აბორტი საქართველოში: კანონიერი, მაგრამ შეზღუდული უფლება

ხატია ღოღობერიძე, დინა ოგანოვა,

ტექსტი: ხატია ღოღობერიძე
ფოტოები: დინა ოგანოვა 

საქართველოში ქალებს აბორტის გაკეთების კანონიერი უფლება აქვთ, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს ძლიერი გავლენა და სახელმწიფოს მიერ დაწყებული კამპანია აბორტის წინააღმდეგ, ქალებს აიძულებთ სხვადასხვა ხერხს მიმართონ არასასურველი ორსულობის შეწყვეტის მიზნით. აღმოჩნდა, რომ მათთვის ექიმის პოვნაც ძალიან რთულია.


ექიმმა გამაფრთხილა, არავისთან თქვა რომ პირველი ბავშვიაო, აქ ვინც არ უნდა გკითხოს, უთხარი, რომ მეორეაო. მართლა მკითხეს, ოთახში რომ შემიყვანა. მეც მოვიტყუე, მეორე ბავშვია და პირველი სახლში მელოდება-მეთქი. დამაწვინეს და გამთიშეს, ნარკოზით გავიკეთე. ოღონდ, ვიდრე გავითიშებოდი, კარიც კი არ დაუხურავთ, ზურგით ვიწექი, მაგრამ უკან ხალხი მოძრაობდა ჩვეულებრივად, შიგნითაც შემოდიოდნენ. რომ გამომაფხიზლეს, მითხრეს გადაწექი, სხვა გოგო უნდა დავსვათო. ისევ ღია იყო კარი და ვიდრე ბოლომდე გამოვფხიზლდებოდი, სხვის აბორტსაც მაყურებინეს“ – მარიამი (სახელი შეცვლილია) 20 წლის იყო, როცა აბორტი გაიკეთა. მან ამ პროცედურის ჩატარება ორი ექიმის უარის შემდეგ შეძლო ქალთან, რომლის სახელი თბილისში ბევრმა გოგომ იცის. მიზეზი ერთია - ის აბორტის გაკეთებაზე უარს არ ამბობს.

6 წლის წინანდელ გამოცდილებაზე საუბარი მარიამს უჭირს. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ორსულადაა, შეყვარებული, რომელთან ქორწინებასაც გეგმავდა, წავიდა. იცოდა, რომ მარტო ბავშვს ვერ გაზრდიდა, არც დედობისთვის იყო მზად - სწავლა და კარიერა სურდა. ამას ემატებოდა ოჯახის წევრების მოსალოდნელი რეაქციაც.

პირველმა ექიმმა მისი გადარწმუნება სცადა და აბორტი არ გაუკეთა. სხვა კლინიკაში კი პრეზერვატივის გამოყენება ურჩიეს.

კაცი გინეკოლოგი შემხვდა. რომ ვუთხარი აბორტის გაკეთება მინდა-მეთქი, გადმომხედა ირონიულად, მაგიდის ქვემოთ შეყო ხელი, რაღაც ყუთი გამოაძვრინა და მეუბნება: აგერ, ბიძია, პრეზერვატივებით სავსე ყუთს გაგატან, იქნება ისწავლოთ თავის დაცვა, დაორსულდებით და მოდიხართ მერე, აბორტი გაგვიკეთე, აბორტი გაგვიკეთეო. მე აბორტს არ ვაკეთებ, ვისთანაც გინდა, მიდიო. გამოვვარდი კაბინეტიდან ატირებული, იმას რომც ეთქვა გაგიკეთებო, არ დავთანხმდებოდი ჩემთვის ხელი მოეკიდა“, - ჰყვება მარიამი.

საქართველოში ორსულობის 12 კვირაზე ნაკლები ვადის შემთხვევაში აბორტი დასაშვებია, კანონი ამას არ კრძალავს. სამედიცინო ჩვენების დროს, ეს ვადა შეიძლება 22 კვირამდე გაიზარდოს. თუმცა, ექიმს აქვს უფლება უარი თქვას პროცედურის ჩატარებაზე, თუ ის აბორტის წინააღმდეგია რელიგიური, ეთიკური ან სხვა მოსაზრების გამო. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია პაციენტი სხვა სპეციალისტთან გადაამისამართოს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს ქალების სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე კვლევა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი ექიმი და კლინიკა დღეს უარს ამბობს აბორტის სერვისის მიწოდებაზე სწორედ რელიგიური შეხედულებიდან გამომდინარე.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II აბორტს უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს და მას მკვლელობასთან აიგივებს. ის ამბობს, რომ პასუხისმგებლობას აბორტზე არა მხოლოდ მშობელი, არამედ ყველა ის ადამიანი იღებს, რომელიც პროცესშია ჩართული. მათ შორის ექიმიც.

“უპირატესობა ენიჭება გადაწყვეტილებას ნაყოფის სიცოცხლის სასარგებლოდ, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა”, ამბობს მარინა დარახველიძე, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

გენდერის მკვლევარი, გვანცა კვინიკაძე, რომელიც აბორტის ხელმისაწვდომობის და სტიგმასთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობს, ამბობს, რომ ამ მიმართულებით პრობლემები სწორედ ეკლესიის გაძლიერების შემდეგ დაიწყო. საბჭოთა კავშირის დროს აბორტი ჩვეულებრივ სამედიცინო მანიპულაციად ითვლებოდა, რომელსაც ქალები ძალიან აქტიურად იყენებდნენ არასასურველ ორსულობასთან საბრძოლველად. გაეროს ბავშვთა ფონდის სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2005 წლის ბოლოსთვის, საქართველოში ქალებს საშუალოდ, 3.1 აბორტი ჰქონდათ გაკეთებული. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუ გლობალურ სტატისტიკას შევადარებთ. 2010 წლისთვის, ეს ციფრი მნიშვნელოვნად შემცირდა და საშუალოდ, 1.6-მდე ჩამოვიდა.

“როგორც კი ძლიერდება ეკლესია, მისი გავლენა და ავტორიტეტი, პირდაპირპროპორციულად, აბორტის სტიგმა იზრდება. მართლმადიდებელი ეკლესია განაყოფიერების პროცესიდან სიცოცხლედ განიხილავს ნაყოფს და შესაბამისად, აბორტს მკვლელობასთან აიგივებს. ჩვენი მთავრობები კი ძალიან ეთამაშებიან ეკლესიას, ცალსახად არ აფიქსირებენ პოზიციას და ცდილობენ კოჭი გაუგორონ” - აღნიშნავს გვანცა კვინიკაძე.

შედეგად, ქალებს ყოველწლიურად სულ უფრო მეტად უჭირთ იპოვონ ექიმი, რომელიც მათ აბორტის პროცედურაზე უარს არ ეტყვით.

25 წლის თამუნას, რომლისთვისაც ჯანმრთელობის მაღალი რისკის გამო, ორსულობა და მშობიარობა არ შეიძლება, ექიმმა აბორტზე უარი სწორედ იმ მიზეზით უთხრა, რომ სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და „ასეთ ცოდვაში ფეხს ვერ ჩადგამს“.

"მითხრა, მე ვერ გავაკეთებ, ამ კლინიკაში ვინ აკეთებს არ ვიცი და არც მინდა გითხრა, რადგან ესეც ცოდვააო. ვთხოვე, იქნებ კარგი სპეციალისტი ერჩია, ვინც მედიკამენტოზურ აბორტს გამიკეთებდა. დიღმისკენ ეძებეო და გამომიშვა. იქ ერთ ცნობილ კლინიკაში მივედი, სადაც ექიმმა ძალიან უხეშად მითხრა - თუ არ გინდა გააჩინო, რატომ დაორსულდიო. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, ისედაც გამოუვალი სიტუაციის გამო ვიყავი იქ მისული", - ამბობს თამუნა.

იმ ექიმების სახელები, რომლებიც აბორტს აკეთებენ, ერთგვარად, გასაიდუმლოებულია მათივე უსაფრთხოებისთვის. ამ ექიმების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს. ამის გამო, ზოგჯერ თითქმის შეუძლებელია თბილისშიც კი იპოვო კლინიკა, სადაც ამ სერვისს მიიღებ.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში რეგისტრირებული აბორტების რაოდენობა 2006 წლიდან იზრდებოდა და ყველაზე მეტი რაოდენობა 2012 წელს დაფიქსირდა - 39 000. ამის შემდეგ იწყება კლება და 2018 წელს ეს მაჩვენებელი 23 000-მდე ჩამოდის. ხაზგასასმელია, რომ ეს არის ის რაოდენობა, რასაც სახელმწიფო აღრიცხავს.

გენდერის მკვლევარი გვანცა კვინიკაძე, რომელიც აბორტის ხელმისაწვდომობის და სტიგმასთან ბრძოლის მიმართულებით მუშაობს ამბობს, რომ კლინიკაში მისული ქალები ძალიან ხშირად ბულინგის მსხვერპლები ხდებიან ნაცვლად იმისა, რომ იქ მხარდაჭერა მიიღონ.

თბილისში 15 ყველაზე ცნობილ სამედიცინო დაწესებულებაში დავრეკეთ. გაირკვა, რომ მხოლოდ ოთხ მათგანში შეიძლება ქალმა გაიკეთოს აბორტი საკუთარი სურვილით, სამედიცინო ჩვენების გარეშე. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ამ ოთხი კლინიკიდან ერთში პროცედურას მხოლოდ ერთი ექიმი აკეთებს, დანარჩენი უარს ამბობს და პაციენტის გადარწმუნებას ცდილობს.

ექიმები საჯაროდ ამ თემაზე ლაპარაკს ერიდებიან. ერთ-ერთი ექიმი ინტერვიუზე მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა, თუ მის სახელსა და გვარს საჯაროდ არ დავწერდით. მან აღიარა, რომ ქალებს აბორტის გაკეთების კანონიერი უფლება აქვთ და ექიმი, თავისი განსხვავებული რელიგიური თუ ეთიკური შეხედულებების მიუხედავად, ვალდებულია პატივი სცეს ამ უფლებას.

ათასნაირ ხერხს მიმართავენ, ერთმანეთს ასწავლიან რაღაცებს და ეს ბევრად უარესია, ვიდრე წესიერად და კარგად ჩატარებული აბორტი. დღეს ქრონიკულად ხდება უკვე, ერთი და ორი შემთხვევა არ არის. ხელოვნურ აბორტს რაც შეეხება, მოსაფიქრებელი დრო უნდა მისცე 3-5 დღე და ისევ თუ მოვა, ის მაინც არ გადაიფიქრებს და რა უნდა გააკეთო? ეს ადამიანის უფლებაა. შენ უარს ეტყვი და სხვაგან წავა, ან რაღაცას თავისით გაიკეთებს ისე, რომ შეიძლება მოკვდეს", - ამბობს ექიმი.

მაიკო 19 წლის იყო, როცა პარტნიორთან სექსის დროს კონდომი გაიხა და დაორსულდა. უსაფრთხო აბორტის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია და იმ დროისთვის თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლინიკას მიმართა.

კონსულტაციისა და ექოსკოპიის შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ კლინიკას აბების მარაგი ამოეწურა, მაგრამ ჩანთიდან საკუთარი მარაგი ამოიღო და მომყიდა, სრულიად არაკანონიერად. ნაღდი ფულით გადავიხადე. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რა გააკეთა იმ ქალმა. რეალურად, აბორტს რამე გართულება რომ მოჰყოლოდა, კლინიკას პრეტენზიითაც კი ვერ მივმართავდი, რადგან არსად არაფერი ფიქსირდებოდა აბორტის შესახებ“, - ამბობს ის.

„მითხრა, 5 დღე გეკუთვნის მოსაფიქრებლადო. მე ვუპასუხე, რომ უკვე გადაწყვეტილი მქონდა. მერე თაბახის ფურცელზე დამაწერინა ხელწერილი, რომ თანახმა ვარ არ გამოვიყენო ხუთდღიანი ვადა, რომელიც ექიმმა შემომთავაზა. ეს ფურცელი თვითონ დაიტოვა და მეორე დღეს დამიბარა. მეორე დღეს იქვე მივეცი ფული, თვითონ მედიკამენტი დამალევინა და გამომიშვა. სახლში დასალევი წამლებიც  გამომატანა. არაერთხელ გამაფრთხილა, რომ აბორტი ოფიციალურად სხვა კლინიკაში დაარეგისტრირა, მაგრამ მე მაინც ამ კლინიკაში მოვიდოდი, რადგან ჩემთვის ეს უფრო მოსახერხებელი იყო და ჩემთვის ასე სჯობდა," - 
იხსენებს 23 წლის ანა, თბილისიდან.

"მას მეორე კლინიკა არ დაუსახელებია, მაშინვე მივხვდი, რომ უბრალოდ, კლინიკას უმალავდა ამ პროცედურას, მაგრამ იმ მომენტში წინააღმდეგობის თავი არ მქონდა“, - ამბობს 23 წლის ანა, თბილისიდან.

“ძალიან ბევრს გადავაფიქრებინე აბორტი პირველივე დღესვე. ხუთი დღეც არ მჭირდება. ფსიქოლოგიურად ვმოქმედებ ალბათ. ვეუბნები, რომ ნაყოფს ხედავენ ეხოზე. ქათინაურსაც ვეუბნები, რომ კარგი ადამიანი ხარ... შეიძლება ხანდახან არაპროფესიონალურადაც ვიქცევი და ტყუილსაც ვამბობ, რომ თითქოს მისი საშვილოსნო იმდენად თხელია, რომ შეიძლება აბორტის დროს დაზიანდეს…აი რაღაც ასეთებს“, ამბობს ექიმი ბათუმიდან [სახალხო დამცველის ანგარიში].

გენდერის მკვლევარი გვანცა კვინიკაძე ამბობს, რომ ხშირად ქალები მეგობრებს და ნათესავებს ეკითხებიან აბორტის ალტერნატიულ საშუალებებზე და ისეთ აბებს იღებენ თვითნებურად, რომლებიც ჭინთვებს იწვევს, რასაც ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გართულება მოჰყვება ხოლმე.

გვანცა ფიქრობს, რომ ხუთდღიანი მოსაფიქრებელი პერიოდიც ბარიერია ქალებისთვის:

ქალებს უწევთ სოფლიდან წასვლა სხვა ადგილას, ეს დაკავშირებულია დროსთან, დამატებით ფინანსურ რესურსთან. არის შემთხვევები, როცა ამის გამო ექიმები ცდილობენ გვერდი აუარონ ამ შეზღუდვებს და პაციენტს წინა რიცხვით არეგისტრირებენ, თითქოს უკვე გასულია ეს ხუთდღიანი მოცდის პერიოდი“- ამბობს გვანცა კვინიკაძე.

ამ პრობლემაზე საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველიც. მათი კვლევის თანახმად, მართალია ყველა მუნიციპალიტეტში არის ერთი დაწესებულება მაინც, სადაც აბორტის სერვისის მიღება შესაძლებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროცედურა ქალებისთვის სრულად ხელმისაწვდომია:

ვერ ვიტყვით, რომ აბორტი არის ხელმიუწვდომელი, თუმცა არის ბარიერები. პირველი ბარიერი ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება იმ დაწესებულებების შესახებ, სადაც ეს პროცედურა ტარდება. შემდეგ უკვე ქალს უწევს გაუძლოს მორალურ წნეხს”- ამბობს ანა ილურიძე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში გენდერის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
ანა იმასაც აღნიშნავს, რომ ქალებისთვის არც შესაფერისი ექიმის პოვნაა ადვილი.

ბარიერია 5-დღიანი პერიოდიც, ამას სხვადასხვა კვლევა და ექიმებთან გასაუბრებაც ადასტურებს. აბსოლუტურად უსარგებლოა ეს დრო და ქალებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სერვისის მისაღებად მგზავრობა უწევთ, უზრდის ფინანსურ დანახარჯს. ეს პერიოდი ემოციურადაც გაცილებით მძიმეა მათთვის”, - ამბობს ანა ილურიძე.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, აბორტის ღირებულება ქალს რიგ შემთხვევებში უბიძგებს მიმართოს ორსულობის შეწყვეტის თვითნებურ გზას, მაგალითად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე მედიკამენტების მიღებას, რაც ხშირად იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას. ანგარიშში საუბარია სხვა სახიფათო ხერხებზეც, მაგალითად, დაცემა და სხეულის დაზიანება ორსულობის შეწყვეტის მიზნით.

„სახელმწიფო ხელოვნური აბორტის წახალისებას არ აპირებს, უპირატესობა ენიჭება გადაწყვეტილებას ნაყოფის სიცოცხლის სასარგებლოდ. ამრიგად, აბორტის დაფინანსება ამ ეტაპისთვის სახელმწიფოს გეგმაში არ შედის. ჩვენ ვაფინანსებთ გადაუდებელ აბორტს, როცა ქალის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“, - ამბობს მარინა დარახველიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

მარინა დარახველიძე, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს რთული იყოს ქალებისთვის ისეთი დაწესებულების პოვნა, რომელიც აბორტის სერვისს სთავაზობს მათ, სამინისტრო მაინც ვერ წაახალისებს კლინიკებს ამ მიმართულებით.

მარინა დარახველიძე ასევე ამბობს, რომ სამინისტრო მზადაა იმუშაოს სპეციალისტებთან, მათ შორის აბორტის სერვისის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობის კუთხით. თუმცა, მათთვის პრიორიტეტად მაინც რჩება ინფორმირებულობის გაზრდა კონტრაცეფციისა და აბორტის მავნე გავლენის შესახებ.

ქალის ორგანიზმი ზოგადად დედობისკენ მოწოდებულია, ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა და აბორტი გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის ბრძანებაში პირდაპირაა მითითებული, რომ პრიორიტეტია ნაყოფის სოცოცხლე, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ქალი იღებს“, აღნიშნავს მარინა დარახველიძე.

თუ მომსახურებაზე ქალს ხელი არ მიუწვდება, ეს მათ აიძულებთ გარისკონ და შესაბამისად, საფრთხეში ჩაიგდონ თავი”, ამბობს გენდერის მკვლევარი გვანცა კვინიკაძე.

თუ ქალს შვილის გაჩენა არ სურს და აბორტი გადაწყვიტა, უარის შემთხვევაში, ის აუცილებლად იპოვის სხვა გზებს. კვლევებით დასტურდება, რომ არასასურველი ორსულობის შეწყვეტის მიზნით, ქალს შეუძლია გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ძალიან მაღალი რისკის შემცველია მისი სიცოცხლისთვის. შესაბამისად, აბორტის ხელმისაწვდომობა პირდაპირ კავშირშია ქალების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან“. 

“არავის აქვს უფლება პაციენტს მიაყენოს შეურაცხყოფა მისი გადაწყვეტილების გამო, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის. ექიმის ვალდებულებაა აუხსნას პაციენტს რა საფრთხის შემცველია ქალის ორგანიზმისთვის, მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ორსულობის შეწყვეტა” - ამბობს მარინა დარახველიძე.


სტატია მომზადებულია Safe Abortion Action Fund-ის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგელბში - ორგანიზაციასთან "რეალური ხალხი, რეალური ხედვა" თანამშრომლობით.

გამოცემები

ჩემი სხეული - ჩემი არჩევანი

შემდეგი