ქართველი გოთები: „ჩვენ სატანისტები არ ვართ”
განაცხადი
ნახვა: 7832
ენები: 

სანდრო გოგობერიშვილს თბილისის ქუჩებში სეირნობისას უმეტესწილად აკვირდებიან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი შეურაცხყოფას აყენებენ. საქართველოში მის ფერმკრთალ სახეს, შავ ტუჩსაცხსა და მუქი ფერის ფრჩხილის ლაქს სატანისტისთვის დამახასიათებელ ნიშნებად აღიქვავენ.

„ხალხს უბრალოდ არ ესმის, რომ გოთებს სატანიზმთან არაფერი არ აქვთ საერთო”, - აღნიშნავს 25 წლის ხელოვნების სტუდენტი, რომელიც გოთური ცხოვრების სტილს თინეიჯერობის ასაკიდან მიყვება. „ჩვენი ესთეტიკა და ფილოსოფია ხელს არ უშლის არავის რელიგიურობაში. მე თავად მორწმუნე ვარ, უბრალოდ ეკლესიაში არ დავდივარ.”

გოგობერიშვილი, როკ-ჯგუფის Killer Manson სოლისტია. იგი ქართველი გოთების იმ მცირე ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, რომელშიც 20-მდე ადამიანია გაერთიანებული. ისევე როგორც ყველგან, საქართველოშიც გოთების გარეგნობა  ნეგატიურ რეაქციას იწვევს.

 „ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ სატანისტი ვარ, ჩემი გარეგნობის გამო...” - ამბობს გოგობერიშვილი. „ხალხს ჩვენი არ ესმის. ეს პრობლემაა. ხშირად სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ კონფლიქტშიც გადაზრდილა. ეს ყველაფერი რთულია.”

სანდრო გოგობერიშვილის ფსევდონიმია მენსონი, ამერიკელი მძიმე მეტალისტის მერილინ მენსონის საპატივცემულოდ.
გოგობერიშვილი 2018 წელს გადაცემაში X-ფაქტორი მონაწილეობდა. მისი გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში გოთების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების გაქარწყლება და ამ სუბკულტურის წარმოჩენა იყო. ჯგუფი პროექტის ფინალამდე ვერ მივიდა, მაგრამ გოგობერიშვილის თქმით მათ მაყურებლისგან დადებითი შეფასება მიიღეს.
გოთებისთვის დამახასიათებელია დეტალებით გადატვირთული ბეჭდები. გოგობერიშვილის თქმით, მისი ინტერესი მისტიციზმის მიმართ ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ გოთი გამხდარიყო.
სანდრო „მენსონ” გოგობერიშვილის მიერ გადაღებული ქართველი გოთის ფოტო.
გოთური ნიღაბი და ჯვარი სანდროს ოთახში.
ჯგუფის Killer Manson კონცერტის პლაკატი. გოგობერიშვილთან ერთად ფოტოზე მევიოლინე თეონა კვირჭიშვილია. დანარჩენი ორი გოგო ჯგუფის წევრები აღარ არიან. Killer Manson-ის გარდა, არსებობს მეორე ქართული გოთური მუსიკალური ჯგუფი Lilla Land-ი.

გოთური სუბკულტურა ინგლისში, გვიანდელ 1970-იანებში შეიქმნა, ჯგუფის Bauhaus ფანებს შორის. Bauhaus პირველი როკ-ჯგუფი იყო, რომელსაც გოთური უწოდეს სიმღერის ტექსტის, მძიმე მეტალისა და ვოკალის გამო. თუმცა გოთების ცხოვრება მუსიკაზე უფრო მეტია.

ქართველ გოთებს მე-19 საუკუნის გოთიკური ლიტერატურა და შუასაუკუნეების ისტორია იზიდავთ. 23 წლის გოთი, სახელად ტოშა მოტისი ჯგუფის წევრებს ასე ახასიათებს: „ადამიანები, რომლებიც საკუთარ მელანქოლიურ და ბნელ შინაგან სამყაროს, ერთგვარ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას საზოგადოების მიმართ, ჩაცმის სტილით გამოხატავენ, რაც თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა, ისევე როგორც ხელოვნება და მუსიკა”.

თუმა, ზოგიერთის აზრით გამოხატვის ფორმასაც გარკვეული საზღვრები აქვს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი და სოციოლოგი თინათინ ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქათველოში ტრადიციული საზოგადოება „ეწინააღმდეგება იმას, რაც მათ არ იციან და მათთვის მშობლიური არ არის. არ მოსწონთ ისინი, ვინც რადიკალურად განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან”.

სწორედ ამ მიზეზით, თბილისში 2016 წელს, მძიმე მეტალის ფესტივალი პროტესტით ჩაშალეს. 2018 წლის აპრილს კი ჯგუფის Rotting Christ წევრები, რომლებიც თბილისში კონცერტის ჩატარებას აპირებდნენ, დააკავეს. ჯგუფის წევრები აღნიშნავდნენ, რომ მათი დაკავების მიზეზი იყო ეჭვი, რომლის თანახმადაც ისინი სატანისტები ან ტერორისტები იყვნენ. საბოლოოდ ჯგუფის ორივე წევრი გაანთავისუფლეს.

ანკი ძველი ეგვიპრუტი სიცოცხლის სიმბოლოა. გოთები ანკს ვამპირებთან და მათ უკვდავებასთან აკავშირებენ.
Creator Bar-ში გოთები აღნიშნავენ 2018 წლის გოთების მსოფლიო დღეს, რომელიც 22 მაისს აღინიშნება.
გოთების მსოფლიო დღეს თბილისში ბევრი ხალხი არ ესწრება, თუმცა გოთები ამბობენ, რომ წლებთან ერთად წვეულებაზე დამსწრეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
ქართველი გოთები ამბობენ, რომ გოთების მსოფლიო დღის აღნიშვნა ხელს უწყობს გოთური სუბკულტურის ცნობადობას და ეხმარება სხვებს გაიგონ თუ რას ნიშნავს იგი.
Lilla design-ის მაისურები Creator Bar-ში გოთების მსოფლიო დღეს იყიდებოდა
გოთების მსოფლო დღეს კონცერტი ორმა გოთურმა ჯგუფმა ჩაატარა.
სანდრო გოგობერიშვილი და თეონა კვრიჭიშვილი ჯგუფის Killer Manson კონცერტის დროს.

როგორც მძიმე მეტალისტების, ასევე გოთების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა დასავლეთ ევროპაში, სადაც გოთების მუსიკალური ფესტივალი რეგულარულად ტარდება. ბრიტანელი სოციოლოგი  პოლ ჰოდკინსონი, ავტორი წიგნისა გოთები: იდენტობა, სტილი და სუბკულტურა ამბობს, რომ გოთები ხშირად ხდებიან აგრესიის მსხვერპლნი. 

28 წლის მთარგმნელი, გოთი ნანა ბერუაშვილი, რომელმაც განათლება გერმანიაში მიიღო აღნიშნავს, რომ  გოთებთან მიმართებაში საქართველოსა და დასავლეთ ევროპას შორის არსებობს განსხვავება. დასავლეთ ევროპაში

სტერეოტიპული დამოკიდებულება გამოიხატება უფრო მეტად გოთების გარეგნობისადმი და არა მათი რელიგიურობისადმი ყურადღების გამახვილებით.

„იქ ხალხი გეკითხება: ყოველთვის შავი გაცვია? მზიან დღეს გარეთ არ გადიხარ? ხოლო საქართველოში შეკითხვის ფორმა რელიგიური ხასიათისაა, გოთური სტილი კი სატანიზმთან ასოცირდება.

„სატანისტი ხარ?”, „კატებს კლავ სასაფლაოზე?”, „რატომ გაქვს ეს სიმბოლო ყელზე?”, ან „ეს სატანური სიმბოლოა!”. ასეთი კითხვები და კომენტარები ხშირია, - აღნიშნავს გოგობერიშვილი.

ქართველი გოთების მცირე ჯგუფი კატეგორიულად უარყოფს იმ აზრს, რომ გოთები სატანისტები არიან.

„სხვათაშორის, სატანიზმიც რელიგიაა და მისი მიმდევრები არ აღიარებენ სხვა ზეციურ ძალას. სატანა მათთვის თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფერს კი არაფერი აქვს საერთო გოთებთან“ - ამბობს ბერუაშვილი.

თუმცა ერთ-ერთი გოთი აღნიშნავს, რომ ქართველების დამოკიდებულება გოთების მიმართ შეიცვალა.

„ხალხი ნაკლებად მაქცევს ყურადღებას,” - ამბობს მორტისი. „ძირითადად ყურადღებას მაქცევენ კაცები ან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც სხვა საქმე არ აქვთ და არა კონსერვატორი ან რელიგიური ხალხი”.

ჯგუფის Killer Manson ვიოლინისტი თეონა კვრიჭიშვილი ქრისტიანადაა მონათლული. იგი ამბობს, რომ გოთად ყოფნა ცხოვრების სტილია.

„ეს სუბკულტურა ჩემშია. იგი ჩემს ხასიათში ზის,” - ამბობს კვრიჭიშვილი, რომელიც მუსიკის მასწავლებლად მუშაობს. „ეს სტილი ჩემი მშობლებისთვის ძალიან უცნაური და უცხო იყო, მაგრამ საბოლოოდ შეეგუვნენ”.

„რელიგიური არ ვარ, მაგრამ რელიგია, როგორც საკვლევი საგანი მაინტერესებს”.
გოთები ხშირად ატარებენ აქსესუარებს, რომელზეც გამოსახულია ჩონჩხი, ან ღამურა. ასეთი აქსესუარები ხშირად სატანისტური ჰგონიათ მათ ვინც გოთურ კულტურას არ იცნობს.
23 წლის სტუდენტი, ტოშა მორტისი ამბობს, რომ ხალხის დაყოფა სტატუსების მიხედვით არ უყვარს, თუმცა საკუთრ თავს გოთს უწოდებს.
თეონა კვრიჭიშვილი ვიოლინოს მასწავლებელია. მისი თქმით მელანქოლიურმა ხასიათმა, მისტიციზმის, მარტოობისა და ამერიკელი პოეტის ედგარ ალან პოს სიყვარულმა გაუღვივა გოთური სუბკულტურის მიმართ ინტერესი.
„ადრე ვჩხუბობდი, თუკი ვინმე ჩემს გარეგნობაზე რაიმეს იტყოდა, ახლა აღარ მაინტერესებს.”
თეონა კვრიჭიშვილი თავის ოთახში. კედელზე ჩამოკიდებული სხვადასხვა ნივთები, ვიოლინო და ედგარ ალან პოს ფოტო მის იდენტობას ასახავს.
„ეს სუბკულტურა შენი ნაწილია. ეს ასე გრძელდება, რომ იზრდები მაშინაც. თუკი შეიცვლები და ინტერესს დაკარგავ, ე.ი. იგი არასდროს ყოფილა შენი”, -ამბობს ნანა ბერუაშვილი.
ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება