საბჭოთა არდადეგები
განაცხადი
ნახვა: 3609
ენები: 

ერთადერთი განსხვავება აიპედია. ლილიანას მუხლებზე მოთავსებული ეს მოწყობილობაა ის, რაც გვახსენებს რომ 21-ე საუკუნეში ვართ. სხვა ყველაფერი ლილიანას 1970 წელს აგონებს შავი ზღვის მახლობლად პალმის ხეებით გაწყობილ ამ სასეირნო ბილიკზე, მათ შორის თავის პირველ შვებულებას აფხაზეთში.

“აქაურობა ძალიან მოგვწონს! სხვანაირად როგორ შეიძლება? მზე, ზღვა და ბუნება...კარგია ჯანმრთელობისთვის”, — ამბობს სამოციოდე წლის მოსკოველი და თან ზღვის სურნელოვან ჰაერს ისუნთქავს. ლილიანას გვერდით მჯდომი მისი ქმარი პიოტრიც თანხმობის ნიშნად თავს აქნევს  და აგრძელებს კროსვორდების შევსებას.

იქვეა სანატორიუმი “ამრაც”, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ურყევად დგას თავისი მაღალი სვეტებითა და ფართო აივნებით და შავი ზღვის სანაპიროს გადაჰყურებს. “პარტიის მე-17 ყრილობის სანატორიუმი”, როგორც მას ადრე მოიხსენიებდნენ, 1952 წელს აშენდა და განკუთვნილი იყო სტალინის საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებისთვის. ეს ადგილი თავად ამხანაგი კობას საყვარელი “დაჩა” იყო. 1960 წლებში დამსვენებელთა რიგებში ჩაეწერა კომუნისტური პარტიის “ინტელიგენციაც”. 

“ამრა” ერთ-ერთია იმ ასობით სანატორიუმსა და კურორტებს შორის, რომლებითაც სავსე იყო მთელი საბჭოთა კავშირი. ყველაზე პრესტიჟული დასასვენებელი ადგილები შავი ზღვის სანაპიროსა — ყირიმის ნახევარკუნძულიდან სოჭიმდე, აფხაზეთიდან ბათუმამდე —  და კავკასიის მთებში იყო განლაგებული.

ლილიანა და პიოტრი. მოსკოველი წყვილი, რომელიც აფხაზეთში 1970-იანი წლებიდან ისვენებს

“საბჭოთა კავშირში ცხოვრება უფრო ადვილი იყო”, — ღიმილით იხსენებს ლილიანა, რომელსაც დღეს, საბჭოთა დამსვენებლებისგან განსხვავებით, “ამრაში” რამდენიმე კვირის გატარებისთვის ფულის გადახდა უწევს. ეს საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი ნიშანია, ისევე როგორც სანატორიუმის აუზი, რომელიც 1992-93 წლებში აფხაზეთში გაჩაღებული ომის შემდეგ ელოდება, როდის აავსებენ წყლით.

“ამრა” ნეოკლასიკური არქიტექტურისა და სტალინისტური “გლამურის” ნაზავია. შესასვლელშივე შეხვდებით ლენინის უზარმაზრ ქანდაკებას, ჰოლში გაბნეულ სპარტანულ ტახტებსა და მაღალ ჭერში დაკიდულ უშველებელ ჭაღებს. დღეს, სანატორიუმი ასობით რუს ტურისტს ემსახურება. მართალია, ოთახის მომსახურებისა და ჩქარი უკაბელო ინტერნეტის გარეშე, მაგრამ ტროპიკული კლიმატით დატკბობისა და საბჭოთა დროში “დაბრუნების” გარანტიით. 

სანატორიუმი "არმა" გაგრაში
ამხანაგი ლენინი დაჰყურებს სასტუმროში შემომსვლელებს

ეს უზარმაზარი შენობა განასახიერებს შვებულების საბჭოურ გაგებას, რომელიც ერთდროულად აერთიანებს დასვენებისა და ნაყოფიერი მუშაობის იდეებს. დასვენება იმდენად ღირებული იყო, რომ 1922 წლის შრომის კოდექსში და შემდეგ 1936 წლის კონსტიტუციაშიც კი, შვებულების აღება აღიარებული იქნა როგორც ყველა საბჭოთა მოქალაქის უფლება.

ისტორიის პროფესორი ილინოის უნივერსიტეტში, დაიენ კიონკერი, რომელმაც არაერთი ნაშრომი მიუძღვნა საბჭოთა კავშირში შვებულების მნიშვნელობას, თავის ერთ-ერთ სტატიაში წერს: “საბჭოთა დასვენება არ გულისხმობდა თავშესაფარს კოლექტიური მობილიზაციისგან. პირიქით, ეს იყო ამ მობილიზაციის სხვა საშუალებით გაგრძელება.”

დასვენება იყო ჯანსაღი, თერაპიული და გეგმიური — საბჭოთა მშრომელ ადამიანს ყოველ წელს უნდა აეღო შვებულება. უნდა ეცურავა ზღვაში, მიეღო ტალახის აბაზანები ან გაეკეთებინა გამაჯანსაღებული მასაჟები. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ხდებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ისინი სანატორიუმში კერძების ნაირსახეობასაც კი განსაზღვრავდნენ — მხოლოდ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები იყო ნებადართული.

“დასასვენებელი სახლები და გამაჯანსაღებელი კურორტები გახდა ერთგვარი აღდგენითი სამუშაობების ჩამტარებელი ადგილი დაუღალავი მშრომელებისათვის. დასვენების სტრუქტურის შემუშავებითა და სამედიცინო თერაპიის ჩატარებით მშრომელები მომავალი წლისთვის იკრებდნენ ენერგიასა და ძალას” — აღნიშნავს კიონკერი.

ჯანსაღი სხეულისა და, შედარებით ნაკლებად, სულის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ დასვენება, არამედ სამედიცინო დახმარება. თავის დროზე რომაელებმა მოიგონეს “ბალნეოთერაპია”, რომელიც ლათინური სიტყვა “ბალნეუმი”-დან მომდინარეობს და აბაზანას ნიშნავს — ბუნებრივი აბაზანების მიღება სხვადასხვა დაავადების მოსარჩენად. როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირში სწორედ რომაელებისგან გადმოიღეს ეს ცნება და მარქსისტულ პრინციპებს მოარგეს. 

მოსასვენებელი ადგილი სანატორიუმ "ამრაში"
ლევა, სანატორიუმ "ამრას" ერთ-ერთი თანამშრომელი

წყალტუბოს მაცხოვრებლებმა ეს კარგად იციან. მდინარე ენგურის გადაღმა, იმერეთში მდებარე ეს ქალაქი განასახიერებს საბჭოთა ბალნეოთერაპიის დიდებულ წარსულს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წყალტუბო ცნობილი იყო როგორც ერთ-ერთი ტურისტული დანიშნულება რუსეთის იმპერიაში. 1931 წელს, კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მას ოფიციალურად მიანიჭა “პრემიუმ სპა-კურორტის” სტატუსი. 1930-იან წლებში აშენებული 22 სანატორიუმიდან დღეს მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს. დანარჩენები ნგრევის პირასაა და 1993 წლის შემდეგ ათასობით აბხზახეთიდან დევნილ ტოლვილებს შეუფარავს.

1970-იან წლებში, “წყალტუბოს ოქროს ხანის” პერიოდში, ქალაქში 100 ათასობით ტურისტი ჩამოდიოდა. დღეს, წელიწადში დაახლოებით 700 ადამიანი თუ დაასველებს ფეხებს მკურნალ წყლებში. საბჭოთა დროისგან განსხვავებით, ტურისტებს ახლა მხოლოდ სასტუმრო “წყალტუბო სპა-კურორტი” ემსახურება.

სასტუმრო "წყალტუბო სპა-კურორტი", რომელიც ერთადერთი სანატორიუმია იმ 22 სხვა შორის, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს
"წყალტუბო სპა-კურორტი" სავსეა ვეებერთელა, უკაცრიელი სივრცეებით

“ამრასავით”, წყალტუბოსაც შეიძლება გაუღიმოს ბედმა, მითუმეტს მინერალური წყლების მიმართ განახლებული საჯარო ინტერესის ფონზე.

“დაინტერესებული ინვესტორები მოდიან და აფასებენ ამ ადგილის ტურისტულ პოტენციალს. აქ ბუნებრივ, მინერალური წყლებს მკურნავი თვისებები გააჩნია”, — ხსნის ლელა ლოლომაძე, “წყალტუბო სპა-კურორტის” ენერგიული მენეჯერი. 

“წყალტუბო სპა-კურორტი” ერთ დროს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. შესაძლოა, სამხედრო სფეროსთან კავშირმა დაახევინა უკან ლტოლვილებს და მისგან თავი შორს დაიჭირეს. “1990-იან წლებში ამ შენობას ‘მხედრიონი’ იცავდა”, — აღნიშნავს სასტუმროს მენეჯერი.

1948 წელს გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული ეს სასტუმრო 160 ათას კვადრატულ მეტრს იკავებს — მარმარილოსგან დამზადებულ აუზებსა და ნეოკლასიკური სტილი აუდიტორიასაც იტევს. 2010 წელს შენობა გაარემონტეს და ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროდ აქციეს. მაგრამ, როგორც “ამრაში”, აქაც არის ადგილები, რომელთათვის ხელი არ უხლიათ. “წყალტუბო სპა-კურორტის” ძველებური დიზაინი დღესდღეობით მომგებიანია: ავეჯი, იატაკი, მოაჯირები და ზღუდეები, ფარდები და ტელეფონები დროშია გაყინული. იმ ოთახის დაკავებაც კი შეიძლება, რომელშიც 1951 წელს, სავარაუდოდ, სტალინმა გაატარა ღამე. 

"წყალტუბო სპა-კურორტში" ჯერ კიდევ შესაძლებელია ნომრის აღება
ერთ დროს კაფე, ახლა "წყალტუბო სპა-კურორტის" მუზეუმი
"წყალტუბო სპა-კურორტის" სასადილო
სასტუმროს ძველი საბილიარდო

სასტუმროსგან ოდნავ მოშორებით არის 1940-იან წლებში აშენებული წყალტუბოს ბალნეოლოგიური ცენტრი, რომელიც მაშინ თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის ფილიალი იყო, და დღესაც მუშაობს. 

2015 წელს თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრი გაარემონტეს, თუმცა ისე, რომ მისი საბჭოთა იერი არ შეუცვლიათ. ათწლეულების განმავლობაში ამ შენობას თავს აფარებდნენ ლტოლვილები, რომელთა ბედი ახლა უცნობია.

“ასეთი ცენტრი მხოლოდ ორია მსოფლიოში — თბილისსა და ბუდაპეშტში”, — ამაყად გვიამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი, ბალნეოლოგიური ცენტრის დირექტორი. როგორც ახლა, ისე 1932 წელს, როდესაც ეს შენობა აშენდა, დამსვენებლები აქ რადონის აბაზანებით მკურნალობენ სისხლძარღვებთა, კანისა და ენდოკრინულ დაავადებებს. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 2017 წელს ცენტრის განვითარებისთვის ფული უკვე ინვესტორებმა ჩადეს.

აქ, ისევე როგორც წყალტუბოსა და გაგრაში, სანატორიუმი სტუმრებს, შესაძლოა, ძველმოდურ პროცედურებსა და არქიტექტურას სთავაზობდეს. მაგრამ ისეთი დამსვენებლებისთვის, როგორებიც ლილიანა და პიოტრი არიან, საბჭოთა ნოსტალგიის დაკმაყოფილება გამწვანებულ და ნათელ მიწებზე შეიძლება სხეულისა და სულის განკურნვის საწინდარიც კი იყოს.   

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება