მთიდან უდაბნოში: სვანების მიგრაცია
განაცხადი
ნახვა: 1421
ენები: 

სტიქიურმა უბედურებამ და პოლიტიკურმა რყევებმა მთლიანად შეცვალა საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის ცხოვრება.

სვანეთში მეწყერმა ასობით ადამიანი სახლის გარეშე დატოვა. სახლემწიფოს მიერ შემუშავებული განსახლების გეგმის მიხედვით, დაზარალებული ოჯახების უმეტესობა იძულებული გახდა საგვარეულო საცხოვრებელი მიეტოვებინა. 

მეწყერის ჩამოწოლამდე ნანული მარგიანი სვანეთში, სოფელ მულახში ცხოვრობდა, სადაც აღნიშნული სტიქიური უბედურების შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. მეწყერმა დაანგრია სახლები. 

78 წლის ნანულის ჯერ კიდევ ახსოვს მისი ოჯახის სოფელ უდაბნოში გადასახლების დღე:

„1987 წლის 7 თებერვალს, გამთენიისას ჩამოვედით. დაგვხვდა ძალიან თბილი გარემო: ყველა სახლში ენთო ცეცხლი, გამზადებული იყო ცხელი კერძი და ნემსიდან დაწყებული სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული ყველაფერი მომარაგებული იყო,“ - იხსენებს ნანული მარგიანი. 

მზის ამოსვლის შემდეგ ახალ საცხოვრებელზე წარმოდგენა შეეცვალა: 35 კილომეტრზე გადაჭიმულ სოფელ უდაბნოში არ იყო წყალი და ხეები. სვანეთის აყვავებული ტყეებისა და თოვლიანი მთების შემდეგ, ეკომიგრანტებისთვის უდაბური ტერიტორია სრულიად უცხო აღმოჩნდა.

“დილას, ფანჯარაში რომ გავიხედეთ და ქარიანი და ტალახიანი, გატყავებული ტრამალი დავინახეთ, ძალიან შევწუხდით. ჩვენ, მთაში, ტყეებით შემოფარგლულ ბუნებაში გაზრდილებს, გაგვიჭირდა შევგუებოდით ხრიოკ გარემოს. ჩემი უფროსი ბიჭი მაშინ მეათე კლასში იყო და ცხარე ცრემლებით ტიროდა - დედა, როგორ დავტოვეთ ჩვენი სახლიო. მაგრამ ადამიანის სიცოცხლის ფასი არაფერია და მაგიტომაც მივატოვეთ ყველაფერი“, - ამბობს მარგიანი. 

ქალბატონი ნანული ყოველდღიურად მიირთმევს თურქულ ყავას და თან გულმოდგინედ კითხულობს საეკლესიო კალენდარზე დართულ ისტორიებს.
ნანული მარგიანი სოფელ უდაბნოში 1987 წელს გადმოასახლეს, მას შემდეგ რაც სვანეთში, სოფელ მულახში მისი სახლი ზვავმა გაანადგურა.
სოფელ უდაბნოს ლანდშაფტი ნახევარუდაბნოს ტიპისაა.
საგარეჯოდან უდაბნოსკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ რამდენიმე პატარა ბილიკია შესამჩნევი. მათ ძირითადად მეცხვარეები გამოიყენებენ.
უდაბნოს ხედი.

1987 წლის სასიკვდილო მეწყერი სვანეთში პირველი არ ყოფილა. მსგავსი ტრაგედია ცხრა წლით ადრე, სოფელ ჭუბერშიც დატრიალდა. 

ავთო ოთხვანს კარგად ახსოვს ის მოვლენები, რომელთა გამოც უდაბნოში გადმოასახლეს.  

1976 წელს სოფელ ჭუბერში ჩამოწოლილ ზვავს ოთხვანის ოჯახის ყველა წევრი შეეწირა.  მხოლოდ ოთხვანი გადარჩა, რადგან იგი  მეზობლებმა გაყინვამდე იპოვეს. 

„დილიდან საღამომდე გადაუღებლად თოვდა. საღამოს 5 საათი იქნებოდა სახლის სახურავიდან თოვლის გადმოწმენდას რომ მოვრჩი. სარდაფში ჩავედი სასმელის ამოსატანად. რომ ამოვდიოდი, ზუსტად მაგ დროს, უცბად მოვარდა ზვავი და ყველაფერი ჩამოაბნელა. 18 საათი ნანგრევების და თოვლის ქვეშ ვიყავი, სანამ მეორე დღეს მეზობლებმა არ მიპოვნეს“ - იხსენებს ავთო ოთხვანი.

ტრაგედიის შემდეგ, 24 წლის ოთხვანი სამეხდრო სამსახურში გაიწვიეს. უკან დაბრუნებული კი უკვე უდაბნოში გადაასახლეს. 

ავთო ოთხვანი ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ინტენსიურად ეხმარებოდა სვანეთში სხვადასხვა დროს ჩამოწოლილი ზვავების შედეგად დაზარალებულებს, რის გამოც მან საბჭოთა მთავრობისგან საპატიო სიგელიც კი მიიღო.
საბჭოთა ჟურნალებში გამოაქვეყნებული იყო სტატიები ავთო ოთხვანის სასწაულებრივი გადარჩენისა და სვანეთის პირველი სტიქიის შესახებ.
ავთო ოთხვანი ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ინტენსიურად ეხმარებოდა სვანეთში სხვადასხვა დროს ჩამოწოლილი ზვავების შედეგად დაზარალებულებს, რის გამოც მან საბჭოთა მთავრობისგან საპატიო სიგელიც კი მიიღო.

58 წლის მეფუტკრე, გიორგი ანანიაშვილი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში ხელისუფლება წყვეტდა ხალხთა გადასახლების საკითხს. თავად ანანიაშვილი თბილისიდან უდაბნოში გადმოიყვანეს სვანების მიგრაციაში მონაწილეობის მისაღებად. 

სვანების უდაბნოში ჩამოსახლება 1987 წლის უეცარმა, გამანადგურებელმა მეწყერმა განაპირობა. დაუგეგმავი გადასახლება, რომელიც აუცილებლობა გახდა, საბჭოთა საქართველოს მთავრობის მიერ სწრაფად დაიგეგმა და განხორციელდა.  

ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას დაევალა გამოეყო თითო ბინა და მოემზადებინა იგი სვანებისთვის. 

ანანიაშვილი, რომელიც წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან იყო და თბილისში გადავიდა მასწავლებლად სამუშაოდ, საბჭოთა ხელოსუფლებამ სოფელ უდაბნოში გააგზავნა. 

მისი აზრით, უდაბნოში ეთნიკური ქართველების ჩამოსახლება პატრიოტული ტენდენციის ნაწილი იყო, რადგან საქართველოში ნაციონალური მგრძნობელობა საბჭოთა კავშირის შესუსტების ფონზე იზრდებოდა. 

პერესტორიკის დროს საბჭოთა საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის საფუძველი მზადდებოდა. პოლიტიკური გარემო იცვლებოდა. ნაციონალიზმი, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ფესვის იდეა, ძლიერდებოდა. 

უდაბნოს მაცხოვრებლები ამ ცვილებებს გრძნობდნენ. რაზეც ისიც მიუთითებს, რომ ეკლესიის ინიციატივით სვანი ეკომიგრანტების ერთიანი ნათლობა ჩატარდა. 

„ყველამ იცოდა, რომ სვანეთში მღვდელი არ არსებობდა, ამიტომ მოხდა საერთო ნათლობა. მაშინ ეკლესია უკვე მომძლავრებული იყო. პატრიარქმა გამოაგზავნა დიდი ავტობუსები და ყველა წაგვიყვანეს თბილისის სიონის ტაძარში. თვითონ პატრიარქი ნათლავდა. აუარება ხალხი იყო“, - იხსენებს ნანული მარგიანი.

სოფელ უდაბნოს გენერალური გეგმა.
1980-იან წლებში, საბჭოთა მთავრობა ყოველწლიურად მართავდა კონცერტებს, რომლებშიც ძირითადად მონაწილეობდნენ ქართული ხალხური მუსიკის, ცეკვისა და სხვა ხელოვნების წარმომადგენლები.
ფესტივალზე „უდაბნოობა" წყვილი ასრულებს ცეკვას „ქართული".
პირველი ქორწილი სოფელ უდაბნოში, სვანეთიდან ეკომიგრანტების ჩამოსახლების შემდეგ. რაიკომის მდივნისგან ახალდაქორწინებულმა წყვილმა საჩუქრად მიიღო აკვანი და ქაღალდის აქლემი.
ბავშვთა ანსამბლი თბილისიდან ასრულებს ერთ-ერთ ტრადიციულ ქართულ ცეკვას „კინტოური" ფესტივალზე „უდაბნოობა".
მედეა მეზვრიშვილი, რაიკომის მდივანი 1980-იან წლებში, მიმართავს სოფლის მცხოვრებებს ფესტივალზე უდაბნოობა. იგი მიჩნეულია უდაბნოში ქართული მოსახლეობის ჩასახლების ერთ-ერთ ინიციატორად. მეზვრიშვილმა პოლიტიკური კარიერა განაგრძო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც. იგი მუშაობდა საგარეჯოს რაიონის ხელმძღვანელად.

უდაბნოს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც ახალი მაცხოვრებლები თბილად მიიღო, ნაციონალიზმის ყველაზე ცუდი გამოვლინების მსხვერპლი გახდა.  

სოფელ უდაბნოში, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს,  ეთნიკური აზერბაიჯანელების ბევრი თაობა ცხოვრობდა.

ანანიაშვილი იხსენებს, რომ აზერბაიჯანელებმა სვანი ეკომიგრანტები ძალიან თბილად მიიღეს. თავიდან მეგობრულად ცხოვრობდნენ და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.  თუმცა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. 

ეკომიგრანტი, 77 წლის გაიოზ ჩართოლანი ამბობს, რომ საქართველოს საბჭოთა მთავრობა უდაბნოში და სხვა საზღვირსპირა სოფლებში მიზანმიმართულად ასახლებდა ეთნიკურ ქართველებს:

„საჭირო იყო ამ რაიონებში მომხდარიყო ქართულენოვანი მოსახლეობის ჩასახლება. უიარაღოდ გავყარეთ აქედან. მე ვაგზავნიდი ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფს თათარი (ი.გ. აზერბაიჯანელი. გამოიყენება მათი შეურაცხყოფისთვის) ბავშვების საცემად. ვითომ ფეხბურთს თამაშობდნენ”.

პოლიციის გამოჩენის შემთხვევაში ,,დამსჯელი რაზმის“ წევრები ირწმუნებოდნენ, რომ უბრალოდ თამაშობდნენ და სერიოზული არაფერი ხდებოდა. 

„წასულები არ იყვნენ ისევ გავაგზავნიდი ხოლმე ჯგუფს. არაფერს აშავებდნენ, მაგრამ მათი აქედან გარეკვა გვინდოდა” - იხსენებს გაიოზ ჩართოლანი.

გიორგი ანანიაშვილის თქმით, საბოლოოდ აზერბაიჯანელებმა  „მაინც დატოვეს სოფელი 90-იანებში დაწყებული ურა-ნაციონალიზმის გამო”. 

მოგვიანებით, ჩართოლანის ჯგუფმა ადგილობრივი აზერბაიჯანელების მიტოვებული სახლები დაანრგია, რათა უკან არ დაბრუნებულიყვნენ. 

გიორგი ანანიაშვილი, რომელიც წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდანაა, 1980-იან წლებში ჩაასახლეს სოფელ უდაბნოში. მან რამდენიმე ნაძვის ხე გადმორგა ჯავახეთიდან, რათა თავი საკუთარ სახლში იგრძნოს.
სოფელ უდაბნოში უსახლკარო ძაღლები ხშირად მიდიან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის ნასახლარზე.
საბჭოთა კავშირის მიერ ეკომიგრანტების სოფელ უდაბნოში გადასახლებამდე, არსებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ეთნიკური აზერბაიჯანელები და რუსეთიდან ჩამოსახლებული დუხაბორების რამდენიმე ოჯახი. სწორეთ მათი საფლავების არსებობა მოიაზრება სოფელ უდაბნოს სასაფლაოს რუსული ჯვრების ქვეშ.
სოფელ უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია დიდი ჯვარი, რომელიც სასაფლაოს შესასვლელს წარმოადგენს.
ცხვრების ფარა სოფელ უდაბნოსთან.
სოფელ უდაბნოში, 90-იანების დასაწყისამდე, კერ კიდევ იყო შემორჩენილი ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობა. მათ შორის მოლაც, რომელიც აზერბაიჯანელების რელიგიურ ცხოვრებას უძღვებოდა. ამჟამად, მათი სახლები განადგურებულია და დროთა განმავლობაში ბალახით იფარება.
სოფელში შემორჩა რამდენიმე მიტოვებული სახლი, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ კედლები.

დღესდღეობით სვან ეკომიგრანტებს უდაბნო საკუთარ სახლად მიაჩნიათ. 

36 წლის ფიქრია მარგიანი (ნანული მარგიანთან არ აქვს ნათესაური კავშირი) ამბობს, რომ ისინი სვანები არიან და მათი წარმომავლობა მათთან რჩება. 

„თვითონ ბუნება გეუბნება, რომ ამაყი ხარ და სვანი ხარ” - ამბობს ფიქრია მარგიანი და განმარტავს, რომ „არ შეიძლება სვანი მოღალატე იყოს, ლაჩარი იყოს. ამ ტრიალ მინდორზე შეიძლება ცოტა ფრთამოტეხილებივით ვგრძნობდეთ თავს, მაგრამ ჩვენ ის სიამაყე და აღზრდა მაინც ბუნებაში გვაქვს”.

ახალგზარდა თაობის ზოგიერთ წარმომადგენელს მთებისკენ მიუწევს გული. 

გაიოზ ჩართოლანის შვილიშვილი, საბა დარწმუნებულია, რომ ყოველ ჯერზე სვანეთში ჩასვლისას ძალა ემატება და თუ უდაბნოში ცხენებთან ახლოსაც ვერ მიდის, სვანეთში უცხო ცხენებს ისე აჭენებს ვითომ მისი იყოს. მას სვანეთის ჰაერის მაგიურობის სჯერა და მოუთმენლად ელის დროს, როცა მთებში გადავა საცხოვრებლად.

ფიქრია მარგიანი კი პირიქით, უდაბნოში სვანური ტრადიციების დამკვიდრებაზე ფიქრობს.   

ქალბატონი ფიქრია ხელმძღვანელობს ქალთა ვოკალურ გუნდს, რომელიც სვანურ სიმღერებს ასრულებს. ფოლკლორის შესწავლაში აქტიურად არიან ჩართულები ახალგაზრდებიც.

ფიქრია მარგიანი უკმაყოფილოა უდაბნოელი სვანი ბავშვების სვანური ენის არასაკმარისად ცოდნით, თუმცა მაინც სიამაყით ივსება, რომ მისი მთის კულტურა ჯერ კიდევ აქტიურად ცოცხლობს ახალგაზრდებში. 

“შეიძლება ჩვენ უფრო მეტად ვინარჩუნებთ სვანურ ტრადიციებს ამ ტრიალ მინდორზე, რადგან შორს ვართ და არ გვინდა სვანური ადათ-წესები დავკარგოთ”.

საბა ჩართოლანი ფიქრობს, რომ მთას რადიკალურად განსხვავებული ძალა აქვს და ყოველ ჯერზე, სვანეთში ჩასვლისას ის ამას პირადად გრძნობს. მას სვანეთში დაბრუნება სურს.
სვანური სულგუნი, ცხვრის ხორცი და კახური ყურძნით დამზადებული ღვინო ეკომიგრანტ გაიოზ ჩართოლანის ოჯახში ყოველთვის მოიძებნება სტუმრის მისაღებად.
სვანეთიდან ემიგრირებული გაოზი კახური ყურძნისგან დამზადებული ღვინით უმასპინძლდება სტუმრებს.
ახალგაზრდები ასრულებენ სვანურ ცეკვას უდაბნოში გამართულ ფესტივალზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „დრონი" ორგანიზებით ჩატარდა.
სოფელ უდაბნოს ქალბატონები ხშირად იკრიბებიან სვანური სიმღერების შესასრულებლად. მათ ჩამოაყალიბეს გუნდი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს.
სვანი ქალბატონები კვლავ განაგრძობენ სვანური კერძების მომზადებას და ვერ წარმოუდგენიათ შეწყვიტონ ეს ტრადიცია.
დავით გარეჯის ერთ-ერთი მონასტერის ფრესკა, რომელიც დაზიანებულია რუსული და ქართული წარწერებით. მონასტერი სოფელ უდაბნოსთან ახლოს მდებარეობს.

დეკემბერი, 2018 გზაზე

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება