"სხეული, რომელშიც ვცხოვრობ"

გიორგი დუნდუა


სადგურის
მოედანზე და ცირკის მიმდებარედ ისეთი ადგილებია, სადაცსექსუალური კონტრაქტიფორმდება, სადაც სხეული ეკონომიკურ სარგებელში იცვლება.

კომერციული სექს სამუშაო ჩვენს ქვეყანაში ლეგალიზებული არ არის, თუმცა, როგორც 2014 წელს, საერთაშორისო ფონდიკურაციოსადა საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრითანადგომასმიერ ჩატარებული კვლევა ამბობს, ის საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში (ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს).

კომერციული სექს-სამუშაო, იგივე პროსტიტუცია, დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან და იმ პრობლემებთან, რომლებიც გარდამავალ პერიოდს ახლავს ხოლმე თან. მაშინ როცა, ცხოვრების ეს გზა, უმეტეს შემთხვევაში, ქალს თვითგადარჩენაში ეხმარება, ის ამის გამო მაინც სტიგმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება.

ფოტოპროექტი “სხეული, რომელშიც ვცხოვრობ ათი ქალის ისტორიას გვიყვება.  ყველა მათგანი თბილისში გავიცანი, როცა ერთ-ერთი გერმანული გამოცემისთვის კვლევას ვატარებდი. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ მათი უმრავლესობა ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს, რადგან ქმრის ძალადობას გამოექცა. ზოგიერთი ამ ნაბიჯს დღემდე ვერ დგამს, ეშინია, რომ თავშესაფარს დაკარგავს. ისინი ქუჩაში გვიან ღამით გადიან და კლიენტების ძებნას იწყებენ. როგორც ამბობენ, ეს საქმე მაინც არასტაბილურია და ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ძალადობის რისკი, შერყეული ფსიქიკური ჯანმრთელობა, დაუცველობისა და საზოგადოებისგან გარიყვის შიში - ამ ჩამონათვალს ყველაზე ხშირად გაიგონებთ ქალებისგან, რომლებიც თავს კომერციული სექს მუშაობით ირჩენენ.
მათ საჭიროებებზე კვლევა 2017 წელს საინფორმაციო-სამედიცინო ცენტრმათანადგომამდა საერთაშორისო ფონდმაკურაციომ” ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა 300-მა სექს-მუშაკმა მიიღო. კველვამ გამოავლინა, რომ მათგან 21% ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა. მიუთითებენ სქესობრივი და რეპორდუქციული ჯანმრთელობის პრობლმებზეც, თუმცა მათში ძალიან დაბალი ცნობიერებაა აივ-შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ქალები ექიმის მხრიდანაც გრძნობენ ხშირად დისკრიმინაციას. კვლევაში მონაწილე რამდენიმე ქალმა მსგავსი გამოცდილება გაიხსენა. ამის გამო ხშირად საერთოდ თავს არიდებენ ექიმთან კონსულტაციას.

მათ პრობლემებზე მედიაშიც იშვიათად ლაპარაკობენ.

მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცხოვრების გაგრძელება შეძლონ. დღისით ჩვეულებრივ რუტინაში არიან ჩაბმულები: ამზადებენ საჭმელს, სახლს ალაგებენ, შვილებზე ზრუნავენ, ეკლესიაში დადიან და ლოცულობენ.
10 ქალის ისტორიით თქვენ შეგიძლიათ უფრო ახლოდან გაიცნოთ ისინი:


მარინა, 29 წლის

“თბილისში, 2012 წელს ჩამოვედი, მას შემდეგ რაც მეუღლეს დავშორდი და გადავწყვიტე დამოუკიდებლად გამეგრძელებინა ცხოვრება. 2 წლის ბავშვი მყავდა, ძალიან რთული აღმოჩნდა ცხოვრების გაგრძელება. ვფიქრობდი, რომ სწავლას გავაგრძელებდი, მაგრამ უფრო ვოცნებობდი, თითქმის შეუძლებელი იყო ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრება და თან განათლების მიღება.

ბინა ვიქირავე სადგურის მოედანთან ახლოს, იქ ცხოვრება შედარებით იაფი იყო. ხანდახან 2 თვის ქირის ფულს ვერ ვიხდიდი. ბავშვს საჭმელი სჭირდებოდა. მშობლები არ მეხმარებოდნენ, დედა უცხოეთშია, სახლში არასოდეს იყო კარგი სიტუაცია. გადავწყვიტე ასე მერჩინა თავი. ძალიან გამიჭირდა თავიდან. თითქმის ყოველ დღე ვტიროდი… მერე სხვა გოგოებიც გავიცანი და შედარებით გამიადვილდა. ჩემი პატარაც გაიზარდა, მაგრამ რაც უფრო იზრდება, მეტი დახმარება სჭირდება ჩემგან.

ვიცი, რომ სხვა სამსახურს ვერ ვიშოვი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც სექსმუშაკად ვმუშაობ. ამიტომ ისევ ასე უნდა გავაგრძელო. მეშინია ყველასი და ყველაფრის გარშემო. არც ვიცი, ხვალ რა იქნება. ჩემი შვილის გამო ვცოცხლობ მხოლოდ. მომავალზე ბევრს ვერ ვფიქრობ, ძალიან მეშინია.”


სოფა, 36 წლის

“მოძალადე ქმარს გამოვექეცი, ფაქტობრივად კოშმარს დავაღწიე თავი. ზოგჯერ მიკვირს როგორ შევძელი. ალბათ, ძლიერი ქალი ვიყავი.

ვის უხარია ასეთი ცხოვრება? მუდმივი შიში, მუქარები ოჯახისგან, უამრავი დამცირება, ეს ჩემი ყოველდღიურობაა, რომელიც ხანდახან მიყვარს კიდეც, სხვა შემთხვევაში ძალიან უსუსური ვიქნებოდი.

მიჭირს ცხოვრება ყველასა და ყველაფრისგან მოშორებით, ვცხოვრობ რა, უბრალოდ, თავს ვირჩენ. პატარა ბიზნესი მინდოდა დამეწყო, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაშიც ვმუშაობდი, მაგრამ ღარიბი ადამიანისთვის მაინც ყველაფერი გაცილებით უფრო რთულია. არც ეს სამუშაოა ადვილი, საკუთარ სხეულს გაძულებს და ზოგჯერ ფიქრობ, რომ არც უნდა არსებობდე, მაგრამ შემდეგი დღე მაინც თენდება. 
ვცდილობ ადამიანებს დავანახო, რომ მეც ჩვეულებრივი მათგანი ვარ, მეც მტკივა და მიხარია, მაგრამ ძნელია. ოდესღაც სხვა პირობები რომ მქონოდა, ალბათ, მეც გამიჭირდებოდა ასეთი რეალობის აღქმა. თუ არ გამოსცადე, ვერც მიხვდები.

მეგობრებთან ერთად ვცხოვრობ, ეს გვაძლიერებს. საშინელი ნევროზი მაქვს,  მკურნალობა მინდა, მაგრამ რა ვუთხრა ფსიქოლოგს? გგონიათ მარტივია ყველაფრის თქმა? ჩვენც ხომ გვაქვს უფლებები…"



ხათო, 32 წლის

“ თბილისი ჩემთვის ერთნაირად იყო სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. მას შემდეგ რაც მეუღლეს დავშორდი, ამ დიდ და საშინელ ქალაქში სულ მარტო დავრჩი. არაფრით განვსხვავდებოდი იმ ადამიანებისგან, ქუჩაში რომ მათხოვრობენ. იგივე გზა ვერ ავირჩიე. თითქოს “უკეთესი” გამოსავალი მოვძებნე. ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად ვიყავი და ვარ, ეს არ იცვლება.  ურთულესია აკეთებდე იმას, რაც იცი, რომ არჩევანი რომ გქონოდა, არ გააკეთებდი. რამდენჯერმე გავხდი კლიენტისგან ძალადობის მსხვერპლი. ჩვენზე მარტო კლიენტები კი არა, მათხოვრებიც ძალადობენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, სასაცილოა მაგრამ პოლიციაც კი ვერ გვიცავს ამისგან. ერთხელ მახსოვს, მივედი პოლიციელთან და მან არც კი იცოდა რას ნიშნავდა სიტყვა “შევიწროება”. საერთოდ აზრი არ აქვს მათთან მისვლას.

ბევრჯერ მოვშორდი სამეზობლოს. ვერ დამალავ რასაც აკეთებ. 6-ჯერ შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი. შვილიც მყავს. სწორედ მის გამო ვიბრძვი, თორე აქამდე დავმარცხდებოდი, დავნებდებოდი ყველაფერს. ეკლესიაშიც დავდივარ და ვლოცულობ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არც კი მესმის შინაარსი. მაინც მჯერა, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩვენი გადარჩენა. ძალიან მეშინია ჩემს შვილს ვინმემ რამე არ დაუშაოს და ჩემსავით დაუცველი არ აღმოჩნდეს.


მაცო, 38 წლის

"ბევრი რამ მაკლდა ბავშვობაში. ოჯახში მესამე შვილი და ერთადერთი გოგო ვიყავი. ყოველთვის ვგრძნობდი რაღაცნაირ სიცივეს, თითქოს სხვის სახლში ვიზრდებოდი. 18 წლის რომ ვიყავი, არ მომცეს საშუალება სწავლა გამეგრძელებინა, მაშინვე გამათხოვეს. ჩემი ქმარი სვამდა, ნასვამი მცემდა კიდეც. გამოვიქეცი სოფლიდან და ჩამოვედი თბილისში. ოჯახის წევრები მოკვლით მემუქრებოდნენ, თუ არ შევურიგდებოდი. მეშინოდა, მაგრამ თან მინდოდა ცოტა ხანს მარტო ვყოფილიყავი.

გამაუპატიურეს და ამან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ხელაღებული გავხდი. ყველაფერს აზრი დაეკარგა ჩემთვის. იმის გამო რომ ძალიან მიჭირდა, აბორტი გავიკეთე.  მერე მაღაზიაში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა.  იქ ხშირად იკარგებოდა პროდუქტები და ამის გამო გამათავისუფლეს. უმძიმესი პერიოდი დამიდგა. სხვა გზა არ მქონდა, თავი სხეულის გაყიდვით უნდა მერჩინა. დღესაც იგივეს ვაკეთებ. რაღაცნაირად შევეგუე ამ ფაქტსაც. თუ ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა, სმას ვიწყებ. არ მგონია, რომ ძალიან უბედური ვარ."


ნატო, 35 წლის

“ძალიან ადრე დავოჯახდი, ორსულად ვიყავი და ასე გადაწყდა. სამი შვილი გავაჩინე. არც ვიცი როგორ, მაგრამ დიდ გაჭირვებაში გამოვზარდე. ქმარი ჩემზე ძალადობდა. ვიცოდი, ამას დიდხანს ვერ გავუძლებდი, ამიტომ წამოვედი სახლიდან. თურქეთში წავედი სამუშაოდ. დეპორტაცია შემეხო, ვერც უკან დავბრუნდებოდი. ამიტომ ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს ბორდელში დამეწყო მუშაობა. იქ საშინლად მექცეოდნენ. არც ახლა ვარ კარგად, მაგრამ მაინც რა შედარებაა, უკეთესად ვგრძნობ თავს ნამდვილად.     

ჯანმრთელობის პრობლემებიც მაქვს, მკურნალობას 300-400 ლარი მაინც უნდა, ამიტომ ჯერ ვერ მოვიცალე მაგისთვის. რასაც ვშოულობ ის ფული, მაინც არასტაბილურია.                                                                                                                     

ჩემს შვილებს ინტერნეტით ვეკონტაქტები. ცხადია, არ იციან რაზეც ვმუშაობ. ვერავინ რომ ვერ მიცნოს ამის გამო რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე. 

ძალიან რთული სამუშაოა. ზოგჯერ ფულსაც არ გვაძლევენ კლიენტები და ვერც ვერაფერს აიძულებ. მიფიქრია, რომ დავანებო საერთოდ თავი ამ საქმეს, მაგრამ ჯერ ერთი, სხვას ვერაფერს ვიშოვი და მეორეც, ჩემი სახელი უკვე განადგურებულია და აზრს ვერ ვხედავ, ვის რა დავუმტკიცო?"


ტატკა, 29 წლის

“ძალიან მიჭირს წარსულზე ვილაპარაკო. ჯოჯოხეთური ცხოვრებაა, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო და უფრო რთულდება. ქმარს დედამთილის გამო დავშორდი. მას არ მოვწონდი და ყოველთვის ჩემს წინააღმდეგ ამხედრებდა. წამოვედი და სახლი ვიქირავე. ბავშვებს სულ მარტო ვზრდიდი.  უმძიმესი პერიოდი გამოვიარე. მახსოვს ერთხელ ბავშვს ანთება ჰქონდა, მე კიდე წამლის ფული ვერ ვიშოვე. გავწირე თავი და დავიწყე სექსმუშაკობა. ვიბრძვი ჩემი შვილებისთვის, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ.  უამრავი პრობლემა მაქვს. ფული არ მყოფნის. სულ საფრთხეში ვარ. მეშინია ქუჩაში ვინმე არ დამხვდეს და არ მომკლას. მომავლაშიც ასე ვირჩენ თავს, იქამდე სანამ სახლს არ ვიყიდი. ქირაში ბევრს ვიხდი. ჩემი შვილები მალე სკოლაში შევლენ და უფრო მეტი დასჭირდებათ. ჩემს თავზე არ ვფქრობ, ჩემს მეგობრებს ვიცი, რომ სხვადასხვა დაავადება სჭირთ, მაგრამ რა ხეირი? მაინც არავინ ეხმარებათ. ექიმთან რომ მივდივართ, ისე გვიყურებენ, თითქოს კაცი მოვკალით. ზოგჯერ ქვეყნიდან გაქცევა მინდა, მაგრამ ამასაც ნებისყოფა სჭირდება. დღე ბავშვებთან ერთად ვარ, ღამე გავდივარ სამუშაოდ."


რიტა, 34 წლის

“მე დავიბადე გორში, მაგრამ 27 წლიდან თბილისში ვცხოვრობ. აქ დავოჯახდი. სამწუხაროდ, ჩემი ქმარი მალევე გარდაიცვალა. ოჯახისგან საშინელ წნეხში ვიყავი, არც უნდა მეფიქრა მეორედ გათხოვებაზე. მამამთილმა იძალადა ჩემზე და მას შემდეგ ფსიქიკა შემერყა, მკურნალობა დამჭირდა. როგორც გამოვკეთდი, თავშესაფრიდან წამოვედი. არაფერი მებადა. არც სახლი, არც ფული, საერთოდ არაფერი. ქუჩაში სხეულით ვაჭრობა დავიწყე. ამან ბევრი საფრთხე შემიქმნა. ჩხუბის დროს, ერთმა კლიენტმა თვალი დამიზიანა. საბედნიეროდ, დასჯილია. მაგრამ არავინ სჯის იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას."

გულზე მაქვს პრობლემები. წამლები ისეთი ძვირი ღირს, ვერ ვყიდულობ. ძალიან რთული სამუშაოა. ადრე სასტუმროშიც ვიყავი, მაგრამ სულ პრობლემა იქმნებოდა. მაგ მხრივ ქუჩა უფრო უსაფრთხოა, მაგრამ იქ კიდე მოძალადე კლიენტები გვაშინებენ.

შიგნითაც უამრავი პრობელმაა, მუდმივად გართმევენ კლიენტებს, სულ დაპირისპირებაა. საერთოდ გავწყვიტე კავშირი საზოგადოებასთან. სხვანაირად ვერ ვიცხოვრედბი. თავისუფალი დრო როცა მაქვს, მინანქრის ნივთებს ვაკეთებ. ზოგჯერ ვყიდი ხოლმე, მაგრამ ძნელია გასაღება.

ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, ალბათ უფრო მეტსაც დავუშვებ… ძნელია სწორი გზა იპოვო, მით უმეტეს ქალისთვის, და მით უმეტეს ისეთი ქალისთვის, რომელსაც  არც განათლება არ აქვს და არც ბევრი დიპლომი.”


დალი - “ასაკი მხოლოდ ციფრებია”

ოჯახი არ მყავს, მხოლოდ კარგი მეგობრები, რომლებმაც ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ. ორი თვის წინ ერთ-ერთი მძიმე დაავადება დამიდგინდა. მკურნალობის ხარჯს სახელმწიფო გაიღებს, მაგრამ სამუდამოდ მომიწევს ჩამოვშორდე ამ საქმიანობას. თან მიხარია, მაგრამ თან პრობლემებს ვერ ავუდივარ. ნელ-ნელა მომიწევს გავყიდო ყველაფერი, რაც აქამდე შევიძინე. არც ვიცი როგორ იქნება მომავალი, მაგრამ თითქოს არც მეშინია, შევეჩვიე იმას, რომ ბევრი არაფერი მინდა ამ ცხოვრებისგან.


მარი, 28 წლის

“ძალიან მძიმეა ჩემთვის საქართველოში ცხოვრება. მახსენდება შემთხვევები, როცა მოსაკლავად მომსდევდნენ. ეს იყო სამეზობლოშიც და ქუჩაშიც. სამეგობროშიც კი. ყველაზე რთული გადასატანი ის არის, რომ გადარჩები, მერე რის ფასად გიწევს ცხოვრების გაგრძელება. სულ შიშში და ჩაგვრის მოლოდინში.  ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ შინაგანად რა მოგახსენოთ. ბევრი რამე ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. არ მიხარია და არც მომწონს როგორც ვცხოვრობ, მაგრამ სხვა გზასაც ვერ ვხედავ.


ჟანა, 33 წლის

ჩემს მდგომარეობას იმას ვაბრალებ, რომ ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვიყავი.  ისეთ ასაკში გავთხოვდი, როცა არც ვფიქრობდი ცხოვრებაზე. მალევე დავშორდი ქმარს და სახლიდანაც გამომაგდეს. ჩემი რამდენიმე მეგობარი უკვე მუშაობდა სექსმუშაკად და ამიტომ დიდად არ გამჭირვებია მეც ასე მოვქცეულიყავი. ცოტა მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ არასწორი გზა ავირჩიე, თუმცა ვეღარ შევცვალე ვერაფერი. სხეულით ვაჭრობაც დღეს ისეთივე რთულია, როგორც ბევრი სხვა საქმე. სულ შიშში ვარ, რომ ვინმე გაიგებს და ჩემზე ლაპარაკს დაიწყებენ. დაავადებებისაც მეშინია, მაგრამ მაგას მკურნალობით უშველი და სხვა რაღაცებს როგორ გამოვასწორებ?!                                                                                                 
სულაც არ მომწონს როგორც ვცხოვრობ, მაგრამ სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მინდა რომ თვითმფრინავის გამცილებლად ვიმუშაო, თითქოს ვიბრძვი ამ მიზნისკენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამომდის."

გამოცემები

ჩემი სხეული - ჩემი არჩევანი

შემდეგი