იაღლუჯას მთაში ჩამარხული საწამლავი

ლაშა შაყულაშვილი, ელენე შენგელია,

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველომ, საბჭოთა მემკვიდრეობის სახით, ქვეყნის მასშტაბით ჩამარხული საწამლავები მიიღო.

ორი ათწლეულის შემდეგაც კი, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა ზიანის შემცველია ჯანმრთელობისთვის მავნე პესტიციდებისა და ქიმიკატების გროვები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გარკვეული სამუშაოები დაიწყო, რომ გაეთავისუფლებინათ ტერიტორიები ვადაგასული პესტიციდებისგან და ქიმიური ნარჩენებისგან, თუმცა ძალიან მწირია საჯარო ინფორმაცია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ ადგილებშია ნარჩენები თავმოყრილი, როგორ აზიანებს ის ახლომდებარე დასახლებებსა და პირუტყვს.

საქართველოს სამხრეთით მდებარე იაღლუჯას მთა კარგი მაგალითია განხილვისთვის. საჯარო ინფორმაცია მასზე ვერც საქართველოს ეროვნული არქივიდან, და ვერც ზემოთ ნახსენები სამინისტროსგან მივიღეთ..

იაღლუჯას მთა თბილისიდან ერთი საათის გზაზეა და უახლოესი დასახლებული პუნქტიდან მას მხოლოდ ხუთი კილომეტრი აშორებსუკვე 40 წელზე მეტია, რაც ასეულობით ტონაზე მეტი ვადაგასული ქიმიური ნარჩენი სწორედ ამ მთაშია ჩამარხული.

მაშინ როცა სამანქანო გზიდან იაღლუჯას მთას გასცქერით, ალბათ, ვერაფრით წარმოიდგენთ რა შეიძლება იმალებოდეს მის ქვეშ. მთა ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც საქართველოს ამ რეგიონში არსებული მთების უმეტესობა: მცირე რაოდენობის ხეებით, ქვებით დაფარული და მტვრიანი. მარტივად იგრძნობთ, თუ როგორ ინტენსიურად უბერავს აქ ქარი, რომელიც მთის საფარზე არსებულ მტვერს მიმდებარე  სოფლებში ფანტავს. ადგილობრივები ხშირად ჩივიან ძლიერ ქარზე, თუმცა,არ იციან რა შეიძლება გადმოჰქონდეს ამ ქარს მათი სახლების, ფერმებისა და ბაღების მიმართულებით

ნინო ადგილობრივი მოსახლეა, რომლის ოჯახმაც, იაღლუჯას მთის მიმდებარედ, საბჭოთა კავშირის დროს მიიღო მიწის ნაკვეთი. ასეთივე მიწის ნაკვეთები შესთავაზეს რუსთავში მცხოვრებ მოსახლეობას, კონკრეტულად მათ, ვინც ქალაქში, ქარხნებში მუშაობდა

ახლახანს ვესაუბრე ჩემს ნათესავებსა და ნაცნობებს (რომლებიც ჯერ კიდევ ფლობენ მიწის ნაკვეთებს მთის სიახლოვეს) და აღმოვაჩინე, რომ სანამ მიწის მესაკუთრეები გახდებოდნენ,არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ პესტიციდების/ქიმიკატების სამარხზე“ - ამბობს ნინო და იმასაც ამატებს, რომ მიწის მფლობელების ნაწილმა ამ ადგილას მიწის დამუშავება, სახლების აშენება და პირუტყვის მოშენებაც კი შეძლო

საბჭოთა კავშირის დროს, ბევრ ადამიანს დაურიგდა იაღლუჯას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მცირე მიწის ნაკვეთები, თუმცა მათი უმრავლესობა იქ ვერ დასახლდა სიცხისა და საცხოვრებლად უვარგისი პირობების გამო.

არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც იაღლუჯას მთის მიმდებარედ დასახლების შემდეგ, მაინც შეძლეს საცხოვრებლად კომფორტული გარემოს შექმნა. ზოგიერთს ვადაგასული პესტიციდების/ქიმიკატების სამარხის შესახებაც აქვს ინფორმაცია, თუმცა, სჯერათ, რომ საბჭოთა კავშირში წარმოებული ნივთიერებები გაცილებით უსაფრთხო შეიძლება იყოს, ვიდრე ისინი, რომლებიც თანამედროვე ბაზარზე გვხვდება.

საბჭოთა კავშირის მიერ, იაღლუჯას მთის მიმდებარედ შექმნილი დასახლება ვერაფრით მოერგო იქაურ გარემოს. რამდენიმე ადგილას მიმოფანტული ნაძვები მწვანე სივრცის მხოლოდ ილუზიას ქმნიან. მათ გარშემო კი, უკვე დიდი ხნის წინ მიტოვებული და დაბალი ხარისხით აშენებული სახლებია.ამ ადგილას არასდროს ჰქონიათ სასმელი წყალი.

იმის მიუხედავად, რომ 1985 წელს, იაღლუჯას მთა ოფიციალურად აღარ გამოიყენებოდა პესტიციდების ნაგავსაყრელად, აღმოჩნდა რომ, შემდგომი ათწლეულის განმავლობაშიც აქ ბევრი ქიმიკატი და პესტიციდი ჩამარხეს. მართალია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო პარტნიორებთან უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკება და მუშაობა ნარჩენების გატანაზე, თუმცა, საჯაროდ მაინც ერიდებიან დაკონკრეტებას  რომელი ნივთიერებები იყო ჩაფლული მთაში, რა ვითარებაა ახლა და რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ ამ ნივთიერებებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე

ზარინა 31 წლისაა და ის ახლახანს გადავიდა მთის მახლობლად მდებარე სახლში საცხოვრებლად. სახლი თბილისთან ახლოსაა, ჰაერიც სუფთაა და რაც მთავარია, ფანჯრიდან მთას უყურებს. მას ეს ხედი უყვარს სწორედ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დილას ყავას სვამს

ზარინამ მთაში არსებული ქიმიკატების სამარხის შესახებ პირველად მაშინ გაიგო, როდესაც ჩვენ დავუკავშირდით.

ახლახანს გადმოვედი აქ. მთაში სამარხის შესახებ არც მსმენია და არც არსად  წამიკითხავს. დარწმუნებული ვარ, ჩემი მეზობლების უმეტესობამაც არაფერი იცის“. 

სამარხზე ლაპარაკი არც ერთ ადგილობრივს არ უნდა.როცა ეკითხები, ურჩევნიათ ან საერთოდ არაფერი თქვან, ან უბრალოდ გიპასუხონ, რომ მთავრობის ინიციატივით,ეს ნარჩენები უკვე ჩამარხულია.

ადგილობრივ მოსახლეობას თითქმის არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის მიწის ქვეშ ჩაფლული. განსაკუთრებულ ინტერესსაც არ იჩენენ, რომ მეტი გაიგონ. პესტიციდებთან დაკავშირებული სააფრთხეების არცოდნა სინამდვილეში პრობლემას ქმნის მათთვის, ვერ ითვალისწინებენ როგორ დაამუშაონ მიწის ნაკვეთები.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივების უმრავლესობამ არ იცის ქიმიური ნივთიერებების სამარხის ადგილმდებარეობის შესახებ,- ისინი პერიოდულად მაინც ხედავენ სატვირთო მანქანებს, რომლებიც პოლიციის თანხლებით მთიდან ჩამოდიან.

ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც იქ ტაქსის მძღოლად მუშაობს,მეგობრულ რჩევას გვაძლევს: მთაზე არსებული სამარხის მონახულების შემთხვევაში, ბევრი კითხვა არ დავსვათ და ზედმეტი ყურადღება არ მივიქციოთ.

იაღლუჯას მთასთან დაკავშირებით ადამიანებს მხოლოდ ერთი ასოციაცია უჩნდებათ და ეს მთის მიმდებარედ არსებული სამხედრო ბაზაა.

მთაში ჩამარხული ქიმიკატები და პესტიციდები მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (მოდ) კატეგორიაში ექცევიან. მოდ-ები წარმოადგენენ გლობალური საფრთხის შემცველ ქიმიკატებს, რომლებსაც ზიანი მოაქვთ როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქიმიურ დამაბინძურებლებთან (როგორებიც არიან პესტიციდები) ადამიანების კონტაქტი ხდება ჰაერის, წყლის, მტვრის და საკვების მეშვეობით. საშიშია ასევე იმ პირუტყვისგან მიღებული ხორცის და რძის პროდუქტებიც, რომლებიც საკვებად ამ დაბინძურებულ ტერიტორიას იყენებენ. ეს შეიძლება პირდაპირ აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

იაღლუჯას მთაზე განთავსებული ქიმიური ნარჩენების შესახებ ერთადერთი საჯარო ინფორმაციაა ხელმისაწვდომი: 2009 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზი, როცა ქართლის რეგიონში მდებარე სოფელ ორთაშენის მოსახლეობამ  სოფელთან ახლომდებარე ნაგავსაყრელის შესახებ დაიჩივლა. ადგილობრივები წუხდნენ ვადაგასულ პესტიციდებზე, რომლებიც საშინლად აბინძურებდა გარემოს და მათი ვარაუდით, ხალხში ავადმყოფობასაც იწვევდა.

მოსახლეობის ჩივილის საპასუხოდ, გარემოს დაცვის სამინისტრომ დაასაწყობა ძველი პესტიციდებისა და სხვა ქიმიკატების 22 ტონა - მათ შორის 220 ტონა დაბინძურებული გრუნტი. მოგვიანებით, ეს პესტიციდები  იაღლუჯას მთაზე გადაიტანეს

სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრეს-რელიზი განმარტავს, რომ ორთაშენში შხამქიმიკატების ყოფილი საწყობი, საცხოვრებელ სახლებსა და სკოლის შენობასთან ახლოს მდებარეობდა დაწლების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას“. 

ამავდროულად, ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია იმაზე, თუ რა სახის პესტიციდები და ქიმიკატები იყო საცავში, ან კონკრეტულად რა ზიანს აყენებდა ის ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, არავის განუმარტავს იმის შესახებ, თუ რატომ გადაიტანეს პესტიციდები იაღლუჯას მთაზე, რომელიც მხოლოდ ხუთი კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული პუნქტიდან

2007 წელს, არასამთავრობო რეგიონულმა ორგანიზაციამ CENN-მა კვლევა ჩაატარა. კვლევის საფუძველზე კი დაასკვნა, რომ იაღლუჯას მთის სამარხში 2700 ტონამდე სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის პესტიციდებია (მათ შორის, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ქლორშემცველი პესტიციდები) თავმოყრილი.

კვლევის მიხედვით და აღნიშნული პერიოდის მონაცემებითსამარხის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია: ტერიტორია არ არის შემოღობილი, სამარხი დაუცველია, თავისუფლად გადაადგილდება პირუტყვი. სამარხის ზედაპირზე ნაწილობრივ გაშიშვლებულია პესტიციდები და შესაფუთი ტარა. ირეცხება პესტიციდები, რაც გარემოს უკონტროლო დაბინძურებას იწვევს“.

CENN-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა იმაზეც მიანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირების ფარგლებში, ვალდებული იყო უსაფრთხოდ შეენახა პესტიციდები და სხვა დამაბინძურებლები, იაღლუჯას მთის ტერიტორია, 2010 წლამდე, მაინც ადვილად ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ადგილობრივებს თავისუფლად შეეძლოთ ქიმიკატების მიწიდან ამოთხრა და პირადი მიზნებისთვის გამოყენება

სამინისტრომ უარი უთხრა ჩაიხანას  სამარხის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებაზე. არც ის განგვიმარტეს,არსებობს თუ არა დღეს რეალური საფრთხე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

თუმცა, სამინისტრომ დაგვიდასტურა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, იაღლუჯას მთიდან პესტიციდების გატანა დაიწყო. ეს ეხმარება საქართველოს მთავრობას სამარხის დასუფთავებაში და იმაშიც, რომ ქიმიკატები საფრანგეთში უსაფრთხოდ გაიტანონ. 2016 წლის პრეს-რელიზის თანახმად, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) დახმარებით, საქართველოდან საფრანგეთში 208 ტონა ვადაგასული პესტიციდები გაიტანესთუმცა, სამინისტროს არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია იმაზერა ოდენობის ნარჩენი რჩება კვლავაც სამარხში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირისა და გაეროს დახმარებით, დაიწყო მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების დაფასოება და ტერიტორიიდან გატანა - საჯარო ინფორმაცია ამ თემის დეტალებზე მაინც ძალიან მწირია.

გამოცემები

ჩვენ გარშემო

შემდეგი