ომმა სქესი არ იცის: ქალები სამხედრო სამსახურში
განაცხადი
ნახვა: 2639
ენები: 

ნანა ცხადაძესთვის ომი უცხო არ არის. 44 წლის სერჟანტი ერაყში სამხედრო ექიმად მსახურობდა. 2008 წლის ომში კი, ცხინვალში ფრონტის წინა ხაზზე დაჭრილ სამხედროებს დახმარებას უწევდა.

გამოცდილების მიუხედავად, ბევრი ქართველისთვის ცხადაძის სამხედრო მოღვაწეობა ქალისთვის შეუფერებელი საქმეა.

საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების თანახმად, მშობლები კვლავ ეუბნებიან საკუთარ ვაჟებს, რომ ისინი, როგორც კაცები ძლიერები და მამაცები უნდა იყვნენ, ხოლო გოგოები - კეთილები და მზრუნველნი.

თუმცა, ნანა ცხადაძის მსგავსად, ქალების მცირე ნაწილი ამ შეხედულებებს არ იზიარებს.

ცხადაძეს ბავშვობაში სამხედრო კარიერაზე არასდროს უოცნებია. სოფელ სვირში საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ მხოლოდ ექიმობაზე ოცნებობდა.

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 5 წლის განმავლობაში კათედრაზე მუშაობდა. საბოლოოდ კი ძმისა და ბიძაშვილების კვლას გაჰყვა და სამხედრო სამსახურში დაიწყო მსახური.

თავდაპირველად, კოჯრის დანიშნულების ბრიგადაში, სამედიცინო პუნქტში აფთიაქის უფროსი იყო. შემდეგ 6 წლის განმავლობაში ბატალიონის ექიმის მოვალეობას ასრულებდა. მოგვიანებით სამშვიდობო მისიით ერაყში გაემგზავრა. 2008 წელს კი ცხინვალში, რუსეთ-საქართველოს ომის ფრონტზე გაგზავნეს.

ომში წასვლის წინ, როგორც თავას ამბობს, საკუთარ კაც კოლეგებზე მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა.

"როდესაც გვითხრეს, რომ ომი დაიწყო, გზაში გავიაზრე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ისიც გაანალიზებული მქონდა, რომ ქალი ვიყავი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა. ომში ყველაფერია მოსალოდნელი და შეიძლებოდა, ტყვედაც ჩავვარდნილიყავი.” ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნა „სამარცხვინო” იქნებოდა, როგორც მისი ოჯახისთვის, ასევე მისი ქვეყნისთვის.

ომში წასულ ექიმს, სხვა სამხედროებისგან განსხვავებით მშობლებისთვის საკუთარი ადგილმდებარეობის დამალვა მოუწია, რადგან იცოდა, რომ ისინი ინერვიულებდნენ. ოჯახი ფიქრობდა, რომ ნანა თბილისში ღუდუშაურის საავადმყოფოში მუშაობდა, მაშინ როდესაც იგი ომის წინა ხაზზე იყო გაწვეული.

სერჟანტი ცხადაძე ერთ-ერთ სამხედროს უმუშავებს ხელს.
მაიორი მანანა ქურდაძე და სერჟანტი ნანა ცხადაძე აგვისტოს ომში გარდაცვლილ კოლეგას, სამედიცინო სამსახურის უმცროს ლეიტენატ ზურაბ ბეგიაშვილს იხსენებენ. ქურდაძე და ცხადაძე 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ.
ვაზიანი, IV მექანიზებული ბრიგადა. სამხედრო ექიმებს აგვისტოს ომის გახსენება ემოციის გარეშე უჭირთ.
ნანა ცხადაძე კარიერის დასაწყისში სამოქალაქო ექიმი იყო, მოგვიანებით კი სამხედრო ექიმი გახდა, როგორც მისი ძმა და ბიძაშვილი. იგი სხვა სამხედრო ქალებთან ერთად გენდერულ სტერეოტიპებს უპირისპირდება.

ათი წლის შემდეგ, ისევ კარგად ახსოვს დაბომბვის ხმები, თუ როგორ გაყავდა დაჭრილები და როგორ მიიწევდნენ ექიმები ფრონტის წინა ხაზზე. მალე ისინიც სამხედრო შეტაკებაში აღმოჩნდნენ.

„სამედიცინო სამსახური ქვედანაყოფს უკან მივყვებოდით, სულ ოთხნი ვიყავით - ორი კაცი და ორი ქალი. ჩასაფრების მოგერიება გზაშივე დაგვჭირდა, მიტოვებული სახლიდან ცეცხლი გაგვიხსნეს, იარაღი მწყობრში მოვიყვანეთ და ჩვენ სამხედროებს დავეხმარეთ,” - ამბობს იგი. 

ვითარება განსაკუთრებით მაშინ დამძიმდა, როდესაც საქმეში რუსული საჰაერო ძალები ჩაერთნენ.

"ქალაქში ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა, ყველანაირი იარაღიდან ისროდნენ. დაჭრილებამდე უსაფრთხოდ რომ მივსულიყავით, ტყვიების ქარცეცხლში ბიჭები უსაფრთხოებას გვიკეთებდნენ. უკან დაბრუნებისას უკვე ჩვენც მოგვიწია იარაღის ხელში აღება და ასე ვუკეთებდით კორიდორს დაჭრილების გამოსაყვანად.” ცხადაძე ამბობს, რომ კაცები გამხნევდნენ, როდესაც ქალები ომის წინა ხაზზე დაინახეს. 

სამხედრო შეტაკებიდან გაცლას ცდილობდა, როდესაც ფიჭვნარში აფეთქების ხმა გაიგო და მოესმა, რომ ექიმებს დასახმარებლად ეძახდნენ. ცხადაძემ სამედიცინო ჩანთა აიღო და ტყეში შევიდა.

„ჯარისკაცი იყო დაჭრილი, ბარძაყის მოტეხილობა ჰქონდა. სისხლდენა შევუჩერე, დავიძახე საკაცე მოიტანეთ-მეთქი და ამ დროს ცა ნარინჯისფრად განათდა. წამოსულმა ტალღამ შემატორტმანა, ვხედავდი, როგორ ავარდნენ ჯარისკაცები ჰაერში, შემდეგ მეც გადავვარდი.”

როდესაც ყველაფერი დამთავრდა და ექიმი გამოერკვა, მის გარშემო დაღუპული ადამიანების სხეულის  ნაწილები იყო. 

„ვინც ჩემს გარშემო იყო, ყველანი დაიღუპნენ. ვფიქრობდი, ტყვედ არ ჩავვარდნილიყავი და იარაღს დავუწყე ძებნა. მხარს ვეღარ ვგრძნობდი, ვფიქრობდი, რომ იქედან ვერ გავაღწევდი.”

ამასობაში ქართველი სამხედროები გამოჩნდნენ მის დასახმარებლად. „ეს კოშმარული კადრები ყველაზე მძაფრად დამრჩა მეხსიერებაში" - იხსენებს ცხადაძე. ექიმი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვა დაჭრილ სამხედროებთან ერთად. როგორც თავად ამბობს, შიში მხოლოდ მაშინ იგრძნო.

„მძიმე ტრავმა მივიღე, ახლაც მტკივა და მაწუხებს, მაგრამ ამ ფიზიკურ ტკივილზე უფრო ძლიერი სულიერი ტკივილია. არასდროს დამავიწყდება ის, რაც ვნახე. მაგრამ, რადგან გადავრჩი, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გავაგრძელო. ერთი წლის შემდეგ სამკურნალო შვებულება შევწყვიტე, ფორმა ჩავიცვი და ისევ ჩემს ჯარისკაცებს და ჩემს ქვეყანას დავუბრუნდი.”

ჭრილობის ტრავმა ახლაც აწუხებს და ხანდახან ღამეც ეღვიძება. დილით კი ადრე უნდა ადგეს, რათა როგორც თავად ამბობს, „ქვეყანას ემსახუროს”.

53 წლის მაიორი და ექიმი მანანა ქურდაძე უკვე 22 წელია, საქართველოს იცავს. ჯარისკაცები მას „ბრიგადის დედას” უწოდებენ. სამხედროები მას ხშირად უზიარებენ საკუთარ პრობლემებს. ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ჯარისკაცებზე ზრუნვაა.
მანანა ქურდაძეს მიაჩნია, რომ სამხედრო სამსხურს სულიერი სიძლიერე მოაქვს.
ვაზიანის სამხედრო ბაზა. მაიორი მანანა ქურდაძე წნევას უზომავს ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს.
მაიორი მანანა ქურდაძე ჯარისკაცებთან ერთად ლეიტენატ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის ლაზარეთის შესასვლელთან. ბეგიაშვილი 2008 წლის ომში დაიღუპა.
მანანა ქურდაძეს მალე სამხედრო სამსახურს დატოვებს და პენსიაში გავა. სამხედრო სამსახურის გარეშე მას ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

53 წლის მაიორი და ექიმი მანანა ქურდაძე უკვე 22 წელია, საქართველოს იცავს. ჯარისკაცები მას „ბრიგადის დედას” უწოდებენ. სამხედროები მას ხშირად უზიარებენ საკუთარ პრობლემებს. ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ჯარისკაცებზე ზრუნვაა.

„როდესაც ხარ ექიმი ძალიან დიდი პასუხიმგებლობა გაქვს, მაგრამ გაცილებით საპასუხისმგებლო და პრიორიტეტულია იყო მშვიდობის სადარაჯოზე. ემსახურო ჯარისკაცს, ემსახურო მშვიდობას, ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მადლობელი ვარ უფლის იმისთვის, რომ ვარ იმ სამსახურში, სადაც შემიძლია, დავეხმარო სამხედრო მოსამსახურეს.”

სერჟანტ ცხადაძის მსგავასად აგვისტოს ომის გახსენება ემოციის გარეშე უჭირს მაიორ ქურდაძესაც.

"როდესაც საჰაერო დაბომბვა ხდებოდა, მე და ჩემი მეგობრები ყოველ წამს ველოდებოდით, რომ ჩვენს თავს უბედურება მოხდებოდა. ხომ ამბობენ, ცხოვრებამ თვალწინ გაირბინაო, არაფერს არ გაურბენია, უბრალოდ უფალს ვთხოვდი, რომ სასწაული მომხდარიყო და ყველა ცოცხალი დაბრუნებულიყო ოჯახში.”

„როდესაც შენი თვალით ხედავ საბრძოლო მოქმედებების დროს როგორ იღუპება ადამიანი, ამ დროს სიცოცხლესაც უფრო მეტი ფასი აქვს, სიყვარულსაც მეტი ფასი აქვს და მეგობრობასაც. მახსოვს როდესაც დავბრუნდით ყველას ვეხუტებოდი და ვკოცნიდი",- იხსენებს მანანა ქურდაძე. 

აგვისტოს ომში ყველაზე მტკინვეულად საკუთარი შვილის დაჭრის ამბავი ახსენდება.

ქურდაძეს, რომელსაც ორი შვილი ჰყავს სჯერა, რომ დედებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ მშვიდობის შენარჩუნებაში.

"ქალი ექიმი, ქალი მედდა - ამ პროფესიის პარალელურად კი ხარ დედა. დედა ყოველთვის მშვიდობასათან ასოცირდება. შეიძლება, შვილები არ გყავდეს მაგრამ დედობრივი და მზრუნველობითი ინსტიქტი ყველა ქალში დევს. როდესაც ქალი ხარ სამხედრო სამსახურში, შენ არ ხარ პასუხისმგებელი მხოლოდ შენი შვილების და ოჯახის მიმართ, შენ პასუხისმგებლობა გეკისრება თითოეულ სამხედრო მოსამსახურეზე. ვთვლი, რომ მეტი ქალი მოსამსახურე უნდა იყო სამხედრო სამსახურში”.

დღეს ქურდაძე ახალი გამოწვევის წინაშე დგას. მას მალე სამხედრო სამსახურის გარეშე მოუწევს ცხოვრება.

"53 წლის ვარ და 2 წელში სამხედრო სამსახურიდან წავალ, ხშირად ვფიქრობ იმაზე, რა იქნება ამის შემდეგ. 6 საათი რომ დადგება და არ უნდა მივდე სამსახურში, რომ ვერ ვნახავ ჩემს ჯარისკაცებს, ჩემს გოგოებს. არ ვიცი, როგორ გადავიტან ამას"- ამბობს იგი.

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება