ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი საკუთარი მემკვიდრეობის შესახებ
განაცხადი
ნახვა: 2314
ენები: 

დამოუკიდებლობის 27 წლის მანძილზე, საქართველოს მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ქალი თავდაცვის მინისტრი - თინა ხიდაშელი.

თანამდებობაზე ყოფნისას, მისი გატარებული რეფორმების შედეგად,  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფრო ღია ინსტიტუცია გახდა. ქალი თავდაცვის მინისტრი, მნიშვნელოვანი სიახლე  იყო ქართული პოლიტიკისთვის, სადაც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ. დღეს საქართველოში 11 მინისტრიდან მხოლოდ სამია ქალი. ხოლო უსაფრთხოების სექტორში  ძალიან ცოტა ქალი ლიდერია.

ხიდაშელი ამბობს, რომ შეეცადა მისი მინისტრობის 15 თვე ეფექტურად გამოეყენებინა, რათა თავდაცვის სამინისტროს კარი მომავალი ქალი ლიდერისთვის გაღებულიყო.  

სამხედრო სექტორში ქალთა უფლებების მხარდაჭერა მისი თავდაპირველი მიზანი არ ყოფილა. თინა ხიდაშელი, რომელიც ცნობილი იურისტია თანამდებობაზე დანიშვნისას გენდერზე აქცენტს არ აკეთებდა.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ მის გარდა ყველა სწორედ მის გენდერულ იდენტობას უსვამდა ხაზს.

საზოგადოების დამოკიდებულება ქალი თავდაცვის მინისტრისადმი ძალიან მალე გახდა ნათელი. 2015 წლის 11 მაისს, ხიდაშელი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ღირსეული პარტნიორი წვრთნების რეპეტიცია მიმდინარეობდა. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომ მისი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მინისტრს სამხედრო მოსასხამი მხოლოდ მხრებზე აქვს მოხურული.

ხიდაშელი იხსენებს, რომ სამხედრო ქურთუკი  ცუდი ამინდის გამო მოიხურა. თუმცა, მინისტრის გადაწყვეტილებამ, სამოქალაქო პირივით ჩაეცვა  სამხედრო ფორმა მოქალაქეების ნაწილი აღაშფოთა. სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ მინისტრი სამხედრო ფორმას არასერიოზულად მოეპყრო.

ნეგატიური გამოხმაურების გამო თავდაცვის სამინისტრომ ფოტო წაშალა.

ამ შემთხვევის შემდეგ, საჯარო განხილვები მინისტრის ჩაცმულობის და მისი სამკაულების შესახებ არ ჩაცხრა. სწორედ მაშინ მიხვდა ხიდაშელი, რომ სქესი მის ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, დიდ როლს თამაშობდა.

დღეს, რამდენიმე წლის შემდეგ, ვაზიანის ბაზაზე  მომხდარ ინციდენტს მის რეფორმატორის როლს უკავშირებს.

გაუცნობიერებელი საქციელი - მოსასხამის მხრებზე მოგდება - ტრადიციულად დახურული ინსტიტუციის საზოგადოებისთვის გახსნის სურვილზე მიანიშნებდა

„თუკი ისე ჩავიცვამდი ქურთუკს, როგორც სამხედროებს აცვიათ და მედლებსაც დავიკიდებდი, ალბათ უფრო სასაცილო იქნებოდა,” - ამბობს იგი.

მოსასხამის ასე ტარება მიანიშნებდა, რომ იგი არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო პირია - „უფრო ღია და გამჭვირვალე”.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში. მან ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროგრამებს გაეცნო. ახალციხე, 5 ივნისი, 2015 წელი.
თავდაცვის სამინისტრო
თინა ხიდაშელი სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის დროს. ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი 2015-2016 წლებში იყო.
თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ეროვნულ სასწავლო ცენტრის „კრწანისი“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინაუგურაციაზე. 27 აგვისტო, 2015 წელი.
თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და ნატოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს NATO-ს წევრობის შესაძლებლობებსა და 2016 წლის ვარშავის სამიტისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებს განიხილავენ. 27 აგვისტო, 2015 წელი.
თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის ჩაკეტილი უწყება იყო, რომელიც ზოგიერთი ხელმძღვანელის პირობებში  დაღუპული სამხედროების დედებისთვისაც კი დახურულ უწყებად იქცა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ შეძლო და თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებისა და მედიისთვის  უფრო ღია ინსტიტუციად გარდაქმნა.

თანამდებობაზე ყოფნისას, მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი თავდაცვის სფეროში უფრო მეტი ქალის ჩართვა იყო. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დანიშნა მის მოადგილედ ანა დოლიძე.

„მე ქალი თავდაცვის მინისტრი ვიყავი და უსაფრთხოების სექტორში ქალთა ჩართულობა ძალიან დაბალია. ეს კი რეალობას არ ასახავს“ - აღნიშნავს ხიდაშელი და იხსენებს, რომ სანამ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, მხოლოდ ერთი ქალი პოლკოვნიკი იყო საქართველოში.

„ჯარის მიმზიდველობა იმაშია, რომ ყველაფერი გაწერილი და დაგეგმილია. თუკი რამდენიმე წელი სამხედრო სამსახურში მსახურობ და განათლებას იღებ, გარკვეული დროის შემდეგ კონკრეტულ სამხედრო წოდებას იმსახურებ. სისტემა ქალების დამსახურებას ამ სფეროში არ ხედავდა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ და დავაფასეთ ეს.”

ანა დოლიძემ შეიმუშავა  სპეციალური პროგრამა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალგაზრდა ქალებისთვის. 2016 წელს საქართველო იყო პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც ახალგაზრდა ქალების ნაკადი მიიღო.

ხიდაშელის თქმით, მან ასევე შეძლო სამხედრო სექტორით დაეენტერესებინა საქართველოში მცხოვრები უმცირესობები, მათ შორის მუსლიმები.

მინისტრობის პერიოდში თინა ხიდაშელი პანკისის ხეობაში ჩავიდა. პანკისის ხეობა, მუსლიმებით დასახლებული ადგილია, რომელიც ისლამის რადიკალურ ფორმებთან ასოცირდება.  

პანკისის ხეობაში მცხოვრები ადამიანები ხშირად საუბრობენ რომ, სახელმწიფო რეგიონს მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს. იმ ხმების გამო, კი რაც რამდენიმე პირის სირიაში საბრძოლველად წასვლას უკავშირდება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხეობაში რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს.  

ხიდაშელი ამბობს, რომ მისი მიზანი ადგილობრივების ნდობის მოპოვება და  მათი სამხედრო სამსახურით დაინტერესება იყო.

ხიდაშელის თქმით, ჯარი, რომელიც მას დახვდა „ქართველი ქრისტიანების  ერთობა” იყო, რაც ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას არ ასახავს. მისი მინისტრობისას ცვლილებები შევიდა სამხედრო დისციპლინარულ კოდექსში და მუსლიმებს სამხედრო სამსახურში წვერის ტარების უფლება მიეცათ. ასევე, მოეწყო სპეციალური სალოცავი ადგილები და სამხედრო კვების რაციონში გაითვალისწინეს მუსლიმი სამხედროების კვების სპეციფიკა.

„ეს არსად ეწერა, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ მათი ადგილი ჯარში არ იყო” - იხსენებს ხიდაშელი და ამბობს, რომ ამის შეცვლა სურდა.

“ქართული ჯარის წარმოჩენა გვინდოდა და ასევე იმის ახსნაც, რომ ეს არის ჯარი მათი უსაფრთხოებისთის და არა მათ წინააღმდეგ”.

გატარებული ცვლილებების შედეგად, იმავე წელს 37 პანკისელმა გამოთქვა სამხედრო სამსახურში მსახურების სურვილი და თავდაცვის სამინისტროს მიმართა.

თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა ამ ხეობის ინტეგრაციისთვის - “ეს ადამიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ ქვეყანას ისინი სჭირდება”.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ სამხედრო სფერო სწორედ ამ პრინციპით უნდა მუშაობდეს და ამგვარად ცდილობდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თუმცა, შიშობს, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას დავიწყებული აქვს ეს მოვალეობა. უფრო მეტიც, ხელისუფლების წევრები ფიქრობენ, რომ საქართველოს არ აქვს ეთნიკური კონფლიქტები და მხოლოდ პოლიტიკური კონფლიქტი აქვს რუსეთთან.

„ჩვენ ეთნიკური კონფლიქტი გვაქვს და [პრემიერ-მინისტრ მამუკა] ბახტაძეს თუ ჰგონია, რომ აფხაზი და ოსი დედები სხედან  და ქართულ დროშებს კერავენ, ის ცდება” - ამბობს იგი.

„ხვალ რუსებმა რომ დატოვონ საქართველოს ტერიტორია, ჩვენ ამ კონფლიქტს მოვაგვარებთ, მაგრამ ეს რთული იქნება. ძალიან ბევრი დათმობა, ბევრი კონსენსუსუის ძიება მოგვიწევს ოსებთან და აფხაზებთან .”

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელისა და პოლკოვნიკ გრიგოლ ჭელიძის შეხვედრა. გრიგოლ ჭელიძე „კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის" მეთაურად 2015 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა.
თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გამოსვლა ქართულ-ამერიკული წვრთნების „ღირსეული პარტნიორი" ცერემონიის დახურვის დროს. 24 მაისი, 2015 წელი.
თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეხვედრა სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც სამხედრო ოპერაციების დროს დაიჭრნენ. მინისტრმა შესთავაზა ახალი ინიციატივა, რომელიც დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების პირობებს გააუმჯობესებდა. 2016 წელი.
თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ქართულ-ამერიკული წვრთნების „ღირსეული პარტნიორი" გახსნის ცერემონიალზე. 11 მაისი, 2015 წელი.
თავდაცვის სამინისტრო
ამჟამად თინა ხიდაშელი უსაფრთხოების საკითხებზე წერს და ლექციებს კითხულობს პრაღაში.
ფოტო: მარი ნიკურაძე

ხიდაშელი ფიქრობს, რომ კონფლიქტის მოგვარების მხრივ საქართველოს ყველაზე დიდი პროგრესი ცხინვალთან 2008 წლამდე ჰქონდა. იგი მიიჩნევს, რომ მაშინ ადამიანურ დონეზე კონფლიქტი მოგვარებული იყო და მხოლოდ პოლიტიკური საკიითხი რჩებოდა გადასაწყვეტი.

„ეს სწორი პოლიტიკის შედეგი იყო. ოსი ჯავაში ავად თუ გახდებოდა  ვლადიკავკასზე არ ფიქრობდა, ფიქრობდა გორის საავადმყოფოზე, ან სწავლა თუ უნდოდა, გორის ან თბილისის უნივერსიტეტებში სწავლობდა, არ მიდიოდა რუსეთში. ძალიან ახლოს ვიყავით კვანძის გახსნასთან,” - ამბობს ხიდაშელი.

მისი თქმით ამჟამინდელი ხელისუფლება მთლიანად კონცენტრირდა კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტზე და ადამიანები დაივიწყა.

„როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი [2012-2015 წლებში] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ომი  გვქონდა, რადგან ისინი [აფხაზების და ოსების] დოკუმენტებს არ აღიარებდნენ. ეწინააღმდეგებოდნენ ყველა დოკუმენტის აღიარებას, რომელიც სოხუმში გაიცემოდა,” - ამობს იგი.

„ჩვენ მათ ვეკითხებოდით, სად წავიდნენ ეს ადამიანები? როგორ უნდა იცხოვრონ მათ? რა მოხდება თუკი მათ თბილისში სურთ დაქორწინება, მაგრამ ამას ვერ გააკეთებენ, რადგან სამართლებრივად  არ არსებობენ?!”

დღესდღეობით ხიდაშელი პრაღაში ცხოვრობს, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე ლექციებს კითხულობს  და წიგნებს წერს. საკუთარი მინისტრობის პერიოდს წარამტებულად მიიჩნევს და არ უკვირს, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ნაკლებად პოპულარულია.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის წევრიც იყო ხიდაშელი, ავღანეთის სამხედრო საარჩევნო უბანზე 1,249 ხმიდან, მხოლოდ შვიდი აიღო.

ხიდაშელის თქმით ისინი გაბრაზებულები იყვნენ, სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების გამო, - ინიციატივა, რომელიც მისი მინისტრობის შემდეგ ახალმა მინისტრმა შეწყვიტა.

„ისინი ძალიან მძაფრად აღიქვამენ ამ საკითხს. მე მათ არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის მათი.” 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება