როდესაც საკუთარი თავის დაცვაც კი აკრძალულია
განაცხადი
ნახვა: 1840
ენები: 

17 ივნისს, დაახლობით 15:00 საათზე, 1946 წელს დაბადებულმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმას მაცხოვრებელმა, კარლენ კაშხჩიანმა საკუთარი მეუღლე, 1948 წელს დაბადებული ალვარდ კაშხჩიანი მოკლა. ალვარდი სოფელ ყაურმას საჯარო სკოლის დირექტორი იყო.

მკვლელობის მოტივად სოფლის მაცხოვრებლები ეჭვიანობას ასახელებენ.

ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ის პრობლემაა, რომელზეც ჯავახეთში არ საუბრობენ. უფრო მეტიც, მაცხოვრებლებისთვის წარმოუდგენელია, რომ დახმარება პოლიციას ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვონ. პატრიარქალური საზოგადოების ტრადიციები და ადათ-წესები, ზოგჯერ ქალების წარმოდგენაში შიშსა და სირცხვილის გრძნობას ამკვიდრებს. ქალი, რომელიც საკუთარ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდება, ხშირად ამის შესახებ მშობლებს უმალავს. მას ეშინია, რომ მოკლავენ და ბავშვები დედის გარეშე დარჩებიან. ეს ფაქტორები არის მიზეზი იმისა, რომ ქალი სუსტი და დაუცველია.

„მსხვერპლი იშვიათად საუბრობს იმაზე, რომ იგი იჩაგრება. შეიძლება ჩუმად მეზობელმა უთხრას, მეორე მეზობელს“, ამბობს ინგლისურის მასწავებელი და მრჩეველი, გოარ ავაკიანი, რომელიც მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციას უძღვება.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის 2015 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მასშტაბი აღწერილია, როგორც „გამანადგურებელი“. 2014 წლის ქალთა სიკვდილიანობის მონაცემებმა - 23 ქალია მოკლული ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული ინციდენტების დროს - აიძულა ხელისუფლება, რომ გაემკაცრებინა კანონი, რათა დაეცვა ქალები ოჯახური შევიწროებისგან, მაგრამ კანონის აღსრულებაში ხარვეზებია და უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალებს ეშინიათ ან რცხვენიათ, რომ ქმრები ამხილონ. ასეთ დროს, ხანდახან ყველაფერი ფატალური შედეგებით მთავრდება.

ახალქალაქში, ოჯახურ კონფლიქტზე საჯარო საუბარი ტაბუირებულია. თუმცა, ზოგჯერ დამცირება იქამდე მიდის, რომ დაზარალებული ქალი სახლიდან გარბის და დახმარებისთვის და დაცვისთვის მეზობლებს მიმართავს. პატარა ქალაქში ყველამ იცის, თუ ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ არავის სურს სხვის საქმეში ჩარევა, ეს უხამსობად ითვლება.

წელიწადში ერთხელ, ახალქალაქის სხვადასხვა სოფელში ქალთა თვითმკვლელობა ფიქსირდება. თუმცა, არის თუ არა ოჯახური ძალადობა თვითმკვლელობის მიზეზი, დანამდვილებით არ შეიძლება ითქვას. ზოგადად ამ საკითხზე სტატისტიკის შედგენა შეუძლებელია, რადგან ყველაფერი საგულდაგულოდ იმალება. იშვიათია შემთხვევები, რომ ოჯახური ძალადობა სასამართლოს გზით გვარდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში აშკარავდება, თუ როგორ პირობებში უწევდა დაქორწინებულ ქალს ცხოვრება. თუმცა, ასეთ დროსაც კი, საზოგადოება კაცის გამართლებას ცდილობს.

ხშირად მსხვერპლის მშობლები არ ეთანხმებიან საკუთარ ქალიშვილს, გადაწყვეტილებაში, რომ იგი ქმარს გაშორდეს. ძალადობა ქმარის, მამათილის და დედამთილის მხრიდან უნდა მოითმინოს, ოჯახი შეინარჩუნოს და ბავშვები ერთიან ოჯახში აღზარდოს. მიუხედავად ყველაფრისა, იშვიათ შემთხვევებში, ქალები გაყრაზე თანხმდებიან. 

ქალები, რომლებიც სოციალური ნორმების წინააღმდეგ მიდიან და ქმრებს შორდებიან, დაუფასებელი გმირები არიან. მაგალითად ანი, რომელიც 19 წლის დაქორწინდა, წლების განმავლობაში იტანდა ცემას. ახლა უკვე 39 წლის,  ძალებს იკრებს განქორწინების შემდეგ და ეძებს სამუშაოს, რათა უზრუნველყოს საკუთარი და რვა წლის ქალიშვილის ცხოვრება.

ფინანსური დამოკიდებულება ქორწინებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. გაუსაძლისი ქორწინების მიუხედავად ქალთა უმრავლესობა აანალიზებს, რომ ბავშვების მატერიალურად უზრუნველყოფა რთულია და იმაზე ფიქრი, თუ სად იცხოვრონ განქორწინების შემდეგ, კიდევ ერთი გამოწვევაა.

ახალქალაქის ხედი, თავშან-თაფას გორიდან. ახალქალაქში ტრადიციული, პატრიარქალური ფასეულობები მნიშვნელოვანია. ძალადობის შემთხვევაში, რეგიონის ადგილობრივი ქალები დახმარებას არ ელიან.
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ სოფელში მოსახლეობას ინფრასტრუქტურაზე წვდომა არ აქვს. ხშირად, ქალებს წყლისთვის კილომეტრების გავლა უწევთ.
ქალები ზამთრისთვის თივას ამზადებენ. ყოველ წელს კაცები სამუშაოდ მიემგზავრებიან. ქალებს კი, ორმაგი სამუშაოს შესრულება უწევთ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კარწახი.
შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის ძალიან ცოტაა, ამიტომ მათ უმეტესობას სოფლიდან, ქალაქში გადასვლა სურს.
მატყლის გროვა, სოფელი კოჭიო. მატყლის დამუშავება რეგიონში გავრცელებული პრაქტიკაა, რომელსაც ქალები ასრულებენ.
ბავშვები თამაშობენ სოფელ კოჭიოში, დანგრეული ეკლესიის ეზოში, ქალების მეთვალყურეობის ქვეშ. რეგიონში ბავშვების აღზრდა ძირითადად ქალის საქმეა.

არავის უნდა ღიად საუბარი საკუთარ თავზე. ჩვენი გმირი გასაჯაროვებას თავს არიდებს, შვილის გამო.

„ძალიან ვნანობ, რომ ამდენი ხანი ვითმენდი“, ჩიოდა იგი, როდესაც ახლადგახსნილ მხარდამჭერთა ცენტრში შევხვდით. „რატომ უნდა ვიტანჯო ამდენი, თუ მას (ქმარს) არაფერი ესმის?“

2017 წლის ივლისიდან ახალქალაქში გაიხსნა, არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე დაფუძნებული „საქართველოს მრავალეროვან ქალთა“ მხარდამჭერთა ცენტრი და თავშესაფარი, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს შეუძლიათ ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება მიიღონ. ცენტრი არის ნაწილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისა „არა ოჯახურ ძალადობას“, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა მხარდაჭერას.

თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლ ქალს, მხოლოდ სამი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს სახლით, თუმცა ალა ბეჟენცევა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი ფიქრობს, რომ ასეთი ცენტრი უფრო ადრე, რომ გაეხსნათ, ალვარდ კაშხჩიანის ბედი განსხვავებული იქნებოდა.

„ის მოვიდა ჩვენთან, მაგრამ ცენტრი ჯერ ღია არ იყო და სპეციალისტებიც არ გვყავდა,“ იხსენებს ის. „ადვოკატმა გვირჩია, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ხედავთ მაინც რა შედეგით დასრულდა. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია.“

თავშესაფარი ახლაც ფუნქციონირებს, მაგრამ ქალების მხოლოდ მცირე რაოდენობა ითხოვს დახმარებას, ამიტომ ცენტრი არც ისე აქტიურია. 

უფრო ადრე, 2014 წლის დეკემბრიდან დაფინანსებული  საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებდა ე.წ. ქალთა ოთახი,  რომელიც ქალებზე მორგებულ სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობდა. „ოთახი“ განთავსებული იყო მუნიციპალურ შენობაში და აღჭურვილი იყო ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, ინტერნეტითა და სათამაშო მოედნით და მასპინძლობდა პროფესიულ ტრენინგებს. პროექტი დამთავრდა, მაგრამ აქტივობები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დაფინანსდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან - თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას არ სურს ხელფასების გადახა, ამიტომ ოთახი იხსნება მაშინ, როდესაც სივრცის გამოყოფაა საჭირო.

„კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც ხდება ქალთა თვითმკვლელობა, ან თვითმკვლელობამდე მიყვანა. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ჩვენს რეგიონში ასეთი რამ, თითო წელს ერთხელ მაინც ხდება,” აღნიშნავს „ქალთა ოთახის“ ხელმძღვანელი ანაიდ ასატურიანი.

ათ წელზე მეტია, რაც დალი აღდგომელაძე ქალთა უფლებების სფეროში მუშაობს. 2003 წელს მან დააფუძნა ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მომავალი ჯავახეთისთვის“, რომელიც აწყობდა შეხვედრებს ადრეული ქორწინების რისკებისა და ოჯახური ძალადობის შესახებ. რადგან ახალქალაქში ყველაფერი იყოფა იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ კაცებს და რისი - ქალებს, ან სად შეუძლია თუ არ შეუძლია თითოეულს წასვლა, 2016 წელს აღდგომელაძემ ოჯახთან ერთად გადაწყვიტა, გაეხსნა ქალთა კაფე „მიმინო”, რომელიც ოფიციალურად არ არის აკრძალული მამაკაცებისთვის, მაგრამ არსებითად კაფე ქალებისთვისაა განკუთვნილი.

„ტრადიციული ოჯახები არ გვაძლევენ უფლებას, რომ ვიყოთ კაცების თანასწორნი, რესტორნებში ან სხვა დაწესებულებებში. ისე გამოდის, რომ ქალები ძალიან ბევრს კარგავენ,“ განმარტავს დალი.

ახალქალაქს „სეზონური მატრიარქატი“ მართავს. უმუშევრობა იძულებულს ხდის კაცებს საზღვარგარეთ ეძებონ სამსახური, ძირითადად რუსეთში. მათი არყოფნის პერიოდში, ქმრის მშობლები, ძირითადად დედამთილი ან მამამთილი (თუ ისიც სამუშაოდ არ არის წასული) ოჯახის უფროსი ხდება და რძალს აკონტროლებს. კონტროლი ძირითადად ორი სახისაა ფსიქოლოგიური და ფიზიკური. ამასთან ერთად, ქალს დამატებითი საზრუნავი აქვს და საკუთარ მხრებზე იღებს ბავშვების მოვლას, მიწის დამუშავებასა და სახლის სხვადასხვა საქმეს.  

„კაცები მიდიან ქვეყნიდან, რადგან სომხურ სოფლებში სამუშაო არ არის. ქალები კი რჩებიან სახლში ბავშვებთან და უფროსებან ერთად, რომლებიც ცდილობენ შვილის არყოფნის პერიოდში მას მხარი დაუჭირონ და „ოჯახის ღირსება დაიცვან”. წარმოიდგინეთ რა პირობებში ცხოვრობენ ქალები,“ აღნიშნავს ალა ბეჟენცევა. 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება