საბჭოთა კულტურის სახლების ახალი სახე

ზურაბ ბალანჩივაძე

ფოტოები და ტექსტი: ზურაბ ბალანჩივაძე

რედაქტორი: მონიკა ელენა


 

ეს შენობა საკუთარი წარსულის აჩრდილია. გარედან ზურმუხტისფერი საღებავი ძვრება, კიბე ძველი და მორყეულია, სვეტებს ბზარები ამჩნევია. შენობის შიგნით, ხის იატაკს ჭრაჭუნი გაუდის. კახეთში, სოფელ ზემო მაჩხაანის კულტურის სახლი, ან როგორც მას რუსულად უწოდებდნენ „Дом Культуры” 1960-იან წლებში გაიხსნა და რეგიონში მრავალ კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობდა. 

60 წლის ნაირა ნატროშვილს ის დრო კარგად ახსენდება. „სიცოცხლე ჩქეფდა”, ამბობს იგი. „ახლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ადგილი გამოვაცოცხლოთ”.

საბჭოთა კულტურის სახლები ქალაქებსა და სოფლებში მრავლად იყო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს წარმოადგენდა. ისინი პირველად 1930-იან წლებში შეიქმნა და მათი ძირითადი ფუნქცია საბჭოთა სოციალისტური პროპაგანდა იყო. 1950-იანი წლებიდან კი, სხვადასხვა კულტურული საქმიანობების ცენტრად იქცა, სადაც ერთიანდებოდა კინო, ცეკვა, მუსიკა და თეატრი. კულტურის სახლები ხშირად ბიბლიოთეკის ფუნქციასაც ითავსებდა.

ღონისძიებებზე დასწრება უფასო იყო, რაც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მახასიათებელს წარმოდგენდა. მონაწილეებს ასაკის მიხედვით ჰყოფდნენ, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც და პენსიაში გასული მოხუცებიც. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, კულტურის სახლებიც დაცარიელდა.

ნაირა ნატროშვილი ზედა მაჩხაანის კულტურის სახლის წინ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა სამუშაოსთვის ქალაქში გადასახლდა. ნატროშვილის ოჯახიც თბილისში ცხოვრობს.

ზემო მაჩხაანის კულტურის სახლის ფასადი. შენობა 1955 წელს აშენდა, იგი ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ გაიხსნა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სოფლის კულტურულ ცხოვრებაში.


ზემო მაჩხაანის საკონცერტო დარბაზი დანგრევის პირასაა, ამიტომ ქართული ცეკვის გაკვეთილები კულტურის სახლის დერეფანში ტარდება.


 

Reinventing Georgia's Soviet Houses of Culture

არც ზემო მაჩხაანის კულტურის სახლია გამონაკლისი. ამჟამად შენობაში ბიბლიოთეკაა განთავსებული. ასევე ტარდება ხელოვნებისა და მუსიკის კლასები და სოფლის საბჭოს კრებები. 2015 წელს, მას შემდეგ, რაც სოფლის ადგილობრივ  სკოლაში ხანძარი გაჩნდა, გაკვეთილებმა კულტურის სახლში გადმოინაცვლა. ბევრი ფუნქციის შეთავსების მიუხედავად, შენობა მძიმე მდგომარეობაშია.

„შეხედეთ ამ ბზარებს და ჭერს, საიდანაც წვიმა ჩამოდის”, აღნიშნავს ნატროშვილი, რომელიც სოფლის ადგილობრივი საბჭოს თანამშრომელია.

„საკონცერტო დარბაზი შეიძლება ჩამოინგრეს. მას ვეღარ ვიყენებთ, მაგრამ ვერავინ გვეხმარება. დავიანგარიშეთ, რომ დაახლოებით 48,000 ლარი ($18,000)  გვჭრდება იმისათვის, რომ მხოლოდ სახურავი შევაკეთოთ”.

სოფლის ადგილობრივ ანსამბლ „განთიადს” კულტურის სახლში კონცერტები ხშირად აქვს. როგორც ნატროშვილი აღნიშნავს, თუკი შენობა გარემონტდება, იგი ბევრ სხვა დანიშნულებას შეიძენს და სოფელში მცხოვრებ 1,200 ოჯახს სხვადსხვა ღონისძიებას შესთავაზებს. 

კულტურის სახლი მეტწილად განსაზღვრავდა სოფლის ყოველდღიურ ცხოვრებას, რადგან იგი საბჭოთა იდეოლოგიას უყრიდა საფუძველს.

„კულტურის სახლები ძირითადად ახალბედა ანსამბლებსა და ხელოვანებს სტუმრობდა, თუმცა ხანდახან შესაძლებელი იყო პროფესიონალებიც მოეწვიათ”, აღნიშნავს ბელა წიფურია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი შედარებით ლიტერატურათმცოდენობაში. „საბჭოთა კავშირის დროს, ეს ინსტიტუციები კულტურის სამინისტროს ექვემდებარებოდა, ან ადგილობრივ თვითმმართველობას. თუმცა ყოველი მათგანი საბჭოთა იდეოლოგიის პროპაგანდას ემსახურებოდა”.

როგორც კი საბჭოთა ცენტრალური სისტემა დაინგრა, კულტურის სახლების ფუნქციაში პროპაგანდის წარმოება აღარ შედიოდა. ეკონომიკური კრიზისი და საქართველოში 1990-იან წლების სოციალური და პოლიტიკური არეულობა კულტურის სახლების გაქრობაზე მიანიშნებდა.

სოფლები და მაღალმთიანი რეგიონები დაცარიელდა. სოფლის მოსახლეობა სამუშაოს ძიებაში ქალაქებში გადასახლდა. კულტურის სახლების ზუსტი რაოდენობა საქართველოში უცნობია. ზოგიერთი მათგანი კულტურის სამინიტროს დაქვემდებარების ქვეშ არის, ზოგიერთი კი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის. ზოგიერთი მათგანის იურიდიული სტატუსი უცნობია.

ბევრი კულტურის სახლი ვერ გადარჩა, თუმცა ზოგიერთმა ახალი სახე შეიძინა.

ზემო მაჩხაანის კულტურული სახლის დერეფანში, ცეკვის გაკვეთილების ოთახის წინ ფეხსაცმელები აწყვია. შენობაში სხვადასხვა აქტივობები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა არც ისე აქტიურად, როგორც წარსულში.

ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით, ზემო მაჩხაანის მაცხოვრებლებმა კულტურის სახლის შენობის ნაწილი სასკოლო კლასებად გადააკეთეს. დამწყებითი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები აქ უტარდებათ.


ნავაზის მცხოვრებლები გვანცა ნადირაშვილი, ლიკა აგაშენაშვილი და მარიამ ელკანაშვილი ქართულ, ფოლკლორულ სიმღერას, „დილა მთებს დასცინებიას” ასრულებენ. 


 

 

Reinventing Georgia's Soviet Houses of Culture

ოთახში ხის პალეტებია გაბნეული. წიგნის თაროები ჭერამდე აღწევს. სოფელ ნავაზში კულტურის სახლი ბიბლიოთეკად გადაკეთდა.

ნავაზი თბილისიდან, არც ისე შორს, 35 კილომეტრში მდებარეობს, მაგრამ სოფელში მცხოვრები 300 ოჯახი თავს გარიყულად გრძნობს. თუმცა, ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკამ სოფელს ახალი სიცოცხლე შესძინა.

ერთსართულიანი შენობა, მდინარე არაგვის ნაპირას 1960 წელს აშენდა, მაგრამ, ბევრი სხვა კულტურის სახლის მსგავსად, 1990-იან წლებში მუშაობა შეწყვიტა.

2010 წელს, 35 წლის ფსიქოლოგი და მასწავლებელი ოტია მუზაშვილი საცხოვრებლად თბილისიდან მამის სოფელში, ნავაზში გადმოვიდა.

„გრძელი ზაფხული იყო, სიცხემ სექტემბრამდე გასტანა. სოფლის მაცხოვრებლებთან დიდ დროს ვატარებდი”, იხსნებს ოტია. „ერთად დავდიოდით მდინარეზე და ერთ-ერთი საუბრის დროს აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი ბავშვი სკოლას აცდენდა. მათ  მიზანი არ ჰქონდათ და არავინ იყო ვინც მოტივაციას მისცემდა. რთული იყო იმასთან შეგუება, რომ ახალგაზრდა თაობა,  განათლებაზე უარს ამბობდა”.

მუზაშვილმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდების დამოკიდებულება სწავლისადმი შეეცვალა. პირველ რიგში მას სურდა, ბავშვებისთვის იმედი მიეცა და ეჩვენებინა, რომ სკოლის დამთავრება აუცილებელი იყო. იგი დაუკავშირდა რამდენიმე მეგობარს სოფელში და თბილისში  მდებარე კერძო სკოლა კანდიდში უფასო გაკვეთილების კურსი გააკეთა. მისმა ორმა მოსწავლემ ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სრული დაფინანსებით უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. მას შემდეგ, მუზაშვილს დამატებითი მოტივაცია გაუჩნდა, რომ უფრო მეტი გაეკეთებინა.

2015 წელს მუზაშვილმა ბიბლიოთეკის დაარსება გადაწყვიტა. სოფლის მუნიციპალიტეტისა და ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით, შენობა გარემონტდა და ბიბლიოთეკამ წიგნები შეიძინა.

ოტია მუზაშვილი განათლებით ფსიქოლოგია, ხოლო პროფესიით მასწავლებელი. 2010 წელს იგი საცხოვრებლად ნავაზში გადავიდა და მას შემდეგ სოფელის კულტურულ ღონისძიებებს უწყობს ხელს.

სამკითხველო ოთახი ნავაზის ბიბლიოთეკაში, რომელიც სოფლის კულტურის სახლში მდებარეობს. ბიბლიოთეკამ წიგნების ნაწილი შემოწირულობით მიიღო.

ნავაზის სასოფლო კლუბი 90-იანი წლებიდან მიტოვებული იყო. 2010 წელს მას რიტუალების სახლად იყენებდნენ და მას შემდეგ, ფუნქციის გარეშე დარჩა.

ოტია მუზაშვილს სურს, რომ ბიბლიოთეკა სოფლში არსებულ ძველი სასახლის ნანგრევების წიაღში გადავიდეს, რომელიც მუხრანბატონის მფლობელობაში იყო. ასეთ შემთხვევაში, ბიბლიოთეკა სხვა კულტურულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს.

ზემო მაჩხაანის საკონცერტო დარბაზის კიბე შესაკეთებელია. ნაირა ნტროშვილი აღნიშნავს, რომ დარბაზი 800 ადაიანს იტევს და მას კარგი აკუსტიკა აქვს.

რეგიონალური ბიბლიოთეკების მხარდასაჭერად, 33 წლის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კულტურის სამინისტროსთან, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდსა და USAID - თან გაერთიანდა.

„2012 წლიდან მოყოლებული, 700-მდე ბიბლიოთეკას მივაწოდეთ წიგნები და მათგან 70 ბიბლიოთეკაში შევიყვანეთ ინტერნეტი”, აღნიშნავს კეკელიძე. „თანამედროვე ბიბლიოთეკებს ისეთი დატვირთვა აქვთ, როგორც კულტურის სახლებს, რაც ერთიან სივრცეში სხვადასვხა ღონისძიებების გაკეთებას გულისხმობს. ბიბლიოთეკები მხოლოდ წიგნების გამოფენის ადგილი არ არის.”

მუზაშვილი ამ მოსაზრებას ეთანხმება. მისთვის ნავაზის ბიბლიოთეკა ხელოვნების, მუსიკისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ადგილია.

„ბევრი კულტურული აქტივობა გვქონდა და ასევე ჩავატარეთ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა დაესწრო მეზობელი სოფლებიდან”, ამბობს მუზაშვილი. „შენობის მეორე ნაწილი, სადაც სახელოსნო უნდა იყოს, კვლავ შესაკეთებელია”.

კულტურის სახლი მუზაშვილისთვის მხოლოდ მისი პირადი გატაცება არ არის. იგი ასევე ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს, სადაც სამი ადამიანი მუშაობს და პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სოფელ ნავაზში პატარა, ერთსართულიანი სასოფლო კლუბის გამოცოცხლება, ახალი მაჩხაანის კულტურის სახლთან შედარებით, შეიძლება, არც ისეთი რთული იყოს, მაგრამ ეს უკანასკნელი, როგორც განახლებული კულტურის სახლი, საჭირო მხარდაჭერის შემთხვევაში, ბევრ შესაძლებლობას უხსნის გზას. 


ზემო მაჩხაანის ანსამბლი „განთიადის” წევრები და ნაირა ნატროშვილი ქართულ ფოლკლორულ სიმღერას ასრულებენ.


 

Reinventing Georgia's Soviet Houses of Culture

გამოცემები

ცხოვრება სოფლად

შემდეგი