ქალები პანკისიდან ჰესის წინააღმდეგ
განაცხადი
ნახვა: 996
ენები: 

პანკისის ხეობაში ჰესის ხადორი 3 მშენებლობის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩატარდა.

ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ჰესი, რომლის აშენებაც მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე იგეგმება, რეგიონისთვის და მისი მოსახლეობისთვის ზიანის მომტანი იქნება. მას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა ექნება გარემოზე და ტურიზმის განვითარებას შეუშლის ხელს. 

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი ქვეყანაში ერთადერთი არ არის, თუმცა პანკისის ხეობისთვის მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ის დემონსტრაციაზე მეტია, რადგან საზოგადოებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე, კერძოდ კი,  ქალის წამყვან როლზე მიანიშნებს.

უხუცეს კაცთა საბჭო, რომელიც პანკისის ხეობაში ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია, საპროტესტო აქციებს აღარ ესწრება და ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლებს მხარს აღარ უჭერს.

საპასუხოდ, მამაკაცების გარკვეულმა რაოდენობამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ცალკე საბჭო ჩამოაყალიბა, ხოლო უხუცეს ქალთა საბჭომ, ჰესის მოწინააღმდეგეებს მხარი დაუჭირა.

უხუცეს ქალთა საბჭომ პირველად საკუთარი პოზიცია მედია პლატფორმასთან Chai Khana დააფიქსირა.

ჰესის წინააღმდეგ პროტესტი უხუცეს ქალთა საბჭოს მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. აღნიშნული ორგანიზაცია პანკისის ხეობაში ახალი შექმნილია და იგი რეგიონში ქალთა უფლებებს იცავს. 

უმეტესწილად მუსლიმებით დასახლებული პანკისის ხეობა აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაზე, ჩეჩნეთის საზღვართან მდებარეობს.

პანკისის კონსერვატიული საზოგადოებისა და ადგილობირივი წეს-ჩვეულებების მიხედვით, ქალებსა და კაცებს განსხვავებული ფუნქციები და უფლებები აქვთ.

უხუცეს ქალთა საბჭომ, რომელიც 2011 წელს შეიქმნა, ქალების შესახებ არსებული  ტრადიციული წარმოდგენები შეცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ხეობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებებად მამაკაცები ითვლებიან, უხუცესქალთა საბჭომ მოახერხა და წარმატებით შეცვალა ადგილობრივი წეს-ჩვეულებები. შედეგად, ქალებს შესაძლებლობა მიეცათ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გამოხატონ საკუთარი პოზიცია მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება