ყველა მდინარე თავის ამბავს ჰყვება
განაცხადი
ნახვა: 2548
ენები: 

რედაქტორი: მონიკა ელენა

მდინარე მტკვარი, რომელიც კავკასიონის მთებს შორის მიიკლაკნება და დაბლობზე გრძელდება, თავისი მრავალფეროვანი მნიშვნელობით მჭიდროდ უკავშირდება და ამავდროულად ქმნის კიდეც საქართველოს ისტორიას. სწორედ ისტორიიდან და ლიტერატურიდან მოგვეპოვება ცნობები მტკვრის, როგორც პოეტების შთაგონების წყაროსა და მტკვრის, როგორც სამხედრო პირთა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტის შესახებ. ჯერ კიდევ რკინის ხანაში ის ასაზრდოებდა უფლისციხის გამოქვაბულის მაცხოვრებლებს და ათასწლეულების განმავლობაში იცავდა ქვეყნის ქრისტიანულ დედაქალაქს, მცხეთას. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მტკვარი საქართველოს სასიცოცხლო ძარღვს წარმოადგენდა და დღესაც, როცა 435 კილომეტრის მანძილზე კვეთს ქედებსა და ხეობებს, ძველებურად, მშვიდად აკვირდება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, მტკვრის სახელწოდება მომდინარეობს ძველი ქართული სიტყვათშეთანხმებიდან და ნიშნავს კარგ, სუფთა წყალს, მაგრამ მდინარის სიბინძურის გათვალისწინებით მტკვრის  ძველ და ახალ აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ,,სუფთა“ მხოლოდ სახელი შემორჩა, სიბინძურის გამო კი  მკვდარი მდინარის სტატუსი მიენიჭა. თუმცა კალაპოტის გარშემო შემორჩენილი ლამაზი და მრავალფეროვანი პეიზაჟის გამო მტკვარმა დეკორატიული ფუნქცია შეითავსა.

პეიზაჟები, რომელთა შორის მტკვარი მოედინება, ლამაზი და მრავალფეროვანია, მაგრამ დაბინძურების გამო, ამჟამად მას მკვდარ მდინარეს უწოდებენ. 

მტკვარი, რომელსაც პაატა მთიულიშვილი და მარიკა ლაფაჩია იცნობენ, სავსებით ცოცხალი და სასტიკია და რეგულარულად ტბორავს ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სახლს, რომლებიც ორ შვილთან ერთად საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, კი სოფელ სკრაში ცხოვრობენ. განსაკუთრებით გაუსაძლისია მაისის პერიოდი, როცა მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და სანაპიროზე განლაგებულ დასახლებულ ნაწილებს აზიანებს, რის გამოც 80-მდე ოჯახს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება.

„ამას უკვე შევეჩვიე. ყოველ მაისს, სახლიდან ცურვით მიწევს გამოსვლა და მერე მეზობლების გადასარჩენად წასვლა“, - ამბობს 27 წლის პაატა. „ჩვენ, როგორც წესი, გორიდან ჩამოსული სამაშველო ჯგუფი გვეხმარება ხოლმე“.

სკრა უშუალოდ მდინარის კიდესთანაა განლაგებული და სოფელი წყალდიდობისგან სრულიად დაუცველია.

მაისი ყველაზე წვიმიანი თვეა. ამ დროს დათბობაც იწყება, რომელიც კავკასიის მთებში თოვლის დნობას და მტკვრისა და მისი მრავალი შენაკადის ადიდებას იწვევს. მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხანია ნაპირების გამაგრებას ითხოვს გაზაფხულის წყალდიდობისაგან თავის დასაცავად, მაგრამ უშედეგოდ.

„სამწუხაროდ, ჩვენ მუდმივ საცხოვრებელს არ გვაძლევენ“, - წუხს პაატა. „ამიტომ ბავშვებს გორში, ნათესავებთან ვაგზავნი ხოლმე, ხოლო მე და ჩემი მეუღლე სახლის გაშრობას ველოდებით. დიდი საწვიმარი ჩექმები გვაცვია და ასე დავდივართ დატბორილ სახლში.“

სოფელში მცირე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ოჯახის უზრუნველყოფა შეუძლებელია, რადგან ნიადაგი დიდხანს რჩება სველი და ხილისა და ბოსტნეულის მოსაყვანად იგი გამოუსადეგარია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წყალი რომელიც სკრას ტბორავს,  დაბინძურებულია ნაგვით და საშიში ქიმიური და  ბიოლოგიური ნივთირებებით.  საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის დამატებით რისკს წარმოადგენს დაუმუშავებელი საკანალიზაციო წყლები, რომელიც პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. 

ოჯახების უმრავლესობას არ გააჩნია წყალმომარაგების სისტემაზე წვდომა, და სასმელი წყლისთვის მათ  ჭების გამოყენება უწევთ. დასაზუსტებელია, თუ რამდენად უსაფრთხოა ჭიდან მოპოვებული წყლი, ვინაიდან სველმა ნიადაგმა შეიძლება სათანადოდ ვერ გაფილტროს იგი.  

პაატა და მარიკა გორიდან სკრაში საცხოვრებლად 2013 წელს გადავიდნენ. მათი ოჯახი ერთ-ერთია იმ მრავალი ოჯახიდან, რომლებსაც ჩვენ შიდა ქართლში, მტკვრის გასწვრივ მოგზაურობისას შევხვდით და რომლებიც უმუშევრობის გამო ქალაქებიდან სოფლებში გადავიდნენ საცხოვრებლად.  ქალაქებში შესაძლებლობების არარსებობის შედეგად, უსახსროდ დარჩენილებისათვის ერთადერთი გამოსავალი სოფლებში თავშესაფრის ძიება იყო, იქ სადაც ცხოვრება უფრო იაფი იქნებოდა.

სირთულეების მიუხედავად, სკრაში მაცხოვრებელ ბავშვებს მომავალი  ნათელ ფერებში ესახებათ, თუმცა არა ამ სოფელში. ისინი იმ ქალაქში დაბრუნებაზე ოცნებობენ, რომლის დატოვებაც მათ მშობლებს მოუწიათ.  

სამხრეთი საქართველოში, სოფელ ახალდაბაში, სადაც 900 ადამიანი ცხოვრობს მოხუცებულ მამაკაცს შევხვდი, რომელსაც მტკვრის შესახებ ისტორიის მოყოლა ვთხოვე.

„აქ ყველა მდინარეს თავისი ამბავი აქვს. აქ ვისწავლე ცურვა, აქ გავატარე საუკეთესო დრო მეგობრებთან ერთად. ჩემი ბავშვობის უბედნიერესი მოგონებების უმეტესობა ამ მდინარესთანაა დაკავშირებული.“

10 წლის ანი მტკვრის ხიდზე დგას. საქართველოში ბევრი იცნობს ამ სოფელს, რადგანაც 1970-იან წლებში სწორედ აქ გადაიღეს ცნობილი სატელევიზიო ფილმი „დათა თუთაშხია“. წლების წინ ანის მამა ფილმის ერთ-ერთ სცენაშიც მონაწილეობდა.
36 წლის ეთერი აბრამიძე სამი შვილითან ერთად. იგი 17 წლის ასაკში დაქორწინდა და ექვსი შვილი ჰყავს. სკრისგან განსხვავებით, ურბნისი მდინარის დონიდან შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და გაზაფხულის სეზონური წყალდიდობა მას არ ეხება.
ჯემო ხიდის ერთ-ერთ ბაგირზეა ჩამოკიდებული. ურბნისში დროის გატარების ბევრი საშუალება არ არსებობს და ბავშვები თავად ცდილობენ მონახონ გართობის გზები.
მარიკა ლაფაჩია თავის ქალიშვილს სკოლაში წასვლის წინ თმას უვარცხნის. მათი სახლი, ისევე როგორც მრავალი სხვა სახლი სოფელში, ყოველ მაისს იტბორება, მაგრამ ოჯახები არც კომპენსაციას ღებულობენ და არც ალტერნატიულ თავშესაფარს.
მარიამ ლომაძე, 11 წლის, შობა დღეს ცეკვავს საკუთარ ოთახში. მისი ოცნებაა, გახდეს პროფესიონალი მოცეკვავე. მისი ცეკვის გაკვეთილების საფასურს ბებია საკუთარი პენსიიდან იხდის. "ეს ჩემს მიერ ყველაზე უკეთ დახარჯული ფულია", ამბობს იგი.
უფლისციხეში ადგილობრივი ბავშვი მტკვარში თევზაობს. საღამოობით ბავშვები იკრიბებიან ხიდზე, რომელიც მათ სოფელს ამავე სახელწოდების ქვაში გამოკვეთილ უძველეს ქალაქთან აკავშირებს. ეს ნაქალაქარი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირშესანიშნაობაა.
12 წლის ანი სკოლაში წასასვლელად ემზადება. დედამისი მარიკა სთხოვს, რომ დაუჩქაროს. ანის სახლი ყოველ გაზაფხულზე იტბორება წყალდიდობის გამო.
10 წლის ანი სკოლიდან შინ დაბრუნების შემდეგ სადილობს. ის და მისი ექვსი და-ძმა მდინარე მტკვრის მახლობლად ცხოვრობენ.
10 წლის ანი და მისი 14 წლის ძმა ვანო, ურბნისში. მტკვარი მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მათ ცურვა მდინარეში ისწავლეს.
27 წლის პაატა უმცროს ძმას ფეხსაცმელზე თასმას უკრავს. ყოველწლიურად, როდესაც მისი და მისი მეზობლების სახლები იტბორება, ოჯახების დასახმარებლად გორიდან სამაშველო ბრიგადა ჩამოდის.
რუსუდანი მტკვრის ნაპირას ცხოვრობს. „ეს მიწის ნაკვეთი საბჭოთა პერიოდში მომცეს; ვფიქრობდი, რომ რამეს დავთესავდი, მაგრამ ახლა შეხედეთ, აქ ყველგან წყალია. იცოდნენ, რომ ცუდი ადგილი იყო, ამიტომაც დაურიგეს ხალხს“.
მტკვრის ხედი ჯვრის მონასტრიდან, რომელიც საქართველოს უძველესი დედაქალაქის, მცხეთის უკან, კლდოვანი მთის წვერზეა აღმართული.
ურბნისელი ბავშვები მტკვრის ნაპირას.
სოფელი გრაკალი.4 წლის ლუკა, დედის ხელზეა ჩახუტებული. ეს სოფელი დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს. ლუკას ოჯახი მტკვართან ცხოვრობს და მიწის ნაკვეთს ფლობს, მაგრამ მიწა მეტისმეტად ნესტიანია ასათვისებლად.
ნათევზავები მტკვრიდან. თბილისში ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც მტკვარში თევზაობენ.
10 წლის ანი ნაშუადღევს მტკვრიდან შემოტანილი ბოთლებითა და ნარჩენებით დანაგვიანებულ ღელესთან სეირნობს.
14 წლის მიშო და 10 წლის ანდრე, თბილისში, დირსის საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში თამაშობენ.
დედაქალაქის გარეუბანში მჭიდროდ განაშენიანებული დირსის უბანი მტკვრის ნაპირასაა განლაგებული.
ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება