ნათელა
ნახვა: 2135
ენები: 

ნათელა ბახტაძეს, რომელსაც ახალგაზრდა ჭკვიანი შვილი და წარმატებული კარიერა ჰქონდა, უცაბედად მოუხდა, დაევიწყებინა ოცნებები, მიზნები და ცხოვრება შვილისთვის მიეძღვნა, რომელსაც ჰალუცინატორული პარანოიის დიაგნოზი დაუსვეს 16 წლის ასაკში.

„მეგონა, ემანსიპირებული ქალი ვიყავი, ჩემს არაჩვეულებრივ შვილთან ერთად არაფერი მქონდა სადარდებელი, როცა ერთ დღეს ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვალა,“ ამბობს ის. მეზობლებმა, ნათესავებმა, მეგობრებმა, ყველამ მიივიწყა და ახლა კი აკრიტიკებენ, რომ ‘საკმარისად არ განიცდის.’

„რა იციან მათ? ისეა, როგორც პირველ დღეს, როცა გავიგეთ მისი დიაგნოზის შესახებ. ყოველი დღე პირველი დღესავითაა ჩემთვის. ვერ იგებენ ისინი. ჩვენთან კი აღარავინ მოდის,“ დასძენს ნათელა.

ყველაფერი გამოწვევა იყო თავდაპირველად. ცოდნა - როცა არ იცი, რა ქნა, როგორ გაუმკლავდე, როგორ მოექცე თორნიკეს, რომელიც უკვე 36 წლისაა.

“გვეგონა, რომ გარდატეხის ასაკი დაიტევდა ამას და მერე ჩვეულებრივად გამოვიდოდა ამ ასაკიდან. მაგრამ გამწვავდა და გადავიდა დაავადებაში.”

 

ნათელა ახალგაზრდობის ფოტოებს გვაჩვენებს პატარა თორნიკესთან

პირველი შეცდომა ის იყო, რომ არატრადიციულ გზებს ეძებდნენ სამკურნალოდ, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში დაწოლისთვის თავი აერიდებინათ. მაშინ ეს ასათიანის კლინიკა იყო, 90-იან წლებში საშინელებათა ფილმის სცენას ჰგავდა იქაურობა, ასევე გაგრძელდა, სანამ არ დაიხურა. ოჯახურმა მკურნალობებმა გამწვავება გამოიწვია, საბოლოოდ ასათიანის კლინიკაში მოუხდათ წასვლა.

ნათელამ შვილი ვერ მიატოვა მედდებისა და საშინელი პირობების ხელში. ამიტომაც შვილთან ერთად ცხოვრობდა კლინიკაში. წლის განმავლობაში სამჯერ სამ-სამი თვით რჩებოდნენ იქ.

„ალბათ სწორი გზა რომ აგვერჩია, სხვა შედეგები გვექნებოდა,“ ფიქრობს ნათელა და იხსენებს, რომ თორნიკემ თავდაპირველად წამლის დალევაზე უარი თქვა. ისე გამწვავდა მდგომარეობა, რომ აგრესია გაუჩნდა საკუთარ თავზე, და ამ აგრესიამ აიძულა, რომ გადამხტარიყო მესამე სართულიდან.

„იცი, ეს რატომ გავაკეთე?“ მიყვება თორნიკე, როცა მის გასაცნობად სახლში მივედი, „მინდოდა, რომ ყურადღება მიმექცია, მეტი კი არაფერი.“

თუმცა ნათელა იხსენებს სხვა მცდელობებს, როდესაც ის დიდი დოზით ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა და რამდენჯერმე გადაურჩა სიკვდილს, თუმცა რეანიმაციაში დღეების გატარება მოუხდათ რამდენჯერმე.

ამის შემდეგ დედამ ეკლესიაში დაიწყო სიარული და ორივენი მეტად ჩაერთნენ რელიგიურ ცხოვრებაში, რამაც ბოლო მოუღო თვითმკვლელობის მცდელობებს და თორნიკესთვის ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი.

მესამე სართულიდან გადმოხტომას მოჰყვა ის, რომ ბინის შეცვლა მოუხდათ პირველი სართულისკენ. ამჟამად ძველ, დიდ ბინაში ცხოვრობენ ქალაქის გარეუბანში.

 

ნათელა თორნიკესთან ერთად
თორნიკეს ლექსების კრებული
თორნიკეს ოთახი

თორნიკე ბევრს ეწევა, ხანდახან სამ კოლოფზე მეტს, ნათელას კი კვამლი ეზიზღება და, თუ კარგი ამინდია, ფანჯრები ღიაა. ამის გამო კატებმა შემოპარვა დაიწყეს სახლში. თორნიკე კი ვერ ძლებდა, რომ არ ეჭმია მათთვის. შედეგად მათთან ერთად ბინაში ორი მოზრდილი კატა, ხათუნა და მაყვალა, ცხოვრობენ რომელთაც ცხრა ახალშობილი კნუტი ჰყავთ. თორნიკე არ უშვებს მათ. ნათელა კი შეეჩვია და ისე შეუყვარდა, მუდმივად განიცდის, რამე ხომ არ სჭირდებათ.

ასათიანის კლინიკაში გატარებული დღეები და წლები ბნელი და გაუსაძლისი იყო. არ უყვართ იმ დროის გახსენება. თუმცა იყო ნათელი მომენტებიც. ერთ-ერთი ექიმის ინიციატივით სადღაც სარდაფში იმართებოდა შეხვედრები მშობლებისთვის, ვისაც ფსიქიკური აშლილობის მქონე შვილები ჰყავდათ.

როგორც ნათელა იხსენებს, ეს იყო შვება. სრულიად სხვაა, როცა ექიმი ცდილობს, რამე აგიხსნას და როცა მშობლები უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას, გრძნობებს და გამოცდილებას. ძირეულად შეიცვალა ყველაფერი. ესწრებოდნენ არტ-თერაპიებს შვილებთან ერთად. უმეტესობას ნიჭი აღმოაჩნდა. თორნიკესთვის ეს იყო ლექსების წერა. ზოგიერთი ძალიან პოპულარული გახდა, როგორც გელა ჯინჭარაძე, რომელიც ხშირად მართავს ნახატების გამოფენას. თორნიკეს კი რამდენიმე კრებული დაუბეჭდეს და პრეზენტაციაც მოუწყვეს.

„ნახატები იოლად აღქმადია. მიყვარს გელას ნამუშევრები. აი,წიგნი ყველას ეზარება, რომ წაიკითხოს. შეიძლება, იმიტომ წაიკითხოს, რომ ავადმყოფია და - მოდი, ერთი ვნახო, რა დაწერა, წავიკითხავო,“ აღნიშნავს ის.

2010 წლის შემდეგ ასათიანის კლინიკა დაიხურა. პაციენტები სხვადასხვა კლინიკებში გაუშვეს. კლინიკები გარემონტდა და გახდა უფრო ძვირი, ამავდროულად პაციენტებს ერთ თვეზე მეტ ხანს არ აჩერებდნენ. რაღაცის გაკეთება იყო საჭირო. ამიტომაც მშობლები გაერთიანდნენ და შექმნეს ასოციაცია, გახდნენ აქტიურები.

„ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა ჩვნთვის კარგი იყო, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, სჭირდებოდათ ეს და ჩვენ ვწუხდით, ამ დაავადებულთა კონტიგენტში არაჩვეულებრივი ნიჭიერი ადამიანები არიან. ძალიან გული გვწყდებოდა მშობლებს, რომ აი, როგორი ნიჭიერია და რატოა ასე ავად?

 

შემდეგ ერთმა ფსიქიატრმა ძალიან კარგი შედარება გვითხრა: წარმოიდგინეთ მუსიკალური სიმფონიური ორკესტრი, სადაც ყოველი შემსრულებელი არის ვირტუოზი, მაგრამ არ ჰყავთ დირიჟორი. აქ იყო მინიშნება, რომ გამაერთიენებელი რაც აქვს ფსიქიკას და სულიერებას, ეს ნაწილია დაავადებული და ამიტომ ცალკეა აღქმა, ცალკეა მეხსიერება, ცალკეა ქცევა, ყველაფერი ცალკეა და ამას ჰქვია გახლეჩვა და შიზოფრენიაც თარგმნილია, როგორც გახლეჩვა.

დედაც და შვილიც ცდილობენ, რომ მოიძიონ მიზეზი, რამ გამოიწვია ეს დაავადება.

„იცი რა, დედა,“ უთხრა თორნიკემ, „ეშმაკმა მძლია მე. ვერ ვებრძვი, აი, ეს არის მიზეზი, რაც მჭირს.“  

ხანდახან ბრალდებები დედას ეხება, რომ ძალიან ჩაკეტილი ზრდიდა, ან კიდევ ფიქრობს, რომ წინაპრებმა ბევრი ცოდვა ჩაიდინეს და ახლა ის ისჯება.

როდესაც მშობლები გაერთიანდნენ, ჩამოყალიბდა კოალიცია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის - „მოძრაობა ცვლილებებისთვის.“ პირველი მიზანი იყო, რომ მოეთხოვათ ცალკეული სერვისის შექმნა კლინიკის გარეთ, მობილური ჯგუფი. სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ფონდებთან შეხვედრების შედეგად მათ შედეგს მიაღწიეს, მობილური ჯგუფი შეიქნმნა. ისინი მოდიან სახლში, თუ საჭიროა წამლებს უფასოდ აძლევენ პაციენტს, თუ აუცილებელია, კლინიკაში აწვენენ და სხვა პრობლემებსაც აგვარებენ.

ნათელა ამბობს, რომ ამან მისი ცხოვრება ცოტა გაამარტივა. მაგალითად, ჯგუფმა მას მეზობელთან კონფლიქტი მოუგვარა, რომელიც წლები გრძელდებოდა და ხანდახან პოლიციის ჩართვაც კი იყო საჭირო.

„მეზობელს უნდა თავისთვის ბედნიერად ცხოვრება, ოდნავ პატარა პრობლემა მის გარეთ რომ გაჩნდება, ამას ვერ ეგუება. მომიგვარეს ეს, რაც იყო ძალიან დიდი შვება.“

მობილურ ჯგუფს სამი წელი „ფონდი ღია საზოგადოება“ აფინანსებდა. ნათელას თქმით, მათ შეძლეს და თბილისის საკრებულო დააინტერესეს, რომელიც დაფინანსებას გააგრძელებს და ჯგუფი იარსებებს.

„ძალიან ხშირად არიან პაციენტები ვისაც არ ჰყავს ნათესავი, მშობელი, ექიმი არ აკითხავს და არ კითხულობს მის ამბავს. უწამლოდ დადის ასეთი პაციენტი. მერე შეიძლება, რაღაც მოხდეს და მედია იტყვის, რომ აი, იყო ასეთი ამბავი საშიში და ეს ჩაიდინა ფსიქიურად დაავადებულმა. მაგრამ დაავადებულმა, რომელიც არც წამალს სვამდა, არც პატრონი ჰყავდა და ყურადღებასაც არავინ აქცევდა. ახლა მობილური ჯგუფი სტუმრობს მათ. კოალიცია აქტიურად იბრძოდა ამისთვის. ეს ჩვენი დამსახურებაა.“


 

თორნიკე

ნათელას სახლში ვეწვიე, რომ რამდენიმე ფოტო გადამეღო და თორნიკე გამეცნო. როდესაც მივედი, ის ტელეფონზე ლაპარაკობდა. დედამისმა ამიხსნა, რომ თორნიკეს არ ჰყავს მეგობრები, ან ვინმე, რომ ელაპარაკოს. გარეთ გასვლის ეშინია, ღია სივრცის შიში აქვს და სულ სახლშია. რეკავს ხოლმე საპატრიარქოს სატელეფონო სერვისში, სადაც მას ესაუბრებიან სხვადახსვა თემაზე და საათობით ლაპარაკობს ხოლმე.

ნათელი სახლია, ძველებური ავეჯით და წიგნებით სავსე. ნათელამ კატები და ახალშობილი კნუტები გამაცნო. შემდეგ ჩაის დასალევად გავედით მისაღებ ოთახში, სადაც თორნიკე შემოგვიერთდა.

ნათელა და თორნიკე
ნათელა კატებს შეეჩვია და ვერ წარმოუდგენია მათი სახლიდან გაშვება
ახალშობილი კნუტები
ლექსი სტალინზე
ხათუნა
თორნიკე გვთანხმდება, ხათუნასთან ერთად ფოტოზე

როგორც ნათელა ხსნის, პრობლემა ისაა, რომ თორნიკე სულ ლაპარაკობს და ითხოვს, რომ მოუსმინონ. მართლაც რამდენიმე საათი, რაც მასთან დრო გავატარე, განვიხილეთ უამრავი თემა, როგორიც არის ასტროლოგია - როგორც აღმოჩნდა, ცხენისა და ცხვრის ნიშნები იტაცებს; რელიგია, ამბები, რას და როგორ ასწავლის მოძღვარი, როგორ უნდა მოიქცეს; ისტორია - ნათელა ამაყად ამბობს, რომ თორნიკეს დეტალებში ახსოვს საქართველოს ისტორია ომების დონეზე.

ოთახში სტალინის ფოტო შევნიშნე, ასევე ლექსი, რომელიც მისთვის აქვს მიძღვნილი. როცა ვკითხე, აღმოჩნდა, რომ მის პაპას ომი ჰქონდა გამოვლილი და როგორც ჩანს, დიდი გავლენა ჰქონდა შვილიშვილზე, რომელსაც საბჭოთა კავშირზე და იმ დროინდელ ვითარებაზე ბევრს უყვებოდა.  

„მაგრამ, დედა, ბოლო დროს ძალიან მიჭირს, დავიბენი, ვეღარ ვიცავ სტალინს. ხალხი მეუბნება, რომ მან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დახოცა. მართლა უდანაშაულონი იყვნენ ისინი? ისე დავიბენი.“

შემდეგ თანამედროვე პოლიტიკა განვიხილეთ. როგორც ჩანს, ბარაკ ობამა მოსწონს, თუმცა ვერაფრით ახასიათებს პუტინს. „არ წამიკითხავს ბევრი მასზე. უცნაური კაცია.“

ნათელა თორნიკესთვის თითქმის ერთადერთი ადამიანია საკონტაქტოდ. ყოველთვის უსმენს და ერთად განიხილავენ სხვადასხვა თემას, თუმცა ხანდახან თემები მომაბეზრებლად ერთი ხდება, მაგალითად, როგორიცაა ცხენები და ცხვრები ასტროლოგიიდან ან კიდევ საქართველოს ისტორიის დეტალები.

„არ ვიცი, რა ვუყო ჩემ თავს,“ მიხსნის ნათელა, „ზოგი ექიმი, სასულიერო პირები მეუბნებიან, რომ არ უნდა ვუსმინო, რადგანაც ცუდად გამხდის, მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე. მე ვთვლი, რომ ეს იმ კატეგორიას ეხება, ვისაც ბოდვები აქვს და ვის ლაპარაკშიც აზრი არ არის, მაგრამ თორნიკე ძალიან საინტერესოდ საუბრობს. ხანდახან მინდა ხოლმე, რომ მისი ლაპარაკი ჩავიწერო. მაგრამ თუ ბოდვაში გადასდის ლაპარაკი, მერე აღარ მომწონს ეს.“

თორნიკე მეუბნება, რომ დედა ძალიან უყვარს, მაგრამ მოსწონს, როცა აკონტროლებს. ვკითხე, რატომ, მან კი მიპასუხა, რომ უნდა, დედაც მასავით ფიქრობდეს, უფრო ჩართული რომ იყოს მის სამყაროში.

„დედა, ეგ ძალადობაა უკვე,“ თბილად უთხრა ნათელამ და გაუღიმა.

მისი ლექსების კრებული მაჩუქა.

„ხანდახან ვფიქრობ, რომ აი, დაჯდება ახლა, ლექსს დაწერს, ცოტას დავისვენებ, მაგრამ არა. ერთ წამში წერს ლექსს,“ იცინის ნათელა.  

მართლაც, ვთხოვე, რომ კრებულზე წარწერა გაეკეთებინა, მან კი კრებულის ბოლო გვერდზე ოთხსტროფიანი ლექსი მომიძღვნა, რომელიც რამდენიმე წუთში დაწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების გადაღების წინააღმდეგია, დავითანხმე, რომ დედასთან ერთად ფოტო გადაეღო და შემდეგ კიდევ ერთხელ მის საყვარელ ფისო, ხათუნასთან, გადავიღეთ ფოტო.

ნათელას დავპირდი, რომ ფოტოებს გავუგზავნიდი, თორნიკემ კი გარეთ გამომაცილა. ერთად დავუცადეთ, ჩემი ავტობუსი როდის მოვიდოდა. წასვლისას კი მთხოვა, რომ კიდე მივსულიყავი, რადგანაც უყვარს სტუმრები და უყვარს, როცა ვინსმესთან შეუძლია ლაპარაკი.

 

დედების ტრეინინგი

მომავალი

ჩვენ მუდმივად ვერ ვიქნებით ჩვენ შვილებთან, ყველა გავდივართ წუთისოფლიდან. გვინდა, რომ ჩვენ შემდეგ რაღაც იყოს, ისეთი სერვისი დარჩეს, რომელიც შეიფარებს ამ ჩვენ შვილებს, ჩვენ პაციენტებს, ჩვენი ოჯახის წევრებს, საერთო ტიპის საცხოვრებელში,“ მიხსნის ნათელა.

მე და ის საოჯახო ტიპის საცხოვრებელს ვეწვიეთ თბილისში, რომელიც „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ მხარდაჭერით გაჩნდა. აქ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონები და ბიჭები ცხოვრობენ. ასეთი სახლები სულ ახალი პრაქტიკაა და ახლა ჩნდებიან ქვეყანაში.  

 

ნათელას და სხვა მშობლების ოცნება და უკვე ამოცანაა, რომ ასეთი სახლები ფსიქიკური აშლილობის ბენეფიციარებსთვისაც გაჩნდეს. სწორედ ეს არის კოალიციის ახალი გეგმა და ისინი აქტიურად ჩაერთვნენ კამპანიაში.

კიდევ ერთი მიზანია, რომ ხალხში მხარდაჭერა გაიზარდოს, რადგანაც საზოგადოება ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს არასწორად აღიქვამს. ხანდახან ეშინიათ, ან უბრაზდებიან კიდეც, როგორც მაგალითად თორნიკეს, რომელსაც მეზობლებთან კონფლიქტი მოუვიდა, ისინი კი მასთან ავიდნენ ყვირილით და გინებით.

ნათელა, რომელმაც ბიოკიბერნეტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და კვლევით ინსტიტუში მუშაობდა წლები, სამოქალაქო აქტივისტი გახდა და იბრძვის უკეთესი მომავლისთვის თავისი შვილისთვის, რომელსაც ყველაფერი შეწირა.

„მე და ჩემი შვილი მარტონი ვრჩებით დღემდე. ეს უნდა დამთავრდეს,“ ამბობს ის.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება