ქალები მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე

ნინო თოფურიძე, ნიკა კობაიძე,

ტექსტი: ნინო თოფურიძე
ილუსტრაციები: ნიკა კობაიძე

სოციოლოგებს, ისევე როგორც დედებს, სჯერათ, რომ მოვიდა დრო ხმამაღლა დაიწყონ ლაპარაკი მათი ჯანმრთელობისთვის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე.

 ძალიან ცუდი დედა ვარ,” ამბობდა ლიანა მამაცაშვილი, 37 წლის ქალი, რომელსაც 7 წლის შვილი ჰყავს. “მშობიარობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე ვიმეორებდი ამ სტყვებს.”

ამან იმდენად ძლიერი ტრავმა მომაყენა, რომ საკუთარი თავის დასჯა გადავწყვიტე, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. არაფერს ვაკეთებდი ისეთს, რაც სიამოვნებას მომანიჭებდა. არ ვხვდებოდი მეგობრებს, გემრიელ საჭმელს არ ვჭამდი, არც სასმელს, სექსუალურ ცხოვრებაზეც უარი ვთქვი,”განაგრძობს ლიანა. “გარეთ როცა გავდიოდი სახეს ქუდით ვიფარავდი, რომ ჩემი ცუდი მშობლობა ხალხის მზერისგან დამეფარა.”

ლიანამ, რომელიც დღეს სექსუალური განათლების საკითხებზე მუშაობს, მოგვიანებით გაიგო, რომ მისი შეგრძნებები თურმე პოსტსამშობიარო დეპრესიის სიმპტომები ყოფილა.

შიში, რომ კარგი დედა არ ხარ, ცუდად ყოფნის წამყვანი სიმპტომია ქალებში. ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯის გზამკვლევის თანახმად, პოსტსამშობიარო დეპრესია ნებისმიერ ქალს შეიძლება დაემართოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან ხარ, რა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაქვს, არც იმას, თუ რომელ ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნები. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, მსოფლიოს მასშტაბით, გაურბიან ხმამაღლა ლაპარაკს იმ შეგრძნებებზე, რომლებსაც ისინი მშობიარობის შემდეგ განიცდიან. ეშინიათ სტიგმის და კიდევ იმის, რომ შეიძლება შვილიც ჩამოართვან. არც საქართველოა ამ თვალსაზრისით გამონაკლისი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არიან ისეთი დედებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკის დრო მოვიდა.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემების მიხედვით, პოსტსამშობიარო დეპრესია 100 ქალში საშუალოდ, 10-დან 15-მდე ქალს ემართება. მომატებული შფოთვა, დარღვეული ძილის რეჟიმი, უმადობა ან პირიქით, გაძლიერებული მადიანობა, კონცენტრაციის პრობლემა და მუდმივად დანაშაულის შეგრძნება - ამ სიმპტომების მიზეზი ქალებში ჰორმონალური ცვლილებები შეიძლება იყოს.

ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქალები უდიდეს პასუხიმგებლობას გრძნობენ ახალდაბადებული ბავშვის მიმართ,” ამბობს ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს ანთროპოლოგიაში კითხულობს. “დედები ძალიან მკაფიოდ ხედავენ შვილსა და მათ შორის წარმოშობილ ძალიან ძლიერ ემოციურ კავშირს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გასტანს. ამის გააზრება ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია.”

თამარ თანდაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს შიშები დედებს ხშირად აიძულებთ მთელი თავიანთი ენერგია ახალშობილის მეთვალყურეობას მოახმარონ, მათ შორის საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარჯზეც

მსგავს გამოცდილებას გვიზიარებს 30 წლის ხატია ბასილაშვილი, რომელიც 3 წლის ბიჭის დედაა. მას მძიმე შფოთვითი აშლილობა და პანიკური შეტევები ჰქონდა

ჩემს თავს ძილი ავუკრძალე. მეგონა, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა ზუსტად იმ დროს, როცა მეძინა და ბავშვს ვერ დავიცავდი,”იხსენებს ხატია

სამი დღის განმავლობაში 3, 4 საათი მეძინა მხოლოდ, შიში არ მასვენებდა. ამის გამო წნევა მიწევდა მაღლა, ჩემი მშობლები იძულებულები იყვნენ ძლიერი დამამშვიდებლები გაკეთებინათ ჩემთვის.”

 “გარდა ფსიქიკური პრობლემისა, ფიზიკურადაც არ ვგრძნობდი თავს კარგად,” განაგრძობს ხატია. “უარი ვთქვი ბანაობაზე, თმის დავარცხნაზე, თავის მოვლაზე. სულ ერთი მაისური მეცვა, რომელსაც მკერდზე ამოჭრილი ჰქონდა სპეციალურად, რომ უფრო ადვილად მეჭმია ბავშვისთვის ძუძუ. ეს მაისური თითქმის სულ დასვრილი იყო რძით. როდესაც ნერვიული შემოტევა მქონდა, სულ მეუბნებოდნენ, რომ არ ვიყავი გამონაკლისი და რომ ყველას ყოლია შვილი ჩემსავით.”

თანდაშვილი ამბობს, რომ ამ შინაარსის ფიქრები განსაკუთრებით დესტრუქციულია, თუმცა გავრცელებული საქართველოს პატრიარქალურ საზოგადოებაში.


გუგა გრიგოლია, რომელიც პრაქტიკოსი ფსიქოლოგია და სალექციო კურსს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში კითხულობს, გვიდასტურებს, რომ კულტურას ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ და ვიაზრებთ პოტსამშობიარო დეპრესიას

უახლესი კვლევებიც ადასტურებენ, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია გლობალური ფენომენია, თუმცა კულტურული განსხვავებები ძალიან თვალშისაცემია ქვეყნების მიხედვით,”ამბობს გუგა. მაგალითად, ინდივიდუალისტური კულტურა, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ახასიათებს, ამ თემაზე ღიად საუბრისთვის შეიძლება წამახალისებელი აღმოჩნდეს.მაშინ როცა კოლექტივისტური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ დამახასიათებელი აზიის ქვეყნებისთვის, პირიქით.” 

გრიგოლია იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ განსხვავებებისა, თითქმის ყველა საზოგადოებაში ქალს აქვს წნეხი, რომ მისი სხეული იდეალურად გამოიყურებოდეს.

30 წლის მაია ახვლედიანისთვის, რომელიც ორი შვილის დედაა, განსაკუთრებით სტრესული სწორედ ეს მოლოდინი აღმოჩნდა.

მშობიარობის შემდეგ, მაშინვე დიეტა დავიწყე. ბევრი მქონდა მომატებული,” გვითხრა მაიამ. “მაგრამ ნებისყოფა არ მეყო, ერთხელ გამოვაღე მაცივარი და რაც დავინახე ყველაფერი შევჭამე. ვფიქრობდი იმაზეც, რომ ჩამომეჭრა მსუქანი ადგილები სხეულიდან, მაგრამ ვიცოდი, რომ ამის გაკეთებაც ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა.”

სფეროს ექსპერტები აღიარებენ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკამ ვერ შეძლო პოსტსამშობიარო დეპრესიის საკითხი დღის წესრიგში დაეყენებინა

 “სახელმწიფო არ აღიარებს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ცალკე დაავადებად, რომელსაც განსხვავებული საჭიროებები აქვს და შესაბამისად, განსხვავებული მიდგომაც სჭირდება,” ამბობს ანა ღვინიანიძე, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას. ანა ფიქრობს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ პრევენციის მექანიზმები აამუშაოს. სახელმწიფო პროგრამა უნდა მოიცავდეს უფასო სკრინინგებს, ასევე პროაქტიულად აწვდიდებს ქალებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ფსიქოლოგიური გართულება შეიძლება მოყვეს მშობიარობას.


მიუხედავად ამისა, პროგრესი მაინც შეინიშნება. 2018 წლის დეკემბერში, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება (693), რომელიც დაფინანსების გაზრდას გულისხმობს მკურნალობაზე. სათემო ცენტრები (ამბულატორიები) უფასო საკონსულტაციო მომსახურებას შესთავაზებენ მოქალაქეებს, უფასო იქნება ფსიქიატრთან ვიზიტიც. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გვეუბნება, რომ უწყებაში არ აქვთ ზუსტი სტატისტიკა პოსტსამშობიარო დეპრესია რამდენ ქალს აწუხებს. მისი თქმით, ეს მონაცემები ახალი პროგრამის ქვეშ მოიყრის თავს. ოჯახის ექიმებს, გინეკოლოგებსა და პედიატრებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური გზამკვლევი, რომლის დახმარებითაც ამოიცნობენ პოსტსამშობიარო დეპრესიის სიმპტომებს.

ყველა ორსულ ქალს და მათ შორის იმ ქალებსაც, რომლებიც დაფეხმძიმებას გეგმავენ, უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე. თუმცა, ამ მდგომარეობაზე დამოუკიდებლად ლაპარაკი არ არის სწორი, ის მთელი ორსულობის შემადგენელი ნაწილია. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა გინეკოლოგები და პედიატრებიც დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას ისე აფასებენ, რომ თავად პაციენტს ვერბალურად არაფერს უხსნიან. რომც აუხსნან, ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს მექანიზმი გადაამოწმოს ნამდვილად მიიღო თუ არა პაციენტმა ადეკვატური მომსახურება,” ამბობს გაბუნია

მინისტრის მოადგილე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მართალია ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია პოსტსამშობიარო დეპრესიაზე ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში, პრაქტიკაში ამის დანერგვა ძალიან ძნელი აღმოჩნდა.

ექიმებმა ეს იციან, მაგრამ მაინც რთულია დაავალდებულო ექიმი ეს ინფორმაცია პაციენტს გადასცეს, კიდევ უფრო რთულია იმის მონიტორინგი რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულა მან თავისი ვალდებულება.”

მთავარ გამოწვევად მაინც რჩება საზოგადოების მხრიდან სტიგმა. სწორედ ამ მიზეზით ერიდებიან ქალები ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკს. ყველა ქალი, რომელიც სტატიისთვის ჩავწერეთ, აღიარებს რომ ცხოვრებაში პირველად ლაპარაკობს გახსნილად დეპრესიაზე, რომელიც მშობიარობის შემდეგ გამოსცადა. არც ერთ მათგანს არ უძებნია პროფესიონალის დახმარება.
გრიგოლიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება. ეს ერთნაირად სჭირდებათ როგორც ქალებს, ასევე კაცებს.
ძალიან ვცდილობდი ბედნიერად მომეჩვენებინა თავი გარშემომყოფებისთვის, ისინი მხოლოდ ამას მოელოდნენ ჩემგან,”იხსენებს 30 წლის თეონა დალაქიშვილი, რომელსაც პატარა შვილი ჰყავს. “თუმცა, სწორედ ამ მოჩვენებითობამ დამანგრია ფსიქოლოგიურად ყველაზე მეტად.”




სტატია მომზადებულია ჩაიხანასა და ორგანიზაცია "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" თანამშრომლობის ფარგლებში.

გამოცემები

ჩემი სხეული - ჩემი არჩევანი

შემდეგი