პირადი სივრცის ძიებაში

მანო სვანიძე

ოცდასამი წლის დავით ენუქიძე არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. იგი ერთი წლის წინ საცხოვრებლად მარტო გადავიდა. ბევრ ქვეყანაში ეს ბუნებრივია, მაგრამ საქართველოში, ისევე როგორც კავკასიის სხვა ქვეყნებში, ახალგაზრდების ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს.

“ჩემს ოჯახს ჩემს გადასვლაზე ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. დედაჩემს რომ ვუთხარი რომ გადავდივარ, ტირილიც კი დაიწყო. პირველი დღე იყო ძალიან ცუდი. დედაჩემი მეხვეწებოდა, დამიჩოქა კიდეც რომ არ წავსულიყავი, მაგრამ ვუთხარი რომ გადაწყვეტილი მაქვს და მერე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ყოველ დღე მირეკავდა რომ გაეგო როგორ ვარ, ცოცხალი ვარ თუ არა,” იხსენებს დავითი.

ოჯახის ცნება წმინდაა საქართველოში და რთულია იმის გაგება ვინმეს ოჯახის დატოვება ცალკე ცხოვრების მიზნით უნდოდეს. ამასთან ერთად, სანამ ახალგაზრდა საკუთარ ოჯახს არ შექმნის, არავის ხედავს ცალკე ცხოვრების აუცილებლობას. 

23 წლის დავით ენუქიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, სახლიდან იგი ერთი წლის წინ წამოვიდა.

სახლიდან წამოსვლის შემდეგ, დავითი სამ მეგობართან ერთად ქირაობდა ბინას. ახლა იგი საბურთალოზე მარტო ცხოვრობს.

დავით ენუქიძე არქიტექტურას სწავლობს. მარტო გადასვლამდე, იგი დედასთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობდა.

მარტო გადასვლის შემდეგ, დავითი თავს უფრო თავისუფლად გრძნობს.

22 წლის გიორგი ტყემალაძე  და  21 წლის გიორგი მინდიაშვილი, რამდენიმე თვეა რაც ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, ორ სხვა საერთო მეგობართან ერთად.

“უნივერსიტეტი გამოვიყენე მიზეზად რომ აქ გადმოვსულიყავი და ერთადერთი დედაჩემი დამიდგა გვერდში. იმასაც უნდოდა რომ გადმოვსულიყავი დამოუკიდებლად საცხოვრებლად. მამაჩემი და ბებიაჩემი წინააღმდეგები იყვნენ. ეგონათ რომ ვერ გავქაჩავდი,” ამბობს გიორგი ტყემალაძე.

ცალკე საცხოვრებლად გადასვლა გოგონებისთვის უფრო რთულია, რადგან ამ შემთხვევაში მიუღებელია გოგო დამოუკიდებლად, „უპატრონოდ“ ცხოვრობდეს.

გიორგი მინდიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. სახლში მისი ცალკე ცხოვრების ფაქტი ჩვეულებრივად მიიღეს. თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა მის დას, 25 წლის თამარსაც უნდოდა, მაგრამ ოჯახმა მას ნება არ დართო.

22 წლის გიორგი ტყემალაძე და 21 წლის გიორგი მინდიაშვილი ქუთაისიდან თბილისში სასწავლებლად გადავიდნენ და სახლი ერთად იქირავეს.

გიორგი ტყემალაძე, საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში ენერგეტიკასა და ელექტროინჟინერიას სწავლობს.

გიორგი ტყემალაძის ოჯახი მისი მარტო ცხოვრების წინააღმდეგი იყო. მათ ეშინოდათ, რომ მარტო ცხოვრებისას შეიძლებოდა „ათასი რამ მომხდარიყო”.

22 წლის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ტყემალაძე

ბევრი ოჯახისგან განსხვავებით, გიორგი მინდიაშვილის ოჯახისთვის მისი მარტო ცხოვრება მისაღები იყო.

თბილისში სასწავლებლად გადმოსვლა, ახალგაზრდებისთვის მარტო ცხოვრების შესაძლებლობა იყო.

28 წლის სესილი პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს. მან მარტო გადასვლა ხუთი წლის წინ გადაწყვიტა, რაც მისმა ოჯახმა „ძალიან მძაფრად მიიღო”.

„ვერ მიხვდნენ რატომ შეიძლებოდა გადავსულიყავი, როცა მქონდა სახლი, როცა არაფერზე არ მქონდა პრობლემა. დედის არგუმენტი ის იყო, რომ მე არაფერში არ მეშლებოდა ხელი და სრულიად თავისუფალი ვიყავი,” ამბობს სესილი.

„მაგის ახსნა დამჭირდა მთელი წელი. მუდმივი კამათი იყო, წყენა, ძალიან ნაწყენი იყო იმაზე, რომ რაში მჭირდებოდა მე ცალკე გადასვლა, რომ რა დააშავეს, რამე ცუდი ხომ არ გააკეთეს. და რეალურად სანამ პირადად არ დაველაპარაკე ვერ მიხვდა ამას.“

როდესაც 23 წლის თამარა თაბუკაშვილმა სასწავლებლად თბილისში წასვლა გადაწყვიტა, ოჯახის წევრები მის გადაწყვეტილებაზე შეშფოთდნენ.

„დაიწყო ის რაც არავის გაუკვირდება ალბათ, გოგო ხარ, მამა არ გაყვს (მამა 7 წლის ასაკში დაეღუპა), როგორ იცხოვრებ მარტო, პატრონი ჰო გინდა, ვინმემ რამე რომ დაგისავოს, ან არასწორ ცხოვრებას რომ დაადგე”, იხსენებს თამარა.

ცალკე გადასვლის შემდეგ თამარას ხშირად ამოწმებდნენ ოჯახიდან. ხშირი იყო ბიძამისის თბილისში „საქმეზე” ვიზიტები. ამოწმებდნენ იმას თუ სად ცხოვრობდა, სად მუშაობდა, რაც საკმაოდ სტრესული იყო თამარასთვის.

„ეშინოდათ არ შემერცხვინა ოჯახის სახელი, მაშინ მქონდა განცდა რომ ჩემზე არავინ ფიქრობდა, უბრალოდ არსებული სახელი, ღირსება უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ სიტუაციაში დედისგან მქონდა აბსულუტური მხარდაჭერა, რომ არა ის, ალბათ არაფერი გამომივიდოდა,” იხსენებს თამარა. 

თამარას დედა თვლის, რომ 18 წლის ასაკში, „ახალგაზრდამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა”. თავდაპირველად შესაძლებელია რთული იყოს, ამბობს მაია, მაგრამ „მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა საკუთარი გზა დამოუკიდებლად იპოვონ.”

სესილი პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს. მისი თქმით დედამისს ერთი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ თამარას გადაწყვეტილება გაეგო.

სესილი ფიქრობს, რომ ქართველი ქალებისთვის განსაკუთრებით რთული იმაზე კამათი ოჯახთან, რომ მათ მარტო ცხოვრება შეუძლიათ.

23 წლის თამარა თაბუკაშვილი წლებია თბილისში მარტო ცხოვრობს, მაგრამ მისი თქმით მის ოჯახს დღემდე არ ესმის, თუ რატომ ურჩევნია მარტო ცხოვრება.

როდესაც თამარა საცხოვრებლად მარტო გადმოვიდა, მისი ახლობლები ხშირად სტუმრობდნენ და ამოწმებდენ მას.

თამარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ანგილსტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მისი თქმით ოჯახთან ერთად ცხოვრებისას სწავლაში ძალიან ეშლებოდა ხელი.

თამარა თაბუკაშვილის საკუთარ საძინებელში.

თამარა მთაწმინდაზე სახლს ქირაობას საკუთარ მეგობარ ანასთან ერთად.

თამარას თქმით „გოგოა და მარტო უნდა ცხოვრება” არ არსებობს მისი ოჯახის ცნობიერებაში.

21 წლის ნინო სილაგაძე ქუთაისიდან ჩამოსვლის შემდეგ ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა. მარტო გადასვლა დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა და თსუ-ს საერთო საცხოვრებელს მიაგნო, სადაც მზად იყო ერთ-ერთი ოთახი ელექტრო ენერგიის გარეშე ექირავა, შემდეგ კი იგივე საცხოვრებელში, უკეთეს პირობებში გადავიდა.

“ცალკე გადასვლა პრობლემატურია. ჩემი ჯგუფელებისგან მესმის რომ მარტო რომ გადავიდე დედაჩემი თავს მოიკლავს და მამაჩემი არა რას ამბობ, არ მომცემს ნებას, ”ამბობს ნინო. 

22 წლის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი რატი წიკლაური რუსთავში, დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს.

„ჩვენს საზოგადოებაში ბიჭისთვის უფრო მარტივია პირადი სივრცის ქონა. მხოლოდ სექსუალური თავისუფლების მხრიდან. მაგრამ გოგოებისთვის პირიქით. თითქოს გოგოებს უფრო ნაკლები სივრცე სჭირდებათ, მაშინაც კი როდესაც 30 წლის ხარ, მოლოდინია, რომ მშობლებთან უნდა ცხოვრობდე."

რატი თვლის, რომ სხვა სივრცეში უფრო ადვილია პირადი სივრცის შექმნა. ის აბრკოლებს, რომ დედას ძალიან ეწყინება მისი გადასვლა. თუმცა მშვიდად არის, რადგან საზღვარგარეთ აპირებს სწავლის გაგრძელებას, რაც მისი აზრით პრობლემის მოგვარების უმტკივნეულო მეთოდია. 

“პირადი სივრცის სხვა სივრცეში შექმნა, ოჯახისგან შორს უფრო ადვილია”, ამბობს რატი.

ნინო სილაგაძე თსუ-ს საერთო საცხოვრებელის აივანზე.

საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, თსუ-ს საერთო საცხოვრებელი, ბევრი ახალგაზრდისთვის პირადი სივრცის შექმნის საშუალებაა.

21 წლის ნინო სილაგაძე ქუთაისიდან.

ცალკე გადასვლამ დიდი გავლენა იქონია ნინოს შემოქმედობითობაზე და წერის სურვილი გაუმძაფრა.

22 წლის რატი წიკლაური საკუთარ სახლში, რუსთავში.

რატის ანარეკლი მისი მშობლების ქორწილის ფოტოზე.

რატი წიკლაური და მისი 17 წლის და ანა. რატის ცალკე გადასვლა სურს, თუმცა ფიქრობს, რომ ამის ერთადერთი გზა საზღვარგარეთ წასვლაა.

რატის სახლში დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი მისი სკოლის მოსწავლე დაა, რომელსაც სკოლაში დახმარება სჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ რატი ბევრს ვერაფერს უკეთებს, ბევრს ნიშნავს ოჯახისთვის მისი სახლში ყოფნა.

რატი იზიარებს იმ აზრს, რომ საქართველოში გოგოებისთვის ცალკე საცხოვრებლად გადასვლა ძალიან რთულია.

გამოცემები

სივრცე

შემდეგი