მომსახურების ზონიდან გასული სოფლები
განაცხადი
ნახვა: 4399
ენები: 

ამბავი მივიწყებულ სოფელზე გაუვალ ტყეში და მის მაცხოვრებლებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველასგან მოწყვეტილები თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ და მუდმივი მოძრაობა უწევთ იმისათვის, რომ მისწვდნენ სამყაროს მათი სახლების ირგვლივ აშოლტილი ხეების გაღმა.

ერთ-ერთი ასეთი სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემავალი ქბილარია (ზღ.დ. 849მ). ქბილარამდე, სადაც 16 ოჯახი ცხოვრობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მიდის, რის გამოც მოსახლეობას და, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებს, გარკვეული ტერიტორიის, დაუცველი ტყეების, გავლა ფეხით უწევთ, რათა უახლოეს დასახლებულ პუნქტს, მეჩხეთურს მიაღწიონ. მეჩხეთურის სკოლაში მე-9 კლასის ჩათვლით იღებენ განათლებას, აქედან კი ბავშვების ნაწილი ხანდახან მანდაეთისკენ მიემართევა, რომელიც 1,500 ადამიანითაა დასახლებული და ქბილარიდან 5 კილომეტრშია. აქაურ სკოლაში მე-12 კლასიც არის.

მანდაეთის სკოლა დიდ ტერიტორიას ემსახურება და მოსწავლეებს სამარშრუტო ტაქსით უზრუნველყოფს, თუმცა ეს მანქანა ქბილარამდე არ მიდის. როდესაც მეჩხეთურსა და მანდაეთში გაკვეთილები ერთი და იგივე დროს იწყევა, სამარშრუტოს მძღოლი მარშრუტს ქბილარამდე აგრძელებს. თუმცა ეს იშვიათად ხდება და მძღოლის პირად გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული: ეს მომსახურ

სოფელ ქბილარში ერთადერთი ტრანსპორტი მეჩხეთურის სკოლის სამარშრუტო ტაქსია, რომელიც კვირაში სამჯერ დილის 8-ის ნახევარზე გადის. უკან კი დღის განმავლობაში აღარ ბრუნდება. შესაბამისად, მოსახლეობას მეჩხეთურამდე და უკან ფეხით უწევთ სიარული. თითქოს შუადღის მერე სოფლის მოსახლეობა აღარ არსებობს, მათი საჭიროებებიც ქრება და ტრანსპორტის არსებობის აუცილებლობაც.

 

სოფელ ქბილარის ათამდე მოზარდს განათლების მისაღებად გარკვეული გზის ფეხით გავლა უწევთ, რათა სპეციალურად გამოყოფილ საზოგადოებრივ ტრანსპორტამდე მიღწევა და მანდაეთის ერთადერთ სკოლაში ჩასვლა შეძლონ. სკოლაში 150-მდე ახალგაზრდა სწავლობს და აქედან სოფელ ქბილარიდან ათიოდე მოსწავლეა.

 

თავდაპირველად, მანდაეთის სკოლაში წასვლა გადავწყვიტე. ვფიქრობდი, რომ სკოლის დირექციას, რომელმაც, წესით, ხელმისაწვდომი განათლების თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას განურჩევლად ყველა მოსწავლეს, მედიის ინტერესი პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთ გზად უნდა მიეჩნია და, შესაბამისად, დახმარებაზეც არ უნდა ეთქვათ უარი. თუმცა იმედი გამიცრუვდა: დირექცია აცხადებს, რომ ყველაფერი წესრიგშია. დირექტორის მოადგილემ, სიმონ ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ ტრანსპორტის პრობლემა არასოდეს ყოფილა სოფლებში, მათ შორის, არც ქბილარში, მისი თქმით, მოსწავლეები მეჩხეთურის სამარშრუტო ტაქსს დაყვებიან.

 

სიმონ ჩაჩანიძემ გამგეობაშიც წამიყვანა, რომლის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს მისი სიტყვები და მითხრეს, რომ პროექტის განხორციელებაზე ძალები არ დამეხარჯა, რადგან ის რეალური პრობლემის ამსახველი არ იქნებოდა და, შესაბამისად, მასალების მოძიებასაც ვერ შევძლებდი. ჩემი პირადი მონაცემებითაც დაინტერესდნენ და მკითხეს, თუ საიდან მქონდა ინფორმაცია უტრანსპორტობასთან დაკავშირებით.

 

სკოლის მოსწავლეებთან გასაუბრება რთული აღმოჩნდა. სკოლის დირექცია გვერდიდან არ მშორდებოდა, და ფოტოების გადაღების უფლებაც არ მომცეს. მე-10 კლასელმა მოსწავლემ თავდაპირველად დაადასტურა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ტრანსპორტის მოუქნელი გრაფიკის გამო, ხშირად უწევთ გარკვეული გზის ფეხით გავლა, მაგრამ მოგვიანებით შეცვალა თავისი კომენტარი და თქვა, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები არასოდეს ჰქონია და ფეხით აღნიშნულ მანძილს მხოლოდ საკუთარი ნება-სურვილით  თუ გადის, ან მხოლოდ მაშინ, როცა სახლიდან გამოსვლას აგვიანებს.

 

სკოლიდან გამოსულმა ვიფიქრე, რომ ქბილარამდე გზა მე თვითონ გამევლო და რეალობა საკუთარი თვალით მენახა. ჭიათურიდან მანდაეთამდე მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში ქბილარში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი გავიცანი, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს, ჩემთვის მეგზურობა გაეწიათ.

 

სოფელ ქბილარის ასახვევთან მძღოლმა მორიდებით მანიშნა, რომ ჩემი ჩამოსვლის დრო იყო, თუმცა მე არ ვიყავი მარტო: ქბილარში სხვებიც ბრუნდებოდნენ და, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მანდაეთის სკოლაში დადიოდნენ. ახლა კი ეს გზა ყველას ერთად, ფეხით უნდა გაგვევლო. გზა უსწორმასწორო იყო და ნელ-ნელა უფრო ღრმად ვიკარგებოდით ტყეში. მიხაროდა, რომ მარტო არ ვიყავი და ეჭვი მეპარებოდა, რომ ამ ბავშვების მსგავსად მომეკრიბა გამბედაობა და მთელი ეს გზა მარტოს გამევლო.

 

ზამთრის პერიოდში, დიდთოვლობისა და ტყეში მგლების შიშით ხშირად მოსწავლეები სკოლას აცდენენ და განათლების მიღების საშუალებას მოკლებულნი არიან. 2 კილომეტრის გავლის შემდეგ სოფელსაც მივუახლოვდი. დიდი ხანი არ დამჭირვებია მთელი სოფლის მოვლისთვის. ბოლო მოსახლის სახლის შემდეგ ტყე იწყება, სადაც გავლა ვეღარ გავბედე, რადგან უკვე საღამო იყო და სიბნელე მას კიდევ უფრო მეტად საშიშს ხდიდა.

 

მანქანას სოფელში ვერ შეხვდებით. სამაგიეროდ შეხვდებით შეშით დატვირთულ ურემს.. ყველას თავისი „ტრანსპორტით“ უწევს ყოველდღიურად ამ გზის გავლა. იმისათვის რომ ისწავლონ, იმუშაონ, ოჯახზე იზრუნონ და შეინარჩუნონ ის სოფელი, სადაც ამდენი წელია ცხოვრობენ. იმედი არ აქვთ, მაგრამ მაინც ოცნებობენ იმ დროზე, როდესაც ინფრასტრუქტურა ოდნავ მაინც გაიმართება და ახალი თაობა უფრო ნაკლებ წინაღობას შეხვდება. რესპოდენტების სახელების გამოქვეყნებისაგან თავს ვიკავებ რადგან მათ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.

 

სოფელში სტუმართმოყვარე ხალხი დამხვდა. ზოგმა ოჯახშიც მიმიპატიჟა. თავიანთ ისტორიებს მიყვებოდნენ და მოულოდნელი სტუმრის დანახვით გახარებულები იხსენებდნენ ახალგაზრდობის წლებს. ხუმრობით ისიც მითხრეს, რომ ქბილარში ქალის მოტაცება ბევრად მარტივია, რადგან მის წასაყვანად საეჭვოა რომ ვინმემ გაბედოს მოსვლაო. ძაღლი თუ ყეფს ეზოში, ბავშვები ფანჯარას ეკვრიან სტუმრის მოლოდინში. ზოგჯერ სოფელ ქბილარში პროდუქტებით დატვირთული მანქანა ამოდის, ყოველ ჯერზე 400 ლარზე ნაკლებს არ გამოიმუშავებს, სხვა შემთხვევაში კი აქ ამოსვლა არ უღირსო  გამანდეს სოფლის მაცხოვრებლებმა.

სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება. ახალგაზრდები ქალაქური ცხოვრებისკენ ისწრაფვიან. მოხუცები იხსენებენ იმ დროს, როდესაც თოვლი ეზოს ჭიშკარსაც კი ფარავდა და მაშინ არათუ სოფლიდან, კარიდან გასვლაც კი უჭირდათ. დიდთოვლობის დროს პროდუქტებს იმარაგებენ და სახლებში შეყუჟულები ატარებენ მკაცრ ზამთარს. სოფლის გზის გასაწმენდად ქალაქიდან ნაკლებად იცლიან და გზები გარკვეული ხნის განმავლობაში ჩაკეტილია.

 

სოფლიდან წამოსვლისას გზად „ცხენოსანი პატრული“ შემხვდა. გადაადგილების მოძველებულმა საშუალებამ კიდევ ერთხელ დამანახა სოფლის პრობლემები, რომლებსაც თანამედროვე ტრანსპორტის არარსებობა ქმნის.

და დავფიქრდი, რომ მაშინ როცა მე დილაობით ჩემი საცხოვრებელი კორპუსის ბოლოში გასვლა მეზარებოდა სკოლაში მისასვლელად, სოფელ ქბილარის დამამთავრებელი კლასის ბავშვები კილომეტრებს გადიან ყოველდღე, ქარში, წვიმაში და სუსხში, ზოგჯერ კი მცხუნვარე ამინდებში, იმისათვის რომ სწავლის ფუნდამენტური უფლება ჰქონდეთ.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება