მედრესეები საქართველოში - განათლება ქალებისთვის
განაცხადი
ნახვა: 7645
ენები: 

ექვსი წლის ფატიმა ასგაროვა უკვე ჰიჯაბს ატარებს და მარნეულის საკვირაო სკოლაში ისლამის გაკვეთილებზე დადის. როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი ქალები ფიქრობენ, რომ  რელიგიური განათლება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომაც საკუთარი ქალიშვილების მომზადებას ადრეული ასაკიდან იწყებენ.  

35 წლის ლეილა ჰასანოვა მარნეულში, იმამ ალის მეჩეთის საკვირაო სკოლაში, 18 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფს ყურანს და ისლამურ თეოლოგიას ასწავლის. მისი თქმით მარნეულში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მორალური ფასეულობების შეძენა, ისევე როგორც ისლამის მიღება მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, თუ რატომ აგზავნიან ბავშებს საკვირაო სკოლაში - მადრასაში, სადაც ისინი ისლამის მოძღვრებას სწავლობენ.  

„ზოგიერთი ოჯახი ნამაზს [დღეში ხუთჯერ ლოცვას]  არ ასურლებს და ქალები თავსაბურავს არ ატარებენ. მაგრამ ეს ოჯახებიც კი აგზავნიან საკუთარ შვილებს ამ სკოლებში”- ამბობს ჰასანოვა. „მათ სურთ, რომ საკუთარი შვილები ისლამური ღირებულებებით ცხოვრობდნენ.”

ოკტაი კაზიმოვი, ისლამის მკვლევარი საქართველოში, ამბობს რომ, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდი გავლენა მოიპოვა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლამ არანაკლებ გააძლიერა ისლამიც. ამჟამად საქართველოს 3.7 მილიონი მოსახლეობიდან 10 პროცენტი მუსლიმია.

„ ეთნიკური უმცირესობები უბრუნდებიან საკუთარ რელიგიებს ” - ამბობს კაზიმოვი.

ეს პროცესი 1991 წლიდან ვითარდება, ამბობს 35 წლის ესმირა ნასიბოვა, რომელიც ხანუმ ზაჰრას მედრესეში ყურანს ასწავლის. „ისლამი საქართველოში ოდითგანვე იყო. საბჭოთა კავშირის დროს იგი იკრძალებოდა. ამ რელიგიას გარკვეული სირთულეებით მივყვებოდით ” - ამბობს იგი.

ამჟამად უცნობია მედრესეების რაოდენობა საქართველოში, მაგრამ საკვირაო სკოლებზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად მედრესეები უფრო პოპულარული ხდება.

როგორც მეჩეთთან არსებული, ასევე კერძო სკოლები, 5-დან 13 წლამდე ბავშვებს ისლამის საფუძვლებს: ისლამის ისტორიასა და ეთიკას, სულიერი წინამძღვრების ცხოვრებას, ყურანსა და სხვა მნიშვნელოვან ტექსტებს ასწავლიან. ქვემო ქართლის გარდა, სადაც შიიზმია გავრცელებული,  მედრესეები გვხვდება დასავლეთ აჭარაში, პანკისსა და თბილისში, სადაც ძირითადად სუნიზმის მიმდევრები ცხოვრობენ.

ქვემო ქართლში, ორი ირანული ორგანიზაციის ადგილობრივმა ფილიალმა - აჰლ ალ-ბაითის საზოგადოებამ, რომელიც ისლამური საგანმანათლებლო ორგანიზაციების გაერთიანებაა და ალ მუსტაფას უნივერსიტეტმა, რომელიც კუმში მდებარეობს - მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისლამის სწავლების გავრცელებაში ადგილობრივ მუსლიმ ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებს შორის.

მათი წყალობით, 2013 წელს, მარნეულის ცენტრში ხანუმ ზაჰრას მედრესე გაიხსნა. (სახელი წინასწარმეტყველი მუჰამედის ქალიშვილს, ფატიმა ზაჰრას უკავშირდება, რაც არაბულად ,,ბრწყინვალეს“ ნიშნავს). „ისლამის გავრცელებასთან ერთად ჩვენ შევქმენით ისეთი ცენტრი, რომელიც სხვა ქალებსაც მისცემდა სწავლის შესაძლებლობას,” - ამბობს ერთ-ერთი სკოლის მენეჯერი ნასიბოვა.

მედრესეს კედლებზე შიიტი სასულიერო მოღვაწის აიათოლა ხომეინის და ყურანის ტექსტის ფოტოებია გამოფენილი. აიათოლა ხომეინი 1979-1989 წლებში ირანის ისლამურ სახელმწიფოდ ტრანსფორმაციას ხელმძღვანელობდა. 

ისლამის გარდა, მედრესეში მოსწავლეები კერვასა და  ქართულ ენას სწავლობენ, რაც მომავალში მათ დასაქმებაში დაეხმარება. ფონიჭალაში, სადაც მედრესეს ერთ-ერთი ფილიალი მდებარეობს, გოგონებისთვის კომპიუტერის კლასებიც დაემატა.

ნასიბოვა ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ მედრესეების დამსახურებით მუსლიმი ქალების რაოდენობა იზრდება. ისინი ვინც დაქორწინდნენ და სკოლის დამთავრება ვერ მოახერხეს, ხშირად სწავლის გასაგრძელებლად მედრესეში მიდიან.

„ადრეული ქორწინება არ აფერხებს ადამიანს განვითარებისგან და საზოგადოებრივი ცხოვრებისგან,” - ამბობს ნასიბოვა, რომელიც ასევე ადრეულ ასაკში დაქორწინდა. „სამწუხაროა, რომ ისლამი იმონებს ქალებს და მათ გარკვეულ უფლებებს არ აძლევს. მაგრამ, არც ერთი სხვა რელიგია არ აფასებს ქალს ისე, როგორც ისლამი. ადამინაი უნდა განვითარდეს. ჩვენ გვსურს, რომ ქალმა მთელი ცხოვრება ისწავლოს”.

მედრესეები სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტს არ იძლევიან, მაგრამ მათი სერთიფიკატით შესაძლებელია სამსახურის შოვნა სხვა მედრესეში ან ისლამურ ორგანიზაციებში.

ქალებმა, რომლებიც ხანუმ ზაჰრას მედრესეში სწავლობენ ინტერვიუზე და ფოტოებზე უარი თქვეს. მათი თქმით, ქმრები ამას არ დათანხმდებოდნენ. 

მედრესე ყველგან პოპულარული არ არის, ამბობს კაზიმოვი. მაგალითად ქვემო ქართლში აზერბაიჯანელი ქალებისთვის, რომლებიც ათეისტურ საბჭოთა კავშირში გაიზარდნენ, მედრესე ნაკლებად მომხიბვლელია.

ზოგიერთი კონსერვატიული შეხედულების მქონე  ქართველი ფიქრობს, რომ მედრესეების არსებობა საფრთხეს წარმოადგენს. ამ მიზეზით ხშირია შემთხვევები, როდესაც მუსლიმებს ავიწროებენ.

26 წლის ელნარა ჯაფაროვა, რომელიც ფონიჭალის მედრესეში ყურანს და არაბულ გრამატიკას ასწავლის, უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ მედრესე სტუდენტებს რადიკალური შეხედულებებისკენ უბიძგებს და სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფებისთვის ამზადებს. 

„ჩვენ სირიაში არავის ვაგზავნით. აქ ისლამს ვასწავლით”.

კაზიმოვი ფიქრობს, რომ ოჯახი, ქორწილი და სოციალური გარემო მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ სწავლობენ მუსლიმები მადრასაში.

„ ხალხს რაღაცის უნდა სჯეროდეს და რელიგია ამ მხრივ ყველაზე სტაბილურია, ამიტომ ხალხი ამ გზას ირჩევს” - ამბობს იგი.

მშობლები 9 წლის სემა ბაირამოვას იმამ ალის მეჩეთის მედრესეში სასწავლებლად აგზავნიან. „მიხარია, რომ ჩვენ რელიგიას სიღრმისეულად შევისწავლი”.
ექვსი წლის ფატიმა ასგაროვა ყველაზე პატარაა იმამ ალის მედრესეში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ბავშვები თავსაბურავს არ ატარებენ, მან იგი მშობლების თხოვნით გაიკეთა.
14 წლის გიუნელ ახმედოვამ მეგობრის თხოვნით იმამ ალის მედრესეში დაიწყო სწავლა და „ისლამურ წესებს მისდევს”. აქ იგი საკუთარ მასწავლებელთან, გიუნელთან ერთად დგას.
იმამ ალის მედრესეში 14 წლის ტამამ მამადოვა ყურანს აწვდის თავის კლასელს რუგია ასგაროვას.
13 წლის რუგია ასგაროვა მასწავლებელს რელიგიურ წიგნს ართმევს.
რუგია ისმენს გაკვეთილს მუჰამედზე, მის ოჯახსა და იმამებზე.
მოსწავლეები იმამ ალის მედრესეში კვირაში ორჯერ დადიან.
ესმირა ნასიბოვა, ხანუმ ზაჰრას მედრესეში ყურანის საფუძვლებს ასწავლის.
იმამ ალის მედრესეში სტუმრებს ჩაით, ტკბილეულით და ბისკვიტით უმასპინძლდებიან.
ელნარა ჯაფაროვა, არაბული ენისა და ყურანის მასწავლებელი, ფონიჭალაში, ხანუმ ზაჰრას მედრესეში, აიათოლა ხომეინის პორტრეტის ქვეშ ზის.
ელნარა ჯაფაროვა ხანუმ ზაჰრას მედრესეს ეზოში სეირნობს.
ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება