მასკულინური შეჯიბრიდან გასვლა
განაცხადი
ნახვა: 6815
ენები: 

ტექსტი მარიამ ჭანჭალეიშვილი

ფოტო თამუნა ჩქარეული

 

რას ვამბობთ ხოლმე მასკულინობის საყოველთაოდ დამკვიდრებულ აღქმაზე, რომელიც კაცებზე დიდ გავლენას ახდენს? უფრო სწორად, ოდესმე თუ ვსაუბრობთ კაცებზე, რომლებიც, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს, მასკულინობის განსხვავებული ვერსიების დამკვიდრებას ცდილობენ? რა ხდება მაშინ, როცა შენი სტილი, ხმა, სხეულის ენა, ურთიერთობები და, ზოგადად, ცხოვრების წესი არ შეესაბამება მამაკაცურობის საყოველთაოდ მიღებულ, ტრადიციულ ნორმებს?

დათუნა, დრაგო, ლუკა და მათე ახალგაზრდა ქართველი ბიჭები არიან, რომლებმაც მამაკაცურობის გამოხატვის საკუთარი გზები აირჩიეს. მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალა სურვილმა, თავი დაეღწიათ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული „კაცური“ „უნიფორმებისათვის“. შედეგად, ყველა მათგანმა „კაცურად“ ცხოვრებისა და „მასკულინობის“ განმარტების სრულიად ახალი გზები აღმოაჩინა.

„როგორი იქნებოდა მასკულინობის ვიზუალური მხარე, მისი დანახვა რომ შეგვეძლოს? ის იქნებოდა ჭაობისფერი და იმდენად მტკიცე, რომ მის განადგურებას ვერავინ შეძლებდა. ალბათ, ხავსმოდებულიც იქნებოდა,“ – პასუხობს 21 წლის მათე, როცა ეკითხებიან, რა ფერის, ფორმისა და ტექსტურისაა მისთვის მასკულინობა.

„მასკულინობას ფორმა რომ ჰქონდეს, ბეტონის ფილასავით იქნებოდა,“ – ამბობს 21 წლის დათუნა.

„მასკულინობა ყავისფერია და პრიალა სხეულს მაგონებს, ძლიერი კუნთებით,“ – პასუხობს 17 წლის დრაგო (სახელი შეცვლილია).

„ფემინურად აღარ ვიცვამ – ამით მხოლოდ აგრესიულ პროტესტს გამოვხატავდი მასკულინობის ტრადიციულ ნორმებზე. ახლა კი, როცა უკვე ყველაფერი გამოვხატე, საკუთარ თავთან მშვიდად ვარ.“
„სინამდვილეში, მასკულინური ვარ. თუმცა, ამის გასააზრებლად ქალის ტანსაცმლის მოსინჯვა დამჭირდა.“
„ზოგადად, ირონია ძალიან მომწონს, დრეგ ქუინებს კი ცხოვრების მიმართ ძალიან ირონიული დამოკიდებულება აქვთ. ეს იუმორის საოცარი შეგრძნებაა. სწორედ ამიტომ მიყვარს შოუებში მონაწილეობა მაშინ, როცა შანსი მეძლევა.“
„თუ ძველ, მატრიარქალური პერიოდის ხელოვნებას შევადარებთ, თანამედროვე ხელოვნება ძალიან მასკულინურია. მამაკაცის კულტი ყველაფერს ზღუდავს და სწორედ ეს შეზღუდვები ნიშნავს ჩემთვის მასკულინობას.“

ია მერკვილაძის „გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონში“ მასკულინობა, განმარტებულია, როგორც სპეციფიკური ქცევებისა და თვისებების ნაკრები, რომელიც მამაკაცებს ახასიათებთ. გამოდის, რომ ეს ტერმინი, დიდწილად, სქესთან არის დაკავშირებული – თუ მასკულინური ხარ, ესე იგი, კაცი ხარ.

თუმცა, მასკულინობის უნივერსალური განმარტება მაინც არ არსებობს. არასოდეს ყოფილა მხოლოდ ერთი შეხედულება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მასკულინური ადამიანი. სხვადასხვა საზოგადოებაში ერთმანეთისაგან განსხვავებული მასკულინური ტიპები თანაცხოვრობენ, მაგრამ ყველა მათგანი თანასწორი არ არის – ზოგი დომინანტია, ზოგი – დაქვემდებარებული, ზოგიც – სადღაც შუაში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე განმარტება არსებობს, ერთი, იდეალური და უნიკალური აღწერა არ მოიძებნება, რადგან მასკულინობის ფორმები – საჯარო დებატების, პოლიტიკური თუ კულტურული ცვლილებებისა და საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად – მუდმივად იცვლება.

ამის მიუხედავად, მასკულინობის რამდენიმე მახასიათებელი მაინც ნორმად დამკვიდრდა. ესენია: სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა, ძალაუფლება, კონტროლი და აგრესია. რეალურ ცხოვრებაში ამ იდეალებს ბოლომდე ვერავინ აკმაყოფილებს. ავსტრალიელი სოციოლოგის, რეივინ კონელის თქმით, ამ იდეალური ნორმების არსებობა უკვე თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ ნამდვილი ადამიანი ოდესმე მათ განსხეულებას შეძლებს.

დათუნა, დრაგო, ლუკა და მათე აღნიშნავენ, რომ მათ სხვები „უბიძგებდნენ“, სპეციფიკური მამაკაცური თვისებები გამოევლინათ და „ნამდვილ კაცებად“ ჩამოყალიბებულიყვნენ. დრაგო, რომელიც საკუთარ თავს ქვიარს უწოდებს, იხსენებს, როგორ წაიყვანა მამამისმა ბოქსზე, როცა 5 თუ 6 წლის იყო. ეს „ბრძოლა წესების გარეშე“ აღმოჩნდა. იდგა პატარა, გრძელთმიანი ბიჭი და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მამამისმა ბოქსის ხელთათმანები სახლშიც მიუტანა, დრაგოს „კაცური“ ქცევა რომ წაეხალისებინა. მიზანს ვერ მიაღწია.

დათუნა, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების ისტორიას სწავლობს, ბარბებით თამაშზე გვიყვება: „ჩემი დის მეგობარი დიზაინერი იყო და კაბა შემიკერა, რადგან იცოდა, რომ ბარბით თამაში მიყვარდა. გარეთ ამ კაბაში გამოწყობილი გავედი. მამაჩემი საშინლად გაბრაზდა და ჩემს თოჯინას თმა დაუწვა. ასე მძაფრად არ დამამახსოვრდებოდა, უბრალოდ გარეთ რომ მოესროლა, მაგრამ ბარბისთვის თმის დაწვამ ჩემზე უზარმაზარი კვალი დატოვა. რამდენიმე თვის წინ, როცა მედიტაციით დავკავდი, თავში პირველად სწორედ დამწვარი თმის კადრი ამომიტივტივდა.“

21 წლის ლუკა კი იმ დღეს იხსენებს, როცა ადგილობრივ კონკურსში 10 საუკეთესო მოდელს შორის დაასახელეს. ლუკას მამა და მისი მეგობრები შეეცადნენ, რომ ლუკას უარი ეთქვა მონაწილეობაზე.„დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავი და რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რომ კონკურსს მივატოვებდი,“ – ამბობს ლუკა.

„ბევრი ფიქრობდა, რომ გოგო ვიყავი, რადგან სახის ნაზი ნაკვთები მქონდა. თავიდან ამას ვეწინააღმდეგებოდი, ახლა კი აღარ მადარდებს. ვფიქრობ, ანროგინული ხაზი სულ გამყვება, განსაკუთრებით როცა წვერი არ მაქვს გამოვიყურები ასე.“
„მასკულინობა ცუდი არ არის. უბრალოდ, ის საქართველოში მონსტრად აქციეს. უხეში და აგრესიული ბუნება ჩემთვის სულაც არ ნიშნავს მასკულინურობას.“
„თავში არასოდეს მიტრიალებს „მასკულინობისა“ და „ფემინურობის“ განმარტებები. რაც ხდება, ყველაფერს იარლიყს ვერ მიარტყამ.“
„ამჟამად დრეგ-შოუს ვდგამ და ვეხმარები მათ, ვისაც ჩვენს სცენაზე გამოსვლა უნდათ. თუმცა, საკუთარ თავს დრეგის ქუინად ვერ აღვიქვამ – მე უფრო შემსრულებელი ვარ.“

მოდელობა ერთ-ერთი საშუალებაა საკუთარი თავის გამოსახატად. თბილისში არის ადგილები, რომლებიც დრეგ-შოუებს მასპინძლობს და ქვიარ საზოგადოების გაძლიერებას უჭერს მხარს – „ჰორუმის“ ღამეები „ბასიანზე“, „საქსეს ბარი“, სადაც ლუკა ბარმენად მუშაობს, და „ბოლრუმ ბარი“, სადაც სხვადასხვა დრეგ-წარმოდგენა იმართება. „შენი პერფორმანსითა და იმ პერსონაჟით, რომელსაც ირჩევ, ხაზგასმით ამბობ, რომ დიახ, მე კაცი ვარ, მაგრამ შემიძლია იმაზე მეტად ვიყო ქალი, ვიდრე შენ,“ – აღნიშნავს ლუკა. ასეთი შოუები მას საშუალებას აძლევს, სხვა ადამიანად გადაიქცეს.

დრეგ-შოუების ირონიული ხასიათი განსაკუთრებით ხიბლავს დათუნას, რომელიც ამბობს, რომ მისი ცხოვრება სწორედ ამ შოუებს წააგავს. დრეგ ქუინობა საშუალებას გაძლევს, თავისუფალი იყო შეზღუდვებისგან და მასკულინობასა და ფემინურობას შორის ისე ითამაშო, რომ ორივეს დასცინო.

დათუნა და დანარჩენები – დრაგო, ლუკა და მათე – Troublemakerz Agency-ის წევრები არიან. ეს პირველი ქართული სააგენტოა, რომელიც დრეგ ქუინებს აერთიანებს. მათეს თქმით, ეს გუნდი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სამოდელო სააგენტო: „ეს არის იმ ადამიანთა გაერთიანება, ვისაც არ ადარდებს შენი კანის ფერი და არც ის აინტერესებს, ვისთან გძინავს ან როგორ გამოიყურები. ისეთ ტიპებს ვეძებთ, ვინც სპეციფიკურ პროექტებსა და იდეებს ზუსტად ერგებიან. ჩვენ არ ვართ პროფესიონალი მოდელები, მაგრამ საქმეს უნაკლოდ ვასრულებთ. რაც მთავარია, სააგენტოს არასოდეს ავიწყდება, რომ საქმეში ფული უნდა გადაგიხადოს და რომ აუცილებლია, როგორც ფინანსური, ისე მორალური კომპენსაციაც. ამასთანავე, სააგენტო ყოველთვის მხარს უჭერს, აძლიერებს და უბიძგებს მოდელებს, რომ უფრო მეტს მიაღწიონ.“

„დრეგი გეხმარება ისეთი პერსონაჟის შექმნაში, რომელსაც მნიშვნელოვანი გზავნილის გადმოცემა შეუძლია. „ბასიანზე“ ჩემი პირველი გამოსვლისას თავი ნამდვილი არტისტი მეგონა, რომელიც სიტუაციას აპროგრამებდა.“
„პირველი გენდერული პრობლემა, რომელსაც ბავშვობაში წავაწყდი, იყო ფერები – გოგონებისგან განსხვავებით, არ შემეძლო, წითელი, ვარდისფერი ან იასამნისფერი ჩამეცვა.“
„დრეგის გარეთ, ჩემი გარეგნობა და სტილი ყოველთვის ნორმალურად მიმაჩნდა და ამით რამის გამოხატვას არასოდეს ვცდილობდი.“
„გეი კულტურაში ერთმანეთს ხშირად ეძახიან “მანერულებს”. ჩემი აზრით, ამაზე ხაზგასმა სისულელეა, რადგან თემში ფემინურობის ფობიას თესავს.“
„იმას, რომ ქვიარი ვარ, ჩემი ჩაცმულობით გამოვხატავ. ამას არაფერი აქვს საერთო რომელიმე სქესთან. მე ვარ ბიჭი ქუსლებზე და მინდა, სწორედ ასე მომიხსენიონ. ჩემი დევიზია – არასოდეს დაიმალო და არასოდეს შეიზღუდო თავი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას ასიამოვნო.“

საქართველოში მასკულინობის ყველაზე მისაღები განმარტება, ალბათ, ასეთი იქნებოდა: ჰეტეროსექსუალი, ქართველი, მართლმადიდებელი, დაოჯახებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი მამაკაცი.

მაგრამ მაინც, როდესაც ქართველები მასკულინობას ახასიათებენ, ისინი, სინამდვილეში, ფემინურობის საპირისპირო მნიშვნელობებზე ხომ არ საუბრობენ? მათე იხსენებს, რამხელა აგრესია იგრძნო მათგან, ვინც მიხვდა, რომ მიუხედავად ფემინური გარეგნობისა, ის სინამდვილეში ბიჭი იყო. „აგრესიის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ვიყავი ბიჭი და ვგავდი გოგოს. მე კი თავს ყოველთვის ბიჭად აღვიქვამდი და ეს ეჭვქვეშ არასოდეს დამიყენებია. არც ჩემი გარეგნობის შეცვლა მიცდია,“ – აღნიშნავს მათე.

ის, თუ რა ფორმით უნდა იარსებოს მასკულინობამ მათ ცხოვრებაში, მათესთვის, დათუნასა და სხვებისთვის კვლავ უწყვეტი ძიების საკითხად რჩება. ეს ფორმები შესაძლოა, ზრდასა და განვითარებასთან ერთად, შეიცვალოს კიდეც.

დათუნა იხსენებს პერიოდს, როცა მაქსიმალურად ცდილობდა, ფემინურობის განსახიერება ყოფილიყო. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაიაზრა, რომ ამით პროტესტს გამოხატავდა და სინამდვილეში ფემინურობა იმიტომ იზიდავდა, რომ ეს მასკულინობის უარყოფის ერთადერთი გზა იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აგრესიულ მასკულინობას დათუნა ფემინურობით ებრძოდა: „ბულიმიითა და ანორექსიით ვიტანჯებოდი იმიტომ, რომ მინდოდა, ჩემი სხეული ანდროგენული გამხდარიყო. ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, ვაანალიზებ, რომ სრულიად მასკულინური ვარ. უბრალოდ, ეს არ არის მასკულინობის ტრადიციული ფორმა – ეს ის „კაცური” ბუნებაა, რომელსაც თავად ვქმნი!“

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება