სიცოცხლით სავსე ელექტრიჩკები
განაცხადი
ნახვა: 2023
ენები: 

ყოველ დღე, 7:30-ზე ლეილა ჩანთებს ალაგებს და მატარებელში ადის. ამ მატარებლიდან ის 9 საათის შემდეგ ჩამოდის - ის გარემოვაჭრეა, მატარებელი კი მისი მაღაზიაა. მყიდველები მგზავრები არიან და რაც უფრო ცუდად მიდის ვაჭრობა, მით უფრო დიდხანს უწევს ვაგონებს შორის სიარული. ლეილა უკვე ათი წელია წასახემსებლებსა და გაზეთებს ჰყიდის. ეს საქმიანობა მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ლეილას მარშრუტი ქსანში იწყება, რომელიც მის სოფელთან, ძალისთან მდებარე უახლოესი სადგურია, და საკურორტო ქალაქში, ბორჯომში სრულდება.

 

ამ მარშრუტზე სპეციალური მატარებელი, ე.წ. ელექტრიჩკა” დადის. საქართველოში სულ 16 ელექტრიჩკაა - იაფი და ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, რომლის ფასიც 2 ლარია (0.75$) და თბილისიდან ბორჯომამდე 160 კილომეტრს გადის. ქუთაისამდე მგზავრობა კი 4 ლარადაა (1.50$) შესაძლებელი - საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი, რომელიც 230 კილომეტრითაა დაშორებული. იაფი მგზავრობა ელექტრიჩკის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზია: ავტობუსები და მარშრუტკები, რომლებსაც საშუალოდ 25 ადამიანი გადაჰყავს, 10 ლარი ღირს (3.87$).

 

ლეილა ძირითადად დილის მატარებელში ადის, თუმცა ალტერნატივებიც აქვს: მაგალითად, ქუთაისის მატარებელს თუ აირჩევს, შეიძლია ხაშურისკენ წავიდეს, იქიდან კი ან სახლში დაბრუნდება, ან გააგრძელებს გზას თბილისისკენ, სადაც შეუძლია დედაქალაქში მცხოვრებ შვილთან გაათენოს ღამე.

 

 

ელექტრიჩკები, რომლებიც საბჭოთა კავშირისათვის ჩვეული ტრანსპორტი იყო, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში დღემდე ფუნქციონირებენ. აქ ყვეა ადგილი დაკავებულია და სიცოცხლე სჩქეფს. ეს ნელი და იაფი ტრანსპორტი დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისათვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გადაადგილების ძირითადი საშუალებაა. ელექტრიჩკების ქსელის საშუალებით ახალგაზრდები სკოლაში მიდიან, ფერმერები ბაზარში და ნათესავები ერთმანეთთან კავშირს ინარჩუნებენ.

 

ელექტრიჩკები დედაქალაქს სადახლოსა და გარდაბანთან აკავშირებს. აქ დიდი რაოდენობით აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, რომლებსაც თბილისისკენ უზარმაზარი ჩანთებით მიაქვთ მწვანილი, წიწაკა, თხილეული, პამიდორი, კარტოფილი. გზას დაახლოებით ერთი საათი მიაქვს, რის შემდეგაც პროდუქტები თბილისის ბაზარში ხვდება. ხანდახან აზერბაიჯანელი ქალები მგზავრებისთვის მიყიდვასაც ცდილობენ, შიგადაშიგ ერთმანეთთან საუბრობენ ან თვლემენ.

.

 

“შრომისმოყვარე ხალხია, წელიწადში რამდენჯერმე იღებენ მოსავალს,” - ამბობს გიორგი, ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელიც სადახლოს მატარებელში დაცვად მუშაობს. “არასოდეს ჩერდებიან და სულ აქვთ რაიმე გასაყიდად.”

საქართველოს რკინიგზა სახელმწიფოს მaფლობელობაში მყოფი სარკინიგზო კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სწრაფი მატარებლებით ემსახურება მგზავრებს. თუმცა ნელი მატარებლები მაინც მნიშვნელოვან ტრანსპორტად რჩება. თანამედროვე, ორსართულიანი მატარებლები თბილისსა და ბათუმს შორის 380 კილომეტრს 5 საათში ფარავს და არც ერთხელ არ ჩერდება. სხვა მატარებლები მხოლოდ რამდენიმე გაჩერებას ახერხებენ. ლეილას ელექტრიჩკას კი არსად ეჩქარება: ის ყველა დასახლებაში ჩერდება და სოფლელებს და ლეილასნაირ გამყიდველებს შემოსავლის ძირითად წყაროს აძლევს.

 

თუმცა ლეილას ცხოვრება იოლი სულაც არ არის - მისი საქმიანობა არალეგალურია. წლების მანძილზე გარემოვაჭრეებმა ისწავლეს, როგორ აარიდონ თავი აკრძალვებს. თანამედროვე მატარებლებში კონტროლი მკაცრია, ელექტრიჩკებში კი ბევრად უფრო იოლია პროდუქტის გაყიდვა.

 

თინა, ხაშურში მცხოვრები შუა ხნის ასაკის ქალი, მატარებელში ნაზუქს ყიდდა და დღეში დაახლოებით 40 ლარის (14$) მოგროვებას ახერხებდა. ეს უზარმაზარი თანხაა ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი დაახლოებით 160 ლარია (58$), საქსტატის მიხედვით. თუმცა ეს ბედნიერი დღეები წარსულს ჩაბარდა. რამდენიმე წლის წინ ძალაში შევიდა მატარებელში გარემოვაჭრეთა საქმიანობის აკრძალვა. თინასნაირმა მოვაჭრეებმა იმპროვიზაციას მიმართეს: მატარებელი ხაშურში დიდხანს ჩერდება, ამ დროს გამყიდველები  ვაგონებში ადიოდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ნივთი გაეყიდათ, სანამ მატარებელი დაიძვრებოდა. დღესდღეობით ესეც აღარაა დაშვებული, ამიტომ თინას ყოველდღიური შემოსავალი იმ მგზავრებზეა დამოკიდებული, ვინც გაჩერებისას თავად ჩამოდის დაბლა და შეიძენს მის პროდუქტს.

 

 

“ჩემი შემოსავალი ძალიან შემცირდა”, - აღნიშნავს თინა. “ჩემი პენსია 180 ლარია (65$), მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ფულის შოვნის სხვა გზა უნდა მოვიფიქრო”.

 

 

გეგმა ლეილასაც აქვს. საქართველოში არსებულ ყველა მატარებელში ორი ჯარისკაცი მუშაობს. ისინი დღეში ორჯერ ცვლიან მორიგეობას. ლეილამ იცის, ვის ენდოს.

“დღეს გამიმართლა, დათო მორიგეობს”, ეშმაკურად იღიმის ლეილა, “დათო მკაცრი არ არის და არ მიკრძალავს ვაჭრობას.”

 

როცა დათო (სახელი შეცვლილია) მორიგეობს, ლეილა თავისუფლად დადის ვაგონებს შორის და მზესუმზირასა და ტკბილეულს ჰყიდის თბილისიდან ხაშურისკენ მიმავალ გზაზე. როდესაც სხვისი მორიგეობაა, ლეილა მგზავრის როლში ადის მატარებელში, ჩანთიდან იღებს რამდენიმე ნივთს და სხვა მგზავრებს ჩუმად ანიშნებს, თუ უნდათ პროდუქტის შეძენა. ლეილა რამდენჯერმე შეამჩნიეს და მატარებლიდან ჩაგდებით დაემუქრნენ.

 

დაჩი ცაგურია, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა საკმარისი არაა ელექტრიჩკების ხარჯის დასაფარად. 16-ვე ელექტრიჩკის საფუძვლიანი შემოწმება 2016 წელს განხორციელდა.

 

“იაფფასიანი მატარებლებისა და მაგალითად, ბათუმის მატარებლის მდგომარეობა დრამატულად განსხვავდება ერთმანეთისგან, ძირითადად ბილეთის ფასის გამო. ჩვენ დაახლოებით 30 მილიონ ლარს ვხარჯავთ იმისათვის, რომ სისტემა გამართულად მუშაობდეს და ფასებიც შევინარჩუნოთ,” - დაჩი ცაგურია ჩაიხანასთან საუბრისას იმასაც უსვამს ხაზს, რომ საქართველოში მატარებლის ბილეთები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფია.

 

და ბილეთის ფასი ისევ დაბალი იქნება, განსაკუთრებით ელექტრიჩკებისთვის, რადგან ეს მომცრო ვაგონები, რომლებიც საქართველოს მთებს შორის დაფუთფუთებენ, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის ტრანსპორტის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა.

 

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება