სიამოვნება თუ საზოგადოებრივი წნეხი?
განაცხადი
ნახვა: 1737
ენები: 

მეცნიერება ორგაზმს ასე განმარტავს: “სქესობრივი აქტის კულმინაცია, რომელიც ხასიათდება სიამოვნების გამძაფრებული შეგრძნებებით და სრულდება მამაკაცის მიერ სპერმის ეაკულაციით, ხოლო ქალის მიერ ვაგინალური კუნთის უნებლიე შეკუმშვით.” ერთი შეხედვით ზუსტი განმარტებაა, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად არის და მშრალი სამედიცინო ტერმინოლოგია სრულად ვერ გადმოსცემს ემოციების იმ სპექტრს, რომელსაც პარტნიორები სექსუალური აქტის კულმინაციისას განიცდიან.

ორგაზმი ადამიანისათვის სრულიად ბუნებრივი შეგრძნებაა, თუმცა საუკუნეების მანძილზე ამ სიტყვამ უხამსი მნიშვნელობა შეიძინა, თანაც  სელექციურად - მხოლოდ ქალებთან მიმართებაში.

 

კონსერვატიულ საზოგადოებაში ქალის სექსუალური სურვილები სირცხვილისა და ტაბუს საგანია. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც საზოგადოება ჯერ კიდევ მწვავედ აღიქვამს გენდერული თანასწორობის იდეას, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალის ორგაზმზე, რომელიც მსჯელობის საგანიც კი არ არის - თითქოს ქალის სექსუალური სიამოვნება არც კი არსებობს. სიტყვა „ორგაზმი”-ს ხსენებაც კი დისკომფორტს იწვევს. პროფესიონალები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ მედიცინის, ფსიქოლოგიისა თუ სოციოლოგიის განხრით, თბილისში საკმაოდ ცოტანი და ძნელად მისაკვლევნი არიან. დედაქალაქს გარეთ კი მათი პოვნა თითქმის შეუძლებელია.

„ქალის შემთხვევაში სექსი მხოლოდ რეპროდუქციულ ფუნქციას უკავშირდება.” ამბობს ირა სილანტევა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფიდან (WISG). „ჩვენს საზოგადოებაში ძირითადად ქალის ორი ხატია გავრცელებული - კარგი ცოლი და დედა და „მსუბუქი ყოფაქცევის ქალი”.  ამ ორიდან ქალებმა ერთ-ერთი უნდა აირჩიონ. ქალი, რომელსაც სექსუალური მოთხოვნილებები აქვს, არ ჯდება კარგი ცოლისა და დედის ხატში და მას საზოგადოება ყოველთვის კიცხავს. ამრიგად, ქალის სექსუალური მოთხოვნილებების თემა საქართველოში კულტურულად არის  რეპრესირებული.”

29 წლის გენდერის მკვლევარი ამბობს, რომ ქალის სექსუალობის საკითხი საუკუნეების მანძილზე იჯაბნებოდა და მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო - იქმნებოდა მორალის გამყოფი ხაზი დედასა და „მსუბუქი ყოფაქცევის ქალს” შორის; ასევე, მყარდებოდა წეს-ჩვეულებები, რომლებიც მამაკაცის უპირობო დომინანტობას უსვამდა ხაზს და მას პრივილეგიებს ანიჭებდა, მათ შორის, სექსის საკითხშიც. საქართველო და მისი კონსერვატიული, პატრიარქალური საზოგადოება გამონაკლისი არ არის; აქ ქალი კაცით განისაზღვრება და როგორც წესი, ამომავალი წერტილიც სწორედ ეს უკანასკნელი და მისი კმაყოფილებაა - იქნება ეს მამა, ქმარი თუ შვილი.

ხშირად ქალებს თავად უჭირთ საკუთარი სექსუალური მოთხოვნილებების აღიარება, ხოლო თუ მათ იდენტიფიცირებას როგორღაც ახერხებენ - ეშინიათ ამაზე საუბარი.  მათთვის, ვინც ხმის ამაღლებას ბედავს, საზოგადოებას  „არაპატიოსანის” სტატუსი აქვს გამზადებული. „ქალის სექსუალობის რეპრესირება ზრდის სხვადასხვა ეტაპზე ხდება. საზოგადოებაში წახალისებულიც კი არის, რომ მამაკაცს ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს და თავი არ შეიზღუდოს გამოცდილების მიღებისას,” აღნიშნავს სილანტევა.

„ზოგადი ინფორმაცია სექსზე, ეროგენული ზონები და მათი აღმოჩენა, სხვადასხვა პოზების მოსინჯვა, ორგაზმის მიღწევის ინდივიდუალური ტექნიკა - პაციენტების უმეტესობამ ამაზე არაფერი იცის.” - ამბობს მეან-გინეკოლოგი ქეთი ჯინჯოლავა, რომელიც უკვე ექვსი წელია ქალებს ჯანმრთელობისა და სექსუალური საკითხების მოგვარებაში ეხმარება. “ძალიან იშვიათია, რომ პაციენტმა თავად ახსენოს ორგაზმის თემა. თუმცა როდესაც კითხვებს ვსვამ, ირკვევა, რომ ბევრ ქალს იგი არ აქვს. უმეტესობას ჰგონია, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც არის, ამ დროს კი მათთვის სექსი ძალიან უსიამოვნო პროცესია, რომ აღარაფერი ვთქვათ ორგაზმის არაქონაზე. პაციენტები ამაზე იშვიათად საუბრობენ. ისინი არ ეძებენ საკუთარი სიამოვნების წერტილს და მხოლოდ პარტნიორს ერგებიან.”

დედაქალაქში, სადაც ქალს დამოუკიდებლობისათვის მეტი რესურსი აქვს, სოციალური წნეხი ნაკლებად იგრძნობა, თუმცა რეგიონებში რეალობა გაცილებით მძიმეა - აქ მორიდება, ქალწულად გათხოვება და ერთი მამაკაცის ერთგულება იმპერატივია. ინტერნეტთან წვდომა საზოგადოებას ახალ პერსპექტივებს სთავაზობს, თუმცა სექსის შესახებ სანდო ინფორმაცია ქართულ ენაზე მწირია და, სკოლებში სექსუალური განათლების ნაკლებობის გამო, ახალგაზრდა გოგონები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან.

ტაბუ და ინფორმაციის ნაკლებობა, რომელიც ქალისა და სექსის გარშემო არსებობს, გზას უხსნის ძალადობას და ხშირად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით სრულდება. გასათხოვარი თუ გათხოვილი გოგონების ქცევა, ხშირად  საჯარო დისკუსიის საგანი ხდება; ქართულ გადაცემებში და საზოგადო განხილვებში ხშირად წააწყდებით „უღირსი” ქალების გაკიცხვას, „ქალიშვილად ჩაბარების” მოთხოვნას, ან გააფთრებულ დავას იმ გოგონების მორალზე, რომელთაც ქალიშვილობის შესახებ ტყუილის თქმა მოუწიათ და ამით საკუთარ ოჯახებს შეურაცხყოფა მიაყენეს. განათლების ნაკლებობა და კონსერვატიული წეს-ჩვეულებები ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მძიმე და არაკანონიერ შედეგამდეც მიდის - ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ქალთაწინდაცვეთისშემთხვევებია.

ქართველ ქალებთან პირადი საუბრებისას ჩანს,  რომ  პატრნიორები ერთმანეთთან გახსნილები არ არიან; „იგი არ მეკითხება (როგორ ვგრძნობდი თავს) და არც მე ვეუბნები რამეს.” პარადოქსულია ის, რომ ქალები თავად წუხდებიან ამ პრობლემით, ხშირად მათ არ იციან რას უნდა ელოდნენ და თავს იზღუდავენ, თუმცა ამ საკითხებზე შეგნებულად არ საუბრობენ.

„ქალებში სექსუალური განათლების და თვითშემეცნების სურვილის ნაკლებობა ერთი პრობლემაა; მეორე პრობლემა კი მამაკაცების უყურადღებობა და ინტერესის არქონა ქალის სექსუალური შეგრძნებებისა და მათი გულწრფელობისადმი. ასეთი ვითარება ორივე  მხარისათვის წამგებიანია, რადგან მდგომარეობა, რომელშიც ქალი ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად დაკმაყოფილებულია, მამაკაცისთვისაც გაცილებით უფრო სასიამოვნო და მიმზიდველია” - ამბობს ჯინჯოლავა. ბოლოსდაბოლოს არც ერთ მამაკაცს არ სურს ისეთ სულელურ ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორიცაა ფილმში “როდესაც ჰარი შეხვდა სალის”, სადაც მსახიობი მეგ რაიანი შუა კაფეში შესაშურ ორგაზმს იმიტირებს… თანაც არა სექსის დროს, არამედ სალათის ჭამისას!

ქართველი ექიმი სექსოლოგი მაია ჭავჭანიძე, ავტორი წიგნისა „კლინიკური სექსოლოგიის პრეპედევტიკა”, ამბობს, რომ სექსოლოგია მჭიდრო კავშირშია სოციო-კულტურულ ასპექტებთან და იგი ვერ იქნება „კონსერვატიული მეცნიერება”, ის უნდა მისდევდეს დროს და ადეკვატურად რეაგირებდეს  ცვლილებებზე.

სისტემატიზებული სექსუალური განათლების ნაკლებობისა და უამრავი სოციალური ტაბუს ფონზე, ქალის კმაყოფილება მეათეხარისხოვანი და განხილვისათვის არაპოპულარული თემაა. თუმცა შეზღუდვები და ტაბუები საზოგადოების შექმნილია, ხოლო საზოგადოება იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც აქვთ სექსიც და ორგაზმიც. მიუხედავად შეხედულებების მრავალფეროვნებისა, ერთი რამ უდავოა - ორგაზმი ადამიანურია და ადამიანობაზე საუბარი არ არის სასირცხვილო.

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება