სტალინის საიდუმლო ფლაერები
განაცხადი
ნახვა: 3354
ენები: 

თავისუფლებას სხვადასხვა გამოხატულება აქვს. სოსო გაგოშვილისთვის ის განასახიერებს 123 წლის მონარინჯისფრო, დაჟანგულ საბეჭდ მანქანას. ავლაბარში მანქანების შესაკეთბელ გარაჟებსა და ძველ სახლებს შორის იმალება ნგრევის პირას მისული ხის სახლი. მის სარდაფაში, მიწის ქვეშ 12 მეტრზე ინახება ახალგაზრდა კომუნისტების მიერ გამოყენებული მე19-საუკუნეში დამზადებული საბეჭდი მოწყობილობა. 

“კომუნისტური პარტია ქადაგებდა უნივერსალურ თანასწორობას. მათმა ნაწერებმა მილიონობით ხალხი გააერთიანა”, - ყვება 66 წლის სოსო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მუშაობდა გიდად. “ამ ნაწერებმა ჩაუყარეს საფუძველი საბჭოთა კავშირს, ერთადერთ ნამდვილ დემოკრატიას”.

სოსოსთვის, ისევე როგორც სხვა თავგადაკლული კომუნისტებისთვის, ძველი საბეჭდი მანქანა უფრო მეტია, ვიდრე ერთი უბრალო მოწყობილობა. მაგრამ ეს არც ისე შორსაა რეალობისგან. ბრიტანელი პროფესორი, საიმონ სებაგ მონტეფიორე თავის ცნობილ ბიოგრაფიულ ნაშრომში, “ახალგაზრდა სტალინი”, წერს, რომ ეს მანქანა პარტიის “ფასდაუდებელ განძს” წარმოადგენდა.

სოსო გაგოშვილი. 66 წლის მუზეუმის ყოფილი გიდი ამბობს, რომ წარსულში რუსეთის საიდუმლო სამსახურში მუშაობდა.

საიდუმლო ბეჭდვას კურირებდა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, იგივე სტალინი. 1899 წლისთვის, 20 წლის გორელმა ახალგაზრდამ მიატოვა სწავლა თბილისის სასულიერო აკადემიაში, “გაითავისა” მარქსისტული დოქტრინა და “პროფესიონალ რევოლუციონერად’ იქცა. 

1903-1906 წლებში ათასობით ფლაერი, პროკლამაცია და სტატია გამოიცა რუსულ, ქართულ, აზერბაიჯნულ და სომხურ ენებზე — ყველაფერი ეს იგეგმებოდა და იბეჭდებოდა ერთ, პატარა შენიღბულ ხის სახლში.

რევოლუციონერებს, როგორც წესი, შემოქმედებითი გონება ესაჭიროებათ. რუსეთის იმპერიისდროინდელ ბოლკშევიკებსაც განსაკუთრებული გამჭრიახობის გამოჩენა უწევდათ თავიანთი იდეების განსახორციელებლად. სწორედ ამის მაგალითია 1893 წელს გერმანიაში დამზადებული ეს საბეჭდი მანქანა, რომელიც ბაქოდან ჩამოიტანეს, შემდეგ დაშლილ ნაწილებად ჭაში გაატარეს და უკანვე ააწყვეს მიწისქვეშა სარდაფში. მაშინ, როცა კომუნისტები რევოლუციის მზადებაში იყვნენ, მიწის ზემოთ მდგარი ხის სახლი ჩვეულებრივობის ელფერს ინარჩუნებდა. 

ახალგაზრდა ბოლშევიკების პორტრეტები მათ მიერ გამოქვეყნებული გაზეთის "ბრძოლის" ასლებთან ერთად.
სტალინის საძინებელი არალეგალურ სტამბაში, რომელიც 1903-1906 წლებში მუშაობდა.
სტამბის კედელზე დაკიდული ნახატი - სტალინი თავის თანამოაზრეებთან ერთად საბეჭდი მანქანის ფონზე.
მუზეუმის შემოწირულობების ყულაბა ჩარჩოში ჩასმულ სტალინის საპარტიო ბილეთთან ერთად.

“რევოლუციონერები სარდაფში მორიგეობით მუშაობდნენ. სახლში, კი ორი ქალი ცხოვრობდა და ეზოში ქათმები ჰყავდათ. საშიშროების შემთხვევაში ქალები კედელში დამალულ ზარს რეკდნენ, რათა მიწის ქვეშ მყოფები გაეფრთხილებინათ.” - ამაყად ამბობს რუსუდან ჩიკვალაძე, მკაცრი გამომეტყველების მქონდე, 60-მდე წლის ქალი, რომელიც უკვე 2002 წლიდან მუშაობს ამ სახლის გიდად. სოსოს მსგავსად, რუსუდანიც სტალინის ასაკოვან “ფანკლუბს” მიეკუთვნება —  მათ ვინც სისხლიანი სამოქალაქო ომებისა და სიღარიბის გამოცდილების შემდეგ, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, ნოსტალგიით იხსენებენ იმპერიის წარსულს.

ფლაერების დაბეჭდვის მერე, ისინი ქუჩაში მოვაჭრეთა ორთვალებში ინახებოდა და შემდეგ მატარებლის სადგურიდან მთელს რეგიონში ვრცელდებოდა. ყველაფერი ეს საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. მონტეფიორეს თქმით, რევოლუციონერები თავიანთ საქმიანობას ბანკების გაძარცვით აფინანსებდნენ. მათ მიერ გამოცემულ გაზეთებს სტალინი არედაქტირებდა და ხშირად თავადაც წერდა სტატიებს, კობა ბესოშვილის ფსევდონიმით.

“ეს არ იყო ერთადერთი სტამბა რეგიონში”, - ამბობს რუსუდანი. “ბაქოშიც ჰქონდათ დიდი არალეგალური სტამბა, თუმცა თბილისში არსებული ერთადერთია, რომელიც მიწის ქვეშ გააკეთეს”.

1990-იანებში გაგრიდან დევნილი, რუსუდან ჩიკვილაძე, 2002 წლიდან მუშაობს მუზეუმის გიდად და ნოსტალგიით იხსენებს საბჭოთა კავშირში გატარებულ წლებს. “საბჭოთა კავშირი რომ არ დანგრეულიყო, მე ისევ ჩემს სახლში ვიცხოვრებდი. ყველაფერი ამერიკის ბრალია”.

1906 წლის 15 აპრილს პოლიციამ მიაგნო თბილისის არალეგალური სტამბის კვალს და მაშინვე ბოლო მოუღო მის არსებობას. მაგრამ ცარისტული იმპერიის დამხობის შემდეგ, 1937 წელს სტაბმა განაახლა და მუზეუმად გადააქცია საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა მეთაურმა სტალინმა. სტამბას საგანგებოდ დაემატა ახალი ერთსართულიანი, აგურის ნაგებობა, რომლის რკინის კარზეც საგულდაგულოდ ამოტვიფრეს ნამგალი და ურო და შიგნით გამოფინეს ახლაგაზრდა რევოლუციონერების პორტრეტები, დროშები და ჩარჩოში ჩასმული პროკლამაციები.

როგორც გორის სტალინის მუზეუმში, აქაც არსად არის მინიშნება მაინც რეპრესიების ვრცელ ისტორიაზე. დღეს, ძველი სტამბის შენობა ასევე ემსახურება საქართველოს კომუნისტურ პარტიას, რომლის სათაო ოფისისთვის საგანგებოდ არის გამოყოფილი ერთი პატარა ოთახი. 

“2012 წლამდე ეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მუზეუმი იყო, მაგრამ მიშამ [საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი] მას ჩამოაერთვა ეს სტატუსი და ყოველგვარი ფინანსური სახსრების გარეშე დავრჩით,” - ხსნის რუსუდანი. შენობა ახლა ეკუთვნის ეროვნულ მუზეუმს, რომელიც მის გარემონტებას გეგმავს.

რუსუდანი ამბობს, რომ ადრე ასობით ადამიანი მოდიოდა მუზეუმის სანახავად. ახლა ასე აღარ არის. დღესდღეობით, სულ რამდენიმე გაყინული, ცუდად განათებული ოთახია ღია მნახველებისთვის. იმის მიუხედავად, რომ, როგორც რუსუდანი ამბობს, ჩინელი ტურისტების ნაკლებობას არ უჩივიან, წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დააკლდათ მნახველები და შემოსავალი. 

ჟიული სიყმაშვილი, საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე. 2017 წელს 78 წლის სიყმაშვილი პარტიაში ყოფნის 50 წლისთავს ზეიმობს.
რუსუდან ჩიკვილაძე არალეგალური სტამბის ისტორიას ყვება
1937 წელს, როდესაც არალეგალური სტამბა მუზეუმად გადააქციეს, ამ ოთახში კინოჩვენებები და სხვადსხვა შეხვედრა იმართებოდა.

სოსოც ღელავს მუზეუმის მომავალზე. მაგრამ რუსუდანთან უთანხმოების შემდეგ ის უკვე ოფიციალურად აღარ მუშაობს მუზეუმში. მხოლოდ უფლებას აძლევენ იმავე შენობის საკუჭნაოში, ოთხ კვადრატულ მეტრში იცხოვროს.

“შემოდი,” ჩურჩულით ამბობს სოსო და თან ბოლო გაყინულ ხინკალს მიირთმევს. შიგნით, პატარა ტელევიზორში თურქულ სერიალს აჩვენებენ. კედლები სავსეა საგულდაგულოდ დაკიდული სუფთა პერანგებით და საწოლთან დაწყობილი უამრავი წიგნით.

“ცხოვრება რთულია. ადრე ბევრად ადვილი იყო ყველაფერი. სტალინმა ნამდვილი დემოკრატია შექმნა. ყველა თანასწორი იყო,” - ამბობს სოსო და თან მაჩვენებს“ეფ-ეს-ბე”-ში, რუსულ საიდუმლო სამსახურის ცნობას. 

სოსო გაგოშვილი თავის საცხოვრებელში

“კაპიტალიზმი არ არის ნამდვილი დემოკრატია,” - აგრძელებს სოსო.

“მაგრამ სტალინმა მილიონობით ხალხი დახოცა,” - უკმეხად ვპასუხობ.

“მართალია, შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ახლა საუბრობს ვინმე იმ მილიონობით ხალხზე, რომლებიც გაუბედურდნენ საბჭოთა კავიშირის დაშლის შემდეგ?” - კითხულობს სოსო და თან თითით თავის საკუჭნაოზე მიუთითებს.

А вы, откуда вы? და თაქვენ საიდან ხართ, თქვენ? მეკითხება აწეული წარბებით. 

“იტალიიდან,” - ვპასუხობ და უცებ სახე ეცვლება.

“იტააააალია! Good communists….ტოგლიატი* კარგი ამხანაგი იყო.”

ერთმანეთს სიბნელეში ვშორდებით და მეგობრებად ვრჩებით. 

*პალმირო ტოგლიატი ყველაზე დიდხანს იყო იტალიის კომუნისტური პარტიის მდივანი. მისი სიკვდილის შედეგ იალტაში 1964 წელს საბჭოთა კავშირის მესვეურებმა მის საპატივცემულოდ რუსეთში, სამსარას ობლასტში ერთერთ ქალაქს "ტოლიატი" დაარქვეს. 

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება