ხანდაზმულების ცხოვრება ომის შემდეგ

Salome Kobalava

გორში, საბჭოთა კავშირის დროინდელ ფოსტის შენობას, ნატყვიარები ისევ ამჩნევია. ტყვიების კვალი, რომელიც მიმდებარე შენობებსაც გასდევს, 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსეთის ოკუპაციას მნახველს ყოველდღიურად ახსენებს.

2008 წლის ომი მათ ცხოვრებაში, ვისაც ის შეეხო და ვისაც მის გამო სახლების დატოვება მოუხდათ, დღესაც გრძელდება.

ამ ომის მძიმე შედეგებმა განსაკუთრებით ხანდაზმულები და კიდევ უფრო, ის ხანდაზმული ქალები დააზარალა, რომელთაც მოხუცებულობის გატარება სიდუხჭირეში მოუწიათ.

68 წლის მაყვალა ჭიღლაძე ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელმაც ათი წლის წინ, რუსული ჯარის ქალაქზე თავდასხმისას, გორი იძულებით, ოჯახთან ერთად დატოვა და თბილისისკენ მიმავალი, უკან ადევნებულ ჯარს დაუსხლტა.

2008 წელს საცხოვრებელი მან მეორედ დატოვა.

პირველად, 1991 წელს, მაშინ როცა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. ზნაურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაყვალას სახლი, სამხედრო მოქმედებების დროს დაიწვა და ხანძარს მისი  მამამთილის სიცოცხლეც შეეწირა.

1991 წლის მოგონებები საკუთარ მხარეზე, მაყვალას ახლაც თან სდევს.

ამბობს, რომ მეორე ომის შემდეგ, 2008 წლიდან, ჯანმრთელობა გაუუარესდა და კარჩაკეტილი ცხოვრება დაიწყო. „სახლში ჩავიკეტე, სულ ერთსა და იმავეზე ვფიქრობდი”, - იხსენებს მაყვალა.

თუმცა ახლა,  გორის ხანდაზმულთა დღის ცენტრის დახმარებით, მისი ცხოვრება თანდათან იცვლება.

„ამ ცენტრის გამოჩენის შემდეგ, გამოვცოცხლდი. 12 საათი რომ მოდის, უკვე ვჩქარობ, რომ წამოვიდე. უკვე მიზანი მაქვს, როგორც ადრე, სამსახური რომ მქონდა ფრონის ხეობაში და ყოველდღე რომ უნდა წავსულიყავი.”

გორის დღის ცენტრში ქალები კარტს თამაშობენ. ისინი ყოველდღე იკრიბებიან სასაუბროდ, კარტის სათამაშოდ, ტელევიზორის საყურებლად ან გაზეთების წასაკითად. მარცხნიდან მარჯვნივ: 84 წლის ჟუჟუნა ნიკორაშვილი, 1991 წელს სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი; 2008 წლის ომის დაზარალებული, 68 წლის ლუდა მარტიაშვილი, გორიდან; 68 წლის მაყვალა ჭიღლაძე და 81 წლის ელიზა რაზმაძე, 1991 წელს სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

მარცხნიდან მარჯვნივ: 68 წლის მაყვალა ჭიღლაძე და 81 წლის ელიზა რაზმაძე, 1991 წელს სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

81 წლის ანა მესხი, 1991 წელს სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. გორის დღის ცენტრში ანა 2016 წლიდან დადის. იგი მკერავია და პენსიაზე გასვლამდე საკუთარი პროფესიით მუშაობდა. მისი ნამუშევრები 2008 წლის ომის დროს, რუსი სამხედროების მიერ, გორის დაბომბვისას განადგურდა.

ზაირა ყაულაშვილი, 67 წლის, სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. ზაირა 2016 წლიდან გორის დღის ცენტრის ბენეფიციარია. მან სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ცხინვალის დატოვებამდე საავიაციო ფაბრიკის ლაბორატორიაში მუშაობდა.

მარცხნიდან მარჯვნივ: 67 წლის იზოლდა დოლიაშვილი და 67 წლის ზაირა ყაულაშვილი კითხულობენ გაზეთებს. 1991 წელს ორივე მათგანს მოუწია სამხრეთ ოსეთის დატოვება.

80 წლის გულნარა კეკოშვილი, 1991 წელს ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირია. გულნარა ცხინვალში სავაჭრო ცენტრის დირექტორი იყო. ამჟამად იგი სახლის საქმეებითა და მებაღეობით არის დაკავებული.

გორის დღის ცენტრი, ერთადერთი დაწესებულებაა შიდა ქართლში, რომლითაც ხანდაზმულები სარგებლობენ. ცენტრის შენობა დანგრევის  პირას მყოფი დევნილთა საცხოვრებლის ახლოს მდებარეობს. ამავე საცხოვრებელში ცხოვრობს მაყვალა და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულთა ოჯახები.

თუ შეუძლოდ არ არის, ან შვილი და შვილიშვილები არ სტუმრობენ, მაყვალა ხანდაზმულთა ცენტრში კვირის ყოველ დღეს დადის. აქ მისი, როგორც ყოფილი ფერშალი საყვარელი საქმიანობა, სამედიცინო ჟურნალების კითხვაა, ძირითადად გულის დაავადებებსა და მისი  მკურნალობის შესახებ.

ფართო კონტეინერ-ოთახი, ცენტრის შენობის გვერდით მდებარეობს. ოთახში დიდი ტელევიზორი, გრძელი მაგიდები და კომფორტული ავეჯია განთავსებული. აქ დღეში ათობით ხანდაზმული სტუმარი, ერთმანეთთან სასაუბროდ და დროის გასატარებლად იკრიბება. ცენტრის 50 ბენეფიციარიდან, უმრავლესობა სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და 2008 წლის ომის დაზარალებულია. მათგან მამაკაცი მხოლოდ სამია.

სტატისტიკურად, ხანდაზმული ქალები იძულებით გადაადგილებული პირების უმრავლესობას შეადგენენ. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიხედვით, სულ 45,345 იძულებით გადაადგილებული ასაკოვანი პირიდან  27,683 (61%) ქალია.

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ხანდაზმულები, ისინიც კი, ვისაც დევნილობაში არ უწევთ ცხოვრება, მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. მათი დიდი ნაწილისთვის სოციალური სერვისები და ადეკვატური საცხოვრებელი ხელმიუწვდომელია. დიდ წილად, ასაკოვანი პირები და განსაკუთრებით, ხანდაზმული ქალები, სოციალური გარიყულობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რასაც გაეროს მოსახლეობის ფონდისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის ერთობლივი კვლევაც ადასტურებს.  

სოციალური გარიყულობა კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული ასაკოვანი ადამიანებისთვის, რადგან მათ ტრავმა, დანაკარგი და დევნილობა ერთდროულად შეეხო.

მიუხედავად იმისა, რომ იძულებით გადაადგილებულ ასაკოვანი პირები ამ პრობლემების წინაშე  დგანან „არანაირ სახელმწიფო პროგრამას არ უმუშავია ამ ადამიანებისთვის. ეს მაშინ, როცა ყველას, ვინც საომარი მოქმედებები გადაიტანა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ესაჭიროება”- ამბობს იულიანა პეტროვა, ხანდაზმულთა ცენტრის სოციალური მუშაკი და აღნიშნავს, რომ ასაკოვანი პირები, რომლებთანაც ის მუშაობს, წარსულით ცხოვრობენ. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ ხანდაზმულები ტრავმისგან “ვერ რეაბილიტირდნენ”.  

2008 წლის ომგამოვლილი, 76 წლის დალი ქონიაშვილი, გორიდან. დალი პროფესიით ეკონომისტია. 2008 წლის ომის დროს იგი გორის სამხედრო ბაზის ბუღალტერად მუშაობდა. როდესაც ქალაქს ბომბავდნენ, დალი ჩვეულ რუტინულ სამუშაოს ასრულებდა.

სპორტდარბაზის ყოფილი შენობა გორში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ. შენობა კერძო ინვესტორმა შეისყიდა.

სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, მთავრობის მიერ გაცემული სახლები ძველი, საბჭოთა მოზაიკის ნანგრევებიდან მოჩანს.

ძველი ხის შენობის ფასადი, სადაც 2017 წლამდე იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ.

68 წლის მაყვალა ჭიღლაძე გორის დღის ცენტრის წინ. ცენტრში 60 წლის ზევით ასაკის ადამიანები დროის გასატარებლად და ერთმანეთთან საურთიერთოდ დადიან.

მარცხნიდან მარჯვნივ: 81 წლის ანა მესხი; 84 წლის ჟუჟუნა ნიკორაშვილი; 68 წლის მაყვალა ჭიღლაძე. ყოველი მათგანი 1991 წელს სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია.

დაწესებულების გახსნის აუცილებლობაში დღის ცენტრის ადმინისტრატორი, ია ზუბაშვილი მაშინ დარწმუნდა, როცა ნახა, რომ დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ასაკოვან ადამიანებს, „ოთახიდან გამოსვლა არ უნდოდათ, ძველ ფოტოებს დასცქეროდნენ და თავიანთ მიცვალებულებს გლოვობდნენ,”. ია ზუბაშვილს ცხინვალის იძულებით დატოვება 1991 წელს თავადაც მოუწია.

კარჩაკეტილობას, რომელზეც ია საუბრობს, თუ ტრავმაც ემატება, ორივე ერთად, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება და ადრეული სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. რისკი გასაკუთრებით მაღალია მათთვის, ვისთვისაც ადამიანებთან ხშირი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“როცა საზოგადოებაზე მიჯაჭვული ადამიანი, მოგონებებით ცხოვრობს და აკვიატებულად ფიქრობს წარსულში მომხდარ უარყოფით გამოცდილებაზე, ბევრი დაავადება დაჩქარებულად ვითარდება, მათ შორის, დემენცია, ინსულტი და მაღალი წნევები”, - კონსტანტინე პოზოვი, გორის ხანდაზმულთა ცენტრის ფსიქოლოგი აღნიშნავს. მისი თქმით, სოციალური ჩართულობაა ის, რაც ხანდაზმულ ადამიანებს ამ მდგომარეობის დაძლევასა და ტრავმის გაქარწყლებაში ეხმარება, „ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ მისი როლი საზოგადოებაში მნიშვნელოვანია”, ამბობს კონსტანტინე.

ის ხაზს უსვამს, რომ იძულებით გადაადგილებული, ასაკოვანი ადამიანები, რომლებმაც ბევრი სირთულე გამოიარეს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. მთავრობის მხრიდან, კონსტანტინეს თქმით, ხანდაზმულებს და უპირატესად, იძულებით გადაადგილებულ მოხუცებს, სპეციალიზებული ზრუნვა, ხოლო საზოგადოების მხრიდან ყურადღება ესაჭიროებათ.

76 წლის დალი ქონიაშვილი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გამოიარა, ხანდაზმულთა ცენტრში გამართული დებატის დროს, მდუმარედ ზის.

ომის დროს, გორში, მის საცხოვრებელს ბომბი დაეცა. დალი გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ შიშები დაეწყო. ჯანმრთელობა იმდენად გაუუაერესდა, რომ სამსახურში ბუღალტრის პოზიცია დატოვა. მალევე საცხოვრებლად ძმისშვილთან გადავიდა, რადგან მისთვის „მარტო ცხოვრება აუტანელი გახდა.”

„ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვინც აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდით,  რთულია სახლში ჯდომა. სულ აქტიური ვიყავი და ერთდროულად სამ ადგილას ვმუშაობდი. ამ ცენტრმა ჩემი ცხოვრება ხალისიანი გახადა. თუკი ისე მოხდა, რომ რაიმე მიზეზით რამდენიმე დღე არ ვარ, მომიკითხავენ ხოლმე ქალები აქ. მეკითხებიან სად ვიყავი და ხომ კარგად ვარ? ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მსიამოვნებს.”

80 წლის გულნარა კეკოშვილი ცხინვალიდანაა, სადაც ის ჯერ მაღაზიის სექციის გამგედ, შემდეგ კი იმავე მაღაზიის დირექტორად მუშაობდა. ის ახლა მთავრობის მიერ გამოყოფილ, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელში ცხოვრობს.

გულნარას გორის დღის ცენტრი მეგობრების შეძენაში დაეხმარა და უფრო აქტიური ცხოვრებისკენ შემოაბრუნა. ხანდაზმულთა დღის ცენტრში ის რამდენიმე დღეში, პირდაპირ  ოპერაციიდან დაბრუნდა. ექიმიდან დაწესებულებაში დაბრუნებული გულნარა, ყურადღების ცენტრში სწრაფადვე მოექცა.

„აქ ვერთობი. მიყვარს ხალხი. სახლში რა ვაკეთო? ძირითადად, სულ მარტო ვარ. აქ ყურადრებას ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ რაღაცას წარმოვადგენ და ალბათ ეგ არის ჩემთვის ყველაფერი.”

გამოცემები

„მშვიდობის მშენებლები”

შემდეგი