ისინი, ვინც დარჩენა გადაწყვიტა
ნახვა: 3710
ენები: 

ებრაელი ხალხი საქართველოში საუკუნებია, ცხოვრობს. მათი დიდი დასახლებები ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქსა და სოფელში არსებობდა. ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ, ებრაელთა უმეტესობა, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაემგზავრა საქართველოდან. დაახლოებით 30 წელიწადში ებრაული მოსახლეობა თითქმის სულ დაცარიელდა. დიდი მიგრაციის შედეგად, მხოლოდ რამდენიმე ქალაქში შემორჩა ებრაული დასახლება. მათ, ვინც თანამემამულეთა გაყოლაზე უარი თქვეს, თავიანთი მიზეზი გააჩნიათ.

 

ებრაელი ხალხი საქართველოში, დაახლოებით 26 საუკუნეა, ცხოვრობს. მათი პირველი სამოსახლო აქ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის  ისრაელში შეჭრის შემდეგ გაჩნდა. მას შემდეგ ებრაელთა ჯგუფების მიგრაცია პერმანენტულად, მე-19 საუკუნის ჩათვლით გრძელდებოდა. ებრაელთა დიდი დასახლებები ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში: მცხეთაში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გაგრაში, ონში და სოფელში (ურბნისი, ბოდბე) არსებობდა

ისრაელის სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ, ებრაელთა უმეტესობა, პირველივე შესაძლებლობისთანავე, გაემგზავრა საქართველოდან. მათ ნაწილს აღდგენილი სამშობლოს ნახვა სურდა, ნაწილი კი ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ვითარებით იყო უკმაყოფილო. დაახლოებით 30 წელიწადში ებრაული სამოსახლოები თითქმის სულ დაცარიელდა. დიდი მიგრაციის შედეგად, რამდენიმე ქალაქში შემორჩა ებრაული დასახლება: ძირითადად, ქუთაისში, თბილისში, ონსა და ბათუმში. ქუთაისში ებრაელთა რაოდენობა 220-ს არ აღემატება, რომელთაგან ზოგს ებრაული, ზოგსაც - შერეული ოჯახი აქვს. მათ, ვინც თანამემამულეთა გაყოლაზე უარი თქვეს, თავიანთი მიზეზი გააჩნიათ

 

 

 

 

 

ახლად მოხატული მე-19 საუკუნეში აგებული სინაგოგა თითქოს აჩვენებს, რომ ყველაფერი რიგზეა. თუმცა ქუთაისში, სადაც ოდესღაც ერთ-ერთი უდიდესი ებრაული დასახლება იყო, დღეს ათიოდე მლოცველს ძლივს კრებს წმინდა შაბათისთვის.

 

ქუთაისში დაბადებული 75 წლის მოსე ბალუაშვიალი ებრაული სათვისტომოს ქალაქის ხელმძღვანელობასა და უცხოურ ორგანიზაციებთან კავშირებს კურირებს: „ჩვენ ყველა მთავრობასთან კარგ ურთიერთობაში უნდა ვიყოთ, რადგან პატივს ვცემთ ქართველ ერს. პირადად მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ქრისტიანულ ეკლესიაში სიარულთან. დავდივარ ხოლმე, როცა ქართულ ქორწილში მპატიჟებენ. ჩვენც ვეპატიჟებით ქრისტიანებს ჩვენს დღესასწაულებზე.“  

 

მოსე ბალუაშვილი პრობლემებზე საუბარს გაურბის და ყურადღების გამახვილებას იმ ბიზნესმენებზე ამჯობინებს, რომლებიც ქუთაისელ ებრაელებს ეხმარებიან. თუმცა ხანდახან საუბარში გამოურევს, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს დარჩენილ ებრაელთა სალოცავში, თუნდაც დიდ დღესასწაულებზე მოსაწვევად (სინაგოგას სალოცავს ეძახის). მისი ნათესავები ისრაელში ცხოვრობენ, მაგრამ მოსე ბალუაშვილს ქუთაისის დატოვება არ სურს, რადგან დარწმუნებულია, თუკი წავა, სათვისტომო დაიშლება.

 

დავით (ბუხუ) ბუზიაშვილი, რომელიც ქოშერ საკვებზეა პასუხისმგებელი, მთავარ პრობლემას საზოგადოების სიღარიბეში ხედავს. ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ებრაელის თქმით, უმუშევრობაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც საქართველოდან წასული ებრაელები დაბრუნებას აღარ აპირებენ. მიუხედავად ამისა, თავად წასვლაზე არ ფიქრობს: „აქ სახლი მაქვს და არ მინდა მისი მიტოვება. იქ კი ნათესავები მყავს, მაგრამ ვინმეს ხარჯზე და კისერზე ცხოვრება არ მინდა.“

 

ქოშერი ხორცი, დაახლოებით, თვეში ორჯერ აქვთ, როცა საქონლის დასაკლავად თბილისიდან ხახამი ჩამოდის.

 

ქუთაისში მდებარე თითქმის ორსაუკუნოვან ებრაულ სასაფლაოს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ მიტოვებულია. მთავრობა მისდამი დიდ ყურადღებას არ იჩენს და ადგილიც დაუსუფთავებული და მივიწყებულია. თუკი საფლავების ხავსმოდებულ და გახუნებულ ქვებს დააკვირდებით, მათზე ქართულ ტრადიციულ ტანისამოსში გამოწყობილ ებრაელთა გამოსახულებებს დაინახავთ. ეს ფაქტი, ვაზის მტევნების ორნამენტებთან ერთად, ადასტურებს კულტურულ ასიმილაციას ქართველ და ებრაელ ერებს შორის. მეგობრობისა, რომლის ნაყოფიც ამ ჩუქურთმებივით ქრება. დავით ბუზიაშვილი იხსენებს: „ჩემი ერთი მეგობარი დაბრუნდა საქართველოში ცოტა ხნით და მეკითხება, მამაჩემის საფლავი მომაძებნინეო. 40 წელი არ იყო ქუთაისში ნამოფი, არასდროს ენახა სასაფლაო მას მერე... რას ვიპოვიდით? რა თქმა უნდა, ვერ ვნახეთ.“

 

 

სინაგოგის მლოცველს ცელოფნის პარკში გახვეული პური მიაქვს. სიღარიბემ და უმუშევრობამ ქუთაისელი ებრაელები საგრძნობლად დააზარალა.

 

უმუშევრობის გარდა, ქუთაისში მცხოვრები ზოგიერთი ებრაელისთვის მათ მიმართ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულებაც არაა უცხო. ესთერ ბუზუკაშვილი, რომელიც საჯარო სკოლაში 26 წლის მანძილზე რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა, ამბობს, რომ სკოლიდან ეთნკური ნიშნით გარიცხეს. ახლა მოსწავლეებს სახლში ამეცადინებს: „დარწმუნებული ვარ, ჩემი გაშვების მიზეზი შური იყო. ამის შემდეგ ჩემი სახლი რამდენჯერმე გატეხეს, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს, რადგან ვიცი, რომ ღვთის წინაშე მართალი ვარ. ბევრი ძალიან მაგარი ქართველი მეგობარი მყავს და ძალიან მიყვარს. მათაც ასევე ვუყვარვარ.“

 

წლების წინ ეთერ ბუზუკაშვილი მუსიკას მისდევდა. დროდადრო კვლავ მიუჯდება პიანინოს და კლასიკურ ან ებრაულ მელოდიებს დაამღერებს. მისი მშობლები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ და ქუთაისის ებრაულ სასაფლაოზე განისვენებენ: „მე წავიდოდი, ალბათ, მაგრამ მე ჩემი მშობლების სახლში ვცხოვრობ. ეს ერთადერთია, რაც მათგან დამრჩა. გარდა ამისა, ვიღაცამ ხომ უნდა მოუაროს მათს საფლავებს, არა? ჩვენ თუ წავალთ, საბოლოოდ არც აღარავინ დარჩება.“

 

მანამ, სანამ ყველა გამგზავრებულა ან უფროსი თაობა გარდაცვლილა, ორასწლოვანი სინაგოგის მორყეული სკამები კვლავ მოელის თავის მლოცველებს წმინდა შაბათის აღსანიშნავად.

 

This material may contain terms, which are not favored by all the parties of the dispute/conflict. Terms used in a material belong to the author and not Chai-Khana.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება