კრემატორიუმი კრემაციის გარეშე
განაცხადი
ნახვა: 4462
ენები: 

ორი ჩამოშლილი კოშკი, რომელიც მუხათგვერდის სასაფლაოს მაღალი მთიდან გადმოჰყურებს, საბჭოთა წარსულიდან, მორიგ ინდუსტრიულ გადმონაშთს ჰგავს. უცნაურია ის, რომ თავად შენობაც სიკვდილს უკავშირდება. იგი კავკასიის ერთადერთი კრემატორიუმია, მაგრამ ქვეყანაში, სადაც დაკრძალვის ტრადიციაა დამკვიდრებული, შენობა კრემაციისთვის არასდროს გამოუყენებიათ. 

 

საბჭოთა კავშირის დროინდელი კრემატორიუმი თბილისის მუხათგვერდის სასაფლაოზე.

1970 წელს, თბილისის მერიამ ხუთოთახიანი  კრემატორიუმის მშენებლობის  ნებართვა გასცა  იმისათვის, რომ დედაქალაქში სასაფლაოებისთვის გამოყოფილი სივრცეები არ გაზრდილიყო.

შენობის ავტორი ქართველი არქიტექტორი ვიქტორ ჯორბენაძეა. მისი მეორე ცნობილი ნამუშევარი, თბილისში რიტუალების სასახლეა.  

საზოგადოებაში მოთხოვნილების არარსებობის გამო, შენობას კრემატორიუმის დანიშნულება არასდროს ჰქონია. ამავე მიზეზით, შენობაში აღარ განათავსეს საგანგებო მოწყობილობის ღუმელი.  

საქართველოში გავრცელებული დაკრძალვის რიტუალების გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან სახლში სტუმრობას, სუფრასა და სასაფლაოზე სიარულს, ცოტა ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ კრემაციას მიმართოს.

აღნიშნული შენობა მალევე გადააკეთეს სასადილოდ და იგი 80-იანი წლების ბოლომდე ფუნქციონირებდა, ჰყვება ზურაბ ექიზაშვილი, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია, მუხათგვერდის სასაფლაოზე ხელოსნად მუშაობს.

„სასადილო ემსახურებოდა ჭირისუფლებს, სასაფლაოს მუშებს, ადმინისტრაციის ათეულობით თანამშრომელს, რომელთაც ყოველდღე უწევდათ ტერიტორიაზე მუშაობა”, იხსენებს ექიზაშვილი.

„ვისაც რესტორანში ქელეხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა, აქ შეეძლო მიცვალებულის სუფრა გაეშალა”.

როგორც იგი აღნიშნავს, უკვე 20 წელზე მეტია, ეს შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი და მას ძირითადად, მუშები იყენებენ სამშენებლო მასალებს შესანახად.

„დროსთან ერთად შენობა ნელ-ნელა ნადგურდება”, აღნიშნავს ექიზაშვილი. „სახურავი შესაკეთებელია, კედლები კი სარემონტო”.

მუხათგვერდის სასაფლაოს ხელოსანი ზურაბ ექიზაშვილი.
გრაფიტი თბილისის გაუქმებული კრემატორიუმის კედელზე.

თუმცა, მიხეილ ძაგანია, თბილისის მერიის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი, სარიტუალო მომსახურების კომპანია ჰერმესის დირექტორი ფიქრობს, რომ შენობის აღდგენის საფუძველი არ არსებობს. „მე პირადად არ ვიცი, რა დანიშნულებით აშენდა ეს შენობა...”, - ამბობს იგი.

„კრემაციაზე არც დღეს არის დიდი მოთხოვნა”, აღნიშნავს ძაგანია. „წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე თუ დარეკავენ და გვკითხავენ კრემაციის სერვისზე, ისიც მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს აინტერესებთ”.

კრემატორიუმს ხის გისოსებში დაფარული, მაღალი ფანჯრები აქვს.
შენობის მთავარ დერეფანში, სასაფლაოს ხელოსნების სამუშაო მასალები აწყვია.

ბევრი იუწყება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ ქვეყანას მოქმედი კრემატორიუმი არ აქვს.  

მაშინ, როდესაც საბჭოთა მმართველობისთვის კრემაცია თანამედროვე მეთოდს წარმოადგენდა, რომელიც რელიგიურ რიტუალს ემიჯნება, ეკლესია ამ პრაქტიკას კატეგორიულად უარყოფს.

„როდესაც შენობა აშენდა, მაშინ ბევრი მოწინააღმდეგე არ ეყოლებოდა ამ იდეას, თუმცა დღეს ეკლესია დაუპირისპირდება, რადგან მართლმადიდებლების აზრით, მიცვალებული უნდა დაიმარხოს”, აღნიშნავს  ძაგანია.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია კრემაციას არ ეწინააღმდეგება, მართლმადიდებელ ქრისტიანებს სჯერათ, რომ ცხედარის დაწვა ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით იკრძალება. როგორც ისინი ამბობენ, ეკლესია მხოლოდ დაკრძალვის რიტუალს აღიარებს.

საქართველოში მათ, ვისი რელიგიაც კრემაციის ნებას იძლევა, გარდაცვლილი ახლობლის კრემაციისთვის საზღვარგარეთ უწევთ წასვლა. მაგალითად, როდესაც თბილისში კრიშნაიდების ტაძრის წინამძღვარი დაიღუპა, მრევლმა მისი ცხედარი მოსკოვში გადაასვენა.

კრემატორიუმის მარცხენა შესასვლელი.

ვერავინ იხსენებს, რომ საქართველოში კრემატორიუმი, რომელიმე რელიგიურ უმცირესობას გამოეყენებინა.

73 წლის ვიტალი იაკოვენკო, სიდედრის საფლავს მუხათგვერდის სასაფლაოზე სტუმრობს. მისი აზრით საქართველოში მიცვალებულის დამარხვის წესი უნდა შეიცვალოს.

„რატომ ვაწამებთ მიცვალებულს?” აღნიშნავს საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად უკრაინელი იაკოვენკო. „რატომ ვაწამებთ ჭირისუფლებს, რომლებიც დიდ ემოციურ და ფინანსურ ხარჯს დებენ მიცვალებულის მოვლაში?  რისთვის? რელიგია ეწინააღმდეგება? მე ქრისტიანი ვარ და ევროპაც ქრისტიანულია, მაგრამ იქ შესაძლებელია კრემაცია და ამას ცოდვად არ თვლიან”.

იაკოვენკოს, მიცვალებულის ცხედარს დახვეული უამრავი მატლები ახსენდება. „მათი ნაწილი ზედაპირზეც ამოდის”, - ამბობს იგი. „როგორია უყურო შენთვის ძვირფასი ადამიანის საფლავიდან ამოსულ მატლებს? ”

კრემატორიუმის კედელზე ისევ ჰკიდია დაფა, სადაც სასადილოს მუშაობის განრიგს აღნიშნავდნენ.
ვიტალი იაკოვენკო მუხათგვერდის სასაფლაოზე, საკუთარი სიდედრის საფლავს სტუმრობს.

ქართველები, რომელთა ახლობელს კრემაცია სურს, მის ცხედარს უკრაინაში აგზავნიან, კრემატორიუმში, რომელიც შავი ზღვის პირას, ოდესის პორტში მდებარეობს. თუმცა, ჩაიხანამ ვერ შეძლო საქართველოში ოჯახის პოვნა, რომელიც ასეთ გამოცდილებაზე ისაუბრებდა.

კრემაციის საფასური შესაძლებელია ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რის გამოც ადამიანები ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს. ერთ-ერთი უკრაინული წყარო იუწყება, რომ რამდენიმე წლის წინ ოდესაში ცხედარის კრემაციის საფასური 840 გრივნა (32.14 დოლარი) იყო.

კრემაციასთან შედარებით, თბილისში ტრადიციული დაკრძალვის სერვისი (მიწა, საფლავის გათხრა, სასახლე, სასახლე მაცივარი) 1500 ლარს (630.20 დოლარი) შეადგენს. ფასის ზრდა ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იქნება საფლავის ადგილი, აღნიშნავს ჰერმესის ხელმძღვანელი ძაგანია.(BNP.ge-ის მიხედვით კერძო მფლობელობაში არსებული სასაფლაოების ფასი, მერიის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ სასაფლაოებზე ორჯერ ძვირია). 

ნიჩბები, რომლებსაც საფლავების გათხრისთვის იყენებენ, კრემატორიუმის შენობაში ინახება.
თბილისში საფლავები დაბალი ქვის კედლებით არის მოპირკეთებული, რაც მათ ზომას კიდევ უფრო ზრდის.

როგორც ძაგანია აღნიშნავს, სხვა მიზეზებთან ერთად, თბილისის მერიის მმართველობის ქვეშ მყოფ სასაფლაოებზე ადგილების ნაკლებობა, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ჰერმესს რამდენიმე ადამიანი, კრემაციის სერვისის შესახებ ინფორმაციის მისაღებად უკავშირდება.

თბილისის მერიის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი 54 სასაფლაოდან, 25 სასაფლაო დაკეტილია. ამის გამო, ხშირად ოჯახებს, ახლობლების დაკრძალვა ძველ საფლავებში, წინაპრების ცხედრებთან ერთად უწევთ.

როგორც იაკონევკო ამბობს, ხშირად იყენებენ ისეთ ძველ საფლავებს, რომელთა ჭირისუფლებიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არ გამოჩენილან, ხოლო იმ მიწას სხვა ოჯახს ყიდიან, რომ მათ მიცვალებული დაკრძალონ.

ძაგანიას მიხედვით, „უახლოესი 50 წლის განმავლობაში თბილისს არ შეექმნება ტერიტორიული დეფიციტი სასაფლაოების სიმრავლის გამო”. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ქალაქის 1.06 მილიონიანი მოსახლეობა არ იზრდება, თუმცა ავტომობილების რაოდენობა და ურბანული გარემო, განსხვავებულ სურათს აღწერს.

როგორც ძაგანია აღნიშნავს, „სამომავლოდ, აუცილებელი იქნება ქალაქის განვითარების ახალი არქიტექტურული გეგმის შემუშავება”.

თბილისის კრიშნაიდების ტაძრის ერთ-ერთი მრევლი, სამოცი წლის დავით თუთბერიძე იმედოვნებს, რომ მომავალში, მოქმედი კრემატორიუმი თბილისის ნაწილი გახდება. „ქალაქი გადატვირთულია სასაფლაოებით”, - ამბობს იგი. „მათ გვერდით კი უამრავი სახლებია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”.

„ვფიქრობ, აუცილებელია ამ თემაზე საჯარო განხილვები დაიწყოს”, ამბობს იაკონევკო. მისი აზრით, მოქმედი კრემატორიუმი პირველ რიგში, ადამიანებს ისეთი სიკვდილის საშუალებას მისცემს, როგორიც მათ სურთ.    

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება