მკერავი პანკისიდან

Mariam Nikuradze

51 წლის რაზეტა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია პანკისის ხეობაში, სადაც ძველ ტრადიციებს ჯერ კიდევ მტკიცედ იცავენ.

რაზეტა კერავს კაბებს, ეროვნულ ჩეჩნურ სამოსს, საქორწილო და საბაკეტო კაბებს, ყოველდღიურ ტანსაცმელს, ბავშვის ტარნსაცმელს, ფარდებს და თეთრეულს, ჰიჯაბს ქალებისთვის. მისი ტანსაცმელი თითქმის ყველას აცვია ხეობაში და მის გარეთ სოფლებშიც კი.

esaa

მისი სახელოსნო დუისში მდებარეობს. დილით ადრე იხსნება და გვიანობამდე მუშაობს.

„მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და ეს უმნიშვნელოვანესია,“ აღნიშნავს ის.

რაზეტა ოზნეევა დევნილია. ჩეჩნეთის ომის შემდეგ ის ოჯახთან ერთად პანკისში ჩამოვიდა. შვიდი შვილი ჰყავს, ხუთი გოგონა და ორი ბიჭი. ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

„კარგი ადამიანი იყო, წესიერი და შრომისმოყვარე. ბევრს მუშაობდა, აქაც კი შეშას ამზადებდა ზამთრისთვის,“ იხსენებს რაზეტა.

 

მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა არის ის, რომ არც მას და არც მის შვილებს არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. 16 წელია აქ ცხოვრობს, მაგრამ მისი განცხადება ყოველთვის უარყოფილია. მიზეზი სხვადასხვაა, ხშირად ბუნდოვანიც. მოქალაქეობის გარეშე კი, ბევრი პრობლემა და ბარიერია.

„რამდენიმეჯერ შევიტანეთ განაცხადი, მაგრამ უარი მივიღედ. ჩემს ბიჭს დიპლომში ფული მოსთხოვეს, რადგანაც მოქალაქე არ იყო. არც ბავშვებს აქვთ დოკუმენტები და ბევრი პრობლემა ექმნებათ.“

რაზეტას თავისი მეწარმეობის გაფართოება სურს. ცოტა ხნის წინ განცხადება შეიტანა, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსება მიეღო მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. დაფინანსება 5-დან 15,000 ლარამდეა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის, უარი უთხრეს.

ახლა უკვე კოლეგების დახმარებით მეორეჯერ შეიტანა განცხადება, ამჯერად სხვისი სახელით და იმედი აქვს, რომ დაფინანსებას მიიღებს. მისი პროექტი სულ ცოტა შვიდ ქალს დაასაქმებს ხეობაში.

შვილები ეხმარებიან სახელოსნოში. პატარა, მაგრამ ნათელი ოთახია, რომელიც სავსეა ფერად-ფერადი ნაჭრებით, საკერავი მანქანებით, მაკრატლებით, ძაფებით და ბევრი სიცილით.

რაზეტა ტკბილი მოსაუბრეა კარგი იუმორის გრძნობით, რის გამოც კლიენტები სახელოსნოში იმაზე მეტ ხანს რჩებიან, ვიდრე შეუძლიათ.

 

„რაღაც ჯინსები მოგიტანე,“ მაღალი ქისტი ბიჭი შემოვიდა, „ხომ მიცნობ, არასდროს ვიზომებ და აჰა, დიდი მაქვს, უნდა გადამიჭრა.“

გოგონები სახელოსნოს ტოვებენ, რომ რაზეტამ ზომები აიღოს.

„მართლა კარგი ჯინსებია, რა ვქნა.“

„თუ კარგია, მაშინ რატომ მომიტანე აქ გადასაკეთებლად?“ რაზეტამ ზომები აიღო და 15 წუთში გაუშვა კმაყოფილი კლიენტი.

ხშირად აკითხავენ, რომ ახლად ნაყიდი ტანსაცმელი გადააკეთონ.

რაზეტა გოგონებზე წუხს, რომლებიც პანკისში ცხოვრობენ.

 

„დედაქალაქში უხდებათ წასვლა, რომ სარაფანი იყიდონ. მერე მოდიან ჩემთან და მთხოვენ, გადავაკეთო, რომ კაბა ჩვენ წეს-ჩვეულებებს, რელიგიას ერგებოდეს. მუსლიმები არიან, ხომ იცი, ვერ ატარებენ ასეთ ღია ტანსაცმელს.“

ოცნებობს, რომ პროფესიული ატელიე გახსნას, სადაც ქალები მოვიდოდნენ, აარჩევდნენ სასურველ ტანსაცმელს. ატელიეს ექნებოდა სალონიც თავისი საქორწინო სამზადისის კუთხით.

„მოვიდოდნენ ქალები ბავშვებით, იყიდნენ ტანსაცმელს, დასხდებოდნენ, დაისვენებდნენ, ნაყინს შეჭამდნენ, მერე ავიდოდნენ მეორე სართულზე და ტანსაცმელს შეუკვეთავდნენ. ოცნებად მაქვს ეს. ბევრი მცენარეები მექნებოდა იქ.“

ატელიეში გოგონებისთვის სამკერვალო სკოლა იქნებოდა.

„რთულია აქ სამსახურის შოვნა და ძალიან ბევრ გოგონას სურს, კერვა იცოდეს. რატომაც არა?“

 

რაზეტა კერვას ომალოსა და დუისში ასწავლის. გაკვეთილები სამ საათს გრძელდება. რამდენიმე სტუდენტი უკვე მასთან მუშაობს სახელოსნოში.

მელსი ბაღაკაშვილი, ახალგაზრდა ქალი პანკისიდან, რომელმაც რაზეტა ახალგაზრდულ ცენტრში მიიწვია მასწავლებლად, ამბობს, რომ ყოველთვის, განსაკუთრებით ადრე გოგონებს სულ ჰქონდათ ტანსაცმლის პრბლემა, იმიტომ, რომ აქ ტრადიციულ ტანსაცმელს ატარებენ. რთული იყო ასეთი მაღაზიების პოვნა და ეს დღემდე პრობლემად რჩება. სამი საათია საჭირო, რომ დედაქალაქამდე ჩახვიდე რამის საყიდლად. ამიტომაც გადაწყვიტა, სამკერვალო სასწავლებელი გაეხსნა ომალოში.

„ვიყიდეთ თანამედროვე საკერავი მანქანები და სხვა საჭირო აღჭურვილობა. კურსები ჯერ სამ თვეს მოიცავდა, მაგრამ ისევ გავაგრძელეთ. ახლა უფრო მეტ გოგონას სურს, იაროს.“

ამჟამად 16 გოგონა სწავლობს ომალოში. მელსის თქმით ისევ არის საჭიროება, რომ ამ მხრივ მუშაობა გაგრძელდეს და შეიქმნას საწარმო, სადაც ტრადიციულ ვაინახურ ტანსაცმელს დაამზადებენ და ხეობას მოამარაგებენ.

 

ის გვიხსნის, რომ ხეობაში განსხვავებული ხალხი ცხოვრობს. ზოგი მამას, ძმას ან ქმარს არ სურს, რომ ქალები მუშაობდნენ ან სწავლობდნენ, თუმცა, როცა კერვაზე მიდგება საქმე, რატომღაც ეს ნორმალურია. ინტერესიც იმატებს, რომ მეტმა ადამიანმა ისწავლოს, განსაკუთრებით რაზეტასთან და რაზეტას კი სწავლება სიამოვნებს.

მამაისს სურდა, რომ უმაღლესი განათლება მიეღო უნივერსტეტში.

„მაგრამ მე ეს საქმე მიყვარდა ყოველთვის. ავდექი და წავედი კოლეჯში და ჩეჩნეთშიც კი შეკვეთებს ვიღებდი, ვაკეთებდი ტანსაცმელს და მსიამოვნებდა ეს,“ ყვება რაზეტა.

როცა პანკისში ჩამოვიდა, სახლში უწევდა კერვა. შემდეგ ადგილი იქირავა და შვიდ წელზე მეტია, სახელოსნოში მუშაობს.

„უმეტესად ხალხმა იცის, რა უნდა შეუკვეთოს, თუმცა, თუ არ იციან, მენდობიან, რომ შევურჩიო. ნდობა სასიკვდილოდ მნიშვნელოვანია და აქ ყველა მენდობა.“

 

არასოდეს დაუგვიანია შეკვეთა.

„მათ სჯერათ, რომ ჩვენ არაფერს გავაფუჭებთ და იმედიც არასდროს უცრუვდებათ. ჩვენ აქ ერთი დღე არ ვმუშაობთ და ეს არ არის ფულზე, არამედ ხარისხზე. შედეგი კი ისაა, რომ მეტი და მეტი შეკვეთა მოდის.“

რაზეტას ვარდისფერი უყვარს, მარგამ ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად მას უფრო მუქი ფერები ‘უნდა მოსწონდეს.’ მიუხედავად ამისა, მისი სახელოსნო სხადასხვა ფერით არის სავსე.

გამოცემები

მეწარმეობა

შემდეგი