როცა ნივთები შენზე საუბრობენ
განაცხადი
ნახვა: 7436
ენები: 

როცა ნივთები შენზე საუბრობენ

შესავალის ავტორი მონიკა ელენა

 

იოგურტის ქილა სახლს გაგონებს; თიხის ძველისძველი, დაბზარული ქოთანი კაცობრიობის ისტორიის სიმბოლოა; ტრადიციული საკრავი დაირა პატრიოტულ სულისკვეთებას აღვივებს; ძველ სვიტერს კი ბავშვობისდროინდელი ზაფხულის უდარდელი დღეების სუნი აქვს.

არსებობს ნივთები, რომლებიც განსაკუთრებულად ძვირფასები არიან იმიტომ, რომ ჩვენს ხასიათს გამოხატავენ, ჩვენს შინაგან სამყაროს ინახავენ და გვიამბობენ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვიყვარს, ან გვიყვარდა. შესაძლოა, მსხლის ფორმის გამჭვირვალე ჩაის ჭიქა ან თხილის მარაგიც კი საუბრობდეს ჩვენს პირად თუ ეროვნულ იდენტობაზე.

ამბები, რომლებსაც თან დავატარებთ, ჩვენი ღირებულებების, მიზნებისა და მისწრაფებების ნაკრებია.

ეს ამბები განუმეორებლად პირადულია და გააჩნია, რა კუთხით შეხედავ ⎯ ყვითელი ავტობუსი ვიღაცისთვის შესაძლოა ძველი, ჟანგიანი ტრანსპორტი იყოს, ვიღაცისთვის კი ⎯ ეროვნული იდენტობის სიმბოლო.

„ჩაიხანამ“ სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ ახალგაზრდებს სთხოვა  ჩვენთვის  ეჩვენებინათ ის ნივთები, რომლებიც მათს იდენტობას საუკეთესოდ გამოხატავდნენ.

სერბუჰი აირდინიანი, 22 წლის, ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი


ჩემი დიდი პაპის დღიურები

აირდინიანის ოჯახმა დიდი პაპის, ანუშავანი იერემიანის დღიურები მისი გარდაცვალების შემდეგ, 1990 წელს იპოვა. მათი არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

„დღიური 1939 წელს იწყება, როცა ჩემი დიდი პაპა უკრაინაში სამხედრო მისიით წავიდა და მშობლიური მარტუნის, მთიანი ყარაბაღის ქალაქის, დატოვება მოუხდა. მასში აღწერილი ამბები მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე გრძელდება. „განიას“ ნაწილში ანუშავანი აგაფია კლეპცინაზე წერს ⎯ რუს ქალზე, რომელიც შემდეგ მისი ცოლი გახდა. მას ყველა განიას ეძახდა. ერთმანეთს საბრძოლო ხაზზე შეხვდნენ. ომის შემდეგ ბინა მთიან ყარაბაღში დაიდეს და 5 შვილის მშობლებიც გახდნენ. ანუშავანი ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. სამაგიეროდ, კარგად მახსოვს დიდი ბებია, რომელიც ძალიან თბილი და კეთილი ადამიანი იყო.“

აშხენ იეღიაზარიანი, 26 წლის, ადმინისტრაციული ასისტენტი


ვარდგეს სურენიანცის „მწუხარება“

„მამაჩემი ინჟინერია. მისი სამუშაო მაგიდა ყოველთვის სავსე იყო სკეტჩებითა და მიკროჩიპებით, მაგრამ იქ, მაგიდის შუშის ქვეშ, ერთი განსაკუთრებული სურათი იდო ⎯ პრინტი, რომელიც სომეხი მხატვრის, ვარდგეს სურენიანცის ნახატს, „მწუხარებას“ ასახავდა. სულ მინდოდა, შუშის ქვეშ დამწყვდეული გამოსახულება ამომეღო და მისთვის უკეთ შემეხედა. ისეთი მშვენიერი, იდუმალი და სევდიანი იყო... მაშინ კითხვა არ ვიცოდი, მაგრამ მხატვრის სახელის ასოები ქვეცნობიერად დამამახსოვრდა.“

იეღიაზარიანი საცხოვრებლად გერმანიაში გადადის და იქ ინდუსტრიული დიზაინის შესწავლას აპირებს. „მწუხარების“ ჩემოდნისხელა ასლიც თან მიაქვს და ამბობს: „ეს ნახატი ჩემი ბავშვობა და ჩემი სახლია.“

ჰაიკ გიულამიარიანი, 27 წლის, არქეოლოგი


კერამიკა

„მამაჩემმა (არქიტექტორმა) პირველი ხელფასით ჩვენს სახლში თიხის ნივთები მოიტანა. ისტორიული თვალსაზრისით, კერამიკა ადამიანების მუდმივი თანამგზავრია და კაცობრიობის განვითარების ეტაპებს ასახავს. ყოველთვის, როდესაც დედამიწის გულში თიხის ჭურჭელს ვპოულობ, ვფიქრობ იმ ტუჩებზე, რომლებიც ათასობით წლის წინ მას ეხებოდნენ, იმ სადღეგრძელოებზე, რომლებსაც ამ ჭურჭლით სვამდნენ და იმ საუბრებზე, რომლებიც მის გარშემო იმართებოდა. 

გათხრების პერიოდში არქეოლოგები ხშირად ნახულობენ ხოლმე სიზმრებს. მათ დაძინება უჭირთ და თუ საინტერესო ნივთს პოულობენ, შეუძლიათ, გაუჩერებლად იმუშაონ. არქეოლოგია არის პროფესია, რომელიც თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს იმისათვის, რომ გამოიკვლიო და შეისწავლო შენი სახლი, გარემო, საცხოვრებელი ადგილი და ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც იქ ცხოვრობდნენ.“

რუზან საფარიანი, 27 წლის, მარკეტინგის მენეჯერი


ძველი ოჯახური ფოტოალბომები

„ეროვნული იდენტობა ჩემს პირად იდენტობაშია ჩაქსოვილი და ეს ძველ ფოტოალბომებშიც ჩანს. იქ იმ ადამიანებსაც ვხვდები, რომლებიც არასოდეს მინახავს ან არ მახსოვს. ინტერესი მკლავს – ვინ იყვნენ, რას აკეთებდნენ. ყველაზე საინტერესო მაინც საბჭოთა კავშირამდე პერიოდია, როცა ჩემი წინაპრები დასავლეთ სომხეთიდან (ახლანდელი თურქეთის აღმოსავლეთი ნაწილი) რუსეთში გადავიდნენ, შემდეგ კი თბილისში დასახლდნენ.

ეროვნული იდენტობა ცალკეული ღირებულება კი არა, ყველა ის ამბავია, რომელიც საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება. სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ეროვნული იდენტობის დაბალი ან გადაჭარბებული შეფასებით ვინმესგან რაიმე სარგებელის მიღება შეგვიძლია.“

გოგ ხაჰეიანი, 19 წლის, მარკეტინგის ფაკულტეტის სტუდენტი


როკკონცერტის ბილეთები

„ვგრძნობ, რომ ნაციონალზე მეტად კოსმოპოლიტი ვარ. ტრადიციები საჩემო საქმე არ არის, თუმცა ძალიან მომწონს სომხური სამზარეულო და როკმუსიკა.

დედაჩემმა როკკონცერტზე პირველად რომ წამიყვანა, 12 წლის ვიყავი. სწორედ მაშინ დავიწყე ჩემი საყვარელი ბენდების ძიება და მათ კონცერტებზე სიარული. ზოგჯერ მარტოც კი მივდიოდი. მომწონდა ანდერგრაუნდის სუბკულტურაც, სადაც არავის აღელვებდა, რა მეცვა ან რა ფერის თმა მქონდა. ასეთ გარემოში შემეძლო ვყოფილიყავი ის, ვინც სინამდვილეში ვიყავი. შემდეგ გავიაზრე, რომ ამ სუბკულტურასაც აქვს ეროვნული ხასიათი იმიტომ, რომ ადამიანებს სომხური როკის გარშემო აერთიანებს. კონცერტებზე სიარული დღესაც ჩემი საყვარელი საქმიანობა და ენერგიის მთავარი წყაროა.“

ამალი ხაჩატრიანი, 23 წლის, ჟურნალისტი 


დედაჩემის ჯეზვე

„სომხეთის მოსახლეობის 98% სომეხია და, თუ ამ ფაქტს გავითვალისწინებთ, ეროვნულ იდენტობაზე შეკითხვები აღარ უნდა მიჩნდებოდეს.

2016 წელს, EVS-ის პროგრამით, რომელიც ევროპაში ახალგაზრდების მოხალისეობრივ საქმიანობას უწყობს ხელს, ლიტვაში გადავედი საცხოვრებლად და სხვადასხვა ეროვნების ხალხთან ერთად, სომხური კულტურის შესწავლა დავიწყე. როცა თავს მარტოდ ვგრძნობდი, ყველაზე მეტად ყავის მაგიდის გარშემო ოჯახური საუბრები მენატრებოდა. 

ყავას დედაჩემის მზითვიდან აღებული ჯეზვეთი ვადუღებდი ხოლმე. როცა სტუმრები გვყავდა, ყველაზე დიდ ნაკრებს ვიყენებდი, რომელზეც სომხეთის ხედები იყო ამოტვიფრული. ამ ნაკრებში ათი ჭიქა შედიოდა, მისი მადუღარა კი ყავის მოხარშვას საათებს ანდომებდა. დღეს, მოგზაურობისას, პაწაწინა ჯეზვე ყოველთვის თან დამაქვს.“

ჰაიგ სისერიანი, 16 წლის, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი


ჩემი გულსაკიდი ჯვარი

ალეპოში დაბადებული სისერიანი ერევანში 2015 წელს გადასახლდა, რათა მშობლიურ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომისაგან თავი დაეღწია.

„სირიაში სომხური იდენტობა ჩვენი ენითა და რელიგიით შევინარჩუნეთ. 10 წელია, ეს ჯვარი არ მომიშორებია. დედაჩემმა ჰომსის წმინდა გიორგის მონასტერში მიყიდა, დაცული რომ ვყოფილიყავი. არასოდეს ვიხსნი და მის ძალას ყოველთვის ვგრძნობ. ერთხელ მე და ჩემი ძმა ალეპოს სომხურ უბანში, ვილანერში ვსეირნობდით და ვლოცულობდით. ლოცვის დამთავრებიდან ერთი წუთი არ იყო გასული, რომ ზუსტად ერთი მეტრის მოშორებით ბომბი ჩამოვარდა. ჩვენ არ დავშავებულვართ. მჯერა, რომ ამ ჯვარმა გადაგვარჩინა.“

ქრისტინა სოლოიანი, 21 წლის, ჟურნალისტი


რესპუბლიკის მოედანი ერევანში

„ადრე ყველა პოლიტიკური დემონსტრაცია თავისუფლების მოედანზე იმართებოდა. რესპუბლიკის მოედანი კი, თავისი ინსტიტუციური შენობებით, მთავრობასთან ასოცირდებოდა. ამიტომ, მის სილამაზეს მნიშვნელობა არ ჰქონდა – მაინც რაღაც უცხო სხეულად, სხვის საკუთრებად აღიქმებოდა. ხავერდოვანი რევოლუციის დროს, მე, როგორც მოქალაქემ, ეს ადგილი დავიბრუნე. მართალია, ისევ მთავრობას ეკუთვნის, მაგრამ, ამავდროულად, გვეკუთვნის ჩვენც – იმ ადამიანებს, ვინც ეს მთავრობა ავირჩიეთ.

საკუთარი თავი აქტივისტად არასოდეს მიმაჩნდა. ყველა საპროტესტო აქციაში მხოლოდ ჟურნალისტურად ვერთვებოდი, ხავერდოვანი რევოლუცია კი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელშიც მოქალაქის როლით ჩავერთე.“

სოლოიანს ხელში 2018 წლის აპრილში გადაღებული ფოტო უკავია, რომელზეც 2018 წლის აპრილში რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზეა აღბეჭდილი. ამ აქციების შედეგად, პრემიერმინისტრი, სერჟ სარგსიანი, თანამდებობიდან გადადგა.

აზერბაიჯანი

 

კამრან ალიევი, 21 წლის, მარკეტინგის სპეციალისტი


დაირა

დაირის (იგივე „გავალის“, როგორც მას აზერბაიჯანში მოიხსენიებენ), ხის ჩარჩოში ჩასმული ხელის დასარტყამი ინსტრუმენტის ტალღოვანი და რიტმული ხმა ფონად გასდევს  აზერბაიჯანულ ხალხურ მუსიკას. „დაირა ჩემს სულში ყველაზე ღრმა სიმებს არხევს და თავისი რიტმით უძველეს დროში მამოგზაურებს. სანაძლეოს დაგიდებთ, ჩვენი წინაპრები მისი მოსმენითა და ცეკვით ზუსტად ისეთივე სიამოვნებას იღებდნენ, როგორსაც ჩვენ დღეს ელექტრონული მუსიკის მოსმენით ვიღებთ."

მირქარდაშ სალმანი, 23 წლის, გაყიდვების მენეჯერი


ხალიჩები

„ჩემთვის ხალიჩებს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მახსოვს, ბავშვობაში ხალიჩაზე საათობით ვთამაშობდი, ან ყოველ ზაფხულს ვუყურებდი, როგორ რეცხავდა დედაჩემი მთელი ოჯახის დახმარებით. ეს მოგონება ძალიან თბილი და მხიარულია.”

აფაგ ხალილოვა, 19 წლის, მსახიობი


გათავისუფლებული აზერბაიჯანელი ქალის ქანდაკება 

ფუად აბდურახმანოვის ქანდაკება ბაქოს ცენტრში 1960 წელს აღმართეს. აზერბაიჯანელი ქალი, რომელიც ჩადრს იხსნის, ჩაცმულობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისაგან გათავისუფლებას გამოხატავს. თავისუფლების ეს სიმბოლო ხალილოვასთვისაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც აბდურახმანოვისთვის იყო. „მინდა, რომ აზერბაიჯანელი ქალებიც გათავისუფლდნენ ისე, როგორც მან შეძლო საკუთარი თავის გათავისუფლება,“ – ამბობს აფაგი, – „დღეგრძელობა აზერბაიჯანელ ქალებს!“

ხანუმ ტაქტიქოვა, 27 წლის, მხატვარი


ბებიაჩემის საყურეები

„ეს ეთნიკური საყურეები ბებიაჩემს ეკუთვნოდა. მათ „კალათებს“ უწოდებენ და თხელი, სიფრიფანა ლითონის უწვრილესი ძაფებითა და პაწაწინა თვლებით აკეთებენ. სწორედ ისინი გამოხატავენ ჩემს ეროვნულ იდენტობას. ზოგადად, ყველა ძველი სამკაული ერის ისტორიასა და კულტურაზე მეტყველებს, მათ შემქმნელ ხელოვანთა უნკალური თვისებები კი ინდივიდუალიზმისა და იდენტობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.“

ლემან ნასიროვა, 22 წლის, ეკონომისტი


რუკები

„რუკებით ბავშვობიდან ვარ გატაცებული. აზერბაიჯანი, რომელიც რუკაზე კასპიის ზღვისაკენ ყელმოღერებულ არწივს მაგონებს, ჩემთვის ყოველთვის ყველაზე ახლობელი იყო.“

ფიდან აბდულაევა, 22 წლის, ეკონომისტი


ქალაღაი

„ეს ქალაღაი (აბრეშუმის ტრადიციული თავშალი, რომელიც შესულია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში) ბებიაჩემის იყო. ბავშვობაში დიდად არ მიზიდავდა, ახლა კი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.“

ბაბეკ აჰმედოვსკი, 25 წლის, გიტარისტი/ბენდის ლიდერი


უზეირ ჰაჯიბეკოვის მუსიკალური ჩანაწერი 

ბაბეკ აჰმედოვსკიზე, აჰმედოვსკების ტრიოს ლიდერზე, ბავშვობაშივე დიდი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის კომპოზიტორმა, უზეირ ჰაჯიბეკოვმა, რომელიც აზერბაიჯანის კლასიკური მუსიკისა და ოპერის მამად არის აღიარებული. „მისი მუსიკით ადრეულ წლებშივე ვიყავი გატაცებული – ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემი მშობლები პიანინოს გაკვეთილებზე მატარებდნენ.“

ულკერ გურზალიიევა, 21 წლის, ეკონომისტი


ჩაის ჭიქები

„არმუნდუ“, აზერბაიჯანული ჩაის ჭიქა, რომელსაც მსხლის ფორმა აქვს, ადგილობრივებისათვის მეგობრებთან, ოჯახის წევრებსა და სტუმრებთან ერთად შავი ჩაის სმის კულტთან ასოცირდება. „რაღაცნაირად, ჯადოსნური ჭიქებია. მსხლის ფორმის, ტრადიციულ ჭიქებში ჩაი გაცილებით უფრო გემრიელია.“

საქართველო 

გიორგი ჯინორიძე, 25 წლის, დიზაინერი


აყვავებული ხეები

„ჩემთვის იდენტობა ემოციებში უფრო გამოიხატება, ვიდრე - ნივთებში. გაზაფხულის ერთ საღამოს, სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, სადგურის მოედანთან ახლოს აყვავებული ხე შევნიშნე. გარშემო ისეთი მძიმე ატმოსფერო იყო, რომ ეს ხე უბიწო ქალიშვილს მაგონებდა, რომელსაც პორნოგრაფიაში გადაღებას უპირებდნენ. იმავე შედარებას გავაკეთებდი ჩემს ქვეყანაზეც. საქართველო დედამიწაზე არსებული სამოთხესავით უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, უღირსი ადამიანები მის მშვენიერებას ლახავენ. ეს ხალხი არ მიყვარს, მაგრამ ჩემი ქვეყანა მიყვარს.

ხალხთან ზედმეტად დაახლოებისაგან თავს ვიკავებ. ისინი, ვინც ახლოს მყვანან, საუკეთესოები არიან და რთულია, მათნაირი ადამიანები ვიპოვო.“

ანი კილაძე, 21 წლის, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი


წიგნები 1989 წლის 9 აპრილზე

„ბავშვობაში უცნაურად მიზიდავდა წიგნები 1989 წლის 9 აპრილზე (ამ დღეს თბილისში გაიმართა დემონსტრაცია დამოუკიდებლობისათვის). დავჯდებოდი და ვათვალიერებდი ხოლმე მოკლული ადამიანების ფოტოებს. არ მესმოდა პროტესტის არც მნიშვნელობა და არც – მიზანი. ასეთი წიგნები მაშინ ყველა სახლში იყო და აღმოვაჩინე, რომ ჩემნაირი გამოცდილება ბევრს ჰქონდა მიღებული.

ამ გამოსვლებში ჩემი მშობლებიც მონაწილეობდნენ. მათ ქვეყნის უკეთესი მომავალი სურდათ. მეც იქ ვიქნებოდი. ახლაც ვმონაწილეობ ხოლმე დემონსტრაციებში და სოციალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. აქამდე სწორედ იმან მოგვიყვანა, რომ როცა საერთო პრობლემა გვაწუხებს, მთელი საზოგადოება ვერთიანდებით.“

ლუკა ქირია, 18 წლის, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი


ყვითელი ავტობუსები

„გადავსებული ავტობუსი შესაძლოა მთელი საზოგადოების სარკე იყოს. ცალკეული ადამიანების ქცევებით მთელი ერის ხასიათის დანახვა შეგიძლია. ქართველთა უმეტესობა სამუშაო კლასის წარმომადგენელია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. მეც ამ კლასსა და საზოგადოებას მივეკუთვნები. ჩვენ ვართ უცნობები, რომლებიც საერთო ბედს ვიზიარებთ.

ავტობუსები დროის მანქანებს ჰგვანან – ძველი, ყვითელი ავტობუსები წარსულში გვაბრუნებენ; ახალ, ლურჯ ავტობუსებს კი მომავლისაკენ მივყავართ. ჩემი თაობისთვის ყვითელი ავტობუსები იგივეა, რაც უფროსი თაობისთვის ტრამვაი იყო.

ერთხელ, როცა უკანასკნელი ყვითელი ავტობუსი დაიძვრება, მინდა, რომ იქ ჩავჯდე და თბილისის ურბანული ისტორიის ნაწილი გავხდე.“

ლევან ჭყონია, 19 წლის, კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტის სტუდენტი


ფეხბურთის უნიფორმები

„ეროვნული იდენტობა იმ ძველ, სუნიან შორტებსა და მაისურებშიც არის, რომლებსაც ზაფხულში კარადიდან ვიღებდით ხოლმე. განსაკუთრებულად „მილანის“ შავ-წითელი საფეხბურთო ფორმები მახსენდება. ისინი სხვა ქვეყნის იყო, მაგრამ მე მთელი ბავშვობა უბნის სტადიონზე, სწორედ ამ ფორმებით თამაშში გავატარე. 

ჩემი სამეზობლო ჩემი სამშობლოა. ეროვნული იდენტობა სწორედ ის არის, რასთანაც კავშირს გრძნობ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ჩემი თაობისთვის ეროვნული იდენტობის შეგრძნება უცხო აღარ არის. თინეიჯერებისგან ზედაპირულ კრიტიკას ვეღარ მოისმენთ – ისინი ქვეყნის რეალურ პრობლემებს განიხილავენ. ზოგი ქვეყნიდან წასვლაზე საუბრობს; ზოგიც მიდის, მაგრამ ისევ უკან ბრუნდება.“

სოფო შერაზადიშვილი, 17 წლის, სკოლის მოსწავლე


თენგიზ მირზაშვილის ნახატები

„ძალიან მიყვარს თენგიზ მირზაშვილის, იგივე ჩუბჩიკას, ეს ნახატი, რომელიც ყაზბეგს მახსენებს – ადგილს, სადაც ბავშვობა გავატარე. იქ კიდევ მივდივარ ხოლმე.

ნახატზე კაცი და პატარა გოგონა მე და მამაჩემი ვართ. ეს ძროხა კი ჩვენი ძროხაა – თეთრშუბლა, რომელიც ძალიან მიყვარდა.

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეს ჩემი იდენტობის ნაწილია. ჩემთვის საქართველო ყაზბეგია. მახსოვს, ადგილობრივ დიალექტზე საუბარს ვიწყებდი ხოლმე და შემდეგ თბილისელ მეგობრებს იქაურ ფრაზებს ვუმეორებდი. 

ჩემსა და ჩემს ყაზბეგელ მეგობრებს შორის ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ – ერთმანეთს სოციალური ქსელებითა და ტელეფონებით ვეკონტაქტებით, ერთსა და იმავე სერიალებს ვუყურებთ და ერთნაირ წიგნებს ვკითხულობთ.“

ქრისტინა ქობალია, 24 წლის, საჯარო ადმინისტრაციის კურსდამთავრებული


თხილი

14 წლამდე რუსეთში ვცხოვრობდი, შემდეგ კი ჩემი ოჯახი აფხაზეთში, გალში დაბრუნდა. იქ დიდი სახლი და მიწა გვაქვს, სადაც თხილის ხეები გვიდგას. ბევრი ხე.

ზოგი ოჯახი ფინანსურად თხილის მოსავლის აღებაზეა დამოკიდებული. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი რიტუალია. ყოველ აგვისტოს ვბრუნდები და ჩემს მშობლებს ვეხმარები. როცა აღარ იქნებიან, მათ ადგილს მე დავიკავებ, ჩემ შემდეგ კი – ჩემი შვილები.

მოქალაქეობა ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩემთვის მთავარი ეროვნული ღირებულება ჰუმანურობაა. ყველა კულტურას პატივს ვცემ. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ქართულ ნივთს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩემი აფხაზური სახლი ის ადგილია, რომელსაც ყოველთვის დავუბრუნდები.“

ანასტასია კვინიკაძე, 17 წლის, სკოლის მოსწავლე


მაწონი 

„რაჭაში, ჩემს მთიან სოფელში, ქალები მაწონს სახლში ამზადებენ. მას ბევრი ოჯახი ყიდულობს იმიტომ, რომ ჯანსაღია. ამერიკაში ცხოვრებისას გავიაზრე, რომ იქაურებმა მაწვნის შესახებ არაფერი იციან, მე კი მისი გემოს აღწერაც კი მიჭირს...

ადრე ქართველი ქალები მაწონს კარდაკარ ყიდდნენ, მაგრამ ახლა ეს იშვიათად ხდება. შინ დამზადებული მაწონი განსაკუთრებულად გემრიელია. მას სახლის გემო აქვს.

საქართველოში ყველაფერი მომწონს. სხვაგან არსად ვიცხოვრებდი. ახლა, როცა საზღვრები უფრო გახსნილია, ნებისმიერ დროს შეგიძლია, წახვიდე და დაბრუნდე. ამის დამსახურებაა, რომ ჩემი ბევრი მეგობარი სხვაგან საცხოვრებლად გადასვლაზე არ ფიქრობს. ბევრ მათგანს საზღვარგარეთ სწავლა უნდა, მაგრამ არა – დარჩენა.“

მარიამ კევლიშვილი, 21 წლის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი


სამკაულები შუა საუკუნეების სტილში

„ეს ყელსაბამი ნავთლუღის მეორადების ბაზრობაზე 20 თეთრად ვიყიდე. აქ ნებისმიერი რამის პოვნა შეგიძლია, თუმცა ძალიან ძნელია იმის ყურება, როგორ ყიდიან გაჭირვებული ადამიანები თავიანთ ნივთებს იაფად. ეს ყელსაბამი შუა საუკუნეების სამკაულებს მახსენებს – XI-XII საუკუნეს, როცა საქართველო ძლიერი ქვეყანა იყო. 

სამშობლო პიროვნების განუყოფელი ნაწილია. ის სადღაც, განცალკევებულად არსებული სივრცე არ არის. არ მესმის, როცა ამბობენ, რომ ინტერნეტმა, გლობალიზაციამ და გახსნილმა საზღვრებმა ეროვნული იდენტობა წაგვართვა. როგორ შეიძლება წაგართვან ის, რაც შენშია?“


ივლისი, 2018 იდენტობა

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება