რას ნიშნავს იყო კაცი სამხრეთ კავკასიაში?
განაცხადი
ნახვა: 1109
ენები: 

შესავლის ავტორი გაი ედმუნდსი

კურატორი: მონიკა ელენა

 

ამ შეკითხვაზე ბევრი კაცის პასუხი ტრადიციულია: სიმამაცე და მტკიცე ხასიათი, დამოუკიდებლობა და თვითკონტროლის უნარი. კაცობა ნიშნავს ერთგულებას, პატრიოტიზმსა და ძალას – შინაგანსაც და ფიზიკურსაც. რეგიონში, რომელიც სხვადასხვა დროს რუსებს, ოსმალებს, სპარსებსა და სხვა იმპერიებს ეომებოდა, კაცის როლი ბრძოლას, მამულის დაცვასა და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვას უკავშირდება.

ახლო წარსულში ეს შეხედულებები კიდევ უფრო გაამყარა მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომებმა. რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტი კვლავაც მიმდინარეობს, თუმცა მამაკაცთა უმეტესობას ბრძოლა აღარ უწევს, რადგან დაპირსპირება ერთ ადგილასაა გაყინული. სამაგიეროდ, ბრძოლამ შინაურ პირობებში გადაინაცვლა – იქ, სადაც ცხოვრების ტრადიციულ სტილს ურბანიზაცია, მიგრაცია, ტექნოლოგიები და საბაზრო ეკონომიკის გამოწვევები ებრძვის. საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გარდატეხასთან ერთად, იცვლება შეხედულებებიც მასკულინობისა და კაცის როლის შესახებ.

ზოგისთვის ეს პროცესი დასანანია, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი ტოვებს პატარა დასახლებას და დიდ ქალაქში საცხოვრებლად გადადის, მით უფრო მეტად ეკარგება ძალა კაცურ სიტყვას; სანაცვლოდ, ძველი სტანდარტები იცვლება და კაცობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი ფული ხდება. ზოგი შვებას რელიგიაში პოულობს, რომელიც, ამ დიდი ცვლილებების ფონზე, გენდერულ როლებს კვლავ ტრადიციულად ანაწილებს და ამ ფაქტის ქალზე გავლენას უგულებელყოფს.

და მაინც, არსებობენ კაცები, რომლებიც თანამედროვე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს შვებისმომგვრელად აღიქვამენ. ზოგი მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნეში ბიზნესის კომპლექსური საკითხები მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა იმართებოდეს. ზოგი კი თანამედროვე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებებს სხვადასხვა კულტურის შესასწავლად და საკუთარი გზის ასარჩევად იყენებს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გენდერული როლების გადაფასებასა და საკუთარი იდენტობის განსხვავებული კუთხით აღმოჩენასაც გულისხმობდეს. ეს იმედისმომცემია ქალთა უფლებების დამცველებისთვის. ჩნდება შეკითხვები: რადგან მეტი ქალი ითავსებს ოჯახის მარჩენალის როლს, იქნებ, კაცებმა სახლში შეიტანონ მეტი წვლილი? ან, იქნებ, დეკრეტული შვებულება კაცებმაც გამოიყენონ? – ამ საკითხებზე მსჯელობა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება.

და მაინც, თანამედროვე სამყარო დაუნდობელია. არასტაბილური დასაქმება, უმუშევრობა და სიღარიბე განსაკუთრებულად აწუხებთ კაცებს, რომლებიც საკუთარ როლს ოჯახის უფროსობაში ხედავენ. იმედისმომცემი არც ის მთავრობაა, რომელსაც რეგიონში კორუფციისა და ნეპოტიზმის გავრცელებაში ადანაშაულებენ. კაცები, რომლებსაც ასწავლიან, რომ სისუსტე არასოდეს უნდა გამოამჟღავნონ, სასოწარკვეთას სხვა ფორმებით გამოხატავენ და ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკზე დამოკიდებულები ხდებიან; უკიდურეს შემთხვევაში, ისინი თვითმკვლელობამდეც მიდიან; ხშირად კი აგრესიას ოჯახში ავლენენ, რის გამოც რეგიონში ოჯახური ძალადობის საგანგაშო მაჩვენებელია.

აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ კაცებისა და ქალებისათვის მასკულინობის არსი თანაბრად მნიშვნელოვანია.

 

 

სომხეთი

 

არტაკ გევორგიანი, 47 წლის, იუველირი (დილიჯანი)


კაცობა სიმტკიცესა და მიზანდასახულობაში გამოიხატება. თუმცა, ეს თვისებები ქალებსაც ახასიათებთ.

მასკულინობა ნიშნავს, დაისახო მიზნები და ყველაფერი გააკეთო მათ მისაღწევად. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, ჩემმა შვილებმა თავიანთ მიზნებს მიაღწიონ. კაცობაა ისიც, რომ შეძლო და დარჩე ძლიერი. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. გული მწყდება, რომ ჩემი და ჩემი ძმის გაზრდასა და შვილიშვილებს ვერ მოესწრო.

ყველაზე მნიშვნელოვანია, კაცს ოჯახის დაცვა შეეძლოს – ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ტოლფასია. მე, ჩემი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობ, შვილებს სწორი განათლება მივცე, რომ კარგ ადამიანებად გაიზარდონ.

 

გევორგ კასი (გევორგ ღუკასიანი), 22 წლის, ფსიქოლოგი და მსახიობი (გიუმრი)


 

ისეთ პატრიარქალურ და კონსერვატორულ ქვეყანაში, როგორიც სომხეთია, საზოგადოებაში უამრავი სტერეოტიპი არსებობს – კაცი ძლიერია, სიმკაცრეს სპეციფიკურ ქმედებებში ავლენს და რთული გადაწყვეტილებების მიღებისას სიმტკიცეს ინარჩუნებს. ეს ხელოვნური და, ჩემი აზრით, სულელური დოგმები და პასუხისმგებლობები კაცებში დაბადებიდან ინერგება. შედეგად, კაცი, როგორც კულტურული და ცივილიზებული ქმნილება, ცხოვრებისგან სიამოვნებას ვერ იღებს, საკუთარ თავს ბოლომდე ვერ გამოხატავს და თავისუფლად ვერ სუნთქავს. კაცებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ასწავლიან, როგორები უნდა იყვნენ, რის გამოც ავიწყდებათ, როგორები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.

სულ ეს არის. არ მგონია, კაცობაში რამე განსაკუთრებული იყოს. ყოველთვის ვიბრძოდი გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ და ამ ბრძოლას ახლაც განვაგრძობ.

ტიგრან ასკარიანი, 26 წლის, ფიტნესის ინსტრუქტორი (აბოვიანი)


ჩემი აზრით, /მასკულინობა პირდაპირ ოჯახს უკავშირდება. ბავშვობაში მამა ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო, დღეს კი თავად ვარ საკუთარი თავის მისაბაძი მაგალითი. ეს შეიძლება ცოტა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ იმას ვამბობ, რასაც ვგრძნობ.

ზრდასრული და შემდგარი კაცი არის ის, ვისაც ჰყავს ოჯახი და ამ ოჯახის ბედნიერებაზე ზრუნავს. კაცი თავისი სიტყვის ერთგული უნდა იყოს და მუდმივად უნდა მუშაობდეს საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. მაგალითად, არ უნდა გეშინოდეს უნივერსიტეტში ჩაბარების მხოლოდ იმიტომ, რომ 40 წლის ხარ. სომეხი კაცების უმეტესობა საკუთარ თავს ოჯახის რჩენას უძღვნის და ცოლს მუშაობის უფლებას არ აძლევს. მგონი, ეს მათ დაბალ თვითშეფასებაზე უფრო მეტყველებს, ვიდრე კაცობაზე. და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ძლიერია – ბევრ კაცს, უბრალოდ, არ უნდა, რომ გვერდით შემდგარი პიროვნება ჰყავდეს. სწორედ ამიტომაა, რომ ძლიერი ქალები ხშირად მარტოები რჩებიან.

ანდრონის ღარიბიანი, 31 წლის, ექიმი-სექსოლოგი (ერევანი)


რა არის მასკულინობა? რთული შეკითხვაა. მასკულინობას არ აქვს ზოგადი განმარტება. ეს არის ბავშვობიდან ჩაპროგრამებული ინფორმაცია. ჩემთვის, მაგალითად, მასკულინობა შრომისმოყვარეობასთან, მიზანდასახულობასა და ფიზიკურ ძალასთან ასოცირდება. რთულ სიტუაციებში ქალები კაცებს ეყრდნობიან და, რასაკვირველია, შესაძლოა, პირიქითაც ხდებოდეს. სომხეთის რეალობაში, კაცის როლი უმნიშვნელოვანესია. რადიკალი ფემინისტები, ალბათ, ყველაფერში შემეწინააღმდეგებიან, რასაც ვიტყვი, და იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ მათ გარეშე სამყარო ვერ გადარჩებოდა. დაე, ასე იფიქრონ, მაგრამ მე მგონია, რომ ღუმელში ცეცხლის ასანთებად შეშის დაჭრაა საჭირო და ეს კაცმა უნდა გააკეთოს, რადგან ის ფიზიკურად უფრო ძლიერია. ამასთანავე, მასკულინობა და ფემინურობა არანაირ კავშირში არ არის ადამიანის სექსუალურ ორიენტაციასთან. შესაძლოა, ჰომოსექსუალიც ძალიან მასკულინური იყოს, ან ჰეტეროსექსუალს არ ჰქონდეს კაცისთვის დამახასიათებელი ტიპური თვისებები.

ნარეკ მკრტჩიანი, 22 წლის, მსახიობი და სტუდენტი ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში


კაცობის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია, მაგრამ ზუსტ განმარტებას ვერ იპოვი. მე, მაგალითად, კონსერვატორი ვარ და ვფიქრობ, რომ თუ კაცს ქალი მოსწონს, მასთან შეხვედრაზე ნებართვა მამამისს უნდა სთხოვოს. ჩემი აზრით, ყველა სომეხი კაცი ასე უნდა იქცეოდეს.

ზოგადად, კაცი ოჯახის უფროსი და ლიდერია, კაცობის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი კი ერთგულებაა. მე, პირადად, ძალიან ეჭვიანი ვარ და ასეთები არიან სხვა სომეხი კაცებიც. ვერ ვიტყვი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა.

2016 წელს არცახში, მთიან ყარაბაღში, აპრილის ომში ვიბრძოდი. მაშინ მხოლოდ 19 წლის ვიყავი და ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. უეცრად გავიზარდე. უფრო ფრთხილი და დისტანციური გავხდი, მაგრამ – უფრო ჰუმანურიც.

აზერბაიჯანი

 

ფარჰად რზაევი, 31 წლის, ციფრული მარკეტინგის ექსპერტი (ბაქო)


დღეს კაცობა ოჯახის, საქმისა და მეგობრების მიმართ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს გულისხმობს. კაცობაა, როცა შეგიძლია, შენს მორალურ პრინციპებს არ უღალატო არც მაშინ, როცა კარგად ხარ და არც მაშინ, როცა გიჭირს, რათა საყვარელ ადამიანებს შენი მხარდაჭერა ყოველთვის აგრძნობინო.

საღი აზრის შენარჩუნება ძნელია, როცა უწყვეტი კომუნიკაციის სამყაროში ბევრ არასაჭირო ინფორმაციას იღებ. სტრესულ სიტუაციებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, შესაძლოა რეალობის აღქმა დაკარგო და ტყუილი მოლოდინები, პრინციპები, მეგობრები და მტრები გაგიჩნდეს.

ომარ გასიმოვი, 57 წლის, ანტიკური ნივთების გამყიდველი (თბილისი)


 

გადაბეიში დავიბადე, 1962 წელს. აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ მაქვს რუსული პასპორტი, სომხური მართვის მოწმობა და ქართული სამხედრო ბარათი. ამჟამად, საქმის გამო, თბილისში ვცხოვრობ. 

კაცობა ნიშნავს, იყო კაცი და ეს არ გულისხმობდეს იმას, რომ ყველაფერთან გამკლავება შეგიძლია. უბრალოდ, შენსას უნდა ეცადო. ასე იქცევი ომშიც. მთიანი ყარაბაღის მოვლენების დროს ფიზულიში ვიყავი. ეს არის ქალაქი, რომელიც სომხეთთან ბრძოლაში 1993 წლის აგვისტოში დამარცხდა. ომში სიკვდილის სუნს გრძნობ და შენ, როგორც მებრძოლს, სულიერი სიმტკიცე მოგეთხოვება. სწორედ სიმტკიცეში გამოიხატება კაცობა – თუ დამუხრუჭების დროს ფეხი აგიკანკალდება, მანქანას ვერ გააჩერებ; საჭეს მაგრად თუ არ ჩაეჭიდები, მის გაკონტროლებას ვერ შეძლებ.

კაცის დამარცხება არაფერს შეუძლია, გარდა ქალისა! ხალხი ამბობს, რომ ქალები სუსტები არიანო, მაგრამ, ჩემი აზრით, ქალები ყველაზე ძლიერი არსებები არიან.

ფარჰად რზაევი, 31 წლის, ციფრული მარკეტინგის ექსპერტი (ბაქო)


დღეს კაცობა ოჯახის, საქმისა და მეგობრების მიმართ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს გულისხმობს. კაცობაა, როცა შეგიძლია, შენს მორალურ პრინციპებს არ უღალატო არც მაშინ, როცა კარგად ხარ და არც მაშინ, როცა გიჭირს, რათა საყვარელ ადამიანებს შენი მხარდაჭერა ყოველთვის აგრძნობინო.

 საღი აზრის შენარჩუნება ძნელია, როცა უწყვეტი კომუნიკაციის სამყაროში ბევრ არასაჭირო ინფორმაციას იღებ. სტრესულ სიტუაციებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, შესაძლოა რეალობის აღქმა დაკარგო და ტყუილი მოლოდინები, პრინციპები, მეგობრები და მტრები გაგიჩნდეს.

გაფარ განიზადე, 32 წლის, იოგას მწვრთნელი (ბაქო)


შვიდი წელია, იოგას მივდევ და ოთხი წელია, ვასწავლი. ამ გამოცდილებამ მკვეთრად შეცვალა ჩემი შეხედულებები მასკულინობასა და ფემინურობაზე. თითოეულ ჩვენგანში ორივე ენერგია ტრიალებს. მე, როგორც მამას, შემიძლია, ვიყო მკაცრიცა და მოსიყვარულეც. ბევრს ვმუშაობ იმაზე, რომ დავაბალანსო ჩემში არსებული ინი და იანი, რომლებიც იმ სასიცოცხლო ენერგიას ქმნიან, ცხოვრებასა და მის სირთულეებთან გამკლავებაში რომ გვჭირდება. აზერბაიჯანში არსებული საზოგადოებრივი ნორმები კაცის ფემინურ მხარეს უგულებელყოფს. არადა, კაცსაც ისეთივე წარმატებით შეუძლია საბავშვო ბაღის გახსნა და იქ მუშაობა, როგორც ქალს შეუძლია ბიზნესის წამოწყება და მართვა. კაცისთვისაც მნიშვნელოვანია, ყოველდღიურობაში მშვენიერება დაინახოს ან იტიროს, როცა ემოციებს ვერ შეიკავებს. ეს ყველაფერი მხოლოდ შინაგანი ბალანსის მქონე ადამიანს შეუძლია. შეგრძნებები არ უნდა იზღუდებოდეს, რადგან შეკავებული ემოციები ჩვენს სხეულში იბუდებს და შემდეგ გვაავადებს.

მეჰმან რასულოვი, 60 წლის, უმუშევარი (ლენქორანი)


ჩემთვის, კაცობა სიმტკიცეს ნიშნავს. 70-80 წელი რომ იცხოვრო, მიწაზე მყარად უნდა იდგე და ბუნების მიმართ ლმობიერი უნდა იყო.

 კაცობა არის უნარი, საკუთარ თავზე იზრუნო. მე ორი შვილი გავზარდე. ისინი დამოუკიდებლები არიან. მხოლოდ იმიტომ, რომ მე გავზარდე, ჩემზე დამოკიდებულები არც უნდა იყვნენ. ჩვენ მხოლოდ მათ აღზრდაში წვლილის შეტანა შეგვიძლია, შემდეგ კი – უნდა გავუშვათ.

საქართველო

 

აჩიკო მჭედლიძე, 30 წლის, ინჟინერი (თბილისი)


ჩემი აზრით, კაცის ყურადღება მთლიანად ოჯახისკენ უნდა იყოს მიმართული. ის სამართლიანი და საკუთარი სიტყვის ერთგული უნდა რჩებოდეს.

ბავშვობაში საოცრად მხიბლავდა თევზაობა და დღემდე ასეა, მაგრამ ეს უბრალო ჰობი აღარ არის – თევზაობა გახდა სპორტი, რომელიც განტვირთვაში მეხმარება. თუმცა, აქაც სამართლიანობის პრინციპის ერთგული ვრჩები და ყოველთვის, როცა თევზს ვიჭერ, ვათავისუფლებ და ისევ წყალში ვაბრუნებ.

გიგა მაქარაშვილი, 34 წლის, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი (თბილისი)


კაცობა ნიშნავს, არასოდეს დანებდე და ჯიუტად იარო შენი მიზნებისკენ. მე სწორედ ასე ვიქცევი. მინდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დავიცვა და დავაფიქსირო. მთელ ქვეყანას ფეხით ვუვლი. დავითვალე და უკვე, დაახლოებით, 1600 კილომეტრი მაქვს გავლილი.

2018 წლის 14 სექტემბერს თბილისიდან ენგურის ხიდისაკენ  ფეხით გავემართე და 340 კილომეტრი გავიარე. მოგზაურობა 27 სექტემბერს დავასრულე – ზუსტად იმ დღეს, როცა სოხუმი დაეცა. 9 აპრილს მეორე მსვლელობა გორამდე მოვაწყვე. 27 მაისს კი ჩემი მოგზაურობა მესტიაში, სვანეთში სრულდება.

 

შოთა ბეთლემაძე, 37 წლის, სპორტსმენი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (თბილისი)


ქართველი კაცი უნდა დაიბადოს, გაიზარდოს და მოკვდეს სამი რამისთვის. ესენია: სამშობლო, ღირსება და რწმენა. 1997-დან 2009 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი. ახლა ვეტერანი ვარ – 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი. შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიში ჯერ კიდევ 30 წლის წინ დავიწყე, როცა 7 წლის ვიყავი. 2018-ში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, „ოქროს მაგნუსი“ მოვიპოვე. როცა ვიბრძვი, წაგების არ მეშინია. მხოლოდ იმის მეშინია, იმედი არ გავუცრუო იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი სჯერათ.

საბა გორგოძე, 23 წლის, ფოტოგრაფი (თბილისი)


 

კაცობა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. 

2018 წლის 12 მაისს ათასობით ქართველმა ახალგაზრდამ თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია გააპროტესტა. 13 მაისს ამ პროტესტმა პიკს მიაღწია – ქართულმა ნეონაცისტურმა და რელიგიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია მოაწყვეს. მთელი საღამო ამ აქციის მონაწილეებთან გავატარე. ისინი პოლიციის ცოცხალი ბარიკადების გარღვევას აგრესიითა და დისკრიმინაციული მოწოდებებით ცდილობდნენ. საბედნიეროდ, ვერ გამოუვიდათ. კონტრაქციამ ცხადი გახადა, რამდენად ტოქსიკური შეიძლება გახდეს პოზიტიური მასკულინობა. უკვე ერთი წელი გავიდა და კვლავ არ მაქვს პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც მაშინ გამიჩნდა: რა მოხდებოდა, ეს კაცები მეორე მხარეს რომ მოხვედრილიყვნენ? ნუთუ, ქართველი კაცის გზა მხოლოდ ძალადობაზე გადის?

 

სანდრო ქერაული, 22 წლის, მუსიკოსი (თბილისი)


კაცობაც და ქალობაც, პირველ რიგში, ადამიანობას ნიშნავს.

თინეიჯერი ვიყავი, როცა მუსიკით დავინტერესდი. 2015 წელს ჩემი პირველი მეტალ ჯგუფი – „ქვემეხი“ დავაარსე. ეს მიმართულება იმიტომ ავირჩიეთ, რომ ხალხს რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ჩვენი იდეები თანამედროვე საქართველოს შესახებ და სრული თავისუფლების პოვნაში დავეხმაროთ. ეს არის მარტივი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია, აგრესიული მასკულინობა საზოგადოებისათვის სასარგებლო ენერგიად და ხელოვნებად გარდავქმნათ.


მასკულინობა, აპრილი/მაისი 2019

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება