ნაკლებად ცნობილი დეკრეტი საქართველოში
განაცხადი
ნახვა: 2831
ენები: 

ტექსი და ვიდეო: თამთა ჯიჯავაძე

ფოტოები: თომა სუხაშვილი

 

გიორგი ჭანტურიამ მამობის ტვირთი პირველად მაშინ გამოსცადა, როცა 26 წლის იყო და მისი შვილის, სანდროს, გაუჩერებელი ტირილი და უძილობა მას და მის ცოლს მოსვენებას აკარგვინებდა. გიორგიმ, რომელიც მაშინ განათლების სამინისტროში მუშაობდა, ქართველი კაცებისათვის უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და დეკრეტული შვებულება აიღო.

„ჩვენს შვილს სანდროს არც ღამე ეძინა და არც დღე. სულ რაღაც აწუხებდა. თავიდან სამსახურში რომ დავდიოდი იქ ვისვენებდი. ჩემი მეუღლე არ მუშაობდა, ამიტომ მარტო ამ ყველაფერთან გამკლავება მისთვის ძალიან რთული იქნებოდა. ასე გადავწყვიტე დეკრეტში გასვლა, რათა დავხმარებოდი მეუღლეს.”

ჭანტურიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და ორთვიანი დეკრეტი აიღო. შესაბამისი კანონი კერძო სექტორისთვის ძალაში 2013 წელს შევიდა, საჯარო სამსახურებისთვის კი – 2017 წლის ივლისში. გიორგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მამისათვის განკუთვნილი დეკრეტული შვებულება გამოიყენა. არადა, კონსერვატიულად მოაზროვნე ქართველი საზოგადოებისთვის მამის როლი ზოგჯერ საფენის გამოცვლასაც კი არ უკავშირდება.

„ძალიან დიდი სტრესი იყო. ორი თვე სახლიდან არ გავდიოდი. თავიდან ბავშვისთვის საფენის გამოცვლაც კი მიჭირდა, თუმცა მალე შევეჩვიე. დღეს უკვე ძალიან თავდაჯერებული ვარ. მანამდე მეგონა, შვილის გაზრდას ვერ შევძლებდი, მაგრამ შემდეგ ბავშვს მარტოც კი ვიტოვებდი ხოლმე, როცა ჩემს მეუღლეს სამსახურიდან ქალაქგარეთ გასვლა უწევდა.“

თითქმის ყველა კაცს შეუძლია, შვილს მამობა გაუწიოს, მაგრამ ეს ბავშვზე ზრუნვაში აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. მსოფლიოს გარშემო ეს ჩართულობა სხვადასხვა მიზეზით იზრდება – დაწყებული კარიერული შესაძლებლობებიდან, რომლებიც ქალს მეტ საქმესა და ანაზღაურებას აძლევს, დამთავრებული დისტანციური სამსახურების მზარდი რაოდენობით, რაც მამებს საშუალებას აძლევს, სახლიდან იმუშაონ.

კვლევის თანახმად, ეს ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვის სოციალურ, ემოციურ და გონებრივ განვითარებაზე. თუმცა, ტრადიციული საზოგადოებისთვის, კაცი, რომელიც სამსახურიდან დეკრეტს იღებს იმისათვის, რომ შვილთან მეტი დრო გაატაროს, ჯერ კიდევ უცხო ხილია.

მამა-შვილი სანდროს პატარაობის ფოტოებს ათვალიერებენ. გიორგი განათლების სამინისტროში მუშაობდა, როცა დეკრეტული შვებულება მოითხოვა – კანონის თანახმად, საჯარო სექტორი ვალდებულია, დეკრეტით სარგებლობის უფლება დედებსაც მისცეს და მამებსაც. თუმცა, კერძო სექტორში ეს კანონი ბუნდოვანია.
გიორგი ჭანტურიას შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ახლა ის „ორგანიზაციული განვითარების“ სამაგისტრო ფაკულტეტზე სწავლობს და მუშაობს კოალიციაში „განათლება ყველასთვის“, რომელიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობაზეა ორიენტირებული.
3 წლის სანდრო მამასთან, გიორგი ჭანტურიასთან ერთად სასეირნოდ მიდის. ის რომ დაიბადა, გიორგი განათლების სამინისტროში მუშაობდა, ამიტომ შვილის მოსავლელად ორთვიანი დეკრეტის აღება შეძლო.
გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას საშუალება მიეცა, შვილთან მჭიდრო ემოციური კავშირი დაემყარებინა.
სანდრო საბავშვო ბაღისაკენ მიმავალ გზაზე.
გიორგი ჭანტურიამ ორთვიანი დეკრეტი მაშინ აიღო, როცა სანდრო სამი თვის იყო. მამები, რომლებსაც მასავით სურთ შვილის აღზრდაში ჩართვა, არსებულ სტერეოტიპებს არღვევენ. თუმცა, საქართველო კვლავ რჩება ქვეყანად, სადაც ტრადიციული საზოგადოება მიიჩნევს, რომ კაცი ოჯახში პურის შემომტანია და მას შვილის აღზრდაში ჩართულობა არ მოეთხოვება.
გიორგი და სანდრო 5 წლის ფაბისთან, მათ ყავისფერ ირლანდიურ სეტერთან ერთად სეირნობენ.
გიორგის მეუღლე, მარიამ ნარმანია, პროფესიით ინტერიერის დიზაინერია და მისი საქმიანობა ხშირად მოითხოვს ქალაქგარეთ გასვლას. ოჯახი სწორედ მარიამის დიზაინით მოწყობილ სახლში ცხოვრობს.

„დედები შვილებთან ბუნებრივად ამყარებენ ემოციურ კავშირს, მამებს კი ამისათვის მუშაობა უწევთ, რაც მუდმივ ურთიერთობასა და ზრუნვას გულისხმობს,“ – აღნიშნავს ნინო ამონაშვილი, თბილისელი სოციოლოგი, რომელიც ბავშვის განვითარებაში მამის როლს იკვლევს. მისი მტკიცებით, დეკრეტული შვებულება ოჯახს კიდევ უფრო აძლიერებს და აერთიანებს, რადგან მამის სახლში ყოფნა ახალბედა დედას მნიშვნელოვნად ეხმარება ბევრი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ფაქტორის გადალახვაში.

გასათვალისწინებელია ეკონომიკური ფაქტორებიც. „დეკრეტული შვებულების არსებობა ხშირად ახდენს გავლენას ქალების დასაქმებაზე. ზოგ დამსაქმებელს სამსახურში კაცის აყვანა ურჩევნია, რადგან თუ ქალს აიყვანს, დიდი შანსია, შვილის მოსავლელად შვებულება დასჭირდეს. თუ დეკრეტულ შვებულებას კაცებიც უფრო ხშირად გამოიყენებენ, ეს გარკვეულწილად მაინც გამოასწორებს იმ უთანასწორობას, რომელიც შრომით ბაზარზე ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებობს,“ – აღნიშნავს ამონაშვილი.

სამწუხაროდ, გენდერულ სტერეოტიპებს ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ქართველები კაცს მხოლოდ დამხმარედ, ქალს კი მთავარ მომვლელ ძალად აღიქვამენ. თუმცა, სოციალური და ეკონომიკური სიტუაცია ამ დოგმებს თანდათან არღვევს და ქალისა და კაცის როლებს შორის არსებულ ზღვარს შლის. „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 2018 წლის მონაცემებით, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მხარდამჭერთა რიცხვი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იზრდება და უფრო და უფრო მეტ რესპონდენტს სწამს, რომ მშობლის პასუხისმგებლობას დედაც და მამაც თანაბრად უნდა ინაწილებდნენ. სოციოლოგების მტკიცებით, ამ ცვლილებას, დიდწილად, ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს. დიდ გავლენას ახდენს თაობათა ცვლილებაც – ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების უმეტესობა, რომელთა ასაკი 30 წელზე ნაკლებია, შვილის აღზრდაში კაცის მეტ ჩართულობას ემხრობა.

საქართველოს კერძო და საჯარო სექტორებში წესები და პირობები განსხვავებულია. საჯარო სამსახურში დასაქმებულს 550-დღიანი დეკრეტის აღება შეუძლია, საიდანაც 90 დღე ანაზღაურებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეკრეტული შვებულებით ბავშვის მეორე მშობელიც არ სარგებლობს. კანონში ხშირადაა ნახსენები ტერმინი „ბავშვზე მზრუნველი პირი“, რომელშიც მოიაზრება მამა ან ის ადამიანი, რომელიც ბავშვზე ზრუნავს, მაგალითად, მაშინ, როცა ბავშვი აყვანილია.

 

კერძო სექტორში კი შრომითი კოდექსი ხაზგასმულად მოიხსენიებს „ქალის დეკრეტსა“ და „დეკრეტულ შვებულებას“. აქ ბუნდოვანია, შეუძლია თუ არა კაცს დეკრეტული შვებულების მოთხოვნა, რაც 2 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 730 დღეს გულისხმობს. ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებს მიაჩნიათ, რომ ეს ბუნდოვანება კერძო დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, მამებს დეკრეტული შვებულების აღების უფლება შეუზღუდონ.

„საჯარო სექტორში უკეთესი პირობებია, მაგრამ ეს პირობები ყველგან თანასწორი უნდა იყოს,“ – აღნიშნავს ნუცა ქაშაკაშვილი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ადვოკატი, – „კერძო სექტორში თანამშრომლები მხოლოდ ერთჯერადად იღებენ 1000-ლარამდე თანხას (იგივე 371 დოლარს, რომელსაც მთავრობა ბიუჯეტიდან იხდის) მაშინ, როცა საჯარო სექტორი ვალდებულია, დასაქმებულებს სრული ხელფასი გადაუხადოს და დანამატების სარგებლობის საშუალებაც მისცეს.“

საქართველოს კანონმდებლობაში ბუნდოვანი და ღიად დატოვებული საკითხები კერძო დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, კაცებს დეკრეტული შვებულების აღებაზე უარი უთხრან.

2014 წელს 30 წლის შოთა კიპაროიძემ სამთვიანი დეკრეტული შვებულება აიღო იმისათვის, რომ ახალშობილ ანა მარისთან მეტი დრო გაეტარებინა. მაშინდელმა დამსაქმებელმა, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფრანგულმა ჰიპერმარკეტმა, მას სრული ხელფასი ჩაურიცხა, რაც გამონაკლისს წარმოადგენდა. „ეს დამსაქმებლის კეთილი ნება იყო. ადამიანური რესურსების განყოფილებამ დეკრეტის აღება რომ შემომთავაზა, გამიკვირდა, რადგან ამ უფლების შესახებ არაფერი ვიცოდი“, – იხსენებს კიპაროიძე, რომელმაც მეორე შვილზე დეკრეტი აღარ აიღო, რადგან მისი აზრით, ახალი დამსაქმებელი მას ამის შესაძლებლობას არ მისცემდა.

„ყველაზე მეტად ბავშვებთან თამაში მსიამოვნებს. შეუდარებელი შეგრძნებაა, როცა ხედავ, როგორ ვითარდებიან, როგორ გეკონტაქტებიან და როგორ იზრდებიან“, – ამბობს შოთა კიპაროიძე, რომელიც ორ შვილს – 3 წლის თაიასა და 5 წლის ანა მარის – ფოტოგადაღებისთვის ამზადებს.
შოთას მეუღლე, ნანიკო მღებრიშვილი, პროფესიით ჟურნალისტია. „ახალბედა დედობა მარტივი არ იყო. წარმოდგენა არ მქონდა, ბავშვისთვის როგორ უნდა მომევლო,“ – იხსენებს ნანიკო, – „შოთა ძალიან დამეხმარა. ის ყოველთვის მამხნევებდა. ერთად ვისწავლეთ, როგორ უნდა გაგვეზარდა ჩვენი შვილი.“
შოთა კიპაროიძე პროფესიით ისტორიკოსია, თუმცა, დღეს ერთ-ერთ საავტომობილო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობს. დამსაქმებლის რჩევით, შოთამ პირველი შვილის გასაზრდელად დეკრეტული შვებულება აიღო: „ადამიანური რესურსების განყოფილებამ შემომთავაზა დეკრეტის აღება. მანამდე ამ უფლებაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა.“
3 წლის თაია და 5 წლის ანა მარი მთელ დღეს მამასთან ერთად ატარებენ. კიპაროიძეების ოჯახი გაოგნებული იყო, როცა მან გამოაცხადა, რომ პირველ ქალიშვილზე ზრუნვის მიზნით დეკრეტულ შვებულებას იღებდა. მისმა ორმა ძმამ არც კი იცოდა, რომ ამისი უფლება ჰქონდათ.
„ყველა მამას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შვილების აღზრდის პროცესში ჩაერთოს,“ – ამბობს შოთა კიპაროიძე. 30 წლის მამა ამჟამად კერძო სექტორშია დასაქმებული, სადაც მამების დეკრეტული შვებულება კომპანიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ნინო ამონაშვილი ირწმუნება, რომ დამსაქმებლები გადამწყვეტ როლს ასრულებენ მამებისათვის განკუთვნილი დეკრეტული შვებულების დანერგვაში, თუმცა, სამწუხაროდ, ამ იდეას მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები ემხრობიან.

„ჩვენი აზრით, დეკრეტული შვებულება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ოჯახი, ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანია“, – გვიხსნის თეა ლეჟავა, “თიბისი ბანკის” შიდა კომუნიკაციების მენეჯერი. მისი თქმით, 2014 წელს ბანკმა დეკრეტის სრულიად განსხვავებული სქემა შეიმუშავა, რომელიც ერთნაირად ვრცელდება დედებზეც და მამებზეც: „სამ და მეტშვილიანი თანამშრმოლებისათვის განსაკუთრებული ბენეფიტები გვაქვს და მშობლებს, რომლებიც დეკრეტში გადიან, ხელფასს 6 თვის განმავლობაში სრულად ვურიცხავთ.“

დეკრეტულ შვებულებაზე არსებული სტერეოტიპული შეხედულების შეცვლა მეტ ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. პიონერი მამები ამტკიცებენ, რომ ეს საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. „ჩემ შემდეგ ბევრმა გარშემომყოფმა გაგიგო მამების დეკრეტის შესახებ,“ – იხსენებს ჭანტურია, – „შვილებზე ზრუნვა მხოლოდ დედის საქმე არ არის – მათ აღზრდაზე მამამაც უნდა იზრუნოს.“


მასკულინობა, აპრილი/მაისი 2019

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება