იღბლიანი მძივი
ნახვა: 1190
ენები: 

ზოზანი ბაბაიანი დილიდანვე გულმოდგინედ იწყებს კლოჩის მზადებას. სწორედ მის ამ ნამცხვარზეა დამოკიდებული, როგორი წელიწადი ექნება მთლიანად მის ოჯახს. ამ ნამცხვარს იეზიდები საგანგებოდ აცხობენ ყოველ ახალ წელს  მარტის თვის მესამე ოთხშაბათს.  

„კლოჩე სარე სალე“  იეზიდების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომლითაც ძველი წლის დამთავრებასა და ახლის დადგომას ზეიმობენ. ყოველ ჯერზე, ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, ზოზანი აცხობს კლოჩას, რომელშიც მძივის ბურთულას დებს. სავარაუდოდ, ვისაც ნამცხვრის მირთმევისას ეს ბურთულა შეხვდება, ის განსაკთრებულად იღბლიანი იქნება მომავალ წელს. 

კლოჩა ახალი წლის დღს იჭრება. ამ რიტუალს, როგორც წესი, კაცი — ამ შემთხვევაში, თეიმურაზ ბაბაიანი ასრულებს. საგანგებო ლოცვის წარმოთქმის შემდეგ, ის ნამცხვარს ორ ნაწილად ყოფს, რასაც „ხატაჯოტა“ ანუ “გუთნის კვალი” ეწოდება. „ხატაჯოტა“ მიწათმოქმედების სიმბოლოა, რომელიც, თავის მხრივ, გაზაფხულის მოსვლასაც ეხმიანება. კლოჩის ერთი ნაწილი წმინდანების სახელზე იჭრება შვიდ ნაჭრად. მეორე ნაწილი, კი ოჯახის წევრებისთვისაა.

ტრადიციის მიხედვით, ოჯახის ის წევრი, რომლის ნაჭერშიც მძივის ბურთულა აღმოჩნდება, მთელი წელი დალოცვილი იქნება. ხოლო, თუ მძივი რომელიმე წმინდანის სახელზე მოჭრილ ნაჭერში აღმოჩნდა, სწორედ ეს წმინდანი იქნება ამ წელს ოჯახის მფარველი. ამჯერად მძივის ბურთულა და, შესაბამისად, იღბლიანი წელიწადი თეიმურაზსს ერგო. 

ამბობენ, რომ ტრადიცია ყოველთვის ამართლებს. „შარშან მძივი ჩვენს რძალს შეხვდა და იმ წელიწადს მან ჩვენს ოჯახს ვაჟი აჩუქა“, - ამბობს ბატონი თეიმურაზი.

ოჯახური რიტუალის შემდეგ იეზიდები, სალოცავად მიდიან ტაძარში, სადაც ზეთის ფითილებს ანთებენ. იეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი ფირბარის თქმით, ოჯახური ტრადიციის გარდა, დღესასწაულს სულიერი დატვირთვაც აქვს.

„ეს გაზაფხულის დღესასწაულია. გაზაფხულზე კი ყველაფერი იღვიძებს და აღორძინდება, მათ შორის ადამიანის სულიც. ეს დღე ადამიანის სულიერ განახლებასაც ნიშნავს,“ — აღნიშნავს იეზიდთა სულიერი მოძღვარი.

„კლოჩა სარე სალეს“ აღსანიშნავად ტაძარში სპეციალური წირვა აღევლინება.

საოჯახო და საეკლესიო რიტუალების შემდეგ, ზოზანი და თეიმურაზი გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ახალ წელიწადს განახლებული ენერგიით იწყებენ.

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება