“დიდი მორწმუნე იყო”, სტალინის ახალგაზრდა მხარდამჭერებთან ერთად
განაცხადი
ნახვა: 1552
ენები: 

ჩემთვის დიდად გასაკვირი არასდროს ყოფილა სტალინისადმი ასაკოვანი ხალხის პატივისცემა. ბაბუაჩემი საბჭოთა ბელადს ყოველთვის დიდი ქებით მოიხსენიებდა და მის ფოტოებს თავის საწოლთან ინახავდა. მაშინ გამბედაობა არ მყოფნიდა, რომ ბაბუას ან მისი ასაკის ხალხს ღიად დავპირისპირებოდი. მაგრამ გასულ დეკემბერს, როცა ჩავედი გორში, სადაც სტალინი დაიბადა 1878 წლის 18 დეკემბერს, აღმოვაჩინე, რომ ჩემხელა, 20-30 წლის, ადამიანებიც თაყვანს სცემენ მას. ამან ნამდვილად გამაკვირვა. გამიჭირდა მიმხვდარიყავი, ჩემსავით ახალგაზრდა ადამიანები რატომ იკრიბებოდნენ და ზეიმობდნენ იმ ადამიანის დაბადების დღეს, რომლის იდეოლოგიაც ასე შორსაა თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების იმ პრინციპებისგან, რომლებსაც მე ვიზიარებ.

 

იოსებ სტალინი, ანუ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, დაიბადა შიდა ქართლში, ქალაქ გორში. აქ მასზე დადებითმა მოგონებებმა სტალინის სიკვდილსაც გაუძლო და იმ კომუნისტური იმპერიის დაშლასაც, რომელსაც მან 1917 წელს სხვებთან ერთად ჩაუყარა საფუძველი.

 

თავის “რეზიუმეში” დაბადების თარიღად სტალინმა თავისივე ხელით ჩაწერა 1878 წლის 18 დეკემბერი. მაგრამ 1922 წელს, ძალაუფლების მოპოვებისას, თარიღი ერთი წლითა და სამი დღით წინ გადაწია ასე გახდა 21 დეკემბრის 1879 წელს “დაბადებული” სტალინი ერთი წლით ახალგაზრდა. დღეს, ყოველ 21 დეკემბერს, გორელების ნაწილი სტალინის მუზეუმის ეზოში აღნიშნავს მის დაბადების დღეს.

 

“ამხანაგ კობას” პატივს მიაგებენ ანთებული სანთლებით, ყვავილებითა და საგანგებო გამოსვლებით. შემდეგ მისი ფოტოებითა და საბჭოთა ატრიბუტიკით ხელში მიემართებიან გორის მთავარი მოედნისკენ. 2010 წლამდე სწორედ ამ მოედანზე იდგა ბრინჯაოსგან დამზადებული სტალინის ძეგლი.

 

2012 წელს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 27% ეთანხმება აზრს, რომ სტალინის მსგავსი ლიდერის საჭიროება ყოველთვის იარსებებს. ამასთან, გამოკითხულთა 47%-ს სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულა აქვს, ხოლო 21%-ს — უარყოფითი. ამ გამოკითხვის მიხედვით, ახალგაზრდები უფრო კრიტიკულად არიან განწყობილი, ვიდრე ასაკოვანი მოქალაქეები. 56 წელს გადაცილებულთა 42%-მა სურვილი გამოთქვა იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მაგვარი პიროვნება ეყოლება სათავეში. ამ აზრში მათ 18-დან 35-წლამდე ადამიანების მხოლოდ 11% დაეთანხმა.

 

ამ გამონაკლისს მიეკუთვნება 19 წლის ქეთო ლაზარიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ისტორია სტალინს არასამართლიანად მოექცა. მისი თქმით: “უკვე 63 წელია სტალინი მკვდარია, მაგრამ მაინც ყველა მასზე ლაპარაკობს, მაინც გამადიდებელი შუშით აკვირდებიან მის საქმეებს და უამრავი აუხსნელი ფაქტის გამო უარყოფითად აფასებენ.”

“საბჭოთა კავშირის იდეას ბევრი ნაკლი ჰქონდა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი მეც არ მომწონს, მაგრამ სტალინის მიმართ ყოველთვის დადებითი დამოკიდებულება მექნება და ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემ მას. ისიც გორელი იყო და სხვების მსგავსად გაიარა ცხოვრება, მაგრამ მხოლოდ მან მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება და თავისი ოცნებების ასრულება. ვინ იცის, როგორ ოცნებობდა ერთიან სამყაროზე, სადაც ყველა იქნებოდა თანასწორი და დასაქმებული, სადაც არ იქნებოდა თავსმოხვეული წარმოდგენები, ტელევიზიით სულ დადებით ამბებს გადასცემდნენ, ყველა ერთნაირად ჩაიცმევდა, რათა მათ შორის განსხვავება არ ყოფილიყო, და ყველა იქნებოდა ბედნიერი,” — დასძენს ქეთო.

ჯაბა გიუნაშვილი ფიქრობს, რომ სტალინის მტრები აღიარებენ მის გონებრივ შესაძლებლობებს და ამიტომაც უწოდებენ მას “ბოროტ გენიოსს”.

33 წლის ეკონომისტი ამბობს: “სტალინი ძალიან მორწმუნე იყო, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლოს, და ყველა დროის საუკეთესო სტრატეგიც. მე სტალინისადმი სიყვარული ჩემი მამა-პაპისგან მერგო მემვკიდრეობად. მერე წიგნებიც წავიკითხე, სხვების აზრიც მოვისმინე. რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ სტალინზე უკეთესი არავინ არსებობს, მაგრამ მე ის მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი იყო. ის იმსახურებს ჩემს პატივისცემას და დღესაც, მის დაბადების დღეზე, რამდენჯერმე განსხვავებული სასმისით შევსვავ მის სადღეგრძელოს.”

როგორც პოლიტიკოსი, ის იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ადამიანი. მას ღმერთისგან ბოძებული ჰქონდა ფენომენალური აზროვნების უნარი და ნიჭი. თანაც, გორელი იყო და ჩვენ მისით ვამაყობთ,” — სჯერა 31 წლის დათო ხაჩიძეს.

 

სტალინის დაბადების დღის აღნიშვნა რომ დასრულდა, ადგილობრივების რჩევით ერთ კაფეში გავეშურე. 

“სპორტკაფე” 2009 წელს დაარსა 42 წლის გიორგი კანდელაკმა, ცნობილმა ქართველმა მოკრივემ, რომელმაც 1996 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო სპორტის ამ სახეობაში. ეს ადგილი ძალიან მოსწონთ ახალგაზრდებში და ამაში გასაკვირი არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი რამ — საგანგებოდ შექმნილი “სტალინის ოთახი”.

სტალინის ფოტოებითა და ქანადეკებებით მორთული ეს დარბაზი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს შორის.

გიორგი კანდელაკს ასევე აქვს გახსნილი სტალინის სუვენირების მაღაზია.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება