ფოკა
ნახვა: 7683
ენები: 

ფოკას წმინდა ნინოს დედათა მონასტერში, რომელიც სამცხე-ჯავახეთში 1992 წელს გაიხსნა, იღუმენია ელისაბედის წინამძღოლობით ხუთი მონაზონი და ერთი მორჩილი ცხოვრობს. დედები აქ ევროპული ყაიდის ქართულ ყველს, თაფლს, შოკოლადს და სხვა პროდუქტებს ამზადებენ. მონაზვნები ასევე  მუშაობენ ტიხრულ მინანქარსა და მოზაიკაზე.

 

ფოკას წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ცხოვრების პირველ ათ წელს დედები არსებობას უწოდებენ. 1988 წელს ჯავახეთში მოგზაურობისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოფელში მე-11 საუკუნის ბაზილიკის გვერდით სახლი შეიძინა. 1992 წელს მონასტრის  წინამძღვარი, იღუმენია ელისაბედი, ორ მორჩილთან ერთად ფოკაში ჩავიდა და პატრიარქის სახლში სამონასტრო ცხოვრება იქ უნებართვოდ შესახლებულ სომეხ ოჯახთან ერთად, ფარდით გადატიხრულ სივრცეში დაიწყო.

 

2001 წლიდან მონასტერი გაფართოვდა, წარმოების მრავალფეროვანი პროცესი გააქტიურდა და განვითარდა. მონასტრის მეურნეობის წამყვანი დარგი ყველის წარმოებაა.

 

დედები ევროპული ტექნოლოგიით  თექვსმეტი სახეობის ყველს აწარმოებენ. თავიდან ქართულ ყველს ამზადებდნენ. მკაცრი ზამთრის და ჩაკეტილი გზების გამო მონასტერს პროდუქტის რეალიზაცია უჭირდა და ყველი ხშირად ფუჭდებოდა. დედები დაინტერესდნენ რეგიონში შემორჩენილი ცისფერი ყველის კულტურით,   რომელიც აქ მე-18 საუკუნეში მოღვაწე მისიონერმა კათოლიკე მონაზვნება შემოიტანეს. ასეთი ყველი რაც უფრო ძველია, მით უფრო ძვირფასია. დედა რაქილი და დედა შუშანიკი ცისფერი ყველის დამზადების ტექნოლოგიის უკეთ გასაცნობად საფრანგეთის ერთ-ერთი მონასტერს ეწვივნენ. დაბრუნებულებმა კიდევ მრავალი ექსპერიმენტის და კვლევის შემდეგ ხუთი წლის წინ პატარა ფაბრიკაში მრავალფეროვანი სახეობის ყველის წარმოება დაიწყეს.

 

ყველის დეგუსტციისათვის მონასტერში ადგილობრივი ხილით არტიზანული ჯემების წარმოება დაიწყეს. დედები ორმოცამდე დასახელების ჯემს ამზადებენ. დეგუსტაციისთვის მონასტერში თაფლიც აქვთ. ფუტკარს დედა სიდონია უვლის.

 

მონასტერში რამდენიმე სახეობის შოკოლადსაც ამზადებენ. პროდუქციის შეძენა მონასტრის ეზოში, პატარა მაღაზიაშიცაა შესაძლებელი.

 

ფოკას დედათა მონასტრის ეზოში წმინდა ნინოს სახელობის მეთერთმეტე საუკუნის ბაზილიკა დგას. მიტოვებული და დანგრეული  ტაძარი 2000 წელს აღდგა და ახლა უკვე ფუნქციონირებს. ბაზილიკა დედების მიერ დამზადებული მინანქრისა და მოზაიკის ნაკეთობებითაა მორთული. 2002 წლიდან ფოკაში მინანქრის კეთება დაიწყეს.

 

ადგილობრივ მოსახლეობასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის და სიახლოვისთვის მონასტერში გაკეთდა სკოლა. სამოცამდე ბავშვი ქართულ და ინგლისურ ენებს უსასყიდლოდ სწავლობენ. სკოლის გახსნის შემდეგ ბევრი მოსწავლე ქართულ ენაზე იღებს უმაღლეს განათლებას.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება