პანკისელი ბიბლიოთეკარი
ნახვა: 4486
ენები: 

ნანა მუთოშვილის დღე მცენარეების მორწყვით იწყება. 16 წლის მანძილზე ამ თავის   ჩუმ, რეგულარულ რიტუალს არ ღალატობს. ვაზები პანკისის ხეობის ერთადერთი ბიბლიოთეკის ფანჯრის რაფებზე ალაგია. ეს სოფელი ჯოყოლოა, პანკისის ხეობის ექვსი სოფლიდან ერთ-ერთი, აღმოსავლეთ საქართველოში. მებრძოლ ხალხთა მიწაზე ნატაშა, როგორც მას ეძახიან, “წიგნის მცველია” - ის დიდი ხანია იბრძვის იმისათვის, რომ მისი პატარა ბიბლიოთეკა გადარჩეს.

 

 

 

 

ნატაშას ხელფასი 145 ლარია (55$) იმისათვის, რომ პანკისის ერთადერთ ბიბლიოთეკაში, სოფელ ჯოყოლოში წიგნებს მოუაროს. აქ უამრავი სხვადასხვა ტიპის წიგნია, ძირითადად ქართულ და რუსულ ენებზე, რომანები, დეტექტივები, ენციკლოპედიები, საბავშვო წიგნები.
ბიბლიოთეკა სოფლის საბჭოს მეორე სართულზეა განთავსებული. საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ორგანოა, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ახმეტის 11 თემის საკრებულოდან ერთ-ერთი.

“ჩვენ ქისტები ვართ, საქართველოსი დაბადებულები და გაზრდილები. ქართველებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი დები და ძმები არიან, ერთად ვმუშაობთ”, - ამბობს ნატაშა. ის ახლა 45 წლისაა და ბოლო 16 წელი ბიბლიოთეკაში მუშაობს.

2012 წელს თბილისის ადგილობრივმა მმართველობამ ბიბლიოთეკათა სისტემის ბიუჯეტი შეასწორა და ხეობაში არსებული ყველა ბიბლიოთეკა დახურა. ნატაშა უსამსახუროდ დარჩა. მისი თვიური შემოსავალი ძალიან დაბალია და 145 ლარს შეადგენს (55$), რომელიც მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო. თუმცა ამის გარდა, ნატაშას არ უნდოდა ხეობას წიგნები დაეკარგა. ნატაშა არ დანებდა. მან წერილი მისწერა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და ითხოვა ნებართვა, რათა გაეხსნა ბიბლიოთეკა, ამჯერად ქვეყნის ბიბლიოთეკის სისტემის ქვეშ. მისმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო, ჯოყოლოში ბიბლიოთეკა კვლავ გაიხსნა და ახალი წიგნები, კომპიუტერი და ფოტოასლების აპარატი მიიღო საჩუქრად.

ნატაშა ბედნიერია, მაგრამ მისი ცხოვრება საკმაოდ რთულია. ქისტების კულტურა მასკულინურია, ქალებისგან მოლოდინი სახლში ყოფნა და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობაა, ნატაშას კი ბიბლიოთეკაში მუშაობა სურს.

 

რადიციულად, ქისტი ქალები პატარაობიდანვე ატარებენ თავშალს. ეს თავმდაბლობის მაჩვენებელია. თავშალი სრულად არ ფარავს მათ თმას.
საუკუნეების მანძილზე, პანკისში სუფისტური ისლამი დომინირებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ფაიზარდა უფრო რადიკალური, სალაფიტური ისლამის მხარდამჭერთა რიცხვი. განსხვავება საკმაოდ საგრძნობია, მაგალითად, ქალებისთვის სქელი, შავი კაბები და ჰიჯაბი ქისტებისთვის არ არის ტრადიციული სამოსი.

ქისტები პანკისის მაცხოვრებელთა უმრავლესობას შეადგენენ 13 000 სულით. ისინი ჩეჩნებისა და ინგუშების შთამომავლები არიან, რომლებიც სისხლისღვრას გაექცნენ და ნაყოფიერი მიწის ძიებაში 10-კილომეტრიან ხეობაში დასახლდნენ 1800-იანი წლების ბოლოს. 1990-იანი წლების ბოლოს მათი რაოდენობა გაიზარდა, რადგან უამრავი ადამიანი გამოექცა ჩეჩნეთის სამოქალაქო ომს და თავი საქართველოს შეაფარა. თუმცა მაშინ, როდესაც ჩეჩნეთი რუსეთს ებრძოდა, უამრავმა ქისტმა გადაკვეთა საზღვარი ჩეჩნების დასახმარებლად. ქისტები სუფისტური ისლამის მიმდევრები არიან, თუმცა ომის შემდეგ დარჩენილმა ბევრმა ჩეჩენმა ისლამის უფრო რადიკალური მიმდინარეობა, ვაჰაბიზმი დანერგა, რითიც ქისტებს გარკვეული პრობლემებიც შეექმნათ.

 

ჯოყოლოში გოგონები და ბიჭები სკოლაში ერთად სწავლობენ და კლასგარეშე კურსებსაც ესწრებიან. მიუხედავად მკაცრი ადათისა, ამ შერეულ კლასებში ვაჰაბიტი ოჯახების შვილებსაც შეხვდებით.

ჯოყოლოს თემის საბჭოს შენობაში განთავსებული ბიბლიოთეკა არამხოლოდ ნატაშასთვის, არამედ ხეობის ახალგაზრდობისთვისაც მნიშვნელოვან ადგილად იქცა.

“აქ, ახალ გზასთან ახლოს, საჯარო სკოლაა და მოსწავლეები მოდიან წიგნებისათვის. ბაღში 300 ასლი სჭირდებათ სამეცადინოდ, ამისთვისაც აქ მოდიან და ახლა კარტრიჯი გამითავდა. მაგრამ ოღონდ ისწავლონ ახალგაზრდებმა, ეს არ არის პრობლემა.”

 

ვაჰაბიტი მამაკაცები წვერს ატარებენ, ქართულად ლაპარაკობენ და მართლმადიდებელ ქართველებთან ურთიერთობასაც ინარჩუნებენ. თუმცა პანკისში ისლამის წესს უფრო მკაცრად მისდევენ. ისლამის ამ უფრო კონსერვატულმა ინტერპრეტაციამ ქისტებს შორისაც გამოიწვია დაძაბულობა.

განათლება ისევ პრობლემად რჩება. როცა ვაჰაბიზმი ფეხს იკიდებს, ბავშვები სკოლაში დადიან, მაგრამ ეკრძალებათ, მაგალითად, მუსიკის დაკვრა. ამას მათ მშობლები, ნათესავები ან უფრო ფართო წრე უკრძალავთ.

“ასევე უნდოდათ სიგარეტისა და ალკოჰოლის აკრძალვა ქისტებს შორის, მაგრამ უხუცესთა საბჭომ თქვა, რომ ეს ჩეჩნეთი არ არის, ამიტომ ვაჰაბიტები აქაურ წესებს უნდა დაემორჩილონ”, - ამბობს ნატაშა.

უხუცესთა საბჭო მოხუცი მამაკაცების არაფორმალური ჯგუფია. მათ დიდი პატივისცემა აქვთ და ხეობაში კონფლიქტების გადაჭრას, შუამდგომლობასა და სამართლის აღდგენას ცდილობენ.

ქისტი ქალები ჯოყოლოს საბავშვო ბაღში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბაჰაბიტი ქალებისგან განსხვავებით, უფრო გახსნილები არიან, ზოგი მათგანი კამერის წინ გამოჩენაზე მაინც უარს აცხადებს.

ასევე, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ყველა მეჩეთში ქალებისთვის ცალკე სალოცავია გამოყოფილი, აქ, ჯოყოლოში ქალები ძირითადად სახლში ლოცულობენ. “ჩვენ მამაკაცებს დიდ პატივს ვცემთ”,  - ამბობს ნატაშა.

 

მეჩეთი ჯოყოლოში ტიპურ ქართულ სოფლის სახლს წააგავს. მხოლოდ სახურავი და ფანჯრები მიგვანიშნებენ მის სულიერ დანიშნულებას.

თუმცა მამაკაცები იგივე პატივისცემას არ იჩენენ. აქ პატარძლის მოტაცება ისევ მიღებული მოვლენაა.

ის ფაქტი, რომ კაცს შეუძლია გადაწყვიტოს ქალის მოტაცება და ქორწინების იძულება, ნატაშასთვის შოკისმომგვრელია. ის თვითონაც მოიტაცეს 15 წლის ასაკში.

“ჩემი ქმარი ბევრს სვამდა. საშინელებაა, როცა არ გაქვს სხვა არჩევანი, გარდა ბედს შეგუებისა”, - იხსენებს ნატაშა, -”უკან თუ დაბრუნდები, ეს სირცხვილია, ხალხი დაიწყებს შენზე ჭორაობას. ქალები ამისგან ძალიან უბედურები არიან აქ.”

თუმცა ნატაშას ეს არ ანაღვლებდა. მას გოგონა და ვაჟი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის შემდეგ ქმარს გაეყარა და მეორედ აღარ დაქორწინებულა.



ბიჭებს შეუძლიათ ქუჩაში გაერთონ, თუმცა გოგონა გარეთ ძირითადად მაშინ გადის, თუ სადმე უნდა წავიდეს. ახალგაზრდა გოგონებს აღარ იტაცებენ, თუმცა მშობლებს მათი სახლიდან გაშვება მაინც ეშინიათ.

ათეულობით არასრულწლოვან გოგონას აიძულებენ, რომ გათხოვდნენ და ოჯახი შექმნან, მოტაცების შედეგად. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, 18 წლამდე ქორწინება არალეგალურია. 2015 წლამდე, 16-18 წლის თინეიჯერს ქორწინება მშობლის ნებართვით შეეძლო, თუმცა ახლა კანონი სასამართლოს ოფიციალურ ნებართვას ითხოვს. ეს ცვლილება იმის გამო შევიდა, რომ ნაადრევი ქორწინება, ხშირ შემთხვევაში, სწორედ მშობლების იძულებით ხდება.  

“ზოგი დაშორდა, ზოგს შეუყვარდა ერთმანეთი, ზოგი კი ისევ იტანჯება,” - აღნიშნავს ნატაშა. აქ ისეთი ოჯახებიც არის, ვინც სირიაში მეომარ კაცებს დაჰპირდა, რომ საკუთარ ქალიშვილს გადასცემდა.

“ერთ დედას ვკითხე: “ნუთუ გული არ გაქვს, შვილს რომ ასე შორს უშვებ, კაცთან, რომელიც არასოდეს უნახავს?” მაგრამ ისინი არიან მშობლები და მათ წინააღმდეგ ვერავინ წავა. ჩემი შვილი რომ ასე წაეყვანათ, ყველას მოვკლავდი, თუნდაც ციხეში გამეტარებინა დარჩენილი დღეები.”

კანონის მიუხედავად, მოტაცებები ისევ ხდება. ნატაშას მუდამ ეშინოდა, რომ მის ქალიშვილს მოიტაცებდნენ, ამიტომ სულ თან დაჰყვებოდა. თუმცა ამან მაინც ვერ უშველა, ის მაინც მოიტაცეს. ამ დროისთვის, მისი ქალიშვილი ბედნიერია ქორწინებაში.

ნატაშას უყვარს, როცა თავისი შვილი ტრადიციულ ფოლკლორულ სიმღერებს მღერის. თავადაც მღეროდა და ცეკვავდა ქისტების ანსამბლში. მუსიკისადმი ვაჰაბიტების აგრესიულმა დამოკიდებულებამაც არ შეუშალა ხელი ცეკვასა და სიმღერაში. თუმცა როცა დადგა არჩევანის წინაშე, ემღერა თუ ემუშავა, კითხვა არ გასჩენია - მან წიგნები არჩია.

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება