შიში და გაურკვევლობა: როგორ ცხოვრობენ ქართველები გალში


ნახევარი კილომეტრი - ეს არის მანძილი, რომელიც აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აშორებთ. ეს იგივე მანძილია, რომელიც 34 წლის ბადრის საკუთარ ცოლ-შვილთან თითქმის მთელი ზაფხული აშორებდა. ზუსტად იგივე მანძილმა დააშორა 23 წლის ნიკა სამაგისტრო პროგრამას.

დაახლოებით ნახევარი კილომეტრი, უფრო ზუსტად კი, 870 მეტრი - ეს არის ენგურის ხიდის სიგრძე, რომელიც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ერთადერთი დამაკავშირებელი ხაზია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან. 

სამი თვის განმავლობაში მიმდინარე წელს ეს ხიდი დაუცველობის სიმბოლოდ იქცა, რომელიც ყოველდღიურად, დაახლოებით 30 000-დან 40 000-მდე ადამიანის ცხოვრებას ცვლიდა.
ეს ხიდი ერთგვარი გამყოფი ხაზია ქართველებსა და აფხაზებს შორის, რომელიც 1992-1993 წლებში, ომის შემდეგ წარმოიშვა. უსაფრთხოების მიზნით, ქართველებმა მაშინ ქვეყნის სხვადასხვა მხარეს შეაფარეს თავი.

როცა ომი დასრულდა, 1993 წელს, ბევრი მათგანი გალში, საკუთარ სახლში დაბრუნდა. დღეს ისინი გალის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და ამბობენ, რომ მუდმივ შიშსა და გაურკვევლობაში არიან. ეს განცდა, გარკვეულწილად, ენგურის ხიდსაც უკავშირდება. ის გალში მცხოვრები ქართველებისთვის სკოლასთან, საავადმყოფოსთან, ოჯახთან დამაკავშირებელი ხიდია, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით კვეთენ: უფრო იაფი პროდუქტის შესაძენად, უკეთესი მომსახურების მისაღებად, ქორწილში ან გასვენებაში მისასვლელად.

გალის რაიონში, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს, 30 000-დან 40 000-მდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.

ენგურის გამშვები პუნქტი, რომელიც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ერთადაერთი დამაკავშირებელი ხიდია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ ჩაიკეტა.


სამი თვის განმავლობაში ენგურის ხიდი ჩაკეტილი იყო. ამის გამო ოჯახები გაიყო, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ. ერთი შეხედვით ძალიან უწყინარი სურვილიც კი, როგორიც კონცერტზე დასწრებაა, შეუძლებელი გახდა.

“საშინელი გამოცდილება იყო ეს ჩვენთვის, აღწერაც კი მიჭირს. ივლისში, როცა გალელი მოსწავლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებდნენ, მშობლები 5000 რუბლს იხდიდნენ ხიდზე რომ გადმოსულიყვნენ (დაახლოებით 77 ამერიკული დოლარი), ზოგიერთი 10 000-საც ($155).  აღარ მინდა გალში დაბრუნება თუ იგივე გაგრძელდება. ეს დაახლოებით ციხეში ყოფნას ჰგავს. შეუძლებელია ამ პირობებში ცხოვრება”- ამბობს ნიკა.

უსამართლობას თითქმის ყოველდღიურად გრძნობენ. მაგალითად, მოსწავლეებს გალში ქართულ ენაზე სწავლა ეკრძალებათ. დაცული არ არის უსაფრთხოების ისეთი ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც საკუთრების რეგისტრაციას ან არჩევნებში ხმის მიცემას უკავშირდება. არ აქვთ ნდობა პოლიციის მიმართ, რომ რამე თუ დასჭირდათ, ისინი მათ დაიცავენ.

“სამწუხაროდ, საკმარისად დიდი არ ხარ.” ეს ფრაზა ერთგვარ ხუმრობად იქცა  გამყოფ ხაზთან. სინამდვილეში კი იმაზე მიუთითებს, რომ 18-დან 65 წლამდე ქართველ მამაკაცებს, რომელებიც ხიდის გადაკვეთას შეეცდებიან, ამის უფლებას არ მისცემენ. უკეთეს შემთხვევაში, იქამდე ვერ გაივლიან ენგურის გამშვებ პუნქტს, სანამ ქრთამს არ გადაიხდიან.

მთელი ზაფხულის განმავლობაში, ბადრის არაერთხელ მოუწია ამ არჩევანის გაკეთება. განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი შვილები ავად გახდნენ. როგორც ბადრი ამბობს, საავდმყოფოები გალში არ არის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, მედიკამენტებიც მწირია. ამის გამო, მის ცოლს ენგურის ხიდზე გადმოსვლა მოუწია, რომ უკეთესი მომსახურება მიეღო თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ივლისში მიიღო, ეს იმ პროტესტზე საპასუხო რეაქცია იყო, რომელიც თბილისში, 20 ივნისს დაიწყო საქართველოს პარლამენტთან. ბადრი იზოლაციაში აღმოჩნდა.

სამ თვეზე მეტხანს ეკრძალებოდათ გალში მცხოვრებ მამაკაცებს გამყოფი ხაზის გადმოკვეთა. ეს შეზღუდვა ცოტა ხნის წინ, 2 ოქტომბერს მოიხსნა. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, მოსახლეობა მაინც მუდმივად შეშინებული და იმედგაცრუებულია.

მიმდინარე წელს, ენგურის ხიდი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორჯერ ჩაიკეტა. როცა ეს ხდება, გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს საპასუხოდ მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ: ან ქრთამი უნდა გადაიხადონ ან სახლში ჩაიკეტონ.

“თბილისის საავადმყოფოში ჩემი შვილები რომ მომენახულებინა, ჯამში 5000 რუბლის ($ 77) გადახდა მომიწია. ყოველ ჯერზე 1000 რუბლს ($15) ვიხდიდი. ეს არის ცხოვრება? კინაღამ გავგიჟდი, ჩემი შვილები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ შეერთებულნი და მე კიდევ მათი ნახვა არ შემეძლო,” გვეუბნება ბადრი.

არც ის გაქვს გარანტირებული, რომ თუ 15 დოლარს გადაიხდი, აუცილებლად გაგიშვებენ. ზოგჯერ გართმევენ ამ ფულს მესაზღვრეები და ზოგჯერ, არა. ფასიც სულ შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ნიკასთვის ეს თანხა $46 დოლარი იყო. ეს იმისთვის რომ უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაში თავისი ადგილი არ დაეკარგა.

“2000 რუბლი ($ 30) გადავიხადე მეორედ. მოგვიანებით, სწავლის  დასაფინანსებლად განცხადება უნდა დამეწერა განათლების სამინისტროში, შესაბამისად, კიდევ უნდა გადმომეკვეთა ხიდი, მესამედაც 2000 რუბლი გადავიხადე,” იხსენებს ნიკა.

ხიდის ჩაკეტვა და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა მოულოდნელი სულაც არ ყოფილა: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის იანვარშიც მიიღო, ე.წ “ღორის გრიპის” თავიდან აცილების მიზნით.

გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველები ამბობენ, რომ ისინი საკუთარ სახლში თავს პატიმრებად გრძნობენ როცა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით მათ თავისუფლად გადაადგილება ეკრძალებათ.

გალის რაიონში მცხოვრები ქართველები, შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, იშვიათად აპროტესტებენ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. თუმცა, გამშვები პუნქტის ჩაკეტვა იმდენად დამაზიანებელი აღმოჩნდა მათთვის, რომ ეს ფაქტი მიმდინარე წლის იანვარში გალის ადმინისტრაციის შენობასთან გააპროტესტეს. მომიტინგეებს განცხადებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველი ასიდა შაკრილი გამოეხმაურა და  თქვა, რომ ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილების შეზღუდვა გალის რაიონის მცხოვრებთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებსაც უნდა ითვალისწინებდეს.

თუმცა, ამის მიუხედავად, პროგრესი მაინც არ შეიმჩნევა.

უფრო მეტიც, ამის საპირისპიროდ, ძლიერდება ისეთი პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივებს სხვა გზას არ უტოვებს გარდა იმისა, რომ გალში საკუთარი სახლები მიატოვონ.  მას შემდეგ რაც 2008 წელს, რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, გალში მცხოვრებლებისთვის სავალდებულო გახდა აფხაზური პასპორტის ან ბინადრობის მოწმობის აღება. მანამდე გამყოფი ხაზის გადაკვეთა საბჭოთა პასპორტებით, მცირეწლოვნების შემთხვევაში კი, დაბადების მოწმობით ხდებოდა.

გალის რაიონში მცხოვრებთათვის სპეციალური ფორმა არსებობს, ფორმა No 9- ს ეძახიან, რომელიც ყოველ თვე თუ არა, ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა განახლდეს. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გასცენ ექვსთვიანი ვადით. ადგილობრივებს ეს საბუთი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, სხვა შემთხვევაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოვლენ.

ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც გალის რეგიონს სამშობლოდ მიიჩნევენ, უმძიმთ საკუთარ ქვეყანაში ბინადრობის დოკუმენტი მიიღონ, რომელიც ფაქტობრივად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.

58 წლის ნანი, სოფელ ლეკუხონაში (სოფელი გალის მუნიციპალიტეტში) ცხოვრობს. ის უკვე ორი წელია ბინადრობის ნებართვას ელოდება. თუმცა, ამ დოკუმენტის მიღების შემთხვევაშიც, ნანი გალში ელემენტარული უფლებებითაც ვერ ისარგებლებს. მაგალითად, მას არ შეეძლება სახლი იყიდოს ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრე გახდეს. ვერც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

“ჩემი ოჯახის სამ წევრთან ერთად უკვე ორ კვირაზე მეტია  დილიდან გვიან ღამემდე რიგში ვდგავარ რომ ბინადრობის ნებართვა ავიღო. აქ რაც ხდება კოშმარია, რომელსაც დასასრული არ უჩანს. პირიქით, მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება”- გვეუბნება ნანი. 

პოლიციის შენობა გალში. ეთნიკური ქართველები ბინადრობის ნებართვის ასაღებად რიგში დგანან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს ძალიან მძიმე და რთული პროცესია.


რესპონდენტების სახელები უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეცვლილია.

"ჩაიხანა" უსაფრთხოების დაცვის მიზნით ავტორის სახელსა და გვარს არ ასახელებს.

გამოცემები

შიში

შემდეგი