი თვე გაგრძელდეს.

რედაქციის შენიშვნა: მიგელ მკირტიჩიანი დროგამოშვებით მუშაობს. სამსახურის თაობაზე, დახმარება ჩაიხანას კორესპოდენტი, მონიკა ელენასგან მიიღო. მონიკა ელენა კოსოვოში UNHCR-ის წარმომადგენელი იყო.  

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება