ლიმონი, სოდა, ხახვი: აბორტი სახლის პირობებში

მანო სვანიძე

ტექსტი დეტალურად აღწერს იმ მეთოდებს, რომლებსაც ქალები სახლის პირობებში ორსულობის შესაწყვეტად იყენებენ. ეს მეთოდები მიუღებელია და შესაძლოა, სხეულის მძიმე დაზიანებით დასრულდეს. კონტრაცეპტივებსა და ორსულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველა მკითხველმა პროფესიონალურ სამედიცინო კონსულტაციას უნდა მიმართოს.
დაჭყლეტილი ხახვის ნარევი საცვლებში, ადუღებული წყალი მუცელზე, ერთი ჭიქა რძე იოდით. 

მაშინ როცა აბორტი კანონით აკრძალული იყო ან უბრალოდ, ხელი არ მიუწვდებოდათ მასზე, ქართველი ქალების არა-ერთი თაობა არასასურველი ორსულობის შესაჩერებლად ხალხურ მედიცინასა და ცრურწმენებით გაჯერებულ ხერხებს მიმართავდა.

დღეს საქართველოში აბორტი კანონიერია. თუმცა, გაზრდილი ბარიერები: ღირებულება, ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის სიმწირე, ქალებს აიძულებს, ნაყოფის მოსაცილებლად ალტერნატიულ საშუალებებს მიმართონ.

საქართველოს ქალთა ასოციაციისჰერა XXI“-ის კვლევის თანახმად, ქალები აბორტს ხშირად ფინანსური პრობლემების გამო იკეთებენ. მათ, ვისაც შვილის მოსავლელი ფული არ აქვთ, ზოგჯერ არც იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ აბორტის საფასური გადაიხადონ. პროცედურას არც დაზღვევა ფარავს, ზოგიერთ კლინიკაში კი მისი ღირებულება ხელფასის საშუალო მაჩვენებელს აღემატება.

ბარიერს ქმნიან ის გინეკოლოგებიც, რომლებიც უარს ამბობენ აბორტის პროცედურაზე. აღმოჩნდა, რომ ძნელია იმ კლინიკების პოვნაც, რომლებიც  ქალებს უარით არ გამოისტუმრებენ.  

ასეთ დროს ქალები ისევ ხალხურ მეთოდებს უბრუნდებიან.

რამდენიმე დღის ორსული ვარ და აბორტის გაკეთება მინდა. ამისათვის ბევრი მიზეზი მაქვს. ექიმისთვის ფული არ მყოფნის. ვინმეს ხომ არ გამოგიცდიათ, როგორ კეთდება აბორტი სახლის პირობებში? მითხრეს, რაღაც წამალი არსებობსო...“ – წერს ქართველი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

ორსულობის შეწყვეტის მრავალიშინაურულიმეთოდი არსებობს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მაგალითად, ბავშვობაში მსმენია, რომ წიწაკისა და დაჭყლეტილი ხახვის ნარევს ნაყოფის მოცილება შეუძლია. ვიცნობ იმ ქალებსაც, რომლებმაც მუცლის მოსაშლელად ექსტრემალურ გზებს მიმართეს. მაგალითად, ჩემი ნაცნობი, რომელსაც მეექვსე შვილის გაგონებაც არ უნდოდა, თან  მოძალადე ქმრის ეშინოდა, მდინარეში გადახტა. 

ხშირად ვსვამდი ხოლმე იოდიან რძეს, რომ არ დავფეხმძიმებულიყავი ან ადრევე მომეცილებინა“, იხსენებს 62 წლის ლია (სახელი შეცვლილია), რომლისთვისაც, ორი გართულებული მშობიარობის შემდეგ, აბორტი ერთადერთი გამოსავალი იყო. „მესამე ბავშვის გაჩენის მეშინოდა, რადგან შეიძლება ორივე შვილი ობლად დამეტოვებინა“.

ც-ვიტამინის ამპულები კიდევ ერთი არაძვირადღირებული საშუალებაა არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად, ამბობს ლია. სამი, ოთხი ამპულა ერთ მიღებაზე რამდენიმე დღის მანძილზე, რაც უფრო მაღალია დოზა, უკეთესი ეფექტი აქვს. სისხლდენა იწყება. თუმცა, შედეგი მაინც ინდივიდუალურია. “ ჩემზე მაგალითად, არ მოქმედებდა, მაგრამ ჩემი კურსელები და მეზობლები ძალიან წარმატებით იყენებდნენ”.

ცხელ წყალში ჩაწოლაც ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი იყო ნაყოფის მოსაცილებლად. “ეს ყველაზე წარმატებულ მეთოდად არ ითვლებოდა, მაგრამ მაინც ვიყენებდით: რძეში იოდის წვეთებს ვურევდით. წყალი ძალიან ცხელი უნდა ყოფილიყო და რაც უფრო დიდ ხანს იწვებოდი, მით უფრო მაღალი იყო ალბათობა ნაყოფის დაკარგვის”- იხსენებს ლია.

“დედაჩემი სოდაში ჩაყოფდა თითს და ვაგინაში იტაკებდა ხოლმე. საშვილოსნო ღიზიანდებოდა და ნაყოფიც ცილდებოდა. ერთხელ მეც ვცადე, მაგრამ ისე ამეწვა, კინაღამ მოვკვდი”.

ლია იხსენებს, რომ მის გარშემო ყველაზე პოპულარული მეთოდი მაინც რძეში იოდის წვეთების გარევა იყო: “ ეს ყველაზე იაფასიანი და ეფექტიანი საშუალება იყო”, ამბობს ლია. 15-20 წვეთი იოდი 50 გრამ რძეში. დღეში ორჯერ ან სამჯერ უნდა დაგელია, თუ ეჭვი გქონდა, რომ ორსულად იყავი და არ გინდოდა ნაყოფის შენარჩუნება.

ლიას თქმით, იმ პერიოდში სახლის პირობებში აბორტის გაკეთების მცდელობას ბევრი ქალი შეეწირა. „ზოგჯერ სისხლდენა ეწყებოდათ და ექიმებს, რომლებიც აბორტს უკანონოდ აკეთებდნენ, გადასასხმელად საკმარისი სისხლი და სხვა საჭირო ინსტრუმენტები არ ჰქონდათ. საავადმყოფოებიდანაც ვერ მოიტანდნენ იმიტომ, რომ აბორტს საიდუმლოდ აკეთებდნენ. გამოდიოდა, რომ სისხლად დაცლილი ქალების დახმარება არ შეეძლოთ“, იხსენებს ლია.

 „ჩემს ერთ-ერთ მეგობარს 38 აბორტი აქვს გაკეთებული. თუმცა, იმიტომ რომ მას კარგი კონტაქტები ჰყავდა, აბორტს ყოველთვის საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იკეთებდა. ძალიან მიხარია, რომ გადარჩა“- ამბობს ლია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე არ იძბნება ინფორმაცია რამდენი ქალია გარდაცვლილი საქართველოში აბორტის შედეგად.

გინეკოლოგი ხათუნა სოხაძე ამბობს, რომ სხვადასხვა მედიკამენტის თვითდანიშნულებით მიღება ორსულობის შეწყვეტის მიზნით ხშირია დღეს, რაც სახიფათოა. მისი თქმით, ქალები ხშირად ექიმს მიმართავენ მაშინ, როცა სახლის პირობებში უკვე სცადეს აბორტის გაკეთება.

გინეკოლოგის თქმით, აუცილებელია, წყვილებმა ისწავლონ კონტრაცეპტივების სწორად შერჩევა, რაც აბორტების საჭიროებას შეამცირებს და აღარც ქალები ეცდებიან სახლის პირობებში ორსულობის შეწყვეტას. "აუცილებელია გინეკოლოგთან კონსულტაცია, ცნობიერების გაზრდა ამ მიმართულებით და კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა", ამბობს ხათუნა.
 
მას შემდეგ, რაც პირველ მშობიარობას ძლივს გადაურჩა, 65 წლის ნაირას (სახელი შეცვლილია) 13 აბორტი აქვს გაკეთებული. „აბორტი კარგი არ არის. შეგრძნება გაქვს, რომ სიცოცხლეს კლავ და დანაშაულის აუტანელი გრძნობა გტანჯავს. მაგრამ ორსულობა იმდენად ცუდად მხდიდა, სხვა გზა აღარ მქონდა. მეშინოდა, რომ ვერ გადავრჩებოდი“,იხსნებენს ნაირა.

სხვა მეთოდიც იყო, დაგაძინებდნენ, აბორტს გაგიკეთებდნენ და რომ გაიღვიძებდი, ორსულად აღარ იყავი. მე სულ მეშინოდა, რომ მეორე დღეს ვეღარ გავიღვიძებდი. ამიტომ, ადგილობრივ ანესთეზიას ვამჯობინებდი. ორსულობა იმხელა სტრესს მაყენებდა, რომ მაგიდაზე დაწოლისასაც კი შვებას ვგრძნობდი და, მიუხედავად აუტანელი ფიზიკური ტიკივილისა, ის ფაქტი მანუგეშებდა, რომ ორსულად აღარ ვიქნებოდი“.


ნაირამ კონტრაცეპტივების შესახებაც იცოდა, თუმცა მათი გამოყენება, სტიგმის გამო (აქტიურად ცდილობდი, მეტი შვილი აღარ გყოლოდა) ხშირად არ უნდოდა. „ზოგჯერ კონტრაცეპტივებსაც ვსვამდი, მაგრამ მაინც ვფეხმძიმდებოდი. მათი დალევა ქართველებისთვის მიუღებელი იყო. აბების ყიდვაც კი არ შეგეძლო ისე, რომ  ცუდად არ შემოეხედათ და თავი დამნაშავედ არ გეგრძნო“ – იხსენებს ნაირა.

ლია ადასტურებს, რომ საბჭოთა კავშირში კონტრაცეპტივები უფასო და ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ ისინი სხვა ქვეყნიდან შემოჰქონდათ, რის გამოც ხალხს მავნე ეგონა და, შესაბამისად, მათ გამოყენებაზე სერიოზულად არც კი ფიქრობდნენ.

„იცი, რა? როცა ხალხურ მეთოდებს მიმართავ, არასოდეს ფიქრობ სიკვდილზე. არც  ექიმის პოვნა იყო ადვილი.  რა თქმა უნდა, რამდენჯერაც დაორსულდები, იმდენჯერ შვილს ვერ გააჩენ“, ამბობს ლია.

 „მაშინ როცა კონტრაცეპტივები უფასო იყო, გვეგონა, რომ ეს აბები რამეს გვავნებდა. აი, როგორც ბავშვობაში არ გვქონდა უფლება, საღეჭი რეზინი უცხოსგან აგვეღო იმიტომ რომ შეიძლება მოწამლული ყოფილიყო, ზუსტად ასე ვფიქროდბდით ამ აბებზეც”.

ლიას თქმით, კაცები კონტრაცეპტივებს მხოლოდ მაშინ იყენებდნენ, როცა ცოლს ღალატობდნენ, რათა არასასურველი ორსულობით გამოწვეული ზედმეტი თავის ტკივილი აეცილებინათ

პარალელურად, ბევრი ქალი ხალხურ საშუალებებს მიმართავდა. მაგალითად, 58 წლის ქალი იხსენებს, რომ სექსის წინ ლიმონის ერთ ნაჭერს საშოში იდებდა

„თუ სექსის წინ ლიმონს საშოში მოათავსებ, იქ სპერმა ვეღარ დარჩება“, ამტკიცებს ლამარა (სახელი შეცვლილია).

საქართველოში დამკვიდრებული ეს მეთოდები უნიკალური არ არის: ქალები უძველესი დროიდან იყენებენ სხვადასხვა ხერხს მუცლის მოსაშლელად. მათ შორის იყო ყვინთვა, კლდეზე ძრომა, ხტუნვა, მუცლის მასაჟები. მცენარეული თუ ქიმიური საშუალებები ქალებში პოპულარული ნელ-ნელა ხდებოდა.

საბჭოთა კავშირის დროს, უფრო კონკრეტულად კი პირველ წლებში, თუ ორსულობის ხანგრძლივობა პირველ ტრიმესტრს არ სცილდებოდა, ქალებს აბორტის გაკეთება კანონიერად შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ 1936 წელს სტალინმა ეს წესი გააუქმა, მისი სიკვდილის შემდეგ, აბორტი კვლავ კანონიერი გახდა.

1950-1960 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით, აბორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ საბჭოთა კავშირში დაფიქსირდა.

1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის კვალდაკვალ, ოჯახის წინასწარ დაგეგმვა და კონტრაცეპტივების გამოყენება უფრო და უფრო პოპულარული გახდა.

თუმცა, დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქართველ ქალებს კონტრაცეპტივებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებოდათ და იძულებულები იყვნენ, ორსულობა ხელოვნური ჩარევით შეეწყვიტათ. ამ ტენდენციამ საშიში სახე მიიღო, რის შემდეგაც აბორტი ისევ ლეგალური გახადეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალის სისცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა

მე თვითონ არ მიცდია, მაგრამ როგორც ვიცი, ქალები ამ მეთოდსაც იყენებდნენ: “წიწაკიანი ხახვი ვაგინაში, ეს ჩემთვის წარმოუდგენლად ჟღერს”- ამბობს ლია.

ხალხურ მედიცინაში ბევრ სხვადასხვა ბალახეულს იყენებდნენ აბორტის ალტერნატივად. ზოგჯერ ვაგინაშიც იდებდნენ ხოლმე.

“ისე უნდა იხტუნაო, რომ ფეხები წელზე მოირტყა”- ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ხოლმე, იხსენებს ლამარა.

შოკოლადსაც იყენებდნენ ქალები ორსულობის ადრეულ ეტაპზე. “როცა დედაჩემი ბევრი შოკოლადის ჭამას იწყებდა, ვხვდებოდით, რომ ის შეიძლება ორსულად ყოფილიყო”- იხსენებს ნინო, 25 წლის (სახელი შეცვლილია).

კონტრაცეფციის ალტერნატივად გამოიყენებოდა დაჭრილი ლიმონი ვაგინაში. თუ ამას სანამ სექსი გექნებოდა მანამდე გააკეთებდი, სპერმა შიგნით არ დარჩებოდა”- იხსენებს ლამარა (სახელი შეცვლილია).

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში კონტრაცეპტივებს უკვე ბევრი ქალი სვამს (2000-დან 2014 წლამდე მომხმარებელთა რიცხვი ოთხჯერ გაიზარდა), ცნობიერების გაზრდა და ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. ასოციაცია ჰერა XXI“-ის ანგარიშიც ადასტურებს, რომ საქართველოს დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, კონტრაცეპტივებთან დაკავშირებული მითები და ცრურწმენები კვლავ აქტუალურია.

ამავე ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა დიდი ნაწილი (42%) პრეზერვატივის გამოყენებას ამჯობინებს, ნაწილი კი (25%), ოჯახის დაგეგმვის ისეთ ტრადიციულ გზებს მიმართავს, როგორიცაა, მაგალითად, მენსტრუალურ ცილკზე დაკვირვება

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა ისიც აღნიშნეს, რომ ეშინიათ, კონტრაცეპტივებმა და სხვა თანამედროვე მეთოდებმა ჯანმრთელობის პრობლემები და უნაყოფობა არ გამოიწვიოს

შეკითხვას, რატომ არ იყენებენ თანამედროვე კონტრაცეპტივებს და რატომ ირჩევენ ზემოთ ხსენებულ მეთოდებს, ფოკუს-ჯგუფის თითქმის ყველა მონაწილემ ერთი პასუხი გასცა: „ვიცით, რომ ეს ძველი მეთოდები უფრო უსაფრთხოა და სხვა საშუალებებზე კიდევ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. შესაბამისად, მათ ეჭვის თვალით ვუყურებთ”.

გამოცემები

ჩემი სხეული - ჩემი არჩევანი

შემდეგი