მუსიკალური ფესტივალი, როგორც ხიდი სამხრეთ კავკასიის ერებს შორის
ნახვა: 2592
ენები: 

ათასობით ადამიანი კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან, ასევე უცხო ქვეყნებიდან, ყოველ წელს სამხრეთ საქართველოში იკრიბება მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში.

One Caucasus ფესტივალი, ან როგორც ორგანიზატორები აღწერენ - ‘ფესტივალი შემდეგი თაობისთვის’, 2014 წლიდან ყოველ აგვისტოს სოფელ წერაქვში იმართება. წერაქვი, სადაც 250-მდე ოჯახი ცხოვრობს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ფესტივალის ფარგლებში იმართება კონცერტები, ფილმის ჩვენებები, სემინარები და გამოფენები, რაც სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით One Caucasus-ს უნიკალურს ხდის.

ორგანიზატორების თქმით, One Caucasus არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, არამედ ადგილი, რომელიც კულტურულ მრავალფეროვნებას და მეგობრობას აერთიანებს - პროგრამა სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზეა და მიზნად ისახავს, შეიქმნას შთამაგონებელი და უსაფრთხო გარემო მთელი კავკასიის ახალგაზრდების დამეგობრებისა და თანამშრომლობისათვის, იმის ფონზე, რომ დაძაბულობები კავკასიაში დღემდე ვერ აღმოიფხვრა და კონფლიქტები კვლავაც მწვავეა.

 

 

ლადო მეხტიევი, ფესტივალის კოორდინატორი საქართველოში, აღნიშნავს, რომ მუსიკოსები არც პოლიტიკოსები არიან, არც - ფილოსოფოსები და პოლიტიკის მიუხედავად, მათ თანამშრომლობა შეუძლიათ.

„ფესტივალი ყოველ წელს უფრო უკეთესი ხდება,“ გვითხრა მან. მისივე თქმით, 2016 წელს ფესტივალს 70-ზე მეტი მოხალისე სტუმრობს 20-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან.

„მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის დაფინანსება, თუმცა ვცდილობთ, მეტი დონორი მოვიზიდოთ. მაგალითად წელს ამერიკის საელჩომ ჯგუფი Huntertones-ის ჩამოსვლა დააფინანსა შტატებიდან.“

ამერიკის საელჩოს მხარდაჭერის გარდა, წელს ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტრომ, პოლონეთის კულტურის სამინისტრომ და მარნეულის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. მუნიციპალიტეტმა 2014 და 2015 წლებში ჯამში 650,000 დოლარი გამოყო ფესტივალისთვის.

 

 

 

ორგანიზატორები და მოხალისეები წერაქვის სკოლაში ცხოვრობდნენ
სემინარები და ადმინისტრაციული სამუშაო ასევე სკოლის ტერიტორიაზე სრულდება
სკოლაში სპეციალური ოთახია გამოყოფილი, სადაც მუსიკოსები რეპეტიციებს გადიან ან კოლაბორაციულ მუსიკაზე მუშაობენ
ბავშვები სხვადასხვა სოფლიდან ჩამოვიდნენ, რათა ფოლკლორული ცეკვა და მუსიკა შეესრულებინათ

ფესტივალს მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს. მეცხვარეები, მზესუმზირის გამყიდველები, ბავშვები, უცხოელი მოგზაურები, თინეიჯერები მძიმე მაკიაჟით და სვირინგებით მოხუცებთან ერთად, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მუსიკის მოყვარული ახალგაზრდები - ყველა ელოდება საღამოს კონცერტს. ახლო მდებარე სოფლებიდან ოჯახები მოდიან, რომ კინო-ჩვენებებს დაესწრონ, ბუშტები იყიდონ, მწვადი დააგემოვნონ და მოგვიანებით იცეკვონ სცენის წინ სხვებთან ერთად.

კონცერტის დაწყებისთანავე ყველა მათგანი სცენის წინ იწევს და ოვაციებით ხვდება გამომსვლელებს.

სცენა უამრავ მუსიკოსს ეთმობა. მათ შორის არიან მუსიკოსები კავკასიიდან და მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან. ხშირად ჯგუფები ფესტივალის ფარგლებში ქმნიან კოლაბორაციულ ნამუშევრებს. 2016 წელს ქართულმა ფოლკ-ჯგუფმა ‘ჩვენებურები’ რამდენიმე სიმღერა ამერიკულ ჯაზ-ბენდ Huntertones-თან ერთად შექმნა.

მუსიკოსებს შორის იყვნენ მომღერლები სენეგალიდან ნიგერიიდან და პოლონეთიდან. წელს აზერბაიჯანულმა ბენდმა Snails სიმღერა სომხურ ბენდ 1243k-სთან ერთად მოამზადა და ხანგრძლივი კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის სცენის უკან მოიტოვა.

„ძალიან მაგარი მუსიკა იქმნება აქ. თქვენ ნახეთ მუსიკოსები აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან,“ ამბობს სოლომონ გოგაშვილი, რომელიც ‘ჩვენებურებისთვის’ ფანდურზე და დოლზე უკრავს.

„ჩვენ ახლახან რეპეტიცია გვქონდა Huntertones-თან, რომელიც მოისმინეთ და იცით რა, ჩვენ დღეს დილას შევხვდით პირველად და მუსიკაც ასე შეიქმნა.“

 

მთავარი მესიჯი აქ არის ის, რომ მუსიკას არ აქვს ბარიერი, რადგანაც მას აქვს უნივერსალური ენა და ის შეიძლება, იყოს ხიდი განსხვავებულ კულტურებს შორის და აერთიანებდეს სხვადასხვა თემს.

ფესტივალზე არც ასაკი ყოფილა ბარიერი, რადგანაც პატარა მომღერლებმა არაერთი სიმღერა შეასრულეს სცენაზე.

2016 წლიდან ფესტივალზე დაწესდა One Caucasus-ის თავისუფლების ჯილდო - პრიზი, რომელიც გადაეცემა გამორჩეული სამუშაოსთვის, რომელიც პიროვნებამ გაწია ადამიანთა უფლებების გაუმჯობესებისთვის კავკასიაში.

წელს პრიზი რაჰმან ბადალოვს გადაეცა. ის არის ფილოსოფიის პროფესორი, რომელიც ბაქოს მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობს. მას პრიზი გადაეცა განსაკუთრებული დამსახურებისთვის აზერბაიჯანში ადამიანთა უფლებების დაცვი გაუმჯობესების კუთხით.

 

 

მარნეული შემთხვევით არ შერჩეულა ფესტივალისთვის. ის მდებარეობს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრებთან. მუნიციპალიტეტის უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია, თუმცა იქ ცხოვრობს განსხვავებული რელიგიის და ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობა, ვინც წლების განმავლობაში მშვიდობით თანაცხოვრობს.

გზა წერაქვამდე ცოტა რთულია, რადგანაც მარნეულიდან სოფლამდე არსებული 35 კილომეტრი თითქმის მთლიანად დანგრეული გზაა, აქა-იქ შეკეთებული. ფესტივალის ტერიტორია წერაქვის სკოლასთან მდებარეობს, რომელიც ძველი და გაურემონტებელი შენობაა.

არმენი, ახალგზარდა ბიჭი ირანიდან, რომელიც ზაფხულის განმავლობაში საქართველოში მოგზაურობდა, ფესტივალის სტუმრებს თბილისიდან წერაქვამდე უჩვეულო სიმღერით ართობდა უცხოურ ირანულ ინსტრუმენტზე დაკვრით. თბილისიდან წერაქვამდე და უკან, ასევე მარნეულიდან, წითელი ხიდიდან და სადახლოდან სამარშუტო ტაქსი დილას და საღამოს უფასო იყო.

 

„როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, ვიფიქრე, სად მოვხვდი-მეთქი?“ გვითხრა კატარჟინამ, რომელიც პოლონეთიდან საქართველოში გაცვილითი პროგრამით ჩამოვიდა.

„მაგრამ შემდეგ შევხვდი ახალგაზრდებს აზერბაიჯანიდან, ასევე მოხალისეებს, ძალიან მაგარ ადამიანებს. ძალიან მომწონს სიმარტივე ამ გარემოში, საოცარი მუსიკა და გემრიელი, იაფი საჭმელი.“

მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა ტრანსპორტი იყო, რადგანაც სამარშუტო ტაქსები საათზე მეტ ხანს აგვიანებდნენ და ხალხი იძულებული იყო, სიცხეში ეცადა.

ფესტივალის ტერიტორიაზე არის კარვების ზონა, საბავშვო ზონა, ხელოვნების და განათლების ზონა, საჭმლის ზონა და კონცეტის ზონა.

ჰაერში მწვადის სუნია, ჩამოსასხმელი ლუდი, ვეგეტარიანული საჭმელი Kiwi Café-სგან, თითქმის ყველა მზესუმზირას მიირთმევს.

 

რეპეტიციებისთვის სკოლის ეზოში კარავი სპეციალურად მოეწყო
დღის განმავლობაში ხალხი სხვადასხვა აქტივობით ერთობოდა, მაგალითად ფეხბურთით
ბავშვებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ხელნაკეთი ნივთები შეექმნათ, დაეხატათ საბავშვო ზონაში
აზერბაიჯანლემა და სომეხმა ახალგაზრდებმა ძალოსნობაზე შეჯიბრი მოაწყვეს
ფესტივალზე ქართული მწვადი ერთ-ერთი მთავარი და საყვარელი საჭმელი იყო

ორგანიზატორები აქ ორი თვით ადრე ჩამოდიან, სანამ ფესტივალი დაიწყენა. მოხალისეები და ორგანიზატორები წერაქვის სკოლის საკლასო ოთახებში რჩებიან, სადაც საძილე ტომრებში სძინავთ. კაცების და ქალების ოთახები გვერდიგვერდ ოთახებშია, აქვეა სემინარების ოთახები, სამუშაო ადგილი და სარეპეტიციო დარბაზი მუსიკოსებისთვის.

სტუმრებისთვის კემპინგის ზონა სკოლის გვერდით ნაძვებშია მოწყობილი. სტუმრებს კარვების დადგმა უფასოდ შეუძლიათ, ასევე შეუძლიათ, იქირაონ კარავი 15 ლარამდე ფასად.

მოხალისეები კონსტრუქციების აშენებაში ეხმარებიან ორგანიზატორებს. ტრენერები სემინარებს მართავენ ბავშვებთან არქიტექტურაზე, ფოტოგრაფიაზე,  ხელნაკეთი ნივთების შექმნაზე, დოკუმენტალისტიკაზე ან ინგლისურ ენაზე.

სემინარების ფარგლებში შექმნილი ფილმები და ფოტოები ფესტივალის ფარგლებში არის ნაჩვენები და გამოფენილი.  

მოხალისეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ღონისძიების შექმნაში. ბირენდრა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც სასწავლებლად საქართველოში ნეპალიდან ჩამოვიდა. 2014 წლიდან ის ფესტივალზე მოხალისედ ჩამოდის და ეხმარება ინფრასტრუტურის მოწესრიგებაში. მან თავის კენიელ მეგობარს, ტოლუ ემიაოს შესთავაზა, ჩამოსულიყო და One Caucasus-ზე ემღერა სხვა შემსრულებლებთან ერთად, როგორიცაა პაკო სარი სენეგალიდან, Skadiktator ალჟირიდან და ამერიკული Huntertones.

ძალიან მომწონს [ფესტივალი], რადგანაც ის მაძლევს შესაძლებლობას და პლატფორმას, რომ არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან ერთად ვიმღერო,“ გვითხრა ტოლუმ, რომელიც ამჟამად უკრაინაში სწავლობს.

 

ჩემტაი, ახალგაზრდა ქალი კენიიდან, რომელიც რამდენიმე წელი საქართველოში ინგლისურს ასწავლიდა, ასევე ყოველ წელს ჩამოდის წერაქვში. ის ინგლისური ენის სემინარებს ატარებდა წინა წლებში, თუმცა წელს მეუღლესთან და ახალშობილ შვილთან ერთად ჩამოვიდა და ერთი თვის განმავლობაში წერაქვში იყო, ძირითადა პატარა ლოჯისტიკურ საქმეებში ეხმარებოდა ორგანიზატორებს.

 

კჟიშტოფ ზვირბლისი, ხელოვანი და კურატორი, პოლონეთიდან ჩამოვიდა თავის პროექტზე სამუშაოდ - სოციალური მუზეუმი. ის ეწვია სკოლებს და ოჯახებს მარნეულის მუნიციპალიტეტში და აგროვებდა სხვადასხვა ვიზუალურ არტეფაქტს ‘მეხსიერების კონცეფტის’ ილუსტრაციისთვის. პროექტის ბოლოს მან შექმნა დოკუმენტური ფილმი და გამოფენა ნივთებისა, როგორიცაა, წიგნები, კოლბები, ნახატები, პოსტერები თუ ხელნაკეთი ნივთები.

 

ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები ფესტივალის ტერიტორიაზე გამოიფინა საგანმანათლებლო ზონაში
პროექტ ‘სოციალური მუზეუმის’ ერთ-ერთი არტეფაქტი

„რაც მინდოდა, მეჩვენებინა არის ის, რომ ყველა ჩვენგანს შეიძლება, ჰქონდეს პატარა მუზეუმი სახლში და ვერ აცნობიერებს ამას,“ ამბობს ის.

„ყოველდღიურ ნივთებს შეუძლიათ ძალიან საინტერესო ისტორიების მოყოლა.“

 

სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსულმა მუსიკალურმა ბენდებმა სიმღერა ერთად შეასრულეს
აზერბაიჯანული წყვილი ფესტივალის სცენაზე დაინიშნა
ქართულმა ფოლკ-ჯგუფმა ‘ჩვენებურები’ Huntertones-თან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს
ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება