პურზე „სანადიროდ”

ნანა თაკვარელია

მაია გრძელიშვილს დღემდე ახსოვს, თუ როგორ აღვიძებდა, 1990-იან წლებში, დილის ოთხ საათზე, ახალი გამომცხვარი პურის სურნელი. რაც იმის ნიშანი იყო, რომ სახლში ელექტროენერგია გრაფიკის მიხედვით, ორი საათით იყო ჩართული და გრძელიშვილის დედას პურის გამოცხობა უნდა მოესწრო. წინააღმდეგ შემთხვევაში პურის რიგში დგომა მოუწევდა. გარემოში, სადაც თითქმის არაფერი არსებობდა, ეს ერთ-ერთი გზა იყო იმისათვის, რომ თავი ნორმალურ ადამიანად გეგრძნო.

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო, ისევე როგორც სხვა საბჭოთა რესპუბლიკები, ეკონომიკური სირთულეების, პოლიტიკური ქაოსისა და გაზრდილი კრიმინალის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, ძირითადი სირთულე საკვების მოპოვებას უკავშირდებოდა.

“ყველაზე მთავარი გადარჩენა იყო”, - ასე იხსენებს აღნიშნულ პერიოდს 33 წლის, გენდერის მკვლევარი  სპეციალისტი მაია გრძელივშვილი.

საკვების დეფიციტი პროდუქტის განაწილების ცენტრალიზებული სისტემის ჩამოშლამ გამოიწვია, რამაც ერთ დროს სასოფლო სამეურნო საქმიანობით სახელგანთქმული ერი აიძულა ყველაფერი თავიდან დაეწყო და ხელახალი გზები მოეძებნა საკვების მარაგის შესავსებად. ამის ერთ-ერთი მაგალითი, სპეციალური საბარათე სისტემა და საათობით რიგში დგომა იყო 300 გრამი პურისთვის.

1993 წელს, კვების ანთროპოლოგმა მერი ელენ ჩატვინმა, ავტორმა წიგნისა სოციო-კულტურული გარდაქმნები და საკვები საქართველოს რესპუბლიკაში (1989-1994), აღწერა საქართველოში არსებული ყველა სოციალური კლასის სასოწარკვეთილი მდგომარეობა. მისი თქმით, თბილისის ბაზარში „კარგად ჩაცმული ადამიანები” პროდუქტს იპარავდნენ. ჰუმანიტარული დახმარება თითქმის ვერანაირ შეღავათს ვერ უწევდა მათ დუხჭირ ცხოვრებას. ასევე იძარცვებოდა ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული პროდუტები.

ზოგიერთი ქართველისთვის კი,  საჭმლის შოვნა ერთგვარ სპორტის სახეობად იქცა -  საქმიანობად, რომლის დროსაც წარმატების მიღწევის სურვილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

ჰუმანიტარული დახმარება ევროკავშირიდან, ფოთის პორტი, 1995 წელი. 1992 წელს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ევროკავშირმა ქვეყანას 150 მილიონი ევრო გამოუყო სურსათისა და ჰუმანიტარული დახმარების სახით. ფოტოს ავტორი ვლადიმერ ვალიშვილი (საქართველოს ეროვნული არქივი)

1993 წელს ჰუმანიტარული დახმარება ამერიკიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდა. იმავე წელს ამერიკამ საქართველოს 155 მილიონი დოლარის საფასურის დახმარება გაუწია. როგორც თეთრი სახლი იუწყებოდა, დახმარება ძირითადად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის იყო განკუთვნილი. ერთ-ერთი ჭორის თანახმად, პროდუქტებში ბიზონის ხორციც იყო. ფოტოს ავტორი ვლადიმერ ვალიშვილი (საქართველოს ეროვნული არქივი).

1995 წლის წითელი ჯვრის დახმარება კონკრეტულად აფხაზეთიდან და ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის იყო განკუთვნილი. ფოტოს ავტორი გოგი ცაგარელი (საქართველოს ეროვნული არქივი).

ორმოცდაცხრამეტი წლის გია გოკიელს კარგად ახსოვს, თუ როგორ მიდიოდა 90-იანი წლების დასაწყისში, ზურგზე ჩანთა მოკიდებული, პურის საშოვნელად, რათა ცოლი და სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი გამოეკვება. ამ ქმედებას იგი ,,პურზე ნადირობას“ უწოდებს, რითაც ხაზს უსვამს შედეგის არაპროგნოზირებად ხასიათს (ეს ნიშნავს, რომ პურს ან იშოვნიდი, ან ვერა). „ხანდახან ამას ნახევარი დღეც მიჰქონდა” - ამბობს გოკიელი.

რაც შეეხება სიტყვას „შოვნა”, ქართველები მას იმგვარი ქმედების აღსაწერად იყენებენ, რომელიც ძალიან ჰგავს ფსონის დადებას, რადგან ამ ზმნაში ძალისხმევა და იღბალი თანაბრად მნიშვნელოვანია.  სწორედ ეს სიტყვა გამოიყენება იმ პერიოდში საკვების მოპოვების პროცესის აღწერისათვის.

იღბალი მართლაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მშიერი არ დარჩენილიყავი. ხშირად საჭმლის შოვნა მხოლოდ ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარების საშუალებით იყო შესაძლებელი. თუ ერთ მშვენიერ დღეს კვერცხს იშოვიდი,  სიკეთეში ჩაგეთვლებოდა, თუკი ამბავს გაავრცელებდი. იღბლიანი იყო ის, ვისაც პირადი სანდო კავშირები ჰქონდა ბაზარში ან სოფელში, რაც ბევრად უფრო ამარტივებდა პროდუქტის შოვნას.

პურს, ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ ძირითად პროდუქტს, ხშირად ბარტერიული ფუნქცია ჰქონდა: გარე ბაზრობებზე ხალხი მას საკვებ პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო ნივთებში ცვლიდა. ხშირად პურის მარაგს საყინულეში ინახავდნენ, ისევე, როგორც ნაღდ ფულს საბანკო ანგარიშზე.

გოკიელს ახსოვს თუ როგორ გაცვალა კვერცხში 30 ცალი გამომშრალი პური. ეს ამბავი 80-იანი წლების ბოლოს, საკუთარ სოფელში, მანგლისში მოხდა, სადაც პური ფერმაში ცხოველების გამოსაკვებად სჭირდებოდათ.

მწვანილისთვის იგი დიდი მანქანით მარნეულში მიდიდოდა. იმ დროს ბენზინის ნაკლებობის გამო მოსახლეობა მანქანებსაც იშვიათად იყენებდა.

თბილისის მაცხოვრებლები ახლომდებარე ტყეებში, იქ სადაც ახლა საცხოვრებელი კომპლექსებია განლაგებული, ხილს, სოკოს და საჭმელად ვარგის ნაყოფს აგროვებდნენ.

„ასეთი ექსპედიციების შემდეგ ვბრუნდებოდით და რამდენიმე მეზობელთან ერთად ვიკრიბებოდით კორპუსის საქვაბე ოთახში (სითბოსთვის და სივრცისთვის). თითოეულ ჩვენგანს რაღაც მოგვქონდა, რომ გაგვენაწილებინა”, - იხსენებს მხატვარი დათო გეგეჭკორი, რომელიც მაშინ 9 წლის იყო.

სხვა პროდუქტებთან შედარებით, ხორცი ყველაზე რთულად იშოვებოდა. 1993 წლის მონაცემებით, ერთი კილო ხორცი საშუალოდ ერთი თვის ხელფასს უდრიდა. გოკიელი იხსენებს, რომ

ზოგიერთი მაღაზია გასაყიდად საქონლის თავს ამუშავებდა. ასევე შედარებით იაფად იყიდებოდა საქონლის ენა და ტვინი.

რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, 1992 წლის თბილისში პურის რიგები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ფოტოს ავტორი ირაკლი გედენიძე ვალიშვილი (საქართველოს ეროვნული არქივი).

„ოთხი საათის განმავლობაში პურის რიგში დგომა უცნაური არ არის...” - იტყობინებოდა ახალი ამბები 1993 წელს. უამრავი მიზეზის, მათ შორის პურის დეფიციტის გამო, საზოგადოება იმედგაცრუებული იყო ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობით. ფოტო სერგო ედიშერაშვილი (საქართველოს ეროვნული არქივი).

საბჭოთა სადისტრიბუციო სისტემის დანგრევის შემდეგ, რამაც ნავთობის დეფიციტი გამოიწვია, ცხელი საჭმელი ბევრი ქართველისთვის ფუფუნება გახდა. ფოტოზე ნაჩვენებია თბილისის მოსახლეობა 1996 წელს, რომელიც ნავთის რიგში დგას. ფოტო გოგი ცაგარელი (საქართველოს ეროვნული არქივი).

სირთულეების მიუხედავად, გარკვეული ნოსტალგია თან ახლავს ამ პერიოდს. გათბობის არარსებობის გამო ოჯახები ერთ ოთახში იკრიბებოდნენ. ეს ერთმანეთის დახმარების დრო იყო.

ერთ-ერთი ოჯახი იხსენებს, რომ ექვს კილომეტრს გადიოდნენ უახლოესი ავტობუსის გაჩერებამდე, რათა დუშეთიდან თბილისში ჩასულიყვნენ და მეზობლებისთვის სოფელში ნაშოვნი პროდუქტი გაენაწილებინათ.

იმ პერიოდში, როცა შუქი ხშირად ქვრებოდა და გათბობა და გაზიც ფუფუნება იყო, მეზობლები კოლექტიურად, ე.წ. ,,კერასინკაზე“ (ნავთის გამათბობელზე) ამზადებდნენ საჭმელს. ხშირად რამდენიმე ოჯახი ერთ გამათბობელს იყენებდა.

„გასაღებს ყოველ დღე ვტოვებდი ჩემს მეზობლებთან”, - იხსნებს ჰუმნიტარული დახმარების ყოფილი მუშაკი, ნინო ქარელი, რომელსაც იმ პერიოდში, კორპუსში ერთადერთი ნავთქურა ჰქონდა. „გასაღები ხელიდან ხელში გადადიოდა და ნავთქურას ყველა იყენებდა”, - ამბობს იგი. „საბოლოოდ, ჩემი სახლი „შტაბად” გადაიქცა, სადაც მეზობლები ჩაის მიირთმევდნენ”.

სანამ ნავთის გამათბობელი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდებოდა, ბევრმა სხვა გამოსავალი იპოვა. გოკიელმა ზეთის სანათისგან და აგურებისგან ღუმელი გააკეთა. მისი თქმით, ის სითბო, რომელსაც ღუმელი გამოჰყოფდა საკმარისი იყო კვერცის შესაწვავად.

იყო შემთხვევები, როცა კორპუსის ეზოებში ან საკუთარი სახლის აივნებზე ცეცხლს ანთებდნენ საჭმლის გასაკეთებლად. ცეცხლის დასანთებად ხშირად იატაკის მასალასაც იყენებდნენ.

Of Bread and Barter: Surviving Georgia’s Food Crisis

ბევრისთვის, განსაკუთრებით უფროსი თაობისთვის, ეს მოთმინების და გადარჩენის მწარე გამოცდილება იყო. არსებობს უამრავი ისტორია იმის შესახებ თუ როგორ კვდებოდნენ მოხუცები პურის რიგში.

90-იანების შუა წლებიდან კრიზისის სიმძიმემ იკლო, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ მისი ზემოქმედების ქვეშაა. მაგალითად, დღეში მხოლოდ ორჯერ ჭამს, დიდ ყურადღებას აქცევს კვების ხარჯებს, ცდილობს საკვები არ გადაყაროს და  მას სხვებსაც უნაწილებს.

გრძელიშვილის შემთხვევაში, კრიზისულმა გამოცდილებამ მას მშობლების მიმართ მადლიერების გრძნობა გაუჩინა. „ყველაფერი, კი რაც გვქონდა, ვუყურებდით თუ როგორ შრომად უჯდებოდათ ჩვენს მშობლებს” - ამბობს იგი.

იგივეს თქმა შეუძლია საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას.

გამოცემები

მეხსიერება

შემდეგი