დელიდან დელისამდე

მანო სვანიძე

27 წლის რაჯი ექვსი წელია, თბილისში ცხოვრობს საკუთარ ძმებთან ერთად, რომლებიც რაჯის მსგავსად საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე სასწავლებლად ჩამოვიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა უნივერსიტეტი უკვე დაამთავრა და ინდოეთში ბრუნდება. რაჯიც ექვსი წლის შემდეგ უკან, ჰაიდარაბადიში დასაბრუნებლად ემზადება. საქართველოში მთელი ცხოვრების გატარება არ სურს, თუმცა ქვეყნის დატოვებაზე გული სწყდება.

რაჯის მსგავსად მსოფლიოს მასშტაბით ბევრი სტუდენტი მიდის საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. Unesco-ს მონაცემების მიხედვით, ბოლო რვა წლის განმავლობაში საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა მსოფლიოში 80%-ით გაიზარდა. 2015 წელს კი - 4.1 მილიონით. საქართველო გამონაკლისი არ არის. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დღესდღეობით საქართველოში 10,000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მათგან ყველაზე მეტნი ინდოელები არიან (დაახლოებით 4,000), რომელთა უმეტესობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.

ინდოელი სტუდენტები საქართველოში ძირითადად კომპანია OM Consultants-ის საშუალებით ჩამოდიან. კომპანია ჩენაიშია დაფუძნებული და ევროპაში სასწავლო პროგრამებს ხელმძღვანელობს. მათი ძირითადი საქმიანობა სტუდენტების ვიზისა და უნივერსიტეტისთის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადებაა.  OM Consultant-ის დახმარებით საქართველოში უკვე 2,000 ინდოელი სტუდენტი ჩამოვიდა. მათი უმეტესობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იღებს უმაღლეს განათლებას.

ინდოელი სტუდენტები საქართველოს ხელმისაწვდომი ფასებისა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, უსაფრთხო გარემოს გამო ირჩევენ.

24 წლის ანოჯ ვიჯაიარაჯმა მშობლების სურვილი აასრულა და სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. ანოჯი თავდაპირველად ინდოეთში ფიქრობდა სწავლის დაწყებას, თუმცა როგორც თავად ამბობს, იდნოეთში განათლების სისტემა კორუმპირებულია. დიდი თანხის გადახდაა საჭირიო იმისათვის, რომ უნივერსიტეტში ჩააბარო. მის მშობლებს კი ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სხვა ქვეყნებში უნივერსიტეტების ძიებისას ანოჯი საქართველოზე შეჩერდა, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს ყველაზე კარგი არჩევანი იყო მისთვის. რასიზმის გამო რუსეთში წასვლაზე უარი თქვა, ხოლო ჩინეთში სასწავლებლად მას ჩინურის სწავლა მოუწევდა. მაგრამ, როგორც თავად ამბობს ენებს ადვილად ვერ ითვისებს. საბოლოოდ მან საქართველოში გადაწყვიტა სწავლის დაწყება.

27 წლის ფებიანი უკვე ოთხი წელია, საქართველოში ცხოვრობს. ინდოეთში სტომატოლოგიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც გადაწყვიტა სწავლისთვის თავი დაენებებინა და ექიმი გამხდარიყო.

ახალ ქვეყანაში ცხოვრება ადვილი არ  არის, როგორც ფებიანი ამბობს რასიზმის შემთხვევები ყველგანაა და არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოში ცხოვრების პერიოდში ბევრი ადგილობრივი მას, როგორც საკუთარ ახლობელს ისე ექცევა, მაგრამ მეტროში ხალხი მის გვერდით არ ჯდება. „როცა მეტროში ვზივარ ქართველები ჩემ გვერდით არ სხდებიან. არ ვიცი, ამის მიზეზი. შეიძლება, ფიქრობენ, რომ რაღაც განსაკუთრებული დაავადება გვჭირს. ეს ხომ იგივე სისხლია, ჩვენ ყველას გვაქვს სისხლი, ხომ? ყველა ერთი ჰაერით ვსუნთქავთ. რა არის განსხვავება?”

27 წლის რაჯ კუმარი მეექვსე კურსის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია. საქართველოს შესახებ პირველად მეგობრისგან შეიტყო, რომელიც აქ სწავლობდა. ამან საქართველოში გადმოსვლის გადაწყვეტილება გაუადვილა.

რაჯის მეგობრები ინდოელები, ნიგერიელები და ერაყელები არიან. ენის ბაიერის გამო ქართველი მეგობრები არ ჰყავს.

24 წლის ანოჯ ვიჯაიარაჯი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია.

27 წლის ფებიან ტომასი ინდოეთიდანაა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს.

საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ახლოს მდებარეობს ბევრი ინდოელი სტუდენტი ცხოვრობს.

ზოგიერთმა ინდოელმა სტუდენტმა საქართველოში ოჯახიც შექმნა. 27 წლის პრიანკა და 30 წლის გიორგი ერთმანეთს მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდნენ. პრიანკა საქართველოში სასწავლებლად ჩამოვიდა. თავიდაპირველად მას საქართველო შეუყვარდა, მაგრამ 7 წლის შემდეგ ეს გრძნობა გაუნელდა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის აქ ცხოვრება ახლა უფრო ადვილია, ვიდრე თავიდან იყო.

პრიანკა და გიორგის ბევრი რამ გადაიტანეს იმისათვის, რომ ერთად ყოფილიყვნენ. „ჩემი მშობლები აღარ მელაპარაკებოდნენ, რადგან ინდოელ გოგოს ვხვდებოდი. ჩვენს ქორწილში არ მოვიდნენ. უნდათ, რომ შვილი არ გვყავდეს და ერთმანეთს დავშორდეთ”- ამბობს გიორგი.

„მე ვგრძნობ რომ საქართველო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ინდოეთი. აქ ქალებს უფლებები აქვთ. პოლიცია გეხმარება. მაგრამ თუკი ბავშვები გვეყოლება ვნერვიულობ, რომ მათ პრობლემები ექნებათ. როცა რიგში ვდგავარ, ხალხი მეორე რიგში გადადის. მე ამას არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ბავშვისთვის ეს მტკივნეული იქნება.”

სელდა მეექვსე წელია, საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი კარგი ადამიანი გაიცნო, რასიზმი მისი ცხოვრების თანმდევია. „რაღაც დროის შემდეგ უბრალოდ აღარ გაქვს რეაქცია”. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, რასიზმი შეიძლება, მოდიოდეს ლექტორისგან, სახლის მეპატრონისგან, ან უბრალოდ უცხო ადამიანებისგან. სელდა ყვება, როგორ გამოასახლეს სახლიდან მისი მეგობრები მხოლოდ იმიტომ, რომ გათბობის გამო პრეტენზია გამოთქვეს. „თუკი შენიშვნას მისცემ, (ადგილობრივები) გეუბნებიან, რომ მათ ქვეყენაში არაფერი გესაქმება. გეუბნებიან,  რომ შენ მათ პატივს არ სცემ და სახლიდან გაგდებენ”.

სელდა ფიქრობს, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, სხვა ქვეყნიდან რომ იყოს. „თუ ამერიკიდან ხარ ყველას უნდა, რომ აქ იყო. ყველას უნდა, რომ შენი საუკეთესო მეგობარი იყოს. ინდოეთიდან თუ ხარ, ასე არ არის.” სელდა ფიქრობს, რომ ინდოელები ინტროვერტები არ არიან, მაგრამ საქართველოში ასე უწევთ ცხოვრება, რადგან აქ საზოგადოებაში ინტეგრაცია ძალიან რთულია. ინოდელები ძირითადად სახლში სხედან და მხოლოდ საკუთარ ვიწრო წრესთან აქვთ შეხება.

19 წლის ნითიშს რასიზმი საკუთარ თავზე გამოუცდია. „ქართველები რომ თვრებიან, ხშირად გვემუქრებიან. პირველად რომ ჩამოვედი რამდენიმე ადამიანი დამემუქრა. ჩემს მეგობრებთან ერთად მივდიოდით სხვა მეგობრების სანახავად და უკან ბიჭი გამოგყვა, ქვებს გვესროდა.”

„როდესაც მაღაზიაში შევდივართ, ყურადღებას არ გვაქცევენ. ისინი ჯერ ქართველებს ატარებენ და შემდეგ - ჩვენ. ასეთი შემთხვევებიდან ბევრი რამ ვისწავლე. ინდოეთში ასე არ იქნებოდა. საქართველო მათი (ქართველების) ქვეყანაა, ამიტომ შევეგუე და ასე ვცხოვრობ.”

უარყოფითი გამოცდილების მიუხედავად ნითიში ამბობს, რომ საქართველო უყვარს და უფრო დიდი ხნით სურს დარჩენა. „ეს ადგილი არასდროს დამავიწყდება. სწავლას რომ დავამთავრებ, მინდა ჩამოვიდე, როგორც ტურისტი. ყოველ წელს ვნახავდი აქაურობას.” 

27 წლის პრიანკა და 30 წლის გიორგი ორი წლის წინ დაქორწინდნენ.

ნიტიში და შარვანი საქართველოში OM Consultants-ის საშუალებით ჩამოვიდნენ. ორგანიზაცია ინდოელ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებაში ეხმარება.

სელდა ნადარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია. მან საქართველო უსაფრთხო და მულიტკულტურული გარემოსა და ეკონომიკური მიზეზების გამო აირჩია.

19 წლის ნიტიშ ბაბუ საქართველოში ორი წლის წინ ჩამოვიდა. საზღვარგარეთ სწავლა მისი ოცნება იყო. ახლა იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია.

19 წლის იშანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია.

შარვანი სალიმათი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია.

სირთულეების მიუხედავად ბევრი ინდოელი სტუდენტისთვის საქართველოში ცხოვრება მათთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა. 19 წლის იშანი დელიდან არის.

საქართველომდე დუბაიში ცხოვრობდა. სამედიცინო უნივერსიტეტის გარშემო მდებარე შენობები დუბაიში მის უბანს ახსენებს.  იშანი ფიქრობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სტუმართმოყვარეა. „დელიში ყველა ძალიან უხეშია. აქ ხალხი არ გაწუხებს. მხოლოდ კლუბებში აქვთ გარკვეული აკრძალვები, სხვა მხრივ არაფერი.”

იშანის მსგავსად, შარვანი სალიმათიც  მიიჩნევს, რომ საქართველოში გადმოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.

„მენტალიტეტი გეცვლება”- ამბობს იგი. საქართველოში კარგი გამოცდილება მიიღო, გარდა იმ ორი შემთხვევისა, როდესაც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. „სახლში მივდიოდი და ერთი ბიჭი მოვიდა, ჩანთა დავარტყი და გაბრუნდა.”

შარვანი სწავლას მალე დაასრულებს და საქართველოს დატოვებს. იმედი აქვს, რომ საზღვარგარეთ ისევ მოუწევს წასვლა. „ინდოეთიდან წასვლა მინდა, რომ სხვა ქვეყნები ვნახო.”

საქართველოში ცხოვრებას იგი არც ერთი წუთით არ ნანობს.


გზაზე, დეკემბერი/იანვარი 2018/2019

გამოცემები

გზაზე

შემდეგი