თხილის მავნებელი მწერი საქართველოში

Mariam Khutsishvili

შოთა ნოზაძის 13 სულიანი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო თხილის მოსავალია. ყოველ ზაფხულს შოთა მეუღლესთან და 11 შვილთან ერთად დაუღალავად შრომობს, რომ თხილი დროულად მოკრიფოს, გაარჩიოს და გაყიდოს, რათა ამ თანხით შვილებს ტანსაცმელი, წიგნები და სასკოლო ნივთები შეუძინოს. წელს თხილის მოსავალი გურიაში წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად ცოტა და უხარისხო გამოდგა, ამის მიზეზი კი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მწერი-აზიური ფაროსანაა.

https://www.youtube.com/watch?v=tPAZ_sJ_yjE

აზიური ფაროსანა დაახლოებით 300-ზე მეტ მცენარეს აზიანებს. გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ფოთლებით იკვებება, გამოსაზამთრებლად კი სახლებსა და შენობებში შედის. მწერი ამცირებს ნაყოფის ხარისხს და ხშირ შემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის მოსავალს.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. 2016 წელს მან თხილის მოსავლის საგრძნობლად დიდი ნაწილი დააზიანა. საქართველომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა 2017 წელს დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩამოაყალიბა პროგრამა რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენდა და დაიწყეს მავნებლის აღმოფხვრა.

მცენარის წამლით დამუშავებას რომ ჰქონდეს შედეგი, ამისთვის საჭიროა შეწამვლა მოხდეს მაშინ, როცა მავნებელი არის ნიმფის(მატლის) ფაზაში.  მცენარე უნდა შეიწამლოს რამდენჯერმე, მანამ სანამ ნაყოფს გამოისხამს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება 18-20 დღის განმავლობაში საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

სოფელი მაჩხვარეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აცხადებს რომ შეწამვლის მასშტაბური პროცესი დაიწყო მას შემდეგ რაც თხილს უკვე ნაყოფი ჰქონდა, მათი აზრით სწორედ ამან გამოიწვია პროცესის არაეფექტურობა.

 შოთა ნოზაძის განცხადებით, სოფელში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა უარი თქვა მცენარეების წამლით დამუშავებაზე, რადგან მათი ინფორმაციით პესტიციდები ანადგურებდა შინაურ ცხოველებს, ფრინველებს, ფუტკარს და სახიფათო იყო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, მას შემდეგ რაც მოსახლეობის ნაწილმა შეწამლა მცენარეები, ცნობილი გახდა რომ მხოლოდ გარკვეული უსაფრთხოების ნორმების დაცვა იყო საჭირო.

ფაქტია, რომ საზოგადოებისთვის არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდება გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს დასავლეთ საქართველოს ძირითადი მოსახლეობა შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი, პასუხისმგებელი პირები კი თავს იმით იმართლებენ, რომ აქამდე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონიათ და რომ სხვა ქვეყნები მავნებელს ათწლეულებია უშედეგოდ ებრძვიან.

დღევანდელი მდგომარეობით, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიასა და სამეგრელოს რეგიონებში, აზიური ფაროსანა უკვე მოედო თითქმის ყველა მცენარეს, განსაკუთრებული საფრთხე კი სიმინდის ყანებს ემუქრება. 13 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში ავიაცია ჩაერთო.

ვერტმფრენების მეშვეობით მოხდება გურიისა და სამეგრელოს სოფლების 20 ათასამდე ჰექტარი მიწის წამლით დამუშავება. მათი ინფორმაციით, უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნება დაცული, მოსახლეობა წინასწარ გაფრთხილდება, რათა ყველანაირი ზიანი თავიდან აიცილონ. 

გამოცემები

ცხოვრება სოფლად

შემდეგი