დღე, რომელიც არცერთ სხვას არ ჰგავს

წელიწადში ერთხელ, საქართველოს აღმოსავლეთით, კერძოდ კი – კახეთში, კაცები ტანსაცმელს თვითონ იკერავენ – ისინი ჭრიან ცხვრის ტყავსა და ფერად ლენტებს და აკეთებენ უზარმაზარ ნიღბებს, რომლებიც გოგრის თესლებით ისეა გაფორმებული, რომ რქებისა და კბილების იმიტაცია შექმნას.

სამცხე-ჯავახეთში კი, საქართველოს მეორე მხარეს, კაცები ქალების ტანსაცმელსა და კაბებს იცვამენ, თმას იწნავენ და მაკიაჟს იკეთებენ; ამის შემდეგ კი სოფლის ცენტრში ფეხით მიდიან და დღესასწაულს იმპროვიზებული სპექტაკლით აღნიშნავენ.

ეს ის ტრადიციაა, რომელიც საქართველოში საუკუნეების წინ დაიწყო და ბერიკაობის სახელით გაგრძელდა. სახელწოდება უკავშირდება ნაყოფიერების უძველეს ქართულ ღვთაებას – „ბერიკას“ – რომელსაც თხა განასახიერებდა.


 


როგორც წესი, ბერიკაობა აღდგომის დღესასწაულამდე აღინიშნება, თუმცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მას არ ეწინააღმდეგება. მრავალი წელია, მსოფლიოს გარშემო მსგავსი ტრადიციები არსებობს. მაგალითებად რუსული „მასლენიცა“ და კათოლიკური ქვეყნების კარნავალებიც კმარა. მათ მსგავსად, ფერად-ფერადი კოსტიუმებითა და ყველასაგან გამორჩეული ნიღბებით, მნახველებზე ბერიკაობაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

ბერიკაობა „კაცების ფესტივალია“ და, მიუხედავად იმისა, რომ ქალების როლებს ასრულებენ, ქუჩაში ექსპრომტად დადგმულ სპექტაკლებშიც მხოლოდ კაცები მონაწილეობენ. ამბები, რომლებსაც ბერიკები აცოცხლებენ, არა მხოლოდ რელიგიას, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებსაც უკავშირდება. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში ბერიკაობა თურქეთის ფაშის დამარცხებასა და სამსაუკუნოვანი „ოსმალობის“ დასასრულსაც აღნიშნავს.

კახეთში კი ეს დღესასწაული ცნობილი სახალხო გმირის, მაია წყნეთელის ლეგენდას უკავშირდება. გადმოცემისა და საბჭოთა პერიოდის პოპულარული ფილმის თანახმად, მშვენიერმა მაიამ, რომელიც გაცემულ ბრძანებებს არ ემორჩილებოდა, ადგილობრივი მიწათმფლობელი მოკლა. სასჯელისგან თავი რომ დაეძვრინა, ნაწნავები მოიჭრა და თავი კაცად გაასაღა, შემდეგ კი აჯანყებულების გუნდს წარუძღვა, რათა მონები გაეთავისუფლებინა, მდიდრები გაექურდა და მოპარული ქონება ღარიბებისათვის გაენაწილებინა.

ორივე შემთხვევაში ბერიკაობა მაინც ქრისტიანობის გავრცელებამდე არსებული საუკუნოვანი ტრადიციის გამოძახილია, რომელიც ზამთრის დასრულებასა და გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავს. ბევრ ადგილობრივს დღემდე სწამს, რომ ბერიკაობის სათანადოდ აღნიშვნა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი იქნება შემოდგომის მოსავალი. თუმცა, ეს ერთადერთი მსგავსებაა – ადგილობრივი წეს-ჩვეულებები და ფესტივალის აღნიშვნის გზები საქართველოს ყველა რეგიონში განსხვავებულია.

წარმართობა და მართლმადიდებლობა, სოციალური და პოლიტიკური ნორმები, მასკულინური იდენტობის კომპლექსური განსხვავებები – სწორედ ამ ყველაფრის ერთმანეთში ჩაქსოვითა და გაერთიანებით იქმნება ბერიკაობა – ყველაზე ფერადი და უნიკალური დღესასწაული.


მასკულინობა, აპრილი/მაისი 2019

გამოცემები

მასკულინობა

შემდეგი